Kavkasyeli
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 2305
რეგისტრ.: 12-June 03
|
#312459 · 22 Dec 2003, 06:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონო ავთანდილ, თქვენი (??) სამართლებრივი კომენტარი ვარდების რევოლუციის შესახებ მაიძულებს მოსაზრება დავწერო. მთლიანობაში გამოირჩევა თქვენი დაწერილი (მითუმეტეს საწყისი ნაწილი) აფსტრაქტულობით, ანუ ჩამოთვლილია იურიდიული ნორმები, რომლების დიდ ნაწილს არანაირი კავშირი არა აქვთ კონკრეტულ შემთხვევა ვარდების რევოლუციასთან და სამწუხაროდ არ ახდენთ სუბსუმირებას კანონსა და შემთხვევას შორის.
დავიწყოდ ქრონოლოგიურად შემთხვევისა და კანონის შეფარდება სამართლებრივ ენაზე შემდეგი კითხვის მიხედით:
საკითხავია, თუ რამდენად ჯდებიან სამართლებრივ ჩარჩოებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური პროცესები 2 ნოემბრის არჩევნების პერიოდში.
შეიძლება საქართველოში 2 ნოემბრის არჩევნებში დარღვეულიყო დემოკრატიის უმაღლესი პრინციპი. დემოკრატიის უმაღლესი პრინციპი ნიშნავს ძალაუფლების გამომდინარეობას ამომრჩევლიდან. ამ პრინციპის დარღვევა მდგომარეობს კონსტიტუციის მუხლი 28-ის დარღვევაშიც, რომლის მიხედვით პირველ რიგში ქვეყნის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. 2 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთების გატაცებას და მათში ბიულეტინების ჩაყრას სამთავრობო ბლოკის სასარგებლოდ. ბევრ ამომრჩეველს ეთქვა უარი არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი საარჩევნო სიებში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დამკვირვებელი აჭარაში დაპატიმრებული იქნა ხულიგნობის ბრალდებით, იმის შემდეგ, როდესაც მან დარღვევებზე მითითებები გააკეთა. თითქმის ყველა დამკვირვებლის მიხედვით, აჭარაში ბიულეტინები საერთოდ არ დათვლილა და ოქმები წინასწარ იქნა დაწერილი. სხვა რეგიონში დამკვირვებელს მიაყენეს ფიზიკური შეურაწყოფა, კერძოდ ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა, ბიულეტინების დათვლის დროს ხელი კრა ახალგაზრდა დამკვირვებელს და გონება დააკარგვინა, რადგან მან გამგებელს თავისი უკანონო საქციელი შეახსენა, მისი (=გამგებლის) დათვლის დროს იქ მყოფობის გამო. ზოგიერთ საარჩევნო უბნებიდან სამთავრობო ბლოკმა უფრო მეტი ხმები მიიღო რიცხობრივად, ვიდრე სიებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობა იყო. ამ ადგილას საკითხავია, თუ რა გააკეთა მაშინდელმა მთავრობამ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ გააკეთა თუ არა მითითებები, კანონიერი ქმედებისაკენ. არჩევნების შემდგომ პერიოდებში იქნა "დამოუკიდებელი" საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრისგან აღიარებული, რომ იგი კანცელარიაში არჩევნების შედეგების თაობაზე მივიდა, მეორე კი კანცელარიაში მისვლას ახლობლის დაბადების დღეს აბრალებდა. ასეულობით ე.წ. მკვდარი სულის მისამართად თბილისის მერიის რეზიდენცია იქნა სიებში შეტანილი. უკვე მიცემული ხმების რაოდენობა იქნა სამთავრობო ბლოკის სასარგებლოდ გადაკეთებული ისე ფურცელზე, რომ გადაკეთებამდე დაწერილი ციფრების დანახვა იყო შესაძლებელი. მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე გამოვიდა ტელევიზიით საქართველოს მოქალაქეების წინაშე და თქვა, არაფერია "საგანგაშო", ეს არჩევნები საქართველოში ყველაზე დემოკრატიული იყო და წინგადადგმული ნაბიჯიაო. ამ გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ შევარდნაძის მთავრობამ კი ვერ, არამედ არ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, ამით დაირღვა მუხლი 28 და დემოკრატიის უმაღლესი პრინციპი, ძალაუფლების ამომრჩევლიდან გამომდინარეობის შესახებ.
საკითხავია, თუ გაყალბების წინააღმდეგ გამომსვლელი საქართველოს მოქალაქეებმა მუხლი 42-ე დაარღვიეს, რადგან მათ არ მიმართეს გაყალბების დაფიქსირებისთანავე სასამართლოს და ამის მაგივრად თავიანთი პროტესტი გამოხატეს დემონსტრაციის სახით. მუხლი 42-ის მიხედვით შეუძლია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქემ მიმართოს სასამართლოს. მაშინ საქართველოს მოქალაქეს ჩივილის უფლება უნდა ჰქონდეს. ჩივილის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ფიქრობს და __ ამასთანავე __ მთლიანად არ არის გამორიცხული, რომ მისი სუბიექტური უფლება დაირღვა (თქვენ წერთ, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოსო, თუ მას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებისთან პრეტენზია აქვსო, ან მისი უფლება და თავისუფლება ხელყოფილი იყოვო, მაგალითად გაყალბების სახითო. მე მიკვირს, რომ თქვენ ასეთი ელემენტარულ საკითხზე შეცდომას უშვებთ, რადგან მარტო პრეტენზია არ ყოფნის საჩივლელადან, თქვენ კი იძახით ან პრეტენზია უნდა ჰქონდესო, ან მისი უფლება და თავისუფლება ხელყოფილი უნდა იყოსო. "ან"-ის მაგივრად უნდა ეწეროს "და", რადგან პრეტენზიასთან ერთად მისი სუბიექტური უფლების დარღვევა არ უნდა იყოს მთლად გამორიცხული, რადგან თუ ადამიანის სუბიექტური უფლება თავიდანვე მთლიანად გამორიცხულია, სასამართლომ აღარ უნდა განიხილოს მატერიალურად საჩივარი). მაშინ მოქალაქის სუბიექტური უფლების დარღვევა არ უნდა იყოს გამორიცხული (ნურავის გაუკვირდება ასეთი ტიპის შეკითხვები, რადგან იურიდიელ ენაზე მოდის ჯერ კითხვა, შემდეგ კანონის განმარტება, მერე შემთხვევისა და კანონის სუბსუმირება, ანუ ერთმანეთთან შეფარდება და ბოლოს დასკვნა/შედეგი). მოქალაქის სუბიექტური უფლება გამომდინარეობს ამ შემთხვევაში (თქვენგანაც ხსენებული) მუხლი 28-დან, რომლის მიხედვით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. როგორც ზემოთ აისახა, გაყალბდა არჩევნები შევარდნაძის ბლოკის სასარგებლოდ, და შევარდნაძეს მთავრობამ არ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. ამით შეეძლო ყველა მოქალაქეს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს გაყალბების დაფიქსირებისთანავე სასამართლოსათვის მიემართა. ამიტომ ხომ შეიძლებოდა 42-ე მუხლი დარღვეულიყო, რადგან მათ ჩივილის მაგივრად დემონსრტრაციულ პროტესტის ფორმას მიმართეს. მუხლი 42-ის მიხედვით შეუძლია ამომრჩეველს, თუ მისი სუბიექტური უფლება დაირღვა, სასამართლოს მიმართოს. ამით იგი არ არის ვალდებული მან ეს გააკეთოს, რადგან მუხლი 42-ე არ იძახის მან სასამართლოს __ უნდა __ მიმართოსო. მას მხოლოდ ამის უფლება აქვს და მასზეა დამოკიდებული, იგი მიმართავს თუ არა სასამართლოს. ამის გარდა (როგორც თქვენც წერთ) ყოველ ადამიანს შეუძლია, ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით (მუხლი 19. 1), გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი (მუხლი 24. 1). საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება (თქვენ წერთ "ყველას" აქვს უფლებაო, საქართველოს მოქალაქეების მაგივრად, ეს მძიმე შეცდომაა) "წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ, ხოლო ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეწყვიტოს სახალხო შეკრება (მიტინგი, მანიფესტაცია), თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო (მუხლი 25)". საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს თავიაანთი კონსტიტუციერი უფლებით, დაახლოვებით 20 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ მშვიდობიანად დღისა და ღამის განმავლობაში გაყალბებას. დასკვნა: საქართველოს მოქალაქეებმა მუხლი 42-ე არ დაარღვიეს, რადგან მათ არ მიმართეს გაყალბების დაფიქსირებისთანავე სასამართლოს და ამის მაგივრად თავიანთი პროტესტი გამოხატეს დემონსტრაციის სახით (გინდაც მათ სასამართლო გზა აერჩიათ, ვის აქვს ილუზია იმისა, რომ შევარდნაძის საქართველოს დროს, სამართლებრივი გზით იყო შესაძლებელი გაყალბების დაგმობა, იმ საქართველოში, სადაც შევარდნაძე საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნებს აძლევდა, მოსამართლეებს ახსენებდა, თუ ვისი დანიშნულები იყვნენ, სადაც ერთი მოსამართლე ქალი იცემა, რადგან არჩევნების მიმდინარე პროცესების პერიოდში, სამთავრობო ბლოკისათვის არა სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო... არა მგონია თქვენ ნამდვილად გჯეროდეთ იმისა, რომ გაყალბების წინააღმდეგ ხალხს _შევარდნაძის სასამართლოში_ რაიმე შანსი ჰქონდა. მე იმ შევარდნაძეზე მაქვს ლაპარაკი რომელიც ზოგიერთებს საჯაროდ ახსენებდა, არ დაგავიწყდეთ რომ ლეგალური და არა ლეგალური გზებით გეხმარებოდითო, ე.ი. მეც თქვენთან ერთად დანაშაული ჩავიდინეო და მე თქვენ თავს დავაჭერინებ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევითო, იმ შევარდნაძეზე რომელმაც გაყალბებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, იმ შევარდნაძეზე, რომელმაც კლანური სახელმწიფო შექმნა...).
საკითხავია, თუ ნინო ბურჯანაძე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა, იმით რომ მან შევერდნაძის გადადგომამდე თავი გარდამავალ პრეზიდენტად ცნო. (როგორც თქვენც იძახით) "პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ მას შემდეგ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, როცა პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას ან მას ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება (მუხლი 75. 1)." მაშინ ნინო ბურჯანაძე მისი განაცხადის პერიოდში პარლამენტის თავჯდომარე და პრეზიდენტი შევარდნაძე ქმედით უუნარო უნდა ყოფილიყო. პარლამენტი შედგება ოთხი წლის ვადით არჩეული წევრებისგან (მუხლი 49) და პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე (მუხლი 50. 4), ხოლო პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და მაშინ შეუდგება პარლამენტი მუშაობას, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება (მუხლი 51). არსებობს კანონის სიტყვა სიტყვითი, ისტორიული, სისტემატიური და თელეოლოგიური გაგების საშუალება. თუ მაგალითად სიტყვიერმა, ისტორიულმა ან სისტემატიურმა მეთოდურმა მიდგომამ ვერ განსაზღვრა კანონიერი მოქმედების ჩარჩო კონკრეტულ სიტუაციაში, მაშინ თელეოლოგიურად (=კანონის მიზანი და აზრი) უნდა შეეფარდოს შემთხვევა კანონს. სიტყვიერად, ისტორიულად ან სისტემატიურად ზემოდ ხსენებული კონსტიტუციერი ნორმების გაგება და შემდეგ შეფარდება 2 ნოემბრის მოვლენებთან შეუძლებელია, რადგან გაყალბებას ჰქონდა ადგილი. მუხლები 49, 50 და 51 არ დაწერილან იმის გულისათვის, არჩევნები გააყალბეო, და შემდეგ პარლამენტის სხდომა მოიწვიეო. ამ მუხლების მიზანი და აზრი ემსახურება გაუყალბებლად მოსული პარლამენტის მუშაობის პერიოდის დადგენას, შემდეგ ამ ციკლის დამთავრებას და გაგრძელებას, ახალი პარლამენტის მოწვევით, რომელიც გაუყალბებელი გზით მოვა. შევარდნაძის ბლოკის მეთავეობით გაყალბდა არჩევნები, და პრეზიდენტმა არ გააპროტესტა და აჰკვეთა გაყალბება და მოიწვია პარლამენტის სხდომა. გარდა ამისა მან გაყალბებულ 2 ნოემბრის არჩევნებს დემოკრატიული უწოდა და წინ გადადგმულ ნაბიჯად შერაცხა. ამით მან დაარღვია კონსტიტუციის მუხლი 28-ე (ი. ზ.), რომლის მიხედვით პირველ რიგში ქვეყნის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. ამის გარდა დაარღვია ევროპის კონვენსია ადამიანის დაცვისა და უფლებების შესახებ (131-ე პროტოკოლი, მესამე მუხლი), რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა. ამიტომ კონსტიტუციური მუხლები 49, 50 და 51 ვერ მოვლენ შევარდნაძის სასარგებლოდ მოქმედებაში, რადგან კონსტიტუციური სფეროდან დროებითი გასვლა, არჩევნების გაყალბებით მოხდა. ამის შემდეგ საკითხავია, თუ პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძეს გარდამავალ პრეზიდენტად ცნობის დროს, პრეზიდენტი შევარდნაძე ქმედით უუნარო იყო. პრეზიდენტი ქმედით უუნაროა მაშინ, როდესაც იგი დასახულ მოვალეობების ანუ ვალდებულებების შესრულებას ვერ შესძლებს. თქვენ იძახით, გასარკვევიაო, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს პოლიტიკოსებმაო, რომ დაცვის მიერ პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გაყვანილი და საკუთარ რეზიდენციაში მყოფი პრეზიდენტი ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებასო, ან სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა იგნორირებით, რატომ შეეპარათ ეჭვი მის ქმედუნარიანობაშიო. მოდით ვთქვათ ასე, ის პრეზიდენტია ქმედით უნარიანი (???), რომელიც პარლამენტის შენობიდან იქნება გაყალბების გამო ხალხის მიერ გაძევებული, ან როგორც თქვენ იძახით დაცვის მიერ პარლამენტის შენობიდან "უსაფრთხოდ" გაყვანილი, როდესაც პოლიციის ნაწილები ოპოზიციის დროშას აფრიალებენ და დემონსტრანტებს პარლამენტის შენობაში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უშვებენ, როდესაც ქვეყნის ჯარის მნიშვმნელოვანი ნაწილი დაუმორჩილებლობის საფუძველზე ოპოზიციის მხარეს იჭერს... ასეთ დროს თუ პრეზიდენტი ქმედით უნარიანია, მაშინ როდის არის ქმედით უუნარო, ალბათ როდესაც მკვდარია ან როცა ციხეში ჩასვავენ. შევარდნაძეს, მის მიერ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების სისრულეში მოყვანა, არ ააცდენდა სამოქალაქო ომს. როდესაც გამყალბებელ პრეზიდენტს თავისივე ბრძანების სისრულეში მოყვანა, სამოქალაქო ომის საშიშროების გარეშე, არ შეუძლია, ეჭვი ჩნდება მის ქმედით უნარიანობაზე კონსტიტუციის ფარგლებში. პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაყალბებას ხელი შეუწყო, გაყალბებული გზით მოსული პარლამენტის სხდომა მოიწვია და ამ ხსდომის ჩატარება ვერ შესძლო და გახდა ამით ქმედით უუნარო. დასკვნა: ნინო ბურჯანაძე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა, როდესაც მან შევერდნაძის გადადგომამდე თავი გარდამავალ პრეზიდენტად ცნო.
საკითხავია, თუ იყო ისეთი ტიპის ფსიქიკური ზემოქმედება შევარდნაძისადმი, რაც ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს და სსკ 150-ე მუხლის ძალით ისჯება. სსკ 150-ე მუხლი კრძალავს ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას, რომლის ქვეშ მაგალითად ყველანაირი ფსიქიკური ზემოქმედების დეფინირება არ შეიძლება. თქვენთვის შევარდნაძის გადადგომა ეგრედ წოდებულია (... " სხვათა შორის, ე. წ. გადადგომის ფაქტობრივი გარემოებები საკმაო საფუძველს იძლევა განცხადებისთვის, რომ პრეზიდენტის ნების გამოვლინებაზე აშკარა იყო ფიზიკური თუ არა, ფსიქიკური ზემოქმედება მაინც "...) და ეს შეცდომაა, რადგან გადადგომა გადადგომაა და არა "ე.წ.". მაინტერესებს ამ ფრაზას ცრემლიანი თუ წერდით და იყავით აყოლილი ემოციებს, რადგან ფსიქიკური ზემოქმედება კი არა, არამედ ფსიქიკური ძალადობაა უფრო 150-ე მუხლისათვის საინტერესო. ყველანაირი ფსიქიკური ზემოქმედება რომ ისჯებოდეს 150-ე მუხლის მიხედვით, მაშინ უნდა დაისაჯოს მაგალითად ის დედა და მამა, რომელიც თავის შვილს ფსიქიკური ზემოქმედებით (= მაგ. "არ გიყიდი პიპიას და ზიზიას, თუ ... ") იქითკენ უბიძგებს, გაკვეთილები რომ ისწავლოს ან ნარკოტიკები რომ არ მიიღოს. ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის კონვენსიას ადამიანის დაცვისა და უფლებების შესახებ დაარღვევს, ხალხის პროტესტს ყურად არ იღებს და გაყალბებას დაიცავს, სწორედ ფსიქიკური ზემოქმედების შემდეგ უნდა წავიდეს. დასკვნა: ისეთი ტიპის ფსიქიკური ზემოქმედება შევარდნაძისადმი არ ყოფილა, რაც ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს და სსკ 150-ე მუხლის ძალით ისჯება.
თქვენთვის უკანონოა, როდესაც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, როგორც თქვენ იძახით "კანონით აუკრძალავი კულინარული ყაყაჩოს თესლის" წინააღმდეგ ილაშქრებს. გასაკვირია, როდესაც თქვენ იურიდიული ნორმებს წიგნიდან არ იწერთ, უშვებთ (გამოუსწორებელ) დოგმატიურ შეცდომებს: საკითხავია, თუ შინაგან მინისტრის ბრძანება, ყაყაჩოს თესლის ჩამორთმევის თაობაზე უკანონო იყო. მინისტრი ეგზეკუტიური ორგანოა და მისი ქმედება უკანონოა, თუ მის ბრძანებას ფორმალური ან მატერიალური კანონი არ უდევს საფუძვლად. როგორც მოგეხსენებათ გამოყავთ ე.წ. კულინარული ყაყაჩოს თესლიდან კოდეინი. კოდეინი არის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელის მოხმარება ან გასაღება სისხლის სამართლის კოდექსით იკრძალება. საქართველოში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (=ე.წ. მორფინისტი) ყიდულობდა ამ თესლს იმისათვის, რომ ნარკოტიკული ნივთიერების (=კოდეინი) ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ. ამიტომ მინისტრის ბრძანების კანონიერი სარჩული/საფუძველი არიან ყველა ის ფორმალური თუ მატერიალური კანონები, რომლებიც კოდეინთან ურთიერთობას კრძალავენ. მხოლოდ შევარდნაძის კლანური საქართველოს პერიოდში სპეციალურად იყო გაბატონებული ის აზრი, რომ ამ ყაყაჩოს თესლით, როგორც კულინარული ნაწარმით (=სისულელეა, თუ კულინარულია კოდეინს რათ შეიცავს, და კოდეინს რომ არ შეიცავდეს მორფინისტები არ გაიკეთებდნენ) ვაჭრობა დაშვებულია. ეს მხოლოდ იმისათვის იყო აგორებული, რომ კოდეინით ვაჭრობა კანონიერად გამოჩენილიყო (სირცხვილი თქვენ და ყველა იმ ამხანაგ იურისტს, ვინც მინისტრის ამ ბრძანების გამო ლენინური ლოზუნგების ფრქვევას დაიწყებს). დასკვნა: შინაგან მინისტრის ბრძანება, ყაყაჩოს თესლის ჩამორთმევის თაობაზე არ იყო უკანონო.
საკითხავია, თუ როგორ მიიღო დასავლურმა ევროპულმა სამყარომ ვარდების რევოლუცია. თქვენ წერთ ..."საგულისხმოა, რომ ტერმინი "რევოლუცია" სრულიად მიუღებელია სამართლებრივი სივრცისთვის და მას თანამედროვე იურიდიულ ლექსიკონებშიც ვერსად იპოვით. კარგა ხანია, აღიარებულია, რომ იძულების მექანიზმი მხოლოდ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და საყოველთაო კანონმორჩილებას უზრუნველყოფდეს. შესაბამისად, კანონი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასაც იცავს და ძალისმიერი გზით მის შეცვლას დასჯად ქმედებად მიიჩნევს, ანუ ნებისმიერი სახის რევოლუცია (განსაკუთრებით ევროსაბჭოს ფარგლებში) ერთმნიშვნელოვნად დანაშაულად მოიაზრება"... ევროსაბჭომ აღიარა გარდამავალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, და მიესალმა შევარდნაძის ნაბიჯს გადადგომის შესახებ. იმიტომ იყო შერაცხული ეს რევოლუცია ხავერდოვნად, რადგან მსოფლიო ისტორია არ იცნობს ასეთ მშვიდობიან შემთხვევა (ვარდების) რევოლუციას. ზოგიერთი ვითომ ძაან მაგარი და ამ დროს ძალიან სუსტი იურისტი ცდილობს დღევანდელი სიტუაცია კონსტიტუციურ ვაკუუმად შერაცხოს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს გამოადგებათ. მე არ მაქვს სურვილი დეტალურად გავარჩიო თქვენი ნაწერი და ვინმე "იურიდიულად" სრულიად გავანადგურო.
საბოლოო დასკვნა: სამართლებრივ ჩარჩოების დარღვევა 2 ნოემბრის არჩევნებში დაიწყო გაყალბებით და ყველა აქედან გამომდინარე არა კონსტიტუციური ნაბიჯისათვის აგებს პასუხს გამყალბებელი ძალა, რადგან იგი არა კონსტიტუციური სვლის სათავეა, რომელმაც ხალხს აიძულა იგი პარლამენტის შენობიდან გაეძევებინა, რომელმაც სასამართლო აიძულა, გაყალბებული გზით მოსული პარლამენტისათვის უფლება მოსილება ჩამოერთმია, რომელიც გარანტია არ იყო იმ დემოკრატიის პრინციპის დაცვისა, რომ ძალაუფლება ხალხიდანაა გამომდინარე !!!
PS. თქვენ წერთ, ..."ამასთან, გადატრიალება ("რევოლუცია") მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა "ხავერდოვანი", თუ სახალხო გამოსვლები, დაუმორჩილებლობა, მიტინგები, მანიფესტაციები და კანონის ფარგლებში მიმდინარე სხვა საპროტესტო აქციები, მართლაც, მასობრივ და უწყვეტ (ან პერმანენტულ) ხასიათს მიიღებდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდებოდა და პრეზიდენტს აიძულებდა, საკუთარი ნებით გადამდგარიყო ყველა სხვა შემთხვევაში სამართალდამცავთა კორდონების გარღვევა, სახელისუფლებო დაწესებულებებში თუნდაც ყვავილებით შეჭრა და პარლამენტის სხდომის ჩაშლა-დარბევა, სამართლის ენაზე აშკარა ძალადობაა და დაუშვებელია ამ უმძიმეს დანაშაულს რაიმე გამართლება მოეძებნოს. ხოლო ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა "კარის იურისტმა" მომხდარის სამართლებრივ ფარგლებში მოსაქცევად ("ლეგიტიმაციისთვის") ხან უკიდურესი აუცილებლობის ინსტიტუტი მოიშველია სისხლის სამართლიდან, ხან საერთაშორისო სამართალში მოიძია "ხალხის უფლება დიქტატურის (ტირანიის) აჯანყების გზით დამხობაზე" (ასეთი ნორმა ბუნებაში არ არსებობს), რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მიმაჩნია" ...
საქართველოში დაახლოვებით ოცი დღის განმავლობაში, დღე და ღამე აპროტესტებდა ხალხი გაყალბებას. ბოლო დღეს ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამაზე მასობრივი და პერმანენტული მშვიდობიანი სახის პროტესტი, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თქვენ კი ამ ხალხს წერის დროს ბრჭყალებში სვამთ, და იძახით, შევარდნაძისა არ იყოს, "საგანგაშო" არაფერი იყოო. მე არა მგონია ადამიანმა შესძლოს, თავი ობიექტურად გაასაღოს და ამავე დროს მტრის წისქვილს წყალი დაასხას, რადგან იგი შეეცადოს, საქართველოში კონსტიტუციური ვაკუუმი შექმნას.
This post has been edited by Kavkasyeli on 22 Dec 2003, 07:59
--------------------
sapere aude, incipe.
|