Hale
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 23249
რეგისტრ.: 14-September 06
|
#3774310 · 16 Sep 2006, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნოდარ ლადარია
ერთ დროს მქონდა ჩვეულება, დამესახელებინა კვირის “საკვანძო პუბლიკაცია”. დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა ასეთი რამ “24 საათის” ფურცლებზე, მაგრამ 11 სექტემბერს მაინც დაიბეჭდა დავით დარჩიაშვილის სტატია ვარიაციები “რეგნუმის” მიერ გამოქვეყნებული ერთი წერილის თემაზე — ტექსტი, რომელიც ფიქრს აღძრავს... როგორც ეტყობა, თვით ავტორსაც აღუძრა ფიქრები ვინმე არის კაზინიანის სტატიამ, რომლის გარშემოც ვითარდება ხსენებული “ვარიაციები”. იგივე მუსიკალური მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს თემას — სწორედ ვარიაციებშია დარჩიაშვილის წერილის მნიშვნელობა. მოკლედ გადმოვცეთ ავტორის სამი ძირითადი დასკვნა: ვარიაცია პირველი: საქართველო მრავალფეროვანია — ეს არ უნდა იწვევდეს შიშს, უბრალოდ, ამ მრავალფეროვნებას აუცილებლად უნდა მოვუძებნოთ “მოდერნული გამოყენება” და გავათავისუფლოთ საქართველოს ისტორიული წარსულის აღწერა ძველი მითებისაგან. — ამის აუცილებლობას მეც ვგრძნობ და, ვფიქრობ, ყველა მეტ-ნაკლებად გონიერი ადამიანი აღიარებს. შესაძლებელია, ზოგიერთი დარწმუნებული არ იყოს, რომ ამგვარი პროექტი განხორციელებადია, მაგრამ ისინიც უნდა დავამშვიდო: თავის დროზე შარლ დე გოლი წუწუნებდა, რომ ძნელია ისეთი ქვეყნის მართვა, სადაც ყველის ორასზე მეტი სახეობაა გავრცელებული, ხოლო ისტორიკოსმა ფერნან ბროდელმა ასე დაასათაურა საფრანგეთის ისტორიის პირველი თავი: “მრავალფეროვნება საფრანგეთის სახელია”. ამავე დროს, ძნელია სხვა ისეთი ქვეყნის დასახელება, სადაც საერთო ნაციონალური იდენტობა იმდენად ძლიერად იყოს განვითარებული, როგორ საფრანგეთში. ვარიაცია მეორე: ნაციონალიზმი ქვეყნის აღმშენებლობის აუცილებელი პირობაა, მაგრამ, როგორც ყოველგვარი ეფექტური საშუალება, ის თავის თავში შეიცავს დოზის გადამეტების საფრთხეს; ამიტომ ხელისუფლებას კეთილგანწყობილი კრიტიკით უნდა დავეხმაროთ, გამუდმებული ნიშნის მოგებით კი ვერაფერს გავხდებით. — რამდენიმე ხნის წინათ დაკითხვაზე დაიბარეს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი გოგა ოძელი, რის გამოც პარტიის ლიდერებმა მოაწყვეს გულისგამგმირავი ბრიფინგი. ამ შემთხვევაში ეს ისტორია კი არ მაინტერესებს, არამედ ტელეკომპანია “იმედის” ინტერპრეტაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ ოძელი დაიბარეს “საქართველოს არაქართული წარმოშობის მოქალაქის, შაქრო კალაშოვის საქმეზე”. სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ყოველი ჩვენგანის ვალია და თუ წყნეთის ყოფილ გამგებელს ამის საშუალება მიეცა, ეს ისტერიკის საფუძველი არ უნდა იყოს. გაცილებით უფრო საშიშია “იმედის” ინტერპრეტაციაში გამჟღავნებული ტენდენცია. რატომ? — აბა, ათქმევინეთ საფრანგეთის რომელიმე ტელეარხის წამყვანს ორად-ორი სიტყვა — “ალჟირელი ბანდიტები” — და ნახავთ, რაც მოუვა. ყოველ შემთხვევაში, ლე პენის პარტიის აქტივისტთა თავგანწირული ბრიფინგი პასუხისმგებლობისაგან ვერ იხსნის. ვარიაცია მესამე: მენტალობის გარდაქმნა ხანგრძლივი და ევოლუციური პროცესია, ამიტომ სამართლიანობის ყოველგვარ დარღვევაზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს, რადიკალური მოთხოვნების დაყენება კონტრპროდუქტიულია. დიახ, მართალია დავით დარჩიაშვილი, როცა ამბობს, რომ თვით ხელისუფლების კონკრეტული შემადგენლობა არაა თავისუფალი იმ აზროვნებისაგან, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდაა მოწოდებული. მაგრამ რატომ? სად არის ის მთავარი გარემოება, რომელიც სამივე ამ ვარიაციას აერთიანებს და რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საფუძვლად შეიძლება მოვიყვანოთ, ვიდრე რომელიმე კაზინიანის სტატია? ჩემი აზრით, ეს ნაკლი ხალხთან დამოკიდებულებაა. ახლავე ავხსნი, რისი თქმაც მსურს. 15 სექტემბერს გამოქვეყნდა სოფო ბუკიას სტატია იანუკოვიჩი — “ნარინჯისფერი” იდეების მესაფლავე. აქ განხილულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად “უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისათვის”. იანუკოვიჩმა არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ნატოში გაწევრიანებას უკრაინის მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები უჭერს მხარს. ამის შემდეგ “24 საათის” მასალა მოგვითხრობს იმაზე, რომ იანუკოვიჩმა იმედი გაუცრუა უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლეთის მმართველ წრეებს. მართლაც, უკრაინულ პრესაში უწოდეს იანუკოვიჩს “ნარინჯისფერი იდეების მესაფლავე”, იულია ტიმოშენკოს ბლოკის რომელიღაც წევრმა დაიჩივლა, რომ “პრემიერ მინისტრის სავარძლის გამო იანუკოვიჩი არა თუ ნატოს წევრობას, არამედ რაღაც კოსმოსურ ჯარებში გაერთიანებასაც მოაწერდა ხელს”, რომელიღაც გერმანელმა ექსპერტმა დაიქადნა, რომ “იმ პოლიფონიურ ხმოვანებას, რომელიც უკრაინის საგარეო პოლიტიკაში კუჩმას დროიდან ისმის, ევროპა აღარ მოითმენს”. ბოლოს და ბოლოს, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პრემიერ-მინისტრის რაღაც კაპრიზთან გვაქვს საქმე. მაგრამ განა ვინმეს ჩივილი ან ქადილი გადასწონის თვით იანუკოვიჩის არგუმენტს, რომ უკრაინელთა 80 პროცენტზე მეტს ნატოში შესვლა არ სურს? ამაოა იმის ყვირილი, რომ ეს ხალხი რუსეთის მიერ მოსყიდული მოღალატეა — მოღალატეს ოთხმოცს კი არა, ოც პროცენტსაც ვერ უწოდებ! აშკარაა, რომ რუსეთმა იმუშავა ამ ადამიანებზე, მაგრამ ესეც ხომ მართალია — ვინც ხალხზე იმუშავებს, ხალხიც მისია. გვიანია თითზე კბენანი. მაგრამ მხოლოდ ამისთვის არ მომიყვანია უკრაინის მაგალითი. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე მოყვანილ “ვარიაციებს” უნდა დავუკავშიროთ. ამისთვის კი დავსვათ შეკითხვა: საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს რეალური ან თუნდაც მცდარი წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს ნატოს წევრობა? საქართველოს მოსახლეობა ამ მხრივ არც გათვიცნობიერებულია და არც მოტყუებული. რატომ? — იმიტომ რომ მის აზრს ისედაც არავინ იკითხავს. აი, შემოიღეს თავდაცვის ახალი კონცეფცია — გვკითხა ვინმემ? აინტერესებს ვინმეს, როგორ შეიცვალა ადამიანების პოზიცია ნატოს წევრობის მიმართ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სავალდებულო რეზერვისტობა სწორედ ამასთანაა დაკავშირებული? გამოდის, რომ დასავლეთის მიმართ ზურგშექცეულ უკრაინაში უფრო მეტი დემოკრატიაა, ვიდრე პროდასავლურ საქართველოში. აი, კიდევ ერთი მაგალითი: 11 სექტემბრის ნომერში ვკითხულობთ სააგენტო ჯიბისის მიერ მოწოდებულ შემდეგ ინფორმაციას: “რუსთავში ბინის ფასები სოლიდურად გაიზარდა, — ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა. მელიქიშვილის განმარტებით, რუსთავში საცხოვრებელ ბინებზე ფასების ზრდა რუსთავში გზების მშენებლობამ გამოიწვია. თუ ორი-სამი წლის წინ 2-3 სართულიან ბინას ფასი არ ჰქონდა და 500-600 დოლარად იყიდებოდა, ჩვენი მონაცემებით, წელს უკვე ანალოგიურ ადგილას 2-3 ოთახიანი ბინის შეძენის მიზნით ბანკებმა 10-12000 დოლარამდე კრედიტები გასცეს”. ერთი წამით დავდგეთ ბ-ნ მელიქიშვილის მხარეზე და ვივარაუდოთ, რომ “სამსართულიანი ბინა” კორექტურაა და იქაც ოთახი უნდა ეწეროს. მაინც გამოდის, რომ ფასები საშუალოდ ოცჯერ გაიზარდა. ახლა კი ერთხელ კიდევ ვნახოთ ამგვარი ზრდის ახსნა: “მელიქიშვილის განმარტებით ... ფასების ზრდა რუსთავში გზების მშენებლობამ გამოიწვია”. ერიჰა! — მადლობა ღმერთს, მიზეზად ფასადების შეღებვას არ ასახელებს. თუ ამ კაცს თვითონ სჯერა ასეთი რამის, რატომაა აქამდე პრეზიდენტის რწმუნებული? და თუ თვითონ არ სჯერა, არამედ ჩვენ გვიყურებს როგორც იდიოტებს, მაინც რატომაა აქამდე პრეზიდენტის რწმუნებული? პასუხის საძებნელად შორს წასვლა არ დაგვჭირდება... ამისათვის კი უნდა უარვყოთ ის დებულება, თითქოს საქართველოში ხალხზე არავინ მუშაობს. მუშაობენ, მაგრამ როგორ? გლდანში პარკის გახსნაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვახარა, რომ პატიოსან და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. თუმცა არგუმენტაცია აქაც მეტად ნიშანდობლივი იყო: თურმე სამართლიან არჩევნებს იმიტომ ჩაატარებს, რომ სჯერა, ჩვენ სწორ არჩევანს გავაკეთებთ! დავანებოთ თავი იმას, რომ უხერხულია “სწორ არჩევანზე” საუბარი ასე უაპელაციოდ, თითქოს ეს არჩევანი ისევე არსებობს, როგორც ლენინის მატერია — ჩვენი შეგრძნებებისგან და ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად. ობიექტურად მხოლოდ იმაზე შეიძლება ლაპარაკი, იქნება თუ არა ეს არჩევანი თავისუფალი ან შებოჭილი. მაგრამ ესეც არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც შემდეგი გარემოება: სააკაშვილმა ისე ააგო წინადადება, რომ ვერაფერი უშლის ხელს შემდეგი კითხვის გაჩენას — რაო, გამარჯვებაში დარწმუნებული რომ არ იყო, გააყალბებდი არჩევნებს? კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ მოყვანილი მაგალითები: ჟურნალისტი, რომელიც არ აანალიზებს ფაქტებს, არამედ გერმანელი ექსპერტის ზურგსუკან იმალება, პრეზიდენტის რწმუნებული, რომელიც უპასუხისმგებლოდ ჟონგლირებს ფაქტებით, თვით პრეზიდენტი, რომელიც ოდნავადაც არ ზრუნავს სიტყვების აზრიან დალაგებაზე. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენში გამეფებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, იმათ მიმართ, ვისაც პირზე ააფარეს სიტყვა “მოსახლეობა”. სწორედ ამ ვითარებაშია შესაძლებელი, რომ გიგი უგულავა თბილისის ბიუჯეტში ჩვენს მიერ შეტანილ 15000 ლარს ჩუქნიდეს სპორტსმენს ლამის თავისი და არა ჩვენი სახელით, ხოლო საუკეთესო ყინულის ასევე ჩვენი ფულით დაგების ღვაწლი ლამის უპირობოდ მიეწეროს კობა სუბელიანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზრის გამოთქმის ფორმაა, მაგრამ ამით ვითარება არ მსუბუქდება. არავისი სახელი და გვარი არ უნდა იქცეს ადამიანების დიდი ან თუნდაც მცირე ერთობის გამომხატველ სიმბოლოდ — აქედან ერთი ნაბიჯია ფეოდალიზმის რესტავრაციის იმ საშიშროებამდე, რომელზედაც თავის სტატიაში ლაპარაკობს დავით დარჩიაშვილი. თბილისი იმდენადვე არაა გიგი უგულავა, რამდენადაც არც კობა დავითაშვილი ან გოგი თოფაძეა. სამწუხაროდ, ფეოდალიზმის გარდა ამგვარ მსოფლმხედველობას საქართველოში კიდევ ერთი მძლავრი საყრდენი ჰქონდა (პარტია — ლენინი, ლენინი — პარტია), დღეს კი ერთნი როყიოდ აცხადებენ — მე მაქვს ამბიცია! — მეორენი კი ისტერიულად წივიან, ჩვენს მხარესაა სამართალიო. ყოველივე ზემოთქმულის შესაჯამებლად უნდა ვაღიაროთ, რომ დარჩიაშვილის “ვარიაციებსა” და მათით შთაგონებულ ჩემს მსჯელობაში გამოთქმული მოსაზრებები ერთ წერტილში იკრიბება: საქართველოში ადამიანები უსახურ მასად, ერთგვარ ფარად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ყველა ხალისით გვიამბობს ხალხზე თავისი ზრუნვის შესახებ, მაგრამ ხმამაღლა არავის წამოსცდება, თუნდაც ტყუილი იყოს, რომ ხალხს ემსახურება.
--------------------
უწმინდესო და უნეტარესო, მე არ შემიძლია უთქვენოდ, მაგრამ არ შემიძლია ახალაიასთან ერთად!!!
|