კავკასიიდან 1944 წელს გადასახლებული თურქების საიდუმოლო,
"ნურც ევროსაბჭოს წინაშე აღებული უსამართლო ვალდებულების გაუქმებას მოვერიდებით" სამცხე-ჯავახეთი

იმაზე, თუ როგორი იყო 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადასახლებულ თურქთა ცნობიერება;
- როგორ წარიმართა თურქთა ბედი გადასახლებისას და შემდეგ;
- რატომ გაიხიზნა ქართული ქრისტიანი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან 1918-1921 წლებში;
- 1989 წელს როგორ და რატომ დაარბიეს ფერღანაში დამკვიდრებული თურქები და მათი შთამომავლობა;
- როგორი იყო და როგორია ახლა მათი ცნობიერება;
- რამდენადაა შესაძლებელი ფერღანელი თურქების და მათი შთამომავლების ჩამოსახლება საქართველოში, არმენიასა და თურქეთში;
"მთელი კვირა", "პროფესორ" ალექსი მიქელაძეს შეხვდა და ესაუბრა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დაიბადა და ყრმობის წლებიც იქვე გაატარა.
1944 წელს გასახლებული თურქი მოსახლეობის საკითხზე მუშაობა კი ფერღანის ცნობილი მოვლენების შემდეგ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გაზეთის წინა (13.08.07წ.) გამოშვებაში ალექსი მიქელაძემ მკითხველს მოუთხრო, თუ რატომ იყო რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებისთვის "საშიში და სახელმწიფოებრივად არასაიმედო" 1944 წელს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და არმენიიდან გასახლებული თურქი მოსახლეობა, რომლებსაც დღეს ე.წ. "მესხეთელ თურქებს" უწოდებენ და რომელთა საქართველოში ჩამოსახლება იგეგმება; მათ გასახლებამდე რა შინაარსის წერილი მისწერა კანდიდ ჩარკვიანმა ლავრენტი ბერიას;
- როგორი სააღრიცხვო მონაცემებია საბუთებში გადასახლებამდე ჩატარებული მოსახლეობის აღწერებისას და რატომ არის მოგონილი სიტყვა "მესხეთელი თურქი" მიუღებელი.
რა მოხდა სამხრეთ საქართველოში მაშინ, როცა ხელისუფლების სათავეში ნოე ჟორდანიას მთავრობა მოვიდა? 1918-1921 წლებში სამცხე-ჯავახეთში ე.წ. ქემალისტების, ფაქტობრივად იგივე "პანთურქისტების" თარეშის დროს, ქართული ქრისტიანი მოსახლეობა მეზობელ ოლქებში სულ ცოტა, ორჯერ გაიხიზნა, მაშინ, როცა თურქი მაჰმადიანები რეგიონიდან არ გასულან და თურქ დამპყრობლებს, როგორც განმათავისუფლებლებს ხელგაშლილნი, პურ-მარილით ეგებებოდნენ. ისიც ცნობილია, რომ იმხანად ქრისტიანების დარბევა-აწიოკებაში, მათი ქონების დატაცებაში, ბავშვებისა და მოხუცების წამებაში, ქალების გაუპატიურებაში დიდი "წვლილი" ჰქონდათ შეტანილი გამაჰამადიანებულ-გაოსმალებული ქართველების (მესხების) ნაწილს, განსაკუთრებით კი მათი ზედა ფენის წარმომადგენლებს - "ბეგებს".
სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანების ქართველთმოძულე განწყობაზე მეტყველებს თურქეთის მთავრობისადმი მათი 1919 წელს მიმართვის შინაარსი:
"... ეთხოვოს თურქეთს, შეიერთოს ახალციხის მხარე ("მაზრა") მთლიანად და ახალქალაქის მხარის ნაწილი, სადაც უმთავრესად მაჰმადიანები ცხოვრობენ, დღეიდან ჩაითვალოს თურქეთის ნაწილად და დაუყოვნებლივ შეუდგეს ამის განხორციელებას, რის შესახებაც ეცნობოს ამიერკავკასიის მთავრობას". როგორც იტყვიან, განმარტება ზედმეტია. საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული განწყობით გამოირჩეოდა 1944 წელს გასახლებული მაჰმადიანების უფროსი თაობა. მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ სამცხე-ჯავახეთი მოეწყვიტათ საქართველოსგან, აღედგინათ ე.წ. ახალციხის "საფაშო" და ეცხოვრათ თურქეთის მმართველობის ქვეშ, თურქეთის შემადგენლობაში.
თურქ მაჰმადიანებს შორის, რა თქმა უნდა იყვნენ ქრისტიანი ქართველებგისადმი შემწყნარებლურად განწყობილი ადამიანებიც, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო. მაგალითად, სოფელ აფნიაში თურქი ქემალისტები რომ შევიდნენ, მოიკითხეს, ვინ იყო გლეხობის მოთავე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბაბუაჩემი - იობ მოსიძე. ის უნდოდათ, მოეკლათ. ამ დროს ადგილობრივი ქურთები ქემალისტების მეთაურს მივარდნენ და სთხოვეს:
ეგ კაცი არ მოკლათ, დაგვითმეთ, რადგან მას ჩვენ მიმართ დიდი სამსახური აქვს გაწეული, ჩვენ გვაჭმევდა, გვასმევდა და ყოველთვის ურთიერთკარგი დამოკიდებულება გვქონდაო. ეს ამბავი თავად ბაბუაჩემის გადმოცემიდანაა.
როგორ წარიმართა დეპორტირებულთა ბედი გადასახლებაში? 1944 წელს სამხრეთ კავკასიის საზღვრისპირა ზოლიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი ყოფილან თურქები. თურქებად ეწერებოდნენ საკუთრივ თურქი ოსმალოები, სპარსელები, თარაქამები, ხემშილები, ყარაფაფახები და მცირედ მაჰმადიანი ქართველები (მესხები), რომელთა უმრავლესობა თავს თურქებად მიიჩნევდა. თუმცა, მათი მცირე ნაწილი ქართულ წარმომავლობას აღიარებდა.
1956 წლის 28 აპრილს რუსეთის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, გადასახკლებულებს მოუხსნეს გადასახლება და გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა უწყების მეურვეობისგან. ამასთან, მათ მიეცათ უფლება, თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ რუსეთის საბჭოთა კავშირის საზღვრებში და სურვილისამებრ შეერჩიათ საცხოვრებელი ადგილი, გარდა იმ ადგილებისა, საიდანაც მათი გადასახლება მოხდა.
რა იყო ამის მიზეზი? ეს კერძო გადაწყვეტილება მიიღეს სამხრეთ კავკასიიდან გადასახლებული თურქი მაჰმადიანების მიმართ, რადგან ეს საზღვრისპირა მხარე, როგორც გამყოფი ზოლი ნატო-სა და რუსეთის საბჭოთა ბანაკს შორის, თავისი ადგილმდებარეობით უაღრესად დიდი მნიშვნელობის მხარედ ითვლებოდა, სადაც თურქი მაჰმადიანი მოსახლეობის დასახლება დაუშვებლად მიაჩნდათ (შეგიძლიათ, იხილოთ ევროპის ეროვნულ უმცირესობათა უწყების წარმომადგენლების - ო. პენტიკაინენისა და ტ. ტრიერის მუშა მოხსენება).
ამიტომ იყო, რომ სამხრეთ კავკასიიდან გადასახლებულთა და მათი შთამომავალობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასახლების მოხსნის შემდეგ დარჩენილიყვნენ იმავე ადგილებში. ეს მოსაზრება დასტურდება აზერბაიჯანის "მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის კონფლიქტოლოგიისა და მიგრაციის დეპარტამენტის" ხელმძღვანელის - არიფ იუნუსოვის მონაცემებით, რომლის მიხედვით 1989 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (ფერღანის მოვლენების წინ), რუსეთის საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 207 005 გადასახლებული თურქი და მათი შთამომავალი. მათ შორის
- უზბეკეთში 106 003,
- ყაზახეთში - 49 006,
- ყირგიზეთში - 21 003,
- აზერბაიჯანში - 17 007,
- რუსეთში - 9 009 და დანარჩენ მხარეებში 3 000.
რა მოხდა 1989 წელს ფერღანაში? XX საუკუნის ოთხმოციან წლებში, ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აზვირთებისას, საქართველოს მდგომარეობა თანდათან იძაბებოდა. რუსეთის საბჭოთა საიდუმლო სამსახურებს შემუშავებული ჰქონდათ და საფეხურებრივად ახორციელებდნენ საქართველოში არეულობის სხვადასხვა ღონისძიებებს. მათ რიცხვში შედიოდა რუსეთ-თურქეთის საზღვრისპირა ზოლიდან გადასახლებული თურქი მაჰმადიანებისა და მათი შთამომავლობის აყრა და საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში ერთად ჩასახლება. ამით რუსეთის საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებს სურდათ საქართველოსთვის შეექმნათ კიდევ ერთი დაპირისპირების კერა, რაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოვლენებთან ერთად, ხელს შეუწყობდა ქვეყნის ცალკე სამთავროებად დაშლას. არჩევანი გაკეთდა ფერღანის ოლქში მცხოვრებ უპირატესად სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანებსა და მათ შთამომავლებზე, რომლებიც საცხოვრებელი ადგილებიდან აყრისა და გაძევების მიზნით 1989 წლის 3-12 ივნისს სასტიკად დაარბიეს. ორივე მხრიდან დაიღუპა 112 კაცი. დაიჭრა და დასახიჩრდა 1 012 მოქალაქე და 150 სამხედრო მოსამსახურე. დაიწვა და დაინგრა 856 სახლი. ესეც არ იკმარეს და უზბეკეთში 1990 წლის 19-20 თებერვალს ბუკინსკისა და 23 მარტს პერკენტის ოლქებში მსგავსი დარბევები კვლავ განახორციელეს. ერთი წლის განმავლობაში უზბეკეთიდან გამოაძევეს 71 000 ადამიანი.
საქართველოში არსებული ძალზე რთული და არამდგრადი მდგომარეობის გამო საიდუმო სამსახურების ჩანაფიქრის დასკვნითი ნაწილი ვერ განხორციელდა და უზბეკეთიდან გამოძევებული მოსახლეობის უმრავლესობამ
- 40 000-მა კაცმა ბინა აზერბაიჯანში დაიდო,
- 17 005-მა - ყაზახეთში და
- 16 000-მა რუსეთში.
არიფ იუნუსოვის მონაცემებით, XX საუკუნის დამლევს რუსეთის დსთ-ს ქვეყნებში დასახლებული იყო 260 000-დან 335 000-მდე კაცი. აქედან:
90-100 ათასი აზერბაიჯანში,
80-100 ათასი ყაზახეთში,
50-60 ათასი რუსეთში,
25-30 ათასი ყირგიზეთში,
10-15 ათასი უზბეკეთში,
5-10 ათასი უკრაინაში და
650 საქართველოში.
30 ათასი კაცი თურქეთში აღმოჩნდა,
1 500-2 000 კაცი კი აშშ-ში,
რასაკვირველია, არმენიის სახელმწიფოს და ამერიკაში მცხოვრები გავლენიანი არმენები ხელშეწყობით და დახმარებით, რათა თურქები ჯავახეთში არ ჩაესახლებინათ, სადაც როგორც მოგეხსენებათ არმენები სახლობენ და ეს ქართული მიწა ამენებს თავის საკუთრებად და არმენიის ნაწილად მიაჩნიათ.
1992 წელს თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი ე.წ. "მესხეთელი-თურქების" 500 კერის ჩასახლების შესახებ. თუმცა, 2 წლის შემდეგ, ამ კანონის საფუძველზე თურქეთში თურქი ლტოლვილების მიღება შეწყდა იმის შიშით, რომ შეიძლებოდა ამას საყოველთაო ხასიათი მიეღო.
(ქართველებო! დააკვირდით, თვითონ თურქეთი უარს ამბობს ლტოლვილი თურქების მიღებაზე?!) ახლა როგორია გადასახლებულ თურქთა ცნობიერება, ამდენი დარბევებისა და უბედურების შემდეგ? ფერღანის დარბევების შემდეგ, რუსეთის და თურქეთის საიდუმლო სამსახურებმა გადასახლებული თურქების მრავალრიცხოვანი საზოგადოებები:
- "ვატანი",
- "ხსნა",
- "მესხეთის თურქები ვატანი",
- "ახალციხელი თურქების საზოგადოება ვატანი",
- "ოსმალეთის თურქები",
- "თურქეთი",
- "ანატოლია",
- "უმედი",
- "ტუსკია",
- "ას ტუსკი",
- "ახალციხელი თურქების ნაციონალური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების საერთაშორისო ორგანიზაცია" და ა.შ. ჩამოაყალიბეს. მკითხველისთვის ნათელი რომ გახდეს ე.წ. თურქული მოძრაობის მომხრეთა მოსაზრებანი, ერთ მაგალითს მოვიყვან:
ყირგიზეთში 1995 წელს ჩამოყალიბებული საზოგადოება "ას ტურკის" შემდეგ მოგვიანებით შექმნილი "ახალციხელი თურქების ნაციონალური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაციის" გენერალური მდივნის
მაქსუდ იზზატის განცხადებიდან, რომელიც მან გაერთიანების სახელით გაუგზავნა თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის "პრეზიდენტებს", თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის დაწესებულებას და ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს სამმართველოს.
განცხადებაში გამოთქმულია თხოვნა, მოაწესრიგონ წინააღმდეგობები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სსრკ-ს დროს 1944 წლის 14 ნოემბერს სტალინის, ბერიასა და ჩარკვიანის მიერ თურქების გადასახლებით, მათი უფლებების აღკვეთასთან.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1944 წელს გადასახლებული თურქების შორეული წინაპრები სამცხე-ჯავახეთში დასახლებულან ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. 1944 წელს კი სამცხე-ჯავახეთიდან გაუსახლებიათ 265 000 თურქი, რომელთა რაოდენობა შთამომავლებთან ერთად შეადგენდა ერთ მილიონ ადამიანს.
(ამ სიცრუუე განმარტებას არ საჭიროებს)
აშკარად მოგონილი რიცხვებით მაქსუდ იზზატს სურდა, ზეწოლა მოეხდინა განცხადების მიმღებებზე და იმის შთაბეჭდილება შეექმნა, რომ 1944 წელს გადასახლებული თურქი მაჰმადიანები თითქოს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნი ყოფილან.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლებაში შეგნებულად ჩქმალავენ, რომ ე.წ. "მესხეთელ-თურქებს" (ყოფილი ახალციხის საფაშოს თურქებს) თავიანთ "სამშობლოში" მრავალი საუკუნის მანძილზე გააჩნდათ თურქულ ეროვნული სახელმწიფოებრიობა - "ახალციხის საფაშო"...
ჩვენ მოვითხოვთ თავისუფალ ნებას, განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა და თავისუფლად განვახორციელოთ ჩვენი სამეურნეო, ყოფითი, სარჭმუნოებრივი და ჩვეულებების განვითარება თურქეთის სახელმწიფოს მთავარი წესდების ჩარჩოებში...
უნდა განისაზღვროს ჩვენი მრავალტანჯული ხალხის სამართლებრივი მდგომარეობა თურქეთის შემადგენლობაში, როგორც ეს იყო ახალციხის "საფაშოს" დროს...
ახალციხელ თურქებს, ჩვენი წინაპრების შთამომავლებს მოქალაქეობა უნდა აღვუდგინოთ თურქეთში ჩაწერით. ამ წინაღობის გადაწყვეტის ნებისმიერი შემდეგომი გადადება აუცილებლად ჩაითრევს მესხეთ-ჯავახეთს მწვავე დაპირისპირებაში". (იმუქრებიან!) ძალზე ძნელია მოინახოს წარსულის დამახინჯების ესოდენ უხეში ნიმუში და წაყენებული მოთხოვნების თუ მუქარის ამდენად მზაკვრული ხასიათი.
დღეს უკვე მეორე ადგილზეა გადაწეული, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ 1944 წელს გადასახლებულ თურქთა უმრავლესობას ქართველ ერსა და ქვეყანასთან, რადგან, როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს წინაშე სააკაშვილ-ჟვანიას მიერ აღებული ვალდებულების მიხედვით, გასახლებულები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ... უჯიშო ხელისუფლება
ქართველი ერი პასუხისმგებელი არ არის ამ უჯიშო, დანაშაულებრივი თვითმარქვია მმართველების ვალდებულებებზე. უპირველესად მინდა, აღვნიშნო ის, რომ 1999 წელს ეს ვალდებულება აღებული იყო ევროსაბჭოს მხრიდან დიდი ზეწოლის პირობებში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი თანხმობით, მოსახლეობისაგან ფარულად და შეუთანხმებლად (იკვეთება აშკარა მოსყიდვის არსებობა). რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით არც გამოკითხვა ჩატარებულა და არც მსჯელობა. ამჟამად, თურქების ჩამოსახლებისუადგილობას განხილვა-მოგვარებას ზემოხსენებული მიზეზების გარდა ხელს უშლის საქართველოში ამჟამად შექმნილი სახელმწიფოებრივ და ყოფით-სამეურნეო მდგომარეობა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო უმუშევრობა აწუხებს, დახმარებები და ხელფასები მოჩვენებით-შეუსაბამოა...
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა, გარეშე ძალების ჩარევით დარღვეულია, მისი ძირძველი მხარეები - აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიწების 18%-ს შეადგენენ, დედასამშობლოს მოსწყვიტეს. ამ მხარეებიდან გამოძევებულმა მოსახლეობამ (ძირითადად ქართველებმა) მხოლოდ მოკლულთა სახით დაკარგა ათეულობით ათასი ადამიანი, უფრო მეტი დაინვალიდდა და დასახიჩრდა. 300 ათასამდე ლტოლვილი პირი ძალზე მძიმე სულიერ და საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება. მათი სახლ-კარი, ათეულობით წლის განმავლობაში შექმნილი დოვლათი დატაცებული და განადგურებულია. ყოველივე ეს მოხდა ევროპაში, XX საუკუნის დამლევს მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს რუსეთის ხელშეწყობითა და არაქართული ძალების წაქეზებით. განა ეს არ უნდა იყოს ადამიანების ღირსების დამცირებისა და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვის აღმაშფოთებელი შემთხვევა?!
ასევე ძალზე მძიმე ზნეობრივ და სულიერ მდგომარეობაში იმყოფება სამშობლოდან სამუშაოდ და პურის ფულის საშოვნელად იძულებით გახიზნული მილიონამდე შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელთა დიდ ნაწილს არ გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების, შრომის, განათლების და სამედიცინო მომსახურების პირობა და იძულებულები არიან, მალულად, ზოგჯერ საკუთარი ღირსების შელახვის ხარჯზე გამოიმუშაონ საარსებო სახსრები.
საქართველოდან თურქი მაჰმადიანების გადასახლების შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გადასახლებულთაგან ცოტა ვინმე თუ დარჩა ცოცხალი. მოხდა თაობათა ცვლა, წინაპრების ადგილი დაიკავეს რუსეთის იმპერიის ქვეყნებში, აგრეთვე, თურქეთსა და აშშ-ში დაბადებულმა და ჩამოყალიბებულმა შთამომავლებმა განსხვავებული მსოფლმხედველობით, ცნობიერებით, წეს-ჩვეულებებითა და ნიშან-თვისებებით. მრავალმა შეიცვალა რწმენა, ეროვნება, ენა. მრავალი მათგანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, შერწყმულ-გათქვეფილი ადგილობრივ მოსახლეობასთან, აქვთ საცხოვრებელი ადგილი, შრომის, სამედიცინო მომსახურებისა და განათლების პირობა, შექმნილი აქვთ შერეული კერები, ცხოვრობენ მათთვის ჩვეულ ენობრივ, სარწმუნოებრივ და ცნობიერ გარემოში.
ცნობილია, რომ სადაც ამჟამად გადასახლებულ თურქები და მათი მრავალათასიანი შთამომავლები ცხოვრობენ, მოსახლეობის დასაქმება და ცხოვრების დონე უმეტეს წილად უკეთესია, ვიდრე საქართველოში.
ჩნდება სავსებით მართებული კითხვა:
იქნება კი მართებული სხვა ქვყენის მოქალაქეებს, სხვა რწმენის, წეს-ჩვეულებების, ცნობიერების მქონე, ხელოვნურად და ფეხის ხმას აყოლილი სხვადასხვანაირად მოაზროვნე ადამიანებს საქართველოში ვითომ "აღთქმულ ქვეყანაში" დასახლებით მოვუწყოთ კიდევ ერთი გამოცდა. საქართველოში ჩასახლების შემდეგ ხომ არ გაუჩნდებათ მათ უკმარისობის გრძნობა, საყვედურები ქართველების და ქვეყნის მიმართ, ეს კი გადაიზრდება დამხდურ მოსახლეობასთან დაპირისპირებაში.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ევროსაბჭოს წინაშე ამ ვალდებულების აღება შედიოდა არა მარტო მასონური ევროსაბჭოს მიზნებში, არამედ ამით, როგორ ზემოთ აღვნიშნე, დაინტერესებულნი იყვნენ რუსული და თურქული საიდუმლო სამსახურები. მოვლენების ამგვარი განვითარება ხელს აძლევდა ჩვენს მეზობელ არმენიასა და აზერბაიჯანს, რადგან ევროგაერთიანებაში შესარწყმელად მათ აღარ დაეკისრებოდათ მსგავსი ვალდებულება. ეს ასევე ხელს აძლევდა თურქეთს, რადგან მის მეზობელ საქართველოში შეიქმნებოდა მჭიდროდ დასახლებული თურქული მხარე, შემდგომ თურქეთთან მისაერთებლად. სამწუხაროდ, ამით გამორჩენას ელის შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლებაც, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ევროსაბჭოსგან მიიღებდნენ დიდ ფულს ("გრანტებს") მაჰმადიანი თურქების ცამოსახლება-მოწყობისათვის. (რა თქმა უნდა საკუთარი ჯიბის გასასქელებლად).
საჭიროა მოხდეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, დღემდე უცნობი, ყადაღადადებული საბუთების გამჟღავნება სამხრეთ კავკასიიდან თურქი მაჰმადიანი მოსახლეობის გადასახლების სრული და მიუკერძოებელი სურათის აღსადგენად. ნურც ევროსაბჭოს წინაშე დარღვევით-დანაშაულებრივად, აღებული ვალდებულების გადახედვა-გაუქმებას მოვერიდებით. მით უმეტეს, "მესხეთელ-თურქებად" წოდებულ დაახლოებით ნახევარ მილიონიან ლაშქარში შედის 1944 წელს სამხრეთ კავკასიის მხარეებიდან გასახლებული თურქი მაჰმადიანი მოსახლეობაც, მათი შთამომავლებითურთ. ქართველებმა უნდა ვიფიქროთ საქართველოს მომავალზე და ქართულ საქართველოს არსებობას საფრთხე არ უნდა შევუქმნათ.! ნინო მიქიაშვილი, "რეზონანსი ", 20 აგვისტო, 2007 წელი წერილის მიხედვით.