”ჯერ იყო და იოსებ სტალინის აჩრდილმა აგვაფორიაქა, ახლა კიდევ ბადრი პატარკაციშვილი დაემატა. ამ ბოლო თემას "24 საათმა" გასულ კვირას ერთი ანალიზური სტატია და ერთიც საკმაოდ დაწვრილებით შედგენილი საინფორმაციო ტექსტი მიუძღვნა. ამას დაემატა რადიო "უცნობის" ეთერში გასული გადაცემის ანგარიშიც.
მაგრამ შევეცადოთ საქმის გარკვევას, ასე ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით. ამისათვის კი ჯერ სულ სხვა თემას დავუთმოთ ყურადღება.
ერთი შეხედვით, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებასა და მისი დასაკრძალი ადგილის ძიებას არაფერი აქვს საერთო ბადრი პატარკაციშვილის რუსეთში ექსტრადიციასთან. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ზერელე განხილვის შედეგია. ჩვენი დროის კულტურისათვის, განსაკუთრებით კი მეცნიერებისათვის სულ უფრო და უფრო უცხო ხდება აფორიზმები. მით უფრო საყურადღებოა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევრის, მაკ-ლუჰანის ნათქვამი: "the medium is the message". ჩვენი საჭიროებისათვის ის ასეც შეიძლება ვთარგმნოთ: "ამბის მომტანი თვითონ არის ამბავი".
ორივე შემთხვევაში ამბის მომტანად ტელეკომპანია "იმედი" გვევლინება. ჰოდა, თვით ამბებიც იძენს შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ საერთო თვისებას, რომელიც ჩვენი დროისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შინაარსი.
მეორე ამბით დავიწყოთ და ჯერ დამოუკიდებლად შევაფასოთ ის. საქმე ეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დასაფლავების ადგილს. ვარიანტი პირველი - სამების საკათედრო ტაძარი. მაგრამ რატომ უნდა იქცეს საკულტო ნაგებობა იმ ქვეყნის მეთაურთა დასაკრძალ ადგილად, რომლის კონსტიტუციაში წერია, რომ ის საერო სახელმწიფოა? ვარიანტი მეორე - მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ამ ადგილას თითქოს მთელი ქართველი ერისაგან აღიარებული ადამიანები არიან დაკრძალულნი და თვით დაკრძალვაც ერთგვარი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა — მაგრამ ეს ასე არ არის: მთაწმინდაზე ყველა მსურველს შეეძლო ეხილა, მაგალითად, ფილიპე მახარაძის ან ეკატერინე ჯუღაშვილის — ქართველთა უმრავლესობისათვის, უბრალოდ, კეკეს — საფლავები, უფრო მეტიც, როგორც ამბებობენ, ვარდების რევოლუციის შემდგომი "ინტერრეგნუმის" პერიოდში, როცა შევარდნაძე უკვე გადამდგარი იყო, ხოლო სააკაშვილის ბეჭებს ჯერ არ დასწოლოდა სახელმწიფო მმართველობის ტვირთი, მთაწმინდაზე ზამთრის ერთ პირქუშ დილას ასული რომელიმე მოცლილი პატრიოტი გაკვირვებით აღმოაჩენდა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის საფლავს, რომელიც წინადღით ჯერ არ არსებობდა. რა თქმა უნდა, აკაკი წერეთლის ცისკრის ვარსკვლავი ჯერაც დაჰნათის მთაწმინდას, მაგრამ XX საუკუნემ ბევრი სხვა შტრიხიც შეიტანა, რის გამოც რეალობის ცალსახად აღქმა უკვე ჭირს.
ერთი სიტყვით, თუ პიროვნების მიმართ პატივისცემა ნამდვილად არსებობს, თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ადამიანის საფლავი მართლაც მონაწილეობს ეროვნული მეხსიერების შენებაში, მაინც გამოდის, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საფლავის ადგილმდებარეობას: მირგოროდში დაკრძალული დავით გურამიშვილი ამის გამო სულაც არაა ნაკლებად ახლობელი ქართული სულისათვის, ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილის სამუდამო განსასვენებელი დღემდე განჯაში რომ ყოფილიყო, ეს უფრო მწვავედ შეინახავდა ჩვენი ისტორიული ბედის შეგრძნებას, ვიდრე ყალბი თვითდამშვიდება მისი ნეშტის მოგზაურობით ჯერ დიდუბეში, მერე კი მთაწმინდაზე. მოცემულ ვითარებაში რატომღაც ვერავინ ამჩნევს, რაოდენ ცხადი და გონივრულია საქართველოს საპატრიარქოს თვალსაზრისი...
მაგრამ დავუბრუნდეთ ტელეკომპანია "იმედს". აქ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასა და გადმოსვენებასთან დაკავშირებული თემა უშუალოდ ცვლის ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის თემას. ამაში ჯერ არაფერია საკვირველი — დრო მიდის, თემები იცვლება. საკვირველია ტონი: ორივე შემთხვევაში ერთნაირი აფორიაქება, ერთნაირი დაძაბულობა, ერთნაირი კრეშენდო-აჩელერანდოები სიტყვებზე და წინადადებებზე, რომლებსაც ახალი ცოდნის ნატამალიც არ მოაქვს მაყურებელთან.
იქნებ გგონიათ აქ მაუწყებლობის ესთეტიკურ თუ პროფესიულ მხარეს ვაკრიტიკებდე? ეს ცალკე საუბარია — მე ახლა სულ სხვა მხარეს მსურს მკითხველის ყურადღების მიმართვა. დავაკვირდეთ, რას უნდა ნიშნავდეს, როცა ერთ დღეს ეკრანზე ვხედავთ გუნცაძე-თორთლაძის დუეტს და მეორე დღეს კი კვარაცხელია-მარგიანისას? რა უნდა ვიფიქროთ, როცა ერთი დღის განგაშს მეორე დღის ზუსტად ასეთივე ინტენსივობის აურზაური ცვლის? — თანაც დღევანდელ ცხოვრებაში თხუთმეტი წლის წინანდელი ეროვნული მიტინგების პათოსი შემოაქვთ: გახსოვთ მაშინდელი განცხადებები? — "საქართველოს დამოუკიდებლობას საკუთარ ცოლ-შვილსაც შევწირავ!" — ძლივს დავიწყებული იდიოტიზმის კიდევ ერთი შემოტევა, რომლის დაცხრობას ამაოდ ცდილობს საფრანგეთიდან მედეა თუშმალიშვილი, თვით "იმედის" სტუდიაში კი გიორგი გამსახურდია.
ერთი სიტყვით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
იმას, რომ პირველი განგაშის თემა მოძველდა, ამოიწურა, აღარ მოქმედებს. ამიტომ საჭიროა ახალი თუნდაც ფუყე დისკუსიის შემოგდება, თორემ ვინმე შეამჩნევს: ბადრი პატარკაციშვილის ბედ-იღბალი სინამდვილეში არავის ადარდებს და არც ტელეკომპანიის დასაცავად დაირაზმება ქუდზე კაცი, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთს და არც მეორეს არავინ და არაფერი არ ემუქრება. ჰოდა, იწყება ახალი დისკუსია, რა მნიშვნელობა აქვს, რაზე იქნება, მთავარია ხმამაღალი იყოს. მაგრამ აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: თავისი ტაქტიკითა და სტრატეგიით ტელეკომპანია თვითონ აღიარებს თავისივე გაშუქებული თემების უშინაარსო, ასე ვთქვათ, სუფთა ინსტრუმენტულ ხასიათს — შინაარსი აქ მიზანი არაა, ცნობა მხოლოდ მიზანია იმისათვის, რომ საზოგადოებაში რაღაც განწყობა გაჩნდეს, რაღაც დაფარულ ბოღმასა და თუ უკმაყოფილებას მიეცეს გამოსავალი.
სწორედ ამ ტაქტიკასა და სტრატეგიას უწოდა ეკა კვესიტაძემ 7 მარტის ნომერში "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი". სტატიაში "იმედის" ინფორმაციულობის იგივე ნაკლია დანახული: "კითხვაზე, რა გავიგეთ ახალი, პასუხი ასეთია — სრულიად არაფერი". სამაგიეროდ, ახალ ინფორმაციას გვაწვდის "24 საათის" 8 მარტის ნომერში დაბეჭდილი მასალა სათაურით — სკანდალური ინფორმაციის რეალობა არ დადასტურდა. აქ ოფიციალურ პირთა მთელი ჯარია ამოქმედებული იმისათვის, რომ ნათელი გახდეს: ბადრი პატარკაციშვილს რუსეთში ექსტრადიცია არ ემუქრება. მაგრამ არის ზოგიერთი საინტერესო ცნობაც, მაგალითად, ვიგებთ, რისთვის მოითხოვს რუსეთი საქართველოსაგან ამ ექსტრადიციას: ვინმე გლუშკოვის გაქცევის ორგანიზება, 60 მილიარდის მითვისება, 2000 ავტომობილის მიტაცება და ა. შ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი "ხûòîâóõჭ", ოღონდ ძალიან დიდი.
სტატიიდან ასევე ვიგებთ, რომ კანონის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან. როგორც ვხედავთ, ეს ატეხილ აურზაურზე ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხია. სამწუხაროა, რომ ვერც ერთმა თანამდებობის პირმა ვერ გაიხსენა ეს მარტივი გამოსავალი. თუმცა ბადრი პატარკაციშივილს, როგორც აღმოჩნდა, რუსული პასპორტიც აქვს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით...
ჯერ ვნახოთ, როგორ ხსნის ტელეკომპანია "იმედი" საკუთარი პანიკის მიზეზს. ჩვენი კი ამის საფუძველს გვაძლევს "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკის წარმმართველის, გიორგი თარგამაძის სიტყვები, რომლებიც გამოქვეყნდა თვით "იმედით", "რუსთავი-2"-ით, რადიო "უცნობით" და ბოლოს და ბოლოს, "24 საათის" 8 მარტის ნომერშიც დაიბეჭდა: "ჩვენ ეს გავიგეთ სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული წყაროსგან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის გენერალური პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი სხვადასხვა სტრუქტურიდან. მათ უშუალოდ წაიკითხეს დოკუმენტი, რომელშიც მითითებული არის, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის შესაბამისი თხოვნის საფუძველზე ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ცირკულარით ეგზავნებათ ამ სტრუქტურებს მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებზეც გამოცხადებული არის ძებნა და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც უნდა მოხდეს მათი დაკავება".
ერთობ რთული ტექსტია! რა უნდა გავიგოთ? — ჯერ ერთი, ის, რომ ბადრის "ძალოვან სტრუქტურებში" თავისი ხალხი ჰყავს. თანაც, სულ მცირე, სამი და სამივე ერთმანეთისგან "აბსოლუტურად განსხვავებული". აი დოკუმენტის შინაარსი კი უფრო ძნელი გასაგებია — ნეტა რას უნდა ნიშნავდეს "დოკუმენტი, რომელშიც მითითებული არის, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის შესაბამისი თხოვნის საფუძველზე ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ცირკულარით ეგზავნებათ ამ სტრუქტურებს მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებზეც გამოცხადებული არის ძებნა და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც უნდა მოხდეს მათი დაკავება"? მაპატიოს მკითხველმა ამ გამეორებისთვის, მაგრამ ნამდვილად ღირს, კარგად ჩავუკვირდეთ ამ აბდაუბდას და მაშინვე გავიგებთ, რომ "დროების" წამყვანს შემთხვევით არ ღალატობს მჭევრმეტყველების ნიჭი. ენა იმიტომ კი არ ებმის, რომ მოცემულ შემთხვევაში თვალწინ სუფლიორს ვერ ხედავს, არამედ სულ სხვა მიზეზით: ეს დოკუმენტი, როგორც ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა რეგულარული ცირკულარი, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყანას უგზავნის ინტერპოლის არხით.
გვაქვს სამი შესაძლებლობა: 1) არავითარი "წყაროები" არ არსებობს და ეს ყველაფერი ალალბედზეა აგორებული; 2) "წყაროები" არსებობენ და მათ ფულს უხდიან; 3) "წყაროები" უანგაროდ ემსახურებიან იდეას.
ახლა კი პასუხი სამივე შესაძლებლობაზე: 1) ბადრი პატარკაციშვილი უბრალოდ ხელმოცარული პროვოკატორია, რომელიც თავის დროზე ბერეზოვსკიმ დაიახლოვა ბანდიტებთან ურთიერთობისათვის (იხ. რუსული მხატვრული ფილმი "ოლიგარქი"), მაგრამ პოლიტიკის დონე მისთვის ძნელი ასათვისებელი აღმოჩნდა. 2) საქმე გვაქვს ორ თერძთან, რომლებმაც ბრიყვი მეფე დაარწმუნეს, რომ უხილავ სამოსს შეუკერენ; 3) იდეა, რომელსაც გვთავაზობს ბადრი პატარკაციშვილი და მთელი მისი საინფორმაციო-იდეოლოგიური მანქანა, იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ ასეთი უდღეური მომხრეების მიზიდვა შეუძლია.
ეკა კვესიტაძე თავის სტატიას ასე ამთავრებს: "პატარკაციშვილის მხრიდან ბევრად უფრო პატიოსანი საქციელი იქნება, თუ პოლიტიკურ ბრძოლას ღიად დაიწყებს და თავს დაანებებს იმ გაუგებარ მანევრებსა და უპატიოსნო პოლიტიკურ თამაშს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებს". მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი ამ რჩევას ვერ შეასრულებს. ახლავე გახდება გასაგები, რატომ.
აი როგორც ხსნის თვითონ დიდი ქველმოქმედი და დემოკრატი, რატომ აქვს რუსული პასპორტი: "რუსეთის მოქალაქეობა მას არასოდეს მოუთხოვია. უბრალოდ, გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად დასჭირდა რუსული პასპორტი. მილიციაში თვითონ არ მისულა, ვიღაც გააგზავნა და პასპორტი მიუტანეს". როგორც "24 საათის" 8 მარტს დაბეჭდილი ხსენებული მასალიდან ირკვევა, ასეთი ახსნა-განმარტება პატარკაციშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისცა — არგუმენტაცია ისეთია, რომ ლუის კეროლის "ალისაში" დახატული გიჟი მექუდეც გაოგნდება და ჩვეულ ჩაის, დასამშვიდებლად, თავისუფლების კარგა მოზრდილ ლუკმას დააყოლებს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მაღლა აღვაპყროთ ხელნი და შევღაღადოთ ზეცას: ღმერთო, იხსენი ქართული პოლიტიკა ყოველთა მეწაღეთა და მექუდეთა ულვაშა შთამომავლობისაგან!”
პრესომბუდსმენი - 2007-03-12 13:16
http://www.24saati.ge/ამინ!
”წვრილმანი ხულიგნობა, ისტერიკამ მოუხშირა”... დირკაბი... შევეсი ორმაგ სტანდარტებს....
არ მოგწონვარ? ნუ მოგწონვარ, მაგრამ შეხედულებებს არ ვიცვლი. პ.ს. მაინც ყველანი მევასებით, მხოლოდ ერთი გიენა და ქლესა გამოვლინდა :გივი:
ჰალეეეე ჰოპ! shit happens... ...თავი ისევ მიკანკალებს...