ხე-ხე...
-------------------------------
2006-03-11 12:25
ქართულმა მხარემ მადრიდში მიმდინარე გამოფენის ორგანიზატორებს ფიროსმანის წარმოშობის შესახებ უკვე აუწყა
(ინტერპრესნიუსი) მადრიდში მიმდინარე რუსული ავანგარდის ექსპოზიციის ინტერნეტ გვერდზე უკვე შეიტანეს ცვლილება, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ფიროსმანის ორი ნამუშევარი "თავადი ყანწით" და "ოჯახური ნადიმი" არ წარმოადგენს რუსული მხატვრობის ნუმუშებს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნათია მურაჩაშვილმა განაცხადა, კულტურის სამინისტროს უკვე მზად აქვს წერილი, რომელიც მადრიდში მიმდინარე გამოფენის ორგანიზატორებს ფიროსმანის წარმოშობის შესახებ აუწყებს და ცვლილებების შეტანას გამოფენის სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც სთხოვს.
"მსგავსი ფაქტები არაერთხელ მომხდარა. ქართველ მხატვრებს ხშირად მიაწერენ რუსულ მხატვრობას, თუმცა ფიროსმანის შემთხვევაში ეს პირველად მოხდა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ უცხოელი საზოგადოებისთვის ქართველი მხატვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მიცემის მიზნით და მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ქართველი მხატვრების გამოფენები საზღვარგარეთ რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმართოს", _ განაცხადა მურაჩაშვილმა.
ამავე მეთოდს იზიარებს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გია მარსაგიშვილი. მისი თქმით, კულტურის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილი პრესაშიც უნდა გამოქვეყნდეს და შესწორებები ექსპოზიციის კატალოგსა და ბუკლეტებშიც უნდა შევიდეს.
"ვინაიდან ნამუშევრები რუსეთის საკუთრებაა, გამოფენაში მათი ჩართვის უფლება ჰქონდათ, თუმცა აუცილებლად უნდა აღენიშნათ, რომ ავტორი ქართველი მხატვარია. ეს იგივეა, ჩვენმა მუზეუმმა რომ გამართოს გამოფენა და კრანახის ნამუშევრები ქართულ მხატვრობას მიაკუთვნოს", _ განაცხადა გია მარსაგიშვილმა.
"ოჯახური ნადიმი" და "თავადი ყანწით" 1927 წლიდან რუსეთის საკუთრებაა. იმ წლის 7 ნოემბერს მოსკოვში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "საბჭოთა კავშირის ქვეყნების მხატვრობა", რომლის დასრულების შემდეგ ქართულმა მხარემ
ორივე ნამუშევარი ტრეტიაკოვის გალერეას საჩუქრად გადასცა. რამდენიმე წლის შემდეგ ტრეტიაკოვის გალერეამ "თავადი ყანწით" მაშინდელი ლენინგრადის "რუსულ მუზეუმს" აჩუქა. ფიროსმანის აღნიშნული ნამუშევრები მადრიდში მყოფმა მწერალმა დათო ტურაშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა. მისი თქმით, ექსპოზიციის კატალოგში აღნიშნულია, რომ ნიკო ფიროსმანი წარმატებით აგრძელებს რუსული იკონოგრაფიული მხატვრობის ტრადიციებს. დათო ტურაშვილმა მაშინვე მიმართა გამოფენის ორგანიზატორებს და ამ შეცდომის შესახებ აუწყა, თუმცა აუცილებელი გახდა ოფიციალური მიმართვის გაკეთება, რისთვისაც მწერალმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართა.
This post has been edited by Geronti on 11 Mar 2006, 18:23