apatrio
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 169478
რეგისტრ.: 27-June 13
|
#49653251 · 7 Jan 2017, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“პატრიოტი არის ის, ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს. ნაციონალისტი არის ის, ვისაც სხვათა სამშობლო სძულს.” იოჰანეს რაუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მე-8 პრეზიდენტი პატრიოტიზმი შეიძლება განიმარტოს, როგორც ემოციონალური დონეზე არსებული კავშირი საკუთარ სამშობლოსთან, ანუ ის უმეტესწილად წარმოიშობა გრძნობათა სფეროში და გონებრივ ასპექტს თითქმის არ მოიცავს. “პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა...” აღნიშნავს ვაჟა ფშაველა საკუთარ ესსეში- “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი” (http://www.amsi.ge/istoria/div/kosm…), თუმცა ის იქვე აგრძელებს, რომ “ კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი”. პატრიოტიზმი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად, ეთნიკურ, კულტურულ, ისტორიულ თუ პოლიტიკურ ასპექტზე დაფუძნებული “ეროვნული გრძნობა”. პატრიოტიზმი, რომელსაც ძირითად ბაზისად არ უდევს ზოგასაკაცოებრიო, საერთოადამიანური იდეალები, ღირებულებები და მხოლოდ კონკრეტული ასპექტით შემოიფარგლება (მაგ>ეთნოსი), ადვილად გადაიზრდება ნაციონალიზმში, შოვინიზმში. ამ დროს ადამიანი ექცევა სიძულვილის გავლენის ქვეშ, ის ხდება ილუზიის მონა, რომელიც მას უქმნის წარმოდგენას, თითქოს მას საკუთარი სამშობლო უყვარს, სინამდვილეში კი სხვათა სიძულვილი საკუთარის მიმართ სიყვარულსაც ასახიჩრებს, კლავს. თითოეული ერი დაკავშირებულია ერთმანეთთან ერთი საერთო მიზნით, მისიით, კაცობრიობის განვითარებით, საერთო მიზნის მიღწევა კი ერთმანეთის პატივისცემით და სიყვარულით არის შესაძლებელი, ხოლო მისი უგულვებელჰყოფა არსს, მნიშვნელობას უკარგავს პატრიოტიზმს . გრძნობა, რომელსაც გონიერება (აზროვნება,შემეცნება) არ სდევს თან დროთა განმავლობაში “მახინჯდება’,მაღალი იდეალების შემეცნება აკეთილშობილებს გრძნობას და პირიქით, “კეთილშობილი, ამაღლებული გრძნობა” ასაზრდოებს შემეცნების პროცესს. როგორც ბრმარწმენას, რწმენას შემეცნების გარეშე, ადამიანი შეუძლია აქციოს ფანატიკოსად, ისე შეუძლია “უშემეცნებო პატრიოტიზმს” ის აქციოს ნაციონალისტად. რწმენა უსიყვარულოდ ფანატიზმია, პატრიოტიზმი კი ნაციონალიზმი. პატრიოტიზმი პიროვნების იდენტობის ჩამოყალიბების ასპექტში პატრიოტიზმი ჯერ კიდევ გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნების იდენტობის ჩამოყალიბებაში, ეროვნულის შეგრძნება ხელს უწყობს პიროვნების “მე”-ს ჯანსაღ განვითარებას, ჩამოყალიბებას (განსაკუთრებით ადამიანის განვითარების საწყის ეტაპებზე). ანუ, ვინც არ იცის საიდან მოდის, მან ისიც არ იცის თუ საით უნდა წავიდეს. თუ შევხედავთ კაცობრიობის ისტორიულ განვითარებას, შევამჩნევთ, რომ პატრიოტიზმის ზემოთ მოყვანილ ასპექტს უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ადრეულ ისტორიულ ხანებში ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაზე ვიდრე მას ეს ამჟამად გააჩნია, მაგალითად, მე-10 საუკუნის ადამიანს საკუთარი იდენტობის განსაზღვრისთვის სჭირდებოდა ეროვნულობის შეგრძნება- მე ვარ ფრანგი, მე ვარ გერმანელი და ა.შ. ესეიგი, ერის ტიპიურობის აღქმის საფუძველზე იქმნებოდა საკუთარი “მე”-ს შეგრძნების(გაცნობიერების) შესაძლებლობა (მე ვარ ტიპიური გერმანელი, ტიპიური ინდოელი და ა.შ.) დროთა განმავლობაში ადამიანის ცნობიერების დონის განვითარებასთან ერთად, “ეროვნული ტიპიურობის” გავლენა ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში სუსტდება, ანუ ამჟამად, ზრდასრული ადამიანი პირველრიგში არის “კონკრეტული ტიპიური ადამიანი” და მერე არის ის გერმანელი,ფრანგი, ინდოელი და ა.შ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ პიროვნების იდენტობის ჩამოყალიბების ასპექტში პატრიოტიზმის მნიშვნელობა/დანიშნულება გარკვეულწილად შეიცვალა, მან საკუთარი “ძველი მნიშვნელობა” დაკარგა. პატრიოტიზმი და ჭეშმარიტება ჭეშმარიტება უფრო მეტია ვიდრე სამშობლო? თუ გავაცნობიერებთ, რომ ყველა ერი ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო მიზნით, კაცობრიობის განვითარებით, შეიძლება ერთისმხრივ დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამშობლო, მაგრამ გზა ჭეშმარიტებამდე სწორედ რომ “პატრიოტიზმის გავლით “მიდის. როგორც ვაჟა ამბობს:” ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. “ თუმცა აქ ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ერთი ერის წარმომადგენელს პატრიოტული გრძნობა ჰქონდეს მეორე ერისადმი? ანუ ის შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს ერთ ქვეყანაში და მეორეში იღვაწოს (“კარგი საქმე აკეთოს”)? არის თუ არა პატრიოტიზმი ვალდებულება, მოვალეობა? კაცობრიობის საერთო მიზნიდან გამომდინარე “კარგი საქმის კეთება” ხომ ყველგან არის შესაძლებელი, ანუ თუ ქართველი მწერალი გერმანიაში დაწერს დიდი მნიშვნელობის ნაწარმოებს გერმანულად ის კაცობრიობის განვითარებას მაინც წაადგება, არა? პატრიოტიზმი არ არის მოვალეობა, მანამ სანამ ამა თუ იმ ერში მოღვაწეობის გადაწყვეტილებას არ მიიღებს ადამიანი? ასევე ფაქტია, რომ არსებობს ემოციონალური კავშირი (გნებავთ სიყვარული) მშობლიური კერის მიმართ, რომელიც თითოეულ ადამიანს გააჩნია, რა არის ეს? ვაჟა ფშაველა ამბობს: “ ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ... “. ანუ, საბოლოოდ მაინც კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული სუბიექტური გადაწყვეტილება (რომლის მიღებაზეც ასევე გარკვეული ფაქტორები ახდენენ გავლენას, ემოციონალური კავშირი - “საკუთარი კერის სიყვარული”, ”ბედისწერა”) ქმნის მოვალეობას , გადაწყვეტილება (ანუ ნება) , რომლის მამოძრავებელი ძირითადი მოტივი უპირველესად, სწორედ რომ ჭეშმარიტებაა და არა კონკრეტული ეთნოსი, ისტორია, კულტურა. სწორედ გადაწყვეტილების მიღება წარმოქმნის “პატრიოტიზმის აუცილებლობას” რათა ადამიანმა “სამშობლოს სიყვარულით” გულანთებულმა ღირსეულად შეასრულოს აღებული პასუხისმგებლობა, ისე როგორც ამას ილია, ვაჟა, გოეთე და მრავალი სხვა ასრულებდნენ საკუთარი ქვეყნის, ანუ კაცობრიობის განვითარებისთვის.
This post has been edited by apatrio on 7 Jan 2017, 21:49
|