ჰედი ლამარი
ჰედი ლამარი (1939)
დაბადების სახელი ჰედვიგ ევა მარია კიესლერი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1914
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 2000
(86 წლის)
ორლანდო, ფლორიდა, აშშ
აქტიური 1930 – 1958
მეუღლე(ები) ფრიდრიხ მანდლი
(1933 - 1937)
(განქორწინებული)
ჯინ მარკი
(1939 - 1941)
(განქორწინებული, 1 შვილი)
ჯონ ლოდერი
(1943 - 1947)
(განქორწინებული, 2 შვილი)
ტედი სტოფერი
(1951 - 1952)
(განქორწინებული)
ვ. ჰოვარდ ლი
(1953 - 1960)
(განქორწინებული)
ლუის ჯ. ბოიზი
(1963 - 1965)
(განქორწინებული)
საიტი ოფიციალური საიტი
ჰედი ლამარი (ინგლ. Hedy Lamarr; დ. 9 ნოემბერი, 1914 — გ. 19 იანვარი, 2000) — ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობი, MGM-ის ოქროს ხანის პერიოდის ერთ-ერთი დიდებული ვარსკვლავი. ლამარი ასევე გამომგონებელიც იყო, იგი ერთ-ერთი მათგანია, ვინც განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, რაც კომპიუტერამდელი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უკაბელო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების საწყისია.[1]
ადრეული წლები
ჰედი ვენაში, ავსტია-უნგრეთში დაიბადა, როგორც ჰედვიგ ევა მარია კიესლერი. ის იყო ებრაელი მშობლების - ბუდაპეშტელ პიანისტ გერტრუდისა და ლემბერგში დაბადებული, წარმატებულ ბანკის მმართველ ემილ კიესლერის ერთადერთი შვილი.[2][3] მისი მამა ვენაში ჰოლოკოსტამდე გარდაიცვალა.
10 წლის ასაკში მან ბალეტი და პიანინოზე დაკვრა ისწავლა. როდესაც ბერლინში მაქს რეინჰარდთან მუშაობდა, ის მას მოიხსენიებდა როგორც „ყველაზე მშვენიერი ქალი ევროპაში“. მალე მოზარდმა გოგონამ ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ჰეინზ რუჰმანი და ჰანს მოსერი, გერმანულ ფილმებში აღსანიშნავი როლები შეასრულა.
კარიერა
ჰედი ლამარი ფილმში "მოდი ჩემთან იცხოვრე" (1941)
ადრეულ 1933 წელს მან მონაწილეობა მიიღო გუსტავ მახატის გახმაურებულ ფილმში "ექსტაზი", რომელიც იყო პრაღაში გადაღებული ჩეხოსლოვაკური ფილმი და რომელშიც მან სიყვარულსმისწრაფებული ახალგაზრდა ცოლი განასახიერა, რომელსაც გულგრილი ხანში შესული ქმარი ჰყავდა. მისი სახის ე.წ. ქლოუზ-აფებმა და გრძელმა კადრებმა, სადაც ის ტყეში შიშველი დარბის ფილმს სკანდალური რეპუტაცია შესძინა. ეს იყო დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე, სანამ კინოში სიშიშვლე ჩვეული გახდებოდა.
1933 წლის 10 აგვისტოს ის ფრიდრიხ მანდლზე დაქორწინდა, რომელიც ქალაქ ვენის მკვიდრი და მასზე 13 წლით უფროსო იყო. თავის ავტობიოგრაფიაში „ექსტაზი და მე“ ლამარმა მანდლი დაახასიათა, როგორც ძლიერ კონტროლიორი მამაკაცი, რომელიც მას ხანდახან თავიანთ დიდ სახლში გამოკეტავდა ხოლმე. ის ყიდულობდა „ექსტაზის“ იმდენ ასლს, რამდენსაც კი იპოვნიდა და ამით პროტესტს უცხადებდა ჰედის მიერ ფილმში მონაწილეობის მიღებასა და „გამომეტყველებას მის სახეზე“ (მოგვიანებით ლამარმა აღნიშნა, რომ ფილმში ვნების გამომხატველობა იყო შედეგი იმისა, რომ რეჟისორი ქინძისთავს არსობდა).[4]
მანდლი მას ხელს უშლიდა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაში და ამის მაგივრად ტექნიკოსებთან და ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრებზე დაჰყავდა. ამ შეხვედრებზე მათემატიკური ნიჭის მქონე ლამარმა სამხედრო ტექნოლოგია შეისწავლა. თუ ის შეხვედრაზე არ წავიდოდა, მაშინ სასახლეში უნდა დარჩენილიყო. მან მოგვიანებით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანდლი ნახევრად ებრაელი იყო, მას ნაცისტ მრეწველებთან შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც თავად ჰედი ბრაზობდა. „ექსტაზსა და მეში“ ლამარმა დაწერა, რომ დიქტატორები ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი მანდლის დიდ წვეულებებს ესწრებოდნენ ხოლმე. ჰედიმ აღნიშნა, რომ 1937 წელს მან თავის ერთ-ერთ მოახლედ გაასაღა თავი და პარიზში ჩაფრინდა, სადაც განქორწინება გააფორმა, შემდეგ კი ლონდონში გადავიდა. სხვა ვერსიის თანახმად, მან დაითანხმა მანდლი, რომ წვეულებაზე დასწრების ნება მიეცა, რომელზეც თავისი ყოველი ძვირადღირებული სამკაული ეკეთა. შემდეგ მოახლის დახმარებით მოწამლა და სამკაულებთან ერთად ის ქვეყნიდან გააქცია.
ჰოლივუდი
თავდაპირველად ის პარიზში ჩავიდა, შემდეგ ლონდონში ლუის ბ. მეიერს შეხვდა. სამსახურში აყვანის შემდეგ მისი მოთხოვნით სახელი შეიცვალა, როგორც ჰედი ლამარი. გვარი მუნჯი კინოს მშვენიერ კინოვარსკვლავ ბარბარა ლა მარის პატივსაცემად აირჩია,[4] რომელიც 1926 წელს წამლების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.
ჰედი ლამარი და რობერტ ჰადსონ უოკერი ფილმში "მისი უდიდებულესობა და მეკორიდორე“ (1945)
ჰოლივუდის ფილმებში ის ჩვეულებრივ გლამურულ და მაცდურ ქალებს თამაშობდა. მისი ამერიკული დებიუტი ფილმში „ალგიერები“ (1938) შედგა. ასევე, მის ბევრ ფილმს შორისაა „ბუმის ქალაქი“ (1940), „თეთრი კარგო“ (1942) და „ბრტყელი ნამცხვარი“ (1942), რომელიც ჯონ სტაინბეკის რომანზეა დაფუძნებული. „თეთრი კარგო“ - ლამარის ერთ-ერთი დიდი ჰიტი MGM-ში, შეიცავს მის ყველაზე ცნობილ კინო-გამონათქვამს: „Tondelayo make tiffin“. 1941 წელს მან ჰოლივუდის სხვა ლამაზმანებთან - ლანა ტერნერთან და ჯუდი გარლანდთან ერთან ითამაშა მუსიკალურ ექსტრავაგანზაში „ზიგფილდის გოგონა“.
ჰედიმ 1940-დან 1949 წლამდე 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ამ დროისათვის ორი შვილიც გააჩინა (1945-სა და 1947-ში). მან 1945 წელს MGM-ი დატოვა. ლამარს ყველაზე დიდი წარმატება დელილას როლმა მოუტანა სესილ ბ. დემილის ფილმში „სამსონი და დელილა“, რომელიც 1949 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია და რომელშიც ძლევამოსილ ბიბლიურ პერსონაჟს ვიქტორ მეტური ანსახიერებს. ბობ ჰოუპთან ერთად კომედიაში „ჩემი საყვარელი ჯაშუში“ (1951) თამაშის შემდეგ კი მისმა კარიერამ რატომღაც დაღმასვლა განიცადა. 1950 წლის შემდეგ ის ფილმებში სპორადულად ჩნდებოდა. მისი ერთ-ერთი ბოლო როლი იყო ჟანა დ'არკის განსახიერება ირვინ ალენის კრიტიკულ ქარცეცხლში გამოვლილ ფილმში „ადამიანთა მოდგმის ისტორია“ (1957).
ჰედი ლამარი ფილმში „შეთქმულები“ (1944)
მისი ავტობიოგრაფიის „ექსტაზი და მე“ (1967) გამოცემა მოხდა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ის მაღაზიის ძარცვაში დაადანაშაულეს და რაც ენდი უორჰოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჰედი“ (1966) გამოვიდა, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „მაღაზიის ქურდი“. მაღაზიის ქურდობის ჯარიმები დაემთხვა ეკრანზე დაბრუნების ჩავარდნილ მცდელობას, რაც ფილმით „დააფიქსირე დედიკო მკვდარი“ (1966) უნდა მომხდარიყო. როლი კი მის ნაცვლად ზა ზა გაბორს მისცეს. „ექსტაზი და მე“ დაღვრემილი განწყობით იწყება:
„ბოლოხან საღამოს სახლში მარტო ვზივარ, ვიტანჯები და ვფიქრობ პოლიციაში ჩემს განაჩენზე, იმ ინციდენტის გამო, რაც მაღაზიაში მოხდა და იმაზე, რომ ფილმში ზა ზა გაბორმა ჩამანაცვლა (წარმოიდგინეთ რამდენად ესიამოვნა ეს ეგოს!) მივხვდი, რომ ნაშოვნი მაქვს - და დახარჯული - რაღაც ოცდაათი მილიონი დოლარი. თუმცა ამ დღის დასაწყისში Schwab's-ის აფთიაკში სენდვიჩის თანხის გადახდა ვერ შევძელი“.
სიხშირის აჩქარების განფენილობის სპექტრის გამოგონება
კომპოზიტორი ჯორჯ ანთეილი, რომელიც გერმანელი იმიგრანტების ვაჟი და ლამარის მეზობელი იყო, ცდებს ატარებდა მუსიკალური ინსტრუმენტების ავტომატურ კონტროლზე, რაც მის მიერ Ballet Mecanique-ისათვის დაწერილ მუსიკას შეიცავდა, რომელიც თავდაპირველად ფერნანდ ლეგერის 1924 წლის აბსტრაქტული ფილმისათვის დაიწერა. ამ მუსიკას რამდენიმე პიანინო სჭირდებოდა, რომლებიც ერთდროულად დაუკრავდნენ.
1941 წლის ივნისში ანთეილმა და ლამარმა ერთად წარმოადგინეს საიდუმლო კომუნიკაციის სისტემის (secret communication system) იდეა. 1942 წლის 11 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ 2,292,387-ე პატენტი უბოძეს ჯორჯ ანთეილსა და „ჰედი კიესლერ მარკის“ (რაც ლამარის იმდროინდელი საქორწინო სახელი იყო). ეს სიხშირის აჩქარების ადრეული ვერსია იყენებდა პიანინოს რულონს, რათა 88 სიხშირეს შორის შეცვლილიყო და იყო ნაგულისხმევი, რომ გაეკეთებინა რადიო-ორიენტირებული ტორპედები, რაც გაართულებდა მოწინააღმდეგეთათვის დეტექტირებასა და რადიოსიგნალის ჩახშობას.
ეს იდეა აშშ-ში 1962 წლამდე არ შესრულდა, ხოლო ამ წელს ის ამერიკის სამხედრო გემების მიერ იქნა გამოყენებული კუბის ბლოკადის დროს,[5] მას შემდეგ, რაც პატენტის ვადა გასული იყო. ამ გამოგონების შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი 1997 წლამდე, როდესაც ელექტრონულმა სასაზღვრო ფონდმა ლამარს ამ წვლილისათვის ჯილდო გადასცა.[1] ცნობილია, რომ 1998 წელს ოტავას უკაბელო ტექნოლოგიების დეველოპერმა Wi-LAN, Inc.-მა „ლამარისგან გაუმჟღავნებელი თანხის ოდენობით პატენტის 49 პროცენტიანი წილი შეიძინა“ (ელიზა შმიდკუნზი, „GNSS-ის შიგნით“),[6] თუმცა ვადაგასულ პატენტებს ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია. ანთეილი 1959 წელს გარდაიცვალა.
ლამარისა და ანთეილის სიხშირის აჩქარების იდეა თანამედროვე განფენილობის სპექტრის საკომუნიკაციო ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს, ისეთი როგორებიცაა COFDM, რომელიც გამოყენებულია Wi-Fi-ის ქსელურ კავშირებში და CDMA, რომელიც გამოყენებულია ზოგ უკაბელო ტელეფონებში.[7] ჩანს, რომ ბლექველის, მარტინისა და ვერნემის 1920 წლის პატენტმა - საიდუმლო კომუნიკაციის სისტემამ (Secrecy Communication System) საფუძველი დაუდო ლამარისა და ანთეილის პატენტს, რომელმაც გამოიმუშავა ტექნიკები ტორპედების ავტონომიურ კონტროლში.
ლამარს სურდა, რომ გამომგონებელთა ნაციონალური საკონსულოს წევრი გამხდარიყო, თუმცა მას უთხრეს, რომ ის უკეთ დაეხმარებოდა საომარ ძალისხმევას თავისი ვარსკვლავური სტატუსის გამოყენებით საომარი ობლიგაციების გაყიდვაში. ერთხელ მან მხოლოდ ერთ საღამოზე 7,000,000 დოლარის მოგროვება შეძლო.
1990-იანების დროს რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრამა CorelDRAW-ის კომპლექტის ყუთები გაფორმებული იყო ჰედი ლამარის დიდი დახატული სურათით, რაც მისი კომპიუტერამდელი მეცნიერული აღმოჩენების პატივსაცემად იყო გაკეთებული. სწორედ ამ სურათებმა გაიმარჯვეს CorelDRAW-ის წლიურ პროგრამების კომპლექტის გარეკანის დიზაინის შეჯიბრში. ლამარმა კი კორელს სურათის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის უჩივლა. კორელი კი შეეკამათა, იმ მოტივით, რომ ლამარი არ ფლობდა სურათის უფლებებს. 1999 წელს მათ გაუმჟღავნებელ მორიგებას მიაღწიეს.[8]
kalekalebind