Forum.ge-ს „გაკვეთილები“ — ინტერვიუ Spotlight Tech 2024-ის სპიკერ თემურ ხაინდრავასგან

Spotlight Tech 2024 ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი თემით — „გაკვეთილებით“ უბრუნდება. ღონისძიება, რომლის მთავარი წარმდგენი წელს საქართველოს ბანკია, 1-2 ივნისს Raddison Blu Iveria-ში ჩატარდება. Spotlight Tech 2024-ის სტუმრები 50-მდე სპიკერს მოუსმენენ, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების გზაზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და ისტორიებს გაგვიზიარებენ. Spotlight Tech 2024-ის მოწვეულ სპიკერებს შორის ერთ-ერთი Forum.ge-ს დამფუძნებელი თემურ ხაინდრავაა.
Forum.ge-ს ისტორია ქართული ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იწყება. ეს იყო პირველი ქართული ინტერნეტ ფორუმი, სადაც მომხმარებლებს მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობა და იდეების გაცვლა შეეძლოთ. როგორც თემურ ხაინდრავა ამბობს, თავიდან Forum.ge ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის თანამშრომელთა საკომუნიკაციოდ შეიქმნა, თუმცა ამ ფარგლებს მალევე გასცდა.
„ფორუმის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ქართული ინტერნეტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო. მაშინ ინტერნეტთან წვდომა ძვირი იყო — Dial-UP-ით საათი — დაახლოებით 1 ლარი. გარდა ამისა, უცხოური რესურსების და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ერთი-ორი ვებგვერდის გარდა, არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა თემისა და საკითხის განხილვა. ფორუმი ჩემი თანამშრომლებისთვის შევქმენი, როცა ერთ-ერთ პატარა ინტერნეტ-პროვაიდერში ვმუშაობდი, მაგრამ სულ მალე ის გასცდა ჩვენს კოლექტივს და ფორუმის მომხმარებლების რაოდენობამ ყოველდღიურად ზრდა დაიწყო. ერთ მომენტში მომხმარებლების რაოდენობამ ე. წ. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის შემდეგ ფორუმის ზრდის პროცესი შეუქცევადი გახდა“, — ამბობს თემურ ხაინდრავა.