სამხრეთ კავკასიიდან 1944 წელს გასახლებული თურქების საიდუმლო,
ანუ არმენიიდან და აზერბაიჯანიდან გასახლებულ თურქებსაც საქართველოში უპირებენ ჩამოსახლებას(მცირე შესწორებით)
რომელი თურქების ჩამოსახლებას აპირებენ საქართველოში?
ვინ არიან ე. წ. "თურქი მესხები" და საიდან გაასახლეს ისინი?
"1944 წელს თურქული მსომხედველობის მაჰმადიანების გასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთლიანად ამიერკავკასიიდან, არმენიიდან და აზერბაიჯანიდან" შუა აზიაში გადასახლებული თურქების კავკასიაში განსახლების ადგილები

რა იყო სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს ათობით ათასი ადამიანის გასახლების გამოცხადებული მიზეზი?
ალექსი მიქელაძე:
ამ კითხვაზე მიუკერძოებელი პასუხი შეიძლება მივიღოთ "მეცნიერ ისტორიკოსის", "დოცენტ" შოთა ნოზაძის მიერ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში, ქალაქ პოდოლსკში მოკვლეული მასალების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურ გერმანიის მოკავშირე თურქეთიდან ამიერკავკასიაში ძირგამომთხრელ ჯგუფებს გზავნიდნენ, რომლებიც ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს 1942 წლის 31 ივლისის დადგენილებით, საჭიროდ ჩათვალეს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის "კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტებისა" და "სახკომსაბჭოებისთვის" ეთხოვათ, უმოკლეს ვადაში განეხილათ რუსეთის (საბჭოთა კავშირ)-თურქეთის საზღვრისპირა 25-30 კილომეტრიან ზოლში, აგრეთვე, შავი ზღვისპირა ზოლიდან, კერძოდ ქალაქებიდან:
- სოჭიდან,
- ადლერიდან,
- გაგრიდან,
- გულრიფშიდან,
- ახალციხიდან,
- ახალქალაქიდან,
- ლენინაკანიდან,
- კიროვაბადიდან,
- ნახჭევანიდან,
- ლენქორანიდან;
"სახელმწიფოე ბრივად საშიში და არასაიმედო" პიროვნებების გასახლების საკითხი.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რა შედეგი მოჰყვა ამ დადგენილების განხილვას თბილისში, ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში. ცნობილია მხოლოდ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეული მასალა, "საქართველოში მოგვიანებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ", საიდანაც ჩანს, რომ რუსეთ-თურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლების ღონისძიებათა მომზადებისას, 1944 წლის მაისში, "სცეკა"-ს პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ვალერიან ბაქრაძის ხელმოწერით, ლავრენტი ბერიას სახელზე მოხსენებითი ბარათი გაიგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებიდან გასახლებას ექვემდებარებოდა 14 460 ოჯახი - 77 500 სული.
მოხსენებით ბარათში რჩევის სახით, ნათქვამი იყო ამ რაიონების მუსულმანი მოსახლეობიდან ადგილზე დაეტოვებინათ:
- ქურთთა 961 ოჯახი (6,65%);
- 200 "არასაიმედო ოჯახი" (1,38%) საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა გაესახლებინათ;
- დანარჩენი ოჯახების (92%) ჩასახლებას საქართველოს შიგა რაიონებში მიიჩნევდნენ საჭიროდ.
წერილში ჩამოთვლილია 22 რაიონი, სადაც თითოეულში დაასახლებდნენ სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მაჰმადიანთა 250-1500 ოჯახს. ამისთვის საჭირო იქნებოდა აშენებულიყო 10 000 ერთოთახიანი ბინა და ოთხიათასამდე მიწური და ფაცხა, რასაც 120 მილიონი მანეთი დასჭირდებოდა.
თუ რატომ არ გაითვალისწინეს კანდიდ ჩარკვიანის რჩევა და რატომ გაასახლეს მაჰმადიანი მოსახლეობა თურქეთის მოსაზღვრე რაიონებიდან მაშინ, როცა ფაშისტური გერმანია რუსეთის იმპერიიდან თითქმის განდევნილნი იყვნენ, ბრძოლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა და რუსეთის წითელი არმიის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ამას ხსნის შემდეგი მოვლენები.
- 1942 წლის მეორე ნახევარში და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ბრძოლის ხაზზე ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო. ამიერკავკასია რუსეთის იმპერიის გულისა და რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთ მხარეებისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. გერმანელ ფაშისტთა რჩეული ნაწილები სტალინგრადისკენ გაიჭრნენ და კავკასიის ქედის გადასასვლელებთან ამიერკავკასიაში შეჭრას ცდილობდნენ, რათა ხელთ ეგდოთ ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირი.
ამავე დროს, რუსეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ თავმოყრილი იყო თურქეთის ლაშქრის საკმაოდ დიდი ნაწილი. ისინი რუსეთის იმპერიაზე თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს უცდიდნენ. ამასთან, თურქეთს, როგორც ფაშისტური გერმანიის არამებრძოლ მოკავშირეს, მიზნად ჰქონდა დასახული დაებრუნებინა მის მიერ XVI| საუკუნეში დაპყრობილი და XIX საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომებში დაკარგული ქართული მიწები - სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აღედგინა ახალციხის თურქული საფაშო.
რუსეთის სარდლობამ თურქეთის მოზღვავებულ სამხედრო ძალებს დაუპირისპირა 1942 წლის ზაფხულში ირანის საბრძოლო მსვლელობიდან გამოთავისუფლებული და სამხრეთ კავკასიაში სასწრაფოდ გადმოსროლილი საბჭოთა შეიარაღებული ძალები. ცხადია, მოწყვეტილი ამიერკავკასიის პირობებში ძნელი იქნებოდა სამხრეთის საზღვრისპირა ზოლიდან მაჰმადიანების გადასახლების მომზადება და განხორციელება. მით უმეტეს, რომ ასეთი მოქმედეება შეიძლებოდა საომრად მომზადებულ თურქებს ომის დაწყების მიზეზად გამოეყენებინა.
რუსეთ-გერმანიის ბრძოლის ხაზზე 1943 და განსაკუთრებით 1944 წელს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - 1943 წლის იანვარში ფაშისტების მიერ სტალინგრადთან განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ თურქეთმა რუსეთზე გალაშქრება ვეღარ გაბედა. იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის მოკავშირეებსა (ამერიკა და ინგლისი) და თურქეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის მოკავშირეები მოითხოვდნენ თურქეთს ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაეწყვიტა და მის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაეწყო. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 1944 წლის ზაფხულში თურქეთის ხელისუფლების თხოვნით გამართული მოლაპარაკებაც. თურქეთი აშკარად მიმართავდა დროის გაყვანის გეგმას.
რუსეთის, ამერიკა, ინგლისი (მოკავშირეთა) მოთხოვნას თურქეთი მხოლოდ 1945 წლის თებერვალში დათანხმდა - მას შემდეგ, რაც 1944 წლის აგვისტო-სექტემბერში რუმინეთმა და ბულგარეთმა ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაწყვიტეს და წითელი არმიის მხარეს გადავიდნენ. იმავე წლის 9 სექტემბერს კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარშალ ტოლბუხინის მეთაურობით, გერმანელების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი და შავ ზღვაზე ნავსადგური ბურგასი გაათავისუფლეს და თურქეთის დასავლეთის საზღვარს მიადგნენ. რუსეთის წითელი არმიის მთავარსარდლობამ გადაწყვიტა თურქეთისთვის ელვისებური დარტყმა მიეყენებინა, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები დაეპყრო.
შექმნილ ვითარებაში, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების 1944 წლის მაისის ზემოხსენებული რჩევა არ მიიღეს და რუსეთის თავდაცვის სახელმწიფო უწყებაში დადგეგმილი მოქმედების წინ გადაწყვიტეს საზღვრისპირა ზოლიდან მოეხდინათ თურქული განწყობილების მაჰმადიანების გადასახლება, რაც 1944 წლის სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდა კიდეც. ამასთან, 1945 წლის 19 მარტს რუსეთის საბჭოთა მთავრობამ თურქეთთან 1925 წელს დადებული ხელშეკრულება მეგობრობისა და მიუმხრობლობის შესახებ გააუქმა...
რატომ არ მოხდა ელვისებური დარტყმა თურქეთზე?
თურქეთზე ელვისებური დარტყმა რუსეთის მოკავშირეთა ამერიკა-ინგლისის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ თურქეთის დამარცხების შემთხვევაში გაიზრდებოდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) გავლენა შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, რაც მოკავშირეებს ხელს არ აძლევდათ.
პოდოლსკი მთავარ არქივში, შოთა ნოზაძის მიერ მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული ყოფილა 15 568 ოჯახი 69 869 სულით. მათ შორის:
- 59 780 ანუ, 85,5% თურქი;
- 8 667, ანუ 12,4% მაჰმადიანი ქურთი;
- 1 462, ანუ 2,1% თარაქამი და ხემშილი (მაჰმადიანი არმენი).
სამცხე-ჯავახეთის მხარიდან გასახლებულთა ზუსტად იგივე რაოდენობა (69 869 სული) მოყვანილია პროფესორ მაყვალა ნათმელაძის მიერ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეულ საბუთებში (იხილეთ მ. ნათმელაძე, "დემოგრაფიული პროცესები საქართველოში XX საუკუნის ორმოციან წლებში", თბილისი, 2002 წ.).
1991 წელს გამოცემულ საბჭოთა ჟურნალ "კომუნისტში" გამოქვეყნებული "დეპორტაციის მასალების" თანდართულ ცხრილში საქართველოდან გასახლებულ ადამიანთა რაოდენობად დაფიქსირებულია 94 955. ამავე მასალებში არის 1944 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ლავრენტი ბერიას მოხსენებითი ბარათი სტალინის, მოლოტოვისა და მალენკოვის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის განკარგულებით საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებიდან 91 095 თურქი, ხემშილი და ქურთი გაუსახლებიათ. ბერიას მოხსენებითი ბარათიდან ჩანს, რომ 1944 წლის 25-26 ნოემბერს მაჰმადიანი მოსახლეობა აჭარიდანაც გაუსახლებიათ.
ბერიას მოხსენებით ბარათში აჭარიდან გასახლებულთა რიცხვი მითითებული არ არის. პოდოლსკში ბატონი ნოზაძის მიერ მოკვლეული საარქივო მასალების მიხედვით კი, ბათუმიდან გასახლებულია 165 ოჯახი:
- მათ შორის თურქი - 84,
- ქურთი - 7,
- ხემშილი (მაჰმადიანი არმენი) - 6.
ბათუმის მხარიდან გასახლებულია 1 049 კერა, ქობულეთის რაიონიდან - 302 კერა:
- აქედან თურქი - 70,
- ქურთი - 198,
- ხემშილი - 34.
ქედის რაიონიდან - 61 ოჯახი;
-აქედან თურქი - 44,
-ქურთი - 12 და ხემშილი - 5.
ხულოს რაიონიდან - 124 ოჯახი; აქედან თურქი - 61, ქურთი - 35 და ხემშილი - 28.
დიახ, ეს სხვაობა ნამდვილად თვალშისაცემია, სხვაობა შეადგენს - 25 146-დან და სულ მცირე 21 296. ამას შეიძლება ასეთი ახსნა ჰქონდეს: თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში მოყვანილია მხოლოდ საქართველოდან გადასახლებულთა მაჰმადიანების რაოდენობა, ხოლო "კომუნისტში" გამოქვეყნებულ "სტალინური დეპორტაციის" მასალაში შეტანილია თურქეთთან საზღვრის მთელ მონაკვეთზე დეპორტირებულთა რაოდენობა (მათ შორის სომხეთიდან და ნახჭევანიდან) და მიჩნეულია, რომ ყველანი საქართველოდან იყვნენ გასახლებული. სავარაუდოა, რომ ამ "ცდომილების" ავტორები იმ სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც 1989 წელს ფერღანის (უზბეკეთში) ტრაგიკული მოვლენები მოაწყვეს, შემოიღეს და დაამკვიდრეს ე.წ. სიტყვა "თურქიმესხი".
ამ მოსაზრებას ადასტურებს სერგო ტაბატაძის მოგონება:
"წარსულის რამდენიმე მონაკვეთი", რომელიც 1994 წელს გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბატონი სერგო არმენიაში, ლენინაკანის "გარნიზონის" ერთ-ერთი შენაერთის მეთაურად მსახურობდა. 1944 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში იგი გამხდარა არმენიის საზღვრისპირა ზოლიდან მდინარე ასპაჩაის ორივე მხარეს მცხოვრები თურქების გასახლების თვითმხილველი. ისინი კიროვაკანის რკინიგზის გადასარბენ შტოზე "სტუდებეკერებით" მიუყვანიათ და შორეული შუა აზიისკენ საბარგო მატარებლის ვაგონებით გაუყენებიათ. მოგვიანებით ბატონ სერგოს შეუტყვია, რომ ლენინაკანიდან 12 000 თურქი გაუსახლებიათ.
რუსეთის საბჭოთა შეიარაღებული ძალებიდან დაბრუნების შემდეგ, 1968 წელს ბატონი სერგოსთვის, რომელიც საქართველოს ცეკა-ს აპარატში მუშაობდა, დახმარებისთვის ე.წ. "მესხეთელი თურქების" ერთ ჯგუფს მიუმართავს, რომელთა შორის სამი არმენიიდან გადასახლებული თურქი ყოფილა. თბილისში ჩამოსვლამდე მათ არმენიაში დაბრუნების თხოვნით, არმენიის "კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვისაც" მიუმართავთ, რაზეც ცივი უარი მიუღიათ.
ეს ამბავი მოუხსენებიათ ცეკა-ს პირველი მდივნისთვის ვასილ მჟავანაძისთვის, რომელი არმენ ხელისუფალთ დაკავშირებია და უკითხავს რა აზრის იყო გასახლებული თურქების უკან დაბრუნებაზე. არმენიის ცეკა-ს პირველ მდივანს განუცხადებია, რომ ბრეჟნევისგან მიღებული ჰქონდა სიტყვიერი თანხმობა, რომ არც ერთი დეპორტირებული თურქი არმენიის მიწაზე არ უნდა დაბრუნებულიყო.
თავის მოგონებაში სერგო ტაბატაძე იხსენებს:
"როგორც უკანასკნელ ხანებში გაირკვა, ე.წ. "მესხეთელ თურქთა" გაერთიანებას მიეკედლნენ და მათთან ერთად "იბრძვიან" არმენიიდან გადასახლებული თურქები, ე.წ. "ისტორიულ სამშობლოში" - მესხეთში დასაბრუნებლად". "მ.კ": კიდევ რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ იმის დასადასტურებლად, რომ 1944 წელს გასახლება საქართველოს გარდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც მოხდა.
გასახლებამდე და მას შემდეგ აღნიშნულ მხარეებში დასახლებული მაჰმადიანების ეროვნულობისა და რიცხოვნობის ამსახველი მასალის მოპოვება ვცადე, რათა მათი ურთიერთშედარებით დამედგინა, რომელი მხარიდან რა რაოდენობისა და რომელი ეროვნების წარმომადგენელი გაასახლეს. სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო მასალა ვერ მოვიძიე. უშედეგო აღმოჩნდა მცდელობა მიმეღო საჭირო მონაცემები არმენიასა და აზერბაიჯანის სააღრიცხვო უწყებებიდან.
მაჰმადიანთა გასახლებამდე, რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) მოსახლეობის სრული აღწერა 1939 წელს ჩატარდა, მაგრამ ეს მონაცემები ჩვენი ქვეყნის არც ერთ წიგნთსაცავში არ აღმოჩნდა. შემდგომი ძიებისას მოვიპოვე 1926 წელს მოსახლეობის რუსეთის საკავშირო აღწერის შედეგები და 1937 წელს რუსეთის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განხორციელებული საგანგებო საკავშირო აღწერის ანგარიში, რომელიც მხოლოდ 1991 წელს გამოიცა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სსრკ-ს ისტორიის ინსტიტუტის სახელით.
ჩემ მიერ მოპოვებული აღწერების მიხედვით გაკეთებული ანალიზიდან ჩანს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერის სხვადასხვა მონაკვეთზე ამიერკავკასიაში ვხვდებით მაჰმადიანური მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეროვნული შემადგენლობის ძალზე მკვეთრ და არაკანონზომიერ ცვალებადობას - შემცირება-გაზრდას, ან წარმოქმნა-გაუჩინარებას.
თუ პირველი საკავშირო აღწერის დროს (1926 წელი) საქართველოში, აზერბაიჯანსა და არმენიაში აღინიშნებოდა თურქული და ირანული ტომების (ანატოლიელი თურქების, სპარსელების, თალიშების და სხვების) საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა, მომდევნო 1937 წლის აღწერის პროცესში შეინიშნება მათი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება აზერბაიჯანსა და არმენიაში, ხოლო გაზრდა საქართველოში, რაც ნაკლებ სარწმუნო და დაუჯერებელია.
აღწერებზე, როგორც მაჰმადიანების გასახლებამდე, ისე მას შემდეგ, არ აღმოჩენილა ისეთი ერებისა და ეთნოსების წარმომადგენლობა, რომლებიც სინამდვილეში, გადასახლებულნი იყვნენ სამხრეთ კავკასიიდან (თარაქამები, ხემშილები, ყარაფაფახები, მაჰმადიანი მესხები და სხვანი), აგრეთვე, ყოფილი რუსეთის საბჭოთა კავშირის და რუსეთის გაერთიანების საიდუმლოსამსახურების მიერ შეთხზული ეროვნება ე.ი. "თურქიმესხები".
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ 1944 წელს მაჰმადიანების გადასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მის ფარგლებს გარეთ სამხრეთ კავკასიის დანარჩენი მხარეებიდანაც (აზერბაიჯანი და არმენია). ამის ნათელი დადასტურებაა ის გარემოებაც, რომ ჩვენს ქვეყანაში რატომღაც გაქრა 1939 წელს მოსახლეობის რუსეთის საკავშირო აღწერის ამსახველი მასალები და მის ნაცვლად გაჩნდა საკავშირო "მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის" მიერ 1991 წელს გამოცემული ანგარიში 1937 წლის მოსახლეობის საგანგებო აღწერის შედეგებზე, რომელშიც არის ამიერკავკასიის რესპუბლიკების მაჰმადიანი მოსახლეობის რიცხოვნობის და ეროვნული შემადგენლობის ამსახველი ძალზე საეჭვო მასალები.
ანგარიშის შესავალში მოტანილი განმარტების მიხედვით, 1937 წლის აღწერის შედეგები ითვლებოდა "განადგურებულად". მოგვიანებით კი არქივში "აღმოუჩენიათ" და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადაუწყვეტიათ.
ზემოხსენებული მოსაზრების გასამყარებლად შეიძლებ მოვიშველიოთ კიდევ ერთი სახელმწიფო მონაცემი - 1939 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგები, რომელიც საქართველოს სააღრიცხვო სამმართველოში მოვიპოვე. ამ მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდა 26 6115 კაცი; მათ შორის:
- 88 164 (33,13%) აზერბაიჯანელი (მაშინ თურქებიც აზერბაიჯანელებად ეწერებოდნენ) და 3 886 (1,46%) ქურთი.
ამრიგად, რეგიონში მუსლიმანების ჯამური რიცხოვნობა 92 150 კაცს შეადგენდა. ანუ, მთელი მოსახლეობის 34,5%-ს.
თუ ჩავთვლით, რომ 1939 წლიდან 1944 წლამდე მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოსახლეობის ბუნებრივი მატება პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნებოდა, ხოლო ფაშისტურ გერმანიასთან ხანგრძლივი ომის გამო 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები გაწვეული იქნებოდნენ მოქმედ არმიაში, საორიენტაციოდ მთელი მოსახლეობის 25%, ანუ 23 037 კაცი, დეპორტაციის დროისთვის რეგიონში მუსლიმანების რიცხოვნობა დაახლოებით 69 000 კაცი უნდა ყოფილიყო, რაც საოცრად ემთხვევა ბატონი ნოზაძის მიერ პოდოლსკის არქივში მოძიებულ რიცხვს. ეს კი ნიშნავს რომ 2005 წლის მდგომარეობით, დეპორტირებულებისა და მათი შთამომავლების რიცხოვნობა 6,5-ჯერ მეტია სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მუსლიმანების რაოდენობაზე.
რა მიზანს ემსახურებოდა რეალობის არარეალობად წარმოჩენა?
1991 წელს გამოცემული ანგარიში უცნაურად ემთხვევა ფერღანის ტრაგიკულ მოვლენებს - გადასახლებულების უზბეკეთიდან გამოძევების. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს გაკეთდა წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხევდით, რათა შეექმნათ გამოძევებული მაჰმადიანების საქართველოში და მის ძირძველ მხარეში სამცხე-ჯავახეთში, როგორც მათ "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების და ერთად ჩასახლების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ კი ჩამოესახლებინათ თურქები და ამით წინააღმდეგობები, დაძაბულობის კერები შეექმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის.
რატომაა სიტყვა "თურქიმესხი" მიუღებელი როგორც 1944 წელს გასახლებული თურქი მოსახლეობისთვის, ისე ამ საკითხზე მომუშავე სწავლულებისათვის, მცოდნეთათვის და სახელმწიფო მოღვაწეთა უმეტესობისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სახელი რუსეთის (საბჭოთა) საიდუმლოსამსახურების მიერ ფერღანის მხარეში (უზბეკეთი) დაგეგმილი საშინელი მოვლენების შემდეგ გაჩნდა. მცოდნეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს სახელი მიუღებელია, რადგან ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება იყოს თურქიც და მესხიც (ქართველიც). უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს არა მარტო თურქები და მაჰმადიანი მესხები, არამედ თარაქამები (აზერბაიჯანელი თურქმენები), ხემშილები (მაჰმადიანი არმენები) და ქურთები. დაუშვებელია ისინი ერთ არარსებულ ეროვნებად - ე.წ. "თურქმესხებად" მოვიაზროთ.
ე.წ. "თურქიმესხების" სახელის დაფუძნებით და სამცხე-ჯავახეთში ასეთივე დასახელების ვითომდა ეროვნების ჩამოყალიბების ცრუ აზრის შემოტანით, მისმა შემქმნელები არა მარტო ქართველი ხალხისა და გამაჰმადიანებული მესხების ისტორიული წარსული შელახეს, არამედ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები და 1944 წელს გადასახლებული ერების წარსულიც დაამახინჯეს:
ოსმალო თურქებს, სპარსელებს, თარაქამებს, ხემშილებს, ყარაფაფახებს, ქურთებს და თვით მაჰმადიან მესხებს სინამდვილეში წაართვეს ეროვნულობა, ენა, რწმენა, უნარ-ჩვევები, მოაქციეს არარსებული, შეთხზული ეროვნების აღმნიშვნელი სახელის - ე.წ. "თურქიმესხების" ქვეშ და ამით უხეშად დაარღვიეს ეროვნულ უმცირესობათა ხელშეუხებელი უფლებები.
საერთაშორისო დაწესებულების წარმომადგენლები ამ საკითხზე გამართულ შეკრებებზე ე.წ. სახელ "თურქმესხს" გამომწვევად ხმარობენ, მიუხედავად არაერთხელ გაკეთებული შენიშვნისა თავად გასახლებულთა მხრიდან.
სამწუხაროდ, ამ სახელმა საერთაშორისო დაწესებულებებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, რაც თავსატეხის სამართლიანი განხილვა-გადაჭრისას უმეტესწილად მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს. უცხო ქვეყნის მცოდნეები ამ სახელს უპირატესობას ანიჭებენ, როგორც "უფრო მოხერხებულსა" და 1944 წელს გადასახლებულთა "სადაურობისა და რწმენის ამსახველს".
ამ სახელის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 1998 წელს ვენაში და 1999 წელს ჰააგაში, 1944 წელს გადასახლებულთა საკითხზე გამართული საერთაშორისო რჩევითმა შეკრების შედეგებმაც, როდესაც მრავალდღიანი კამათის შემდეგ სახელი ე.წ. "თურქიმესხი" ერთხმად მიიღეს.
იმაზე, თუ როგორი იყო სამხრეთ საქართველოდან გადასახლებულთა აზროვნება; როგორ წარიმართა მათი ბედი გადასახლების შემდეგ; რატომ გაიხიზნა ქრისტიანი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან 1918-1921 წლებში;
1989 წელს როგორ და რატომ დაარბიეს ფერღანაში გადასახლებული მოსახლეობა და მათი შთამომავლობა; სად და რა რაოდენობით ცხოვრობენ ისინი დღეს; როგორია მათი ამჟამინდელი ცნობიერება და რამდენადაა შესაძლებელი გადასახლებული თურქების და მათი შთამომავლების ჩამოსახლება საქართველოში 2011 წლამდე, "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში მოგითხრობთ.
ალექსი მიქელაძე"მთელი კვირა", "რეზონანსი " , 13 აგვისტო, 2007 წელი