asiko
ვალენტინა ტერეშკოვა

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02
|
#428219 · 11 Apr 2004, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაკოპირებ სტატიას "მთავარი გაზეთიდან". ეს კაცი იბრაგუნებდა გულზე ხელებს ორი დღის წინ?? ტფუი ასეთ მასმედიასაც და ყველა გონებაჩლუნგს.
-------------
"თენგიზ ასანიძე - ასლან აბაშიძის ვატერლოო
ბათუმის ყოფილი მერის, დღემდე უკანონო პატიმრობაში მყოფი თენგიზ ასანიძის მეუღლე გულიკო ასანიძეს დღემდე ვერ აუხსნია, რა მოხდა თენგიზ ასანიძესა და ასლან აბაშიძეს შორის 1993 წელს. სწორედ 1993 წლის 4 ოქტომბერს აიყვანეს აჭარის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ძმები თენგიზ და თამაზ ასანიძეები, რომლებიც აჭარაში ასლან აბაშიძის ჩამოსვლის დღიდან მისი ერთგული თანამებრძოლები და თანამოაზრეები იყვნენ. ჩვენთან საუბრისას გულიკო ასანიძე იხსენებს ერთ საინტერესო ამბავს, რამაც ამ გაუგებრობას შეიძლება ნათელი მოჰფინოს.
როგორ უსწორდება აბაშიძე თანამებრძოლებსა და ნათესავებს
”ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა და, ამდენად, მის ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დავდებ”, – გვითხრა გულიკო ასანიძემ – ”თუმცა ამ ამბავს ალბათ ბევრი რამის ახსნა შეუძლია. გადმოცემით ვიცი, რომ ერთხელ (თუ არ ვცდები 1993 წლის აგვისტოში) ბათუმში ჩამოსულმა ედუარდ შევარდნაძემ, ასლან აბაშიძეს სახელმწიფო მინისტრობა შესთავაზა. მჭირდები და შეიძლება თბილისში წაგიყვანოო, მაგრამ აბაშიძეს უთქვამს, აჭარას ასე ვერ მივატოვებ, ვის უნდა დავუტოვო აქაურობა, მე ჩემი შემცვლელი არ მეგულებაო. შევარდნაძეს მისთვის თენგიზი უხსენებია - აჭარას თენგიზ ასანიძე მიხედავს, შენთვის უფრო სერიოზული საქმეები მაქვსო”.
გულიკო ასანიძის აზრით, სწორედ ამის შემდეგ შეცვალა აბაშიძემ ასანიძეებთან დამოკიდებულება, რომელთაც, როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი აბაშიძეს ძალაუფლების მიღებასა და განმტკიცებაში. ”1993 წლის 18 სექტემბერს ჩემი ვაჟიშვილის დათოს ქორწილი გადავიხადეთ, რომელზეც რასაკვირველია ასლანიც დაპატიჟა თენგიზმა, მათ ხომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ თენგიზსა და ასლანს შორის რაღაც წესრიგში ვერ იყო, რადგან ქორწილში აბაშიძე არ მოსულა. ასლანი არც მეორე ვაჟის - ირაკლის ქორწილზე გვეწვია, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ გადავიხადეთ. სამაგიეროდ, როგორც გავიგე, იმ შენობის სიახლოვეს, სადაც ქორწილს ვიხდიდით, ჩვენმა ნათესავებმა იარაღიანი ადამიანები შენიშნეს, თავიდან ვიფიქრე, ალბათ წესრიგის დასაცავად თუ გამოაგზავნეს მეთქი, მაგრამ ირაკლის ქორწილის დროს ფაქტობრივად იარაღიანი ხალხით ვიყავით გარშემორტყმული, ფაქტია, ამ რაოდენობით შეიარაღებული ხალხის გამოგზავნის მიზეზი წესრიგის დასაცავად არ მოხდებოდა, აბაშიძეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი მეუღლის ბედი”, – იხსენებს გულიკო ასანიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ აბაშიძეს, უბრალოდ, შეეშინდა მისი მეუღლის.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თენგიზ ასანიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებაც. ის ადასტურებს ასანიძეების ახლო ურთიერთობას ასლან აბაშიძესთან და აცხადებს, რომ ”აბაშიძე ხელისუფლებაში ფაქტობრივად ასანიძეებმა მოიყვანეს. აჭარაში ჩასვლის დროს აბაშიძე ძალიან სუსტი იყო, თუმცა თამაზ ასანიძემ, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა აჭარაში, მას პრაქტიკულად წესრიგი დაუმყარა. სულაც არ არის გასაკვირი, რომ მოძლიერებისთანავე გაანადგურა აბაშიძემ ყველაზე ძლიერი ჯგუფი, თანაც ჩემი ინფორმაციით, ამაში ედუარდ შევარდნაძემაც ითამაშა გადამწყვეტი როლი”. ხატიაშვილის განცხადებით, ბათუმის მერ თენგიზ ასანიძის პოპულარობა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა აბაშიძისათვის, მისი აზრით, სწორედ ამ შიშზე ითამაშა შევარდნაძემ.
საკმაოდ ადვილია იმის გარკვევა, რატომ დაუჭირეს მხარი აჭარაში გამსახურდიას მიერ მოვლენილ აბაშიძეს ასანიძეებმა. გულიკო ასანიძე ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვნად განაპირობა იმან, რომ თამაზ ასანიძის მეუღლე, ნუნუ ინაიშვილი ასლან აბაშიძის დეიდაშვილია. ”აბაშიძემ არც ნათესაობა იცის და არც ავადმყოფის დანდობა, მან საკუთარი დეიდაშვილი არ დაინდო და ავადმყოფი შვილის პატრონს მეუღლე მოუკლა”. თამაზ ასანიძე, რომელიც ძმასთან ერთად აიყვანეს 1999 წელს, თბილისში კიბოთი გარდაიცვალა. გულიკო ასანიძის განცხადებით, აბაშიძე თამაზ ასანიძის გამოშვებას არც მაშინ აპირებდა, როცა გაიგო, რომ მას კიბო ჰქონდა და ავადმყოფობისგან სიკვდილი უახლოეს დღეებში ელოდა. ”ჩვენთვის დახმარება ვახტანგ ბოჭორიშვილს რომ არ გაეწია და არ დაერწმუნებინა აბაშიძე თამაზის სიკვდილის გარდაუვალობაში, აბაშიძე მას ციხეში მოკლავდა”, – ამბობს გულიკო ასანიძე, რომელმაც გუშინ სასამართლო პროცესის მოგებასთან დაკავშირებით, მართალია, უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ მაინც არ სჯერა, რომ აბაშიძე მის მეუღლეს ციხიდან გამოუშვებს.
ვინ იყვნენ ასანიძეები და რას წარმოადგენდა ”აჭარის ხსნის კომიტეტი”
თენგიზ ასანიძე 1944 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ბათუმში, ის ძმაზე, თამაზ ასანიძეზე 2 წლით უფროსია. ძმებმა ჯერ მახინჯაურის საშუალო სკოლა დაამთავრეს წარჩინებით, შემდეგ კი სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელეს. თენგიზ ასანიძე სწავლას ამთავრებს 1969 წელს და იმავე წელს ქმნის ოჯახს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი (დათო და ირაკლი) და ოთხი შვილიშვილი, რომლებიც ბაბუას არც იცნობენ. თბილისში სასწავლებლად ჩამოსული თენგიზ ასანიძე დედაქალაქში 1985 წლამდე რჩება, დასაქმებულია თამბაქოს კომბინატში, სადაც თავიდან ერთ-ერთი საამქროს ცვლის უფროსად, შემდეგ კი წარმოების ხელმძღვანელად ინიშნება. გულიკო ასანიძე ამბობს, რომ მისი ბათუმში გადასვლა რესან კონცელიძის ინიციატივით მოხდა: ”მაშინ კონცელიძე თანამდებობის პირი იყო და თენგიზი ბათუმის თამბაქოს კომბინატის დირექტორად დანიშნა”. შემდეგ თენგიზ ასანიძე ბათუმში გადადის საცხოვრებლად.
როგორ დაეხმარნენ და რაში გამოიყენა აბაშიძემ ასანიძეები
ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში ძმები ასანიძეები ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგეთა რიგებში – ”აჭარის ხსნის კომიტეტში” იყვნენ. აღნიშნული კომიტეტი, ჟურნალისტებისა და იმ პერიოდის მკვლევართა დაკვირვებით, ისეთი მოძრაობების ანალოგებს წარმოადგენდა, როგორიც იყო აფხაზური ”აიდგილარა” და ოსური ”ადამონ ნიხასი”. ბოლოს კომიტეტი ეროვნული მოძრაობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების ინიციატივის წინააღმდეგ გამოიყენეს. მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიას მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეფერენდუმის გზით გაუქმებას გეგმავდა, ”ხსნის კომიტეტის წევრებმა” ავტონომიის გაუქმების მოწინააღმდეგეთა მიტინგის ორგანიზება მოახერხეს, რამაც რეფერენდუმის საკითხი დიდი ხნით მოხსნა დღის წესრიგიდან. არსებობს ”კომიტეტის” წევრთა სია, რომელიც 1989 წელს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ იმნაძემ შეადგინა. სიაში თენგიზ და თამაზ ასანიძებიც ფიგურირებენ.
1988 წლის 10 დეკემბერს ე.წ. ხსნის კომიტეტის წევრების მიერ ორგანიზებული აქციის შედეგად დაარბიეს ნოდარ იმნაძის სახლი ბათუმში. ნოდარ იმნაძის ქალიშვილ ნატო იმნაძის განცხადებით, აქციაში თენგიზ და თამაზ ასანიძეებიც მონაწილეობდნენ. რა ინფორმაცია ჰქონდა ნოდარ იმნაძეს ასანიძეებზე, დღემდე უცნობია, თუმცა მის მიერ ”ხსნის კომიტეტის წევრებს” შორის დასახელებულ ადამიანთა უმეტესობამ 1991 წლის 22-23 აპრილის საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქცია ბათუმში გაიმართა და მისი მონაწილეების უმთავრეს მოთხოვნას აჭარის ავტონომიის შენარჩუნება წარმოადგენდა. აქციის ორგანიზატორებს შორის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრი, იმ პერიოდისთვის ბათუმის პრეფექტი ტარიელ ფუტკარაძე ასანიძეებსაც მოიხსენიებს. იმავეს ადასტურებს ნატო იმნაძეც. არსებობს ამ აქციებში ასანიძეების მონაწილეობის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. სწორედ ამ აქციების შედეგად გაიმაგრა პოზიციები ასლან აბაშიძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის ვერ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ასლან აბაშიძის დანიშვნა ზვიად გამსახურდიას იდეა იყო. იგი საქართველოს პირველ პრეზიდენტს აჭარის ავტონომიის რეფერენდუმის გზით გაუქმებას დაჰპირდა. ამ ფაქტმა და მემედ აბაშიძის შვილიშვილობის ფაქტორმა განსაზღვრა ზვიად გამსახურდიას სიმპათიები აბაშიძისადმი. აჭარაში ჩასვლისთანავე ასლან აბაშიძე დასაყრდენს პოულობს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ნოდარ იმნაძის მიერ დასახელებული იყვნენ ”ხსნის კომიტეტის” წევრებად. ნატო იმნაძის განცხადებით, 1991 წლის 21 აპრილს ჯერ კიდევ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასლან აბაშიძე აჭარის ტელევიზიის საშუალებით მოუწოდებს ავტონომიის მოსახლეობას მონაწილეობა მიიღონ აქციაში, რომელიც მომდევნო დღისთვის იგეგმებოდა. ამ ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ადასტურებდა აჭარის შს მინისტრი მამუკა კობახიძეც, რომელმაც თანამდებობა სწორედ 22 აპრილის აქციის შედეგად დაკარგა. ასანიძეები ტარიელ ფუტკარაძემ ამ აქციის ძირითად ორგანიზატორებად დაასახელა. ისინი, ფუტკარაძის განცხადებით, ”დამსახურებისთვის” აბაშიძემ მალე დააჯილდოვა - 1991 წლის სექტემბერში თენგიზ ასანიძე ბათუმის მერად დანიშნა, ხოლო თამაზ ასანიძეს ხელვაჩაურის პრეფექტის თანამდებობის გარდა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაც უბოძა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ თენგიზ ასანიძემ ჩამოაყალიბა `ეკონომიკური აღორძინების კავშირი~, რომელიც შემდეგ აჭარის აღორძინების, მოგვიანებით კი `დემოკრატიული აღორძინების კავშირად~ გადაკეთდა.
აბაშიძესა და ასანიძეებს შორის მეგობრული ურთიერთობა ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდა. ”გარეგნულად ისე ჩანს, რომ განხეთქილება ფინანსური პრობლემების, ინტერესთა გადაკვეთის გამო მოხდა, თუმცა ამ ყველაფერს უფრო ღრმა საფუძველი უნდა ჰქონდეს”მ – აცხადებს ტარიელ ფუტკარაძე და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე საუბრობს. ასანიძეებს თბილისში, მისი აზრით, მეტი გავლენა ჰქონდათ, რამაც დააფრთხო კიდეც აბაშიძე.
პ.ს. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა 2003 წელს აქვეყნებს წერილს სახელწოდებით ”თენგიზ ასანიძე – ედუარდ შევარდნაძის ვატერლოო”. ჩვენი წერილის სათაურიც ამ პუბლიკაციას ერთგვარად ეხმიანება. საქმე ისაა, რომ ასანიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი საკუთარ კლიენტს აბაშიძის ვატერლოოდ უფრო მიიჩნევს...
მისი აზრით, ასანიძის პატიმრობის ასეთი გახანგრძლივება ედუარდ შევარდნაძის ხელშეწყობით მოხდა. ადვოკატის აზრით, პრეზიდენტმა სპეციალურად მიიღო გადაწყვეტილება ასანიძის შეწყალების თაობაზე. მან ზუსტად იცოდა, რომ ასლან აბაშიძე უარს იტყოდა ასანიძის გათავისუფლებაზე. ”აბაშიძე 1999 წლისთვის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და შევარდნაძე მასში რეალურ კონკურენტს ხედავდა”. აბაშიძე მართლაც ავლენდა იქნებ სამომავლო, მაგრამ მაინც საპრეზიდენტო ამბიციებს. ადვოკატის დაკვირვებით, შევარდნაძე შეეცადა აჭარის ლიდერის ამბიციებისთვის ასანიძის საშუალებით დაესვა წერტილი. მან ასანიძის შეწყალების დროს ზუსტად გათვალა აბაშიძის რეაქცია და ამით საერთაშორისო საზოგადოებისთვის აბაშიძე პრაქტიკულად დამარხა როგორც პოლიტიკოსი. ”მას შემდეგ, რაც აბაშიძემ უარი თქვა შეწყალებული პატიმრის გათავისუფლებაზე, აბაშიძის პოლიტიკური ფიგურისადმი საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითი გახდა, აბაშიძეს რომ ასანიძე გაეთავისუფლებინა, არაფერი მოხდებოდა, მაგრამ აბაშიძე ვერ მიხვდა, რა მახე დაუგეს მას”.
ასე იქცა სინდისის ერთი პატიმარი (მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ ციხეში მყოფი ასანიძე პრეზიდენტობის კანდიდატად იყო რეგისტრირებული) აბაშიძის ვატერლოოდ. დასავლეთი ამის შემდეგ ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ აბაშიძეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა, როგორი პოპულარულიც უნდა ყოფილიყო იგი მოსახლეობაში."
This post has been edited by asiko on 11 Apr 2004, 19:18
|