რუსეთი ადიღეელებისა და აფხაზების წინააღმდეგ
" კრემლი ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს უუქმებს "
რუსეთის სამხრეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ჩეჩნეთში, ინგუშეთსა თუ დაღესტანში ტერორისტული აქტები თითქმის ყოველ კვირას ხორციელდება. ნაკლები პრობლემები არც ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღეშია. არცთუ დიდ ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ადიღესთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმებას გეგმავს.
ადიღე რუსეთის ავტონომიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირეა. მისი ტერიტორია სულ რაღაც 7,8 ათასი კვადრატული კილომეტრია. ადიღეს ავტონომია ხელოვნურად შეიქმნა და XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მისი ადმინისტრაციული საზღვრები არაერთხელ შეიცვალა. მან ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი 1991 წელს მიიღო. ადიღები თავდაპირველად კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 180 ათასი კვადრატულ კილომეტრზე იყვნენ განსახლებულნი. ჩერქეზეთ-ადიღეს ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა. 20-იან წლებში ის ე.წ. მთიელთა რესპუბლიკაში არ გაერთიანებულა და პირველ ორ წელს უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, 1924-1934 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის, 1934-1937 წლებში აზოვი-შავი ზღვის, 1937 წლიდან 1991 წლამდე კი კრასნოდარის მხარეში. ადიღეს დედაქალაქი თავდაპირველად კრასნოდარი იყო. ამჟამინდელი ცენტრი - მაიკოპი, ოლქს მხოლოდ 1936 წელს მიუერთდა. სწორე ამ პერიოდში ადიღეს შემადგენლობაში შევიდა გიაგანის, 1962 წელს კი მაიკოპის რაიონი.
აფხაზებსა და ადიღებს პირდაპირი საზღვარი არ აქვთ. 90-იანი წლების შუა ხანებში ადიღეს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, ძირითადად მეცნიერებმა და პარტოკრატიამ მოსკოვში გააგზავნეს წერილი, სადაც საკუთარი ტერიტორიების კრასნოდარის მხარესთან გაცვლის ხარჯზე შავ ზღვაზე გასასვლელს ითხოვდნენ. ასე აფხაზეთთან სახმელეთო საზღვარიც ექნებოდა და საზღვაოც. თუმცა, ამ წამოწყებამ გაგრძელება ვერ ჰპოვა.
რამდენად დიდია ადიღეს ავტონომიის გაუქმების ალბათობა, ამის თაობაზე ”ახალი ვერსია” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ თანამშრომელს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გიორგი ჯანჯღავას ესაუბრა.
გიორგი ჯანჯღავა: ”ადიღეს ავტონომიის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არ არის. მან თურქეთშიც და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც ჩააღწია, სადაც ჩრდილოეთ კავკასიელებს დიდი დიასპორა აქვთ...”
- სანდოა ეს ინფორმაცია, თუ შესაძლოა სიტუაციის დაძაბვის მიზნით გავრცელებული ჭორი იყოს?
- ინფორმაციები ამის თაობაზე როგორც ოფიციალურად ისე არაოფიციალურ მოდის.
- რამდენი ხანია, რაც ეს გახმიანდა?
- ინტენსიური საუბარი ერთი წლის წინ დაიწყეს. იმჟამად თურქეთში საქართველოს გენერალური კონსული გახლდით. სტამბოლში აფხაზურ-ჩერქეზულმა დიასპორამ, ჩრდილოეთ კავკასიური სახლის გრანდიოზული კონფერენცია გამართა, სადაც ადიღეს ავტონომიის შესაძლო გაუქმების გამო შეშფოთება გამოითქვა. როგორ თუ ადიღეს ავტონომია უქმდება, ეს არის რუსული დემოკრატია? - კითხულობდნენ კონფერენციის მონაწილენი. ინტერნეტ გვერზე გამოქვეყნდა სპეციალური მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი: არ გააუქმოთ ადიღეს რესპუბლიკა! მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მიმდინარე წლის 21 მაისს კი მათივე ორგანიზებით სტამბოლში სიმპუზიუმი ”კავკასიის ტრაგედია გუშინ და დღეს” ჩატარდა. ანალოგიური მიმართვა სიმპოზიუმმაც მიიღო. ხელმოწერებს ინტერნეტით თუ ქუჩაშიც აგროვებდნენ. მიმართვა რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ადიღეს პრეზიდენტს, ასევე, კრასნოდარის გუბერნატორ ტკაჩოვს გადაეგზავნა. ჩანს, ის ამ იდეის გამხმოვანებლად გვევლინება, რომელმაც თავი ”კარგად” აფხაზეთში გამართული პრეზიდენტის არჩევნების დროს დაგვამახსოვრა.
- თავად ადიღეში ფლობენ ინფორმაციას ავტონომიის შესაძლო გაუქმების შესახებ?
- რამდენიმე კვირის წინ, 3 აგვისტოს ადიღეური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ”ადიღე ხასეს” და ”ჩერქეზული კონგრესის” წარმომადგენლები ადიღეს პრეზიდენტს ხაზრეთ სოვმენის შეხვდნენ. საუბრის თემა ენის, სუვერენიტეტის შენარჩუნება, ავტონომიის სამომავლო ბედის გარკვევა და მის არგაუქმებაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე - ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მონუმენტის დადგმის საკითხიც განიხილეს. ადიღები რუსული სათვისტომოს ამ ინიციატივის წინააღმდეგნი წავიდნენ. მათ თავად წმინდანის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ასოცირდებოდა, რომელიც რუსულ-კავკასიური ომის დროს ადიღების და ჩერქეზების გენოციდს უჭერდა მხარს. ეს ინფორმაციები გვხვდება რუსულ მედიაში თუ ინტერნეტ გამოცემებში და ფაქტია, რომ ჭორი არ გახლავთ. ვფიქრობ, ის ძალზე საინტერესო უნდა იყოს აფხაზებისთვის. მოგეხსენებათ, ადიღები აფხაზების მონათესავე ხალხია. ისინი აფხაზურ-ადიღეურ ოჯახს მიეკუთვნებიან, რომელიც აფხაზებს, ადიღებს, ყაბარდოელებს და ჩერქეზებს აერთიანებს. ეთნიკური თვალსაზრისით, ადიღე ყველაზე არაკავკასიური რესპუბლიკაა, რადგან ადიღები ავტონომიის მოსახლეობის მხოლოდ 22%-ს შეადგენენ.
- 1992 წელს საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეთნიკური შემადგენლობის თვალსაზრისით ანალოგიური სიტუაცია იყო აფხაზეთში. აფხაზები ავტონომიის მოსახლეობის დაახლოებით 17%-ს შეადგენდნენ.
- დიახ, სწორედ ეს უნდა იყოს სიგნალი აფხაზებისთვის. X|X საუკუნე რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების ეპოქა გახლდათ. ტერმინები დამორჩილება და დაპყრობა ხშირად ფიგურირებდა და ფიგურირებს რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში, პრესასა თუ ტელევიზიაში. რუსეთის ფედერაციაში ნებაყოფლობით მხოლოდ ოსეთი შევიდა. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 2004 წლის 10 ივლისის ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება: ”შეგახსენებთ, რომ ოსეთი ნებაყოფილობით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს, როგორც ერთიანი ოსეთი და არა ჩრდილოეთი და სამხრეთი. ეს ერთი ერია”. წარმოგიდგენიათ, სათათბირო ასეთ ლაფსუსებს უშვებდეს? სხვა საკითხია, რომ ოსები რუსეთის მოკავშირეებად ითვლებიან, მაგრამ საინტერესოა, ოსური ტომების ბელადებმა XV||| საუკუნეში როგორ მოახერხეს ერთიანი ერის რუსეთში ნებაყოფლობით გაწევრიანება. რომელ ერთიან ოსეთზეა საუბარი? მათ მიერვე შედგენილ რუკებს მაინც გადახედონ. რაც შეეხება სხვა კავკასიელ ხალხებს, რუსეთს მათი ძალით დამორჩილება, რიგ შემთხვევაში კი სრული გაქრობა დასჭირდა. იმპერიამ სპეციალური მედლებიც კი დააწესა ”ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებისთვის”, ”დასავლეთ კავკასიის დამორჩილებისთვის”. რუსეთის მიერ დაპყრობითი ომის გაჩაღების შემდეგ 300 000 შაფსუღიდან მხოლოდ 1 483 გადარჩა. 260 000 აბაზინიდან 14 660. მათი ბედი ჩერქეზული მოდგმის ხალხმაც გაიზიარა. თავად რუსები აღიარებენ, რომ კრასნოდარის მხარიდან და აფხაზეთიდან 800 000-მდე ადამიანი გაასახლეს ან ამოწყვიტეს და მხოლოდ მათგან 40 000-მდე გადარჩა.
- აღნიშნეთ, რომ კავკასიის დასამორჩილებლად ბრძოლისას კავკასიის ზოგიერთი ხალხი საერთოდ გაქრა.
- 1864 წლიდან, შამილის დამარცხების შემდეგ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილის დასამორჩილებლად იბრძოდა და ჩერქეზულ მოდგმას ეს ბრძოლა გაცილებით ძვირი დაუჯდა. 74 000 უბიხი საერთოდ გაქრა. ამის მიზეზი ის ტერიტორია იყო, სადაც აფხაზურ-ადიღეური, ანუ ჩერქეზული (ასეთია ამ ტომების კრებითი სახელი დასავლეთში) მოდგმის ხალხები სახლობდნენ. აქ მიწები გაცილებით ნაყოფიერი იყო, ამასთან, მათ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდათ. ამიტომ აბორიგენი მოსახლეობა ამ ტერიტორიებიდან თითქმის გაასახლეს. მოსკოვის მტკიცებით, რუსეთში დღეს 650 000 ადიღეა. ადიღები ამბობენ, რომ მსოფლიოში 3 000 000-მდე არიან. ეს ციფრები გაბერილია.
- ჩერქეზები ძირითადად სად გაასახლეს?
- უმრავლესობა თურქეთის იმპერიაში გადასახლდა. ნაწილი კომპაქტურად თავად თურქეთში - ადაფაზარში, სტამბოლში, იზმითში და ა.შ. დასახლდა. მაგრამ, რადგან კავკასიელები კარგი მეომრები იყვნენ, თურქეთის იმპერია შეეცადა, ისინი ძირითადად სასაზღვრო რეგიონებში ჩაესახლებინა. ასე აღმოჩნდნენ ჩერქეზული მოდგმის ხალხები ოსმალეთის იმპერიის სასაზღვრო განაპირა მხარეებში - იორდანიაში, ეგვიპტეში, სირიაში. ასევე, ევროპულ ნაწილში - რუმელიასა და კოსოვოში. იორდანიის მეფის კარს დღესაც კი კავკასიურ ჩოხაში გამოწყობილი ჩერქეზები იცავენ.
- ამის მიუხედავად, დიასპორა პრეტენზიებს უფრო საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქვამდა.
- მახსენდება ასეთი შემთხვევა, გენერალურ კონსულად ჩემი მუშაობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების თურქეთში ვიზიტისას აფხაზურ-ჩერქეზულ დიასპორასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი შეხვედრისას აფხაზური დიასპორის აგრესიულად განწყობილმა წარმომადგენელმა იკითხა: რატომ არ ეპყრობით თქვენს ავტონომიებს ისე, როგორც რუსეთი საკუთარსო. ქართული მხარის წარმომადგენლებმა ღიმილით მიუგეს: ის, რამდენად კარგად ექცევა რუსეთი საკუთარ ავტონომიებს, კარგად ჩანს ჩეჩნეთის მაგალითზეო.
- ანუ, მათ საქართველოში თუ რუსეთში რეალურად არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენა არ აქვთ?
- ხშირად ისინი მართლაც არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში ან ადიღეში მიმდინარე პროცესებზე. ადიღეში მოსახლეობის დიდ უმრავლესობას რუსები შეადგენენ. რესპუბლიკის 450 000 მკვიდრიდან 68% რუსია, 22% ადიღელი, 3,2% უკრაინელი, 2,7 % სომეხი, დანარჩენი კი სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამიტომაც დადგა საკითხი რუსეთის ფედერაციაში ასეთი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაკავკასიური ავტონომიური რესპუბლიკის არსებობის მიზანშეწონილობის თაობაზე. მით უმეტეს, XX საუკუნის 90-იან წლებამდე ის ფაქტობრივად, არც არსებობდა. კარგა ხანს კი ადიღეს ავტონომიური ოლქის ცენტრი კრასნოდარი იყო. აი, რატომ აქტიურობს კრასნოდარის გუბერნატორი ტკაჩოვი. გახსოვთ, როგორ მოიქცა აფხაზებთან მიმართებაში - ჯერ შეაშინა, შემდეგ ”ჩაეხუტა” და ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა.
- ტკაჩოვი ამას საკუთარი ინციატივით, ცენტრთან შეთანხმების გარეშე ვერ გაბედავდა...
- რუსეთის ტრაგედიაა, რომ რეგიონალურ პოლიტიკას კრემლი კი არა, ადგილობრივი, კორუმპირებული მოხელენი განსაზღვრავენ. ჩრდილოეთ კავკასიისადმი მიდგომა და საერთოდ ,ნაციონალური სახელმწიფო პოლიტიკა მას არ გაჩნია. 1999 წელს ადიღელ სლავთა კავშირმა მაიკოპში გამოსცა წიგნი, სადაც თეთრზე შავით წერია, ”1864 წელს, როდესაც განადგურდა დასავლეთ კავკასიის წინააღმდეგობა, ჩვენ რუსებმა განვდევნეთ მეამბოხე ადიღეთა თურქული ტომი. დავიმორჩილეთ და გავასახლეთ”. შეიძლება, შენს მოქალაქეებზე ასე აგდებულად წერო? იმპერიის სასკოლო წიგნში ”რუსეთის გეოგრაფია” 139-ე გვერდზე აფხაზებზე ვკითხულობთ: ”აფხაზთა მთავარი განმასხვავებელი თვისება უზრუნველობა და სიზარმაცეა. აფხაზი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 20-30 დღე მუშაობს, დანარჩენ დროს ან უსაქმურად არის ან მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა. ყველა მძიმე სამუშაოს ქალები ასრულებენ”. ადიღეს ავტონომიის გაუქმებაზე საუბარი არასწორია. ჩრდილეოთ კავკასიისადმი არასწორი მიდგომა და ექსპანსია, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებს, მას ცუდად დაუბრუნდება, ისევე როგორც აფხაზეთი დაუბრუნდა ჩეჩნეთად. მთიელ ხალხთა კონფედერაციაც რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით შეიქმნა და მუსა შანიბოვის, იუსუპ სოსლანბეკოვის და ა.შ. ხელით კავკასიის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. სხვას რას შეიძლება მიეწეროს კადიროვის და მისი შვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ცნობილი ბატალიონის ”ვოსტოკის” შექმნა და რუსეთის წინააღმდეგ დუდაევის, მასხადოვის, ბასაევის მხარდამხარ მებრძოლი ბოევიკების უცბად ფედერალებად გარდაქმნა? ყველაზე მთავარი და რთული კი კავკასიელებისადმი რუსეთში არსებული დამოკიდებულებაა. გამოთქმაში ”ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი” არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიელიც იგულისხმება.
ფაქტია, რუსეთის იმპერიაში ადრეც და ახლაც, დაუფარავად და აგდებულად წერენ კავკასიელებზე. ასეთი პოლიტიკა რუსეთს დაღუპავს, რადგან კავკასია ეთნიკურად, ენობრივად და რელიგიურად ჭრელი რეგიონია, რასაც თან ერთვის ნარკოტიკებით ვაჭრობა და რელიგიური ფუნდამენტალიზმი.
ნინო ჯაფარიძე
http://versia-online.com/cgi-bin/n_versia...._statia&id=5192 30.08.05
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....