Twilight
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2242
წევრი No.: 8941
რეგისტრ.: 22-February 05
|
#3126817 · 25 May 2006, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი ჩემი აზრების მოსმენას ჯობია აკაკი ბაქრაძის აზრები წაიკითხე:
"დღეს საქართველოში რუსთა ბატონობის მომხრეები დაჟინებით ავრცელებენ აზრს, თითქოს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ქართველ ხალხს ეროვნული გადაშენება ემუქრებოდა, თუ საქართველო რუსეთის კალთას არ ამოეფარებოდა. ეს მტკნარი სიცრუეა და იმათი მოგონილია ვისაც სურს ქართველმა ხალხმა სიმართლე არ იცოდეს.თუ მეფის რუსეთის ბატონობის დროს ქართველ და რუს მეცნიერებს იმის უფლება მაინც ჰქონდათ, რომ ობიექტურად შეესაწავლათ ისტორიული საბუთები, განეხილათ ისინი და რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მართალი სურათი დაეხატათ, კომუნისტურმა რუსეთმა ისტორიკოსებს ამის უფლებაც ჩამოართვა. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რუსეთმა უანგაროდ შეიერთა საქართველო და ამით ქართველი ხალხი არამარტო იხსნა თურქეთისა და სპარსეთისაგან, არამედ ფიზიკურ განადგურებასაც გადაარჩინა. ამ აზრის ქადაგებას რუსეთისათვის მკაფიო იდეოლოგიური მიზანი აქვს: არ გაიღვიძოს ქართულ ერში ეროვნული თავისუფლების აზრმა.ამიტომ ვისაც სიმართლის შეტყობა სურს, ან უშუალოდ ისტორიულ დოკუმენტებს უნდა მიმართოს ან იმ მეცნიერთა შრომებს, ვინც ოქტომბრის რევოლუციამდე მოღვაწეობდნენ, როცა ამ მასალას გაეცნობით, დაინახავთ, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის გამეფების წინა პერიოდში, მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში სრული ანარქია სუფევდა. თურქეთი და სპარსეთი თავისუფლად დაპარპაშებდნენ როგორც ამერეთში, ისე იმერეთში, შინაფეოდალური აშლილობა აჩანაგებდა ქვეყანას და ანადგურებდა მოსახლეობას. პატრონი და გამკითხავი არსაიდან არ ჩანდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მისი ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდს მედგრად გაუძლო და გაცილებით წელში გამართული შეხვდა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს. საქართველოს ფეხზე წამოდგომაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს. მათი ენერგიული მოღვაწეობის შედეგად შესუსტდა თურქეთისა და ირანის აგრესია. მოწესრიგდა ქვეყნის საშინაო საქმეების. გაერთიანდა ქართლისა და კახეთის სამეფოები. სიმშვიდემ და წესრიგმა დაისადგურა იმერეთის სამეფოში. აღორძინდა ეროვნული ერთიანობს იდეაც. 1773 წელს ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს შორის დაიდო მეგობრობოს დადგენილება. 1790 წელს დაიწერა ერთობის ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა. ქართლის, კახეთის, იმერეთის ოდიშის და გურიის მეფენი და მთავრები ფიცს დებდნენ საუკუნოდ ერთად ყოფილიყვნენ და არასოდეს მომხდარიყო მათ შორის შინაგანხეთყილება. ეროვნული ერთიანობის თვასაზრისით ეს უდიდესი მიღწევა იყო. თუ ადრე ერთმანეთის მტრობასა და შუღლში ამოსდიოდათ სული და გარეშე მტერს საქართველოს დაქცევას უადვილებდნენ, როგორც იქნა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს მიხვდენენ, რომ ".. არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითაცა სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათსავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის..." ეროვნული ერთიანობის შეგნებამ იმ დროს მიაღწია, რომ 1792 წელს ერეკლე მეორეს ეახლა დასავლეთ საქართველოს დელეგაცია და თხოვნით: იმერეთის სამეფო შეიერთეო. დადგა საუკუნეების ნანატრი წუთი-ამერეთი და იმერეთი ერთიანდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, არ გასჭრა არც იმიერ საქართველოს დელეგაციის თხოვნამ, არც ამიერ საქართველო ბრძენთა მჭერმეტყველბამ, არც ჯანსაღმა პოლიტიკურმა აზრმა: ერეკლე მეორემ უარი თქვა შეერთებაზე და გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა. აღმავალი გზით მიმავალი საქართველო იმ დღიდან ისევ თავქვე დაეშვა უფსკრულისაკენ.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოს საგარეო მდგომარეობაც უკეთესი იყო. კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლეიერებით შეშინებული თურქეთი და სპარსეთი საქართველო მიმართ უფრო მეგობრობის მომხრენი იყვნენ, ვიდრე აშკარა მტრობისა. ორივე მაჰმადიანური ქვეყანა კარგად ხედავდა, თუ ქრისტიანული რუსეთი კავკასიონს გადმოაბიჯებდა, მათი პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების აღსასრულიც დადგებოდა.
ამ მდგომარეობიდან თავისუფლად შეეძლოთ ესარგებლათ ქართველ პოლიტიკოსებს, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ქართველ პოლიტიკოსებს ამ სიტუაციის საქართველოს სასარგებლოდ გამოყენების ნიჭი და ალღო არ აღმოაჩნდათ. უფრო გვიან კი თურქეთის ხონთქარმა სელიმმა გიორგი მეცამეტეს აღუთქვა, თუ საქართველო რუსეთს ჩამოცილდება, თურქეთის მფარველობას დასჯერდება, დაგიბრუნებთ ახალციხის საფაშოს და სრულიად სამცხეს ისე, როგორც ეს ძველად ყოფილაოო. ვერც ეს წინადადება გამოიყენეს. იმის მაგიერ, რომ დიპლომატიური მოქნილობა გამოეჩინათ და საქმე ქართველთა საკეთილდღეოთ წარემართათ, გიორგი მეცამეტემ უარი შეუთვალა სულთანს, რა თქმა უნდა თურქეთის სულთანს და საპარსეთის შაჰს ქართველების სიყვარული არ გაღვიძებიათ. ისინი უბრალოდ , ნათლად ხედავდნენ შექმნილ სიტუაციას და საღად აფასებდნენ ვითარებას. ეძებდნენ მდგომარეობიდან გამოსავალს. დიპლომატიური და პოლიტიკური გამჭრიახობა ითხოვდა ქართველთაგან ხელსაყრელი სიტუაციის გამოყენებას ქვეყნის სასარგებლოდ. ქართველმა პოლიტიკოსებმა (თუმცა ეს ყველაზე არ ითქმის) ვერც მაშინდელი დიდი საერთაშორისო სიტუაცია გაითვალისწინეს. მეთვარემეტე საუკუნის ბოლოს ევროპაში საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დანთებული ცეცხლი გიზგიზებს. იმპერიები ირყევიან. ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს, ძლევამოსილი ნაპოლეონი ხან ეგვიპტეშია, ხან იტალიაში, ხან პრუსიაში და და ყველას თვალი მას მისჩერებია, არავინ უწყის, რას მოიმოქმედებს ეს კაცი, რომლის წინაშე სახელმწიფოები იმსხვრევა, როგორც თიხის ქოთნები. საერთაშორისო პოლიტიკის წყალი ამღვრეულია და სწორედ ახლაა შესაძლებელი თევზის დაჭერა. თურქეთის ყურადღება ხმელთაშუა აუზისაკენ არის მიპყრობილი. რუსეთი მიჯაჭვულია ცენტრალურ ევროპაზე. იგლისი ცდილობს ინდოეთისაკენ მიმავალი გზები გადაკეტოს, ვისღა სცალია ახლა საქართველოსათვის. ამ სიტუაციაში ორიენტირების ნაცვლად და დროის შესაფერისი პოლიტიკური მოდელის გამოძებნიოს მაგიერ, ერთმორწმუნეობის დოგმით დაბრმავებული ქართველი ელჩები პეტერბურგში იმპერატორის კარს ატალახებენ. ევროპაში მომხდარი ამბებით დაკავებული ალექსანდრე პირველი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთანე შეერთების მანიფესტზე ხელის მოწერას აჭიანურებს. კარგად არის ცნობილი, რომ გიორგი მეცამეტე გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს. 1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში უკვე გამოაქვეყნეს პავლე პირველის ხელმოწერილი მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთებისა, მაგრამ ვიდრე მანიფესტმა საქართველომდე მოაღწია, მდგომარეობა შეიცვალა: 1801 წლის 12 მარტს პავლე პირველი დაახრჩვეს. შეერთების მანიფესტი ახალ იპერატორს ალექსანდრე პირველს უნდა დაედასტურებინა. აქ უცნაური ამბავი მოხდა: ალექსანდრე პირველი გაჯიქდა და უარი თქვა მოეწერა ხელი მანიფესტზე. თითქმის რვა თვე მიმდინარეობდა ეს დავა. ალექსანდრე პირველს უცნაური ზნე სჭირდა : თავი ცოდვილად და დამნაშავედ მიაჩნდა. რაკი მამის დახრჩობაში მონაწილეობდა, მუდამდღე ცოდვის გამოსყიდვაზე ფიქრობდა და ღმერთს ევედრებოდა მომიტევეო დანაშაული. მანიფესტის ხელმოწქერის დროსაც დაიჩემა: ცოდვას ვერ ჩავიდენ და ღვთით მირონცხებულ დინასტიას სამეფოს ვერ წავართმევო. დაიწყო პაექრობა. სახელმწიფო საბჭომ საქართველოს საკითხი ორჯერ განიხილა - 1801 წლის 11 და 154 აპრილს. საბჭოს აზრით, აუცილებელი იყო აღმოსავლეთ საქართველოს შეერთება, მაგრამ ალექსანდრე პირველს მომხრეებიც გამოუჩნდნენ: გრაფი ვორონცოვი და გრაფი კოჩუბეი. ისინი ამტკიცებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთის იმპერიისათვის ხელსაყრელი არ არის არც პოლიტიკური და არც ეკონომიური თვალსაზრისით. პოლიტიკურად ამ ფაქტმა შაიძლება რუსეთის საგარეო მდგომარეობა გაართულოს, რადგან ეს გააღიაზიანებს თურქეთსა და სპარსეთს, მათთან ერთად ინგლისაც ( მშინ ევროპა აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთის ნაწილად თვლიდა) ისედაც უაღრესად არეულ საერთაშორისო სიტუაციაში ამგვარი დაძაბული და გაღიზიანებული მდგომარეობის შექმნა სრულიადაც არ არისო რუსეთისათვის სასარგებლო. ეკონომიკურად კი რა უნდა მისცესო პაწია და ღატაკმა საქართველომ თვალაუწვდენელი ტერიტორიისა და ამოუწურავი რესურსები პატრონ რუსეთს? ერთი სიტყვით ასკვნიდნენ ვორონცოვი და კოჩუბეი, ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო. ეს გონივრული აზრი მაინც არ გაიზიარეს სხვისი მიწაწყლის მითვისების დახარბებულმა რუსმა მოხელლებმა. ქართველმა დიპლომატებმა არც ალექსანდრე პირველის ყოყმანი გამოიყენეს. პირიქით გიორგი მეცამეტეს ელჩებმა ყოველი ღონე იხმარეს , რათა იმპერატორს აზრი სეეცვალა. უკიდურესი დაპირების, ხვეწნა-მუდარის გზით ცდილობდნენ მიეღწიათ იმისათვის, რომ სახელმწიფო საბჭოს შეერთების გადაწყვეტილება მიეღო.
უცნაური სურათი იხატება ამ სქემატური მიმოხილვითაც კი. იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ხელს უწყობს უფრო ჩვენი ქვეყნის ეროვნული თავისუფლების შენარჩუნებას, ვიდრე დაკარგვას......"
"და მიუხედავად ამის მაინც იმარჯვებს შეერთების აზრი. რატომ?ნუთუ იმ დრონდელ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარი იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ ვერ დაინახა რუსეთის ნამდვილი მიზანი საქართველოში? დაუჯერებელია, რადგან ეს მიზანი რუსეთს არასოდეს დაუმალავს. რუსეთი ჯერ კიდევ შორს იყო და იმდროინდელი სიტუაციის მიხედვით არავითარი იმედი არ უნდა ჰქონოდა საქართველოს ხელში საბოლოოდ ჩაგდებისა, მაგრამ ოცნების რეალობისათვის მოსკოვის მეფემ თეოდორე ივანეს ძემ თავის ტიტულს მიუმატა სიტყვები-" ივერიის ქვეყნისა და ქართველთა მეფეების ხელმწიფე", ეს მოხდა 1586 წელს, განა ამ ფაქტში მიზანი არ ჩანს?განა პეტრე პირველის მიერ ვახტანგ მეექვსის მოტყუება და გაცუცურაკება ქართველ მეფეებს არაფერს ეუბნებოდა? განა 1724 წელს პეტრე პირველმა არ სცნო კანონიერად თურქთაგან საქართველოს დაპყრობა? ყოველმა ქართველმა იცის, რა მზაკვრულად მიატოვა ერეკლე მეორე რუსის ჯარმა ასპინძაში 1770 წელს. რუსები მიტოვებით არ დაკმაყოფილებულან. თბილისისაკენ მომავალნი გზადაგზა ჭორებს ავრცელებდნენ, ქართველები დამარცხდნენ , ერეკლე მოკლულია და ახლა ყველამ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი უნდა მიიღოსო! განა ამაზე უფრო დიდი ვერაგობა შესაძლებელია? მადლობა ღმერთს, იმ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და ეკატერინე მეორის აგენტს გენერალ ტოტლებენს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ ამ ფაქტიდან სწორი დასკვნა არ გაკეთებულა. დღესაცკი საბჭოთა ისტორიკოსები ცდილობენ მოგვატყუონ და ეს მზაკვრული ღალატი მხოლოდ ტოტლებენოს თვითნებობას მიაწერონ. გენერალ ტოტლებენს რუსეთის საიმპერატორო კარისაგან საგანგებო დავალება ჰქონდა მიცემული: ერეკლე მეორისათვის ზურგში ჩაეცა მახვილი. თუ ეს ვერაგობა გასჭრიდა, უმეფოდ დარჩენილ საქართველოს რუსები "პატრონად" მოევლინებოდნენ და ქვეყანას იოლად ჩაიგდებდნენ ხელში. რაკი ვარაუდმა არ გაუმართლათ, რუსები იძულებულნი გახდნენ აღმოსავლეთ საქართველოდან პირში ჩალაგამოვლებული გაპარულიყვნენ. ტოტლებენი რომ პეტერბურგის დავალებით მოქნმედებდა, ცხადია, ამას ერეკლე მეორეც მიხვდა. ეს მკაფიოდ ჩანს იმ წერილებში, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს პატრონი პეტერბურგს ატყობინებდა ტოტლებენის საქციელის შესახებ. თუმცა ერეკლე მეორე პირდაპირ ბრალს არ დებს პეტერბურგს და მაინც ერთგულებას ეფიცება. თან მიამიტი ბავშვივით იმართლებს თავს-"მე რომ ეს ბრძანება გამეშვა და ქრისტიანების სისხლი დამეღვარა და დამეტყუევებინა (ტოტლებენი-ა.ბ.)- უსინდისობა მეგონა ჩემგან". და მიუხედავადა ამის პეტერბურგს თავი არ შეუწუხებია დაესაჯა ტოტლებენი ღალატისათვის. განა ეს ყველაფერი მკაფიოდ არ მეტყველებს, რომ ტოტლებენს თვითნებურად ნაბიჯიც არ გადაუდგამს და პირნათლად ასრულებდა პეტერბურგის დავალებას? პასუხი თავისთავად ცხადია. ასეთივე მზაკვრობას მოგვიანებითაც გამოიყენებენ რუსები. 1783 წელს დადებული ტრაქტატის თანახმად რუსეთი ვალდებული იყო დახმარებოდა ერეკლე მეორეს გარეშე მტრებთან ბრძოლაში. მაგრამ როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოესია თბილისს, რუსებს ხელიც არ გაუნძრევიათ და მოხუცი ერეკლე მარტოდმარტო შეატოვეს ხელში სპარსელებს. აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი 1795 წლის 12 სექტემბერს ააოხრა, ხოლო გენერალმა გუდოვიჩმა ბრაძანება, შემოეყვანა ჯარი აღმოსავლეთ საქართველოში, მხოლოდ პირველ ოქტომბერს მიიღო, როცა უკვე ყველაფერი წაგებული იყო. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისათვის გასაგებია, რომ რუსეთი განგებ აყენებდა აღმოსავლეთ საქართველოს მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში. ქართველთა ხელისუფლებას იძულებულს ხდიდა მხსნელად და გადამრჩენად მხოლოდ რუსეთი მიეჩნია. გაუმართლა კიდც ამ ხერხმა. მთლად დაჩაჩანაკებული და წამხდარი გიორგი მეცამეტე მუხლმოდრეკილი ევედრებოდა რუსეთს, ოღონდ საქართველოს ბატონად გაუხდი და აღარც მეფის ტიტული მინდა საქართველოს გამგის სახელიც მეყოფაო. რუსეთი რომ ურცხვად ატყუებდა საქართველოს, ეს იქიდანაც ჩანდა, რომ გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის ა რ ე რ თ ი პუნქტი არ შეუსრულები პატერბურგს. აღმოსავლეთ საქართველოს ხელისუფლებას ყველა იურიდიული უფლება ჰქონდა ეს ტრაქტატი გაეუქმებინა, რამეთუ იგი რეალურად ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა. რუსეთის ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა შეერთების ფორმაც. მაგალითად , როცა დიდი ბრიტანეთის სამეფომ ირლანდიის სამეფო შეიერთა, ამ ფაქტს ასეთი ფორმულირება გაუკეთა-"1801 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოები ერთიანდებიან სახელწოდებით დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიიდ შეერთებული სამეფო. როგორც ხედავთ დიდი ბრიტანეთს არ წაუშლია ირლანიის სახელი და არ გაუქრია იგი პოლიტიკური ასპარეზიდან. პირიქით იურიდიული აქტით გამოხატა მათი თანაბარუფლებიანობა. იმავე 1801 წელს რუსეთმა კი პირწმინდად გააუქმა საქართველოს სამეფო და, მისი სახელწოდებაც მოსპო და თბილისის და ქუთაისის გუბერნიები უწოდა, რათა ფორმალურადაც არ დარჩენილიყო საქართველოს სახსენებელი. არც ის უნდა დაივიწყოს დღევანდელმა ქართველმა, რომ ირლანდია დიდი ხანია დამოუკიდებელია და თავისუფალია, საქართველო კი დღესაც წელში ოთხადმოკეცილი მიათრევს რუსეთის უღელს. ასე რომ, ყველაფერი მკაფიო და ნათელი ყოფილა. არც რუსეთს დაუმალავს რისთვის მოდიოდა საქართველოში და არც ქართველებისათვის ყოფილა ეს უცნობი. მაგრამ ქართველები მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსაც ისევე იქცეოდნენ, როგორც დღეს ვიქცევით: ვხედავთ რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენს გარშემო, მაგრამ მაინც ვიბრმავებთ თავს. როგორც დღეს ვუხრით თავს მორჩილად და მდაბლად ყველა ღონისძიებას, მიმართულს ჩვენი ეროვნული არსებობის წინააღმდეგ, ასევე ქედმოდრეკილნი შეეგებნენ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსაც. თითო-ოროლა თავგამეტებისა და ნათელმხილველის ბრძოლამ კი ნაყოფი ვერ გამოიღო"
|