ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლებამ მართლა რეციდივისტი, რომ აიყვანოს მოსახლეობა აღარ დაუჯერებსსაქართველოში პროცესები უკიდურესად არასწორად ვითარდება, უფრო ზუსტად კი დამანგრევლად. ხელისუფლება რომელ სტრუქტურასაც შეეხო, ყველგან სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, - განაცხადა "რადიო იმედის" პირდაპირ ეთერში პარლამენტარმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმე არის ხელისუფლებისთვის ნიღბის ახდა. გირგვლიანის მკვლელების შემკვეთები კვლავ იმ თანამდებობებზე მუშაობენ, რაც მათ სანდროს მკვლელობამდე ეკავათ.
ჩიხრაძის განცხადებით, სამწუხაროდ მათთვის კანონის უზენაესობა არაფერს ნიშნავს, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მთავარია ერთმანეთის გატანა.
მისი თქმით, სანოძეს, ახალაიას, მელნიკოვს და დონაძე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გადაეფარა, მერაბიშვილს კი პრეზიდენტი. გარდა ამისა, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ დანაშაულის უშუალო შემსრულებლები თავს ძალიან კარგად გრძნობენ კომფორტულ საკანში.
"ხელისუფლება არ აპირებს გვირგვლიანის საქმის გაწელვას, ის მის მიჩუმათებას ცდილობს. მთავრობის გუნდი ფიქრობს, რომ დროის ფაქტორი მათ სასარგებლოდ ითამაშებს და საზოგადოებას ეს მკვლელობა მიავიწყდება. თუმცა, მე და ჩემი მეგობრები, ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი აზრით, სანდროს მკვლელების დასჯა ნიშნავს, რომ სხვა ქართულ ოჯახებს არ დაატყდეთ თავს მსგავსი ტრაგედია.
ჩიხრაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დემოკრატიის პრიციპებით მოვიდა, ეხლა კი საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებს.
"მათ ჯერ ქვეყნის პრემიერი მოკლეს, რასაც უამრავი კანონდარღვევა დაემატა", -აღნიშნა მან.
ჩიხრაძის განცხადებით, გირგვლიანის პროცესმა საზოგადოება გააქტიურა და აიძულა ხმა ამოეღო წესად ქცეული უკანონობის წინააღმდეგ. ყოველივე ამან კი ცნობილი გახადა კიდევ ერთი - ამირან რობაქიძის მკვლელობის ფაქტი, რომელიც ქუჩაში პატრულმა ხელებაწეული მოკლა.
"იმდენი კანონდარღვევა დაგროვდა, რომ ხელისუფლებამ მართლა რეციდივისტი, რომ აიყვანოს მოსახლეობა აღარ დაუჯერებს. ძალოვნები წვრილმან დამნაშავეებს ებრძვიან, მძიმე დანაშაულებების ჩამდენნი კი დაუსჯელნი ქუჩაში დასეირნობენ", -განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრის პროფესიონალიზმზე საუბრობს, ტელევიზიით გადმოცემული მკვლელობის ფაქტები კი საპირისპიროს მოწმობს.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ოპოზიცია პარლამენტში მას შემდეგ დაბრუნდება, როცა გირგვლიანის საქმე გაიხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია პარლამენტის სხდომებზე მხოლოდ და მხოლოდ ფასადის როლს შეასრულებს.
მემარჯვენე ოპოზიციიონერმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან გაცილებით მომგებიანი პოზიციები ექნებოდა მასთან დიპლომატიის ენაზე, რომ ვსაუბროდეთ.
2006.05.19