მთავრობის ”არაჩვეულებრივი გამოფენა”
" ვის რომელი მინისტრი მოსწონს "სატელევიზიო სარეკლამო რგოლები ყოველდღიურად გვამცნობენ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებს. ამაზე კი უზარმაზარი თანხები იხარჯება. ”ჩართავ ტელევიზორს და საინფორმაციო გადაცემის სიუჟეტებით ყველაფერ ცუდს მოისმენ, გავა სარეკლამო რგოლი და მიხვდები, რომ რაღაც სასიკეთოც ხდება”, - განაცხადა ერთხელ მაია ნადირაძემ

და რიტორიკული კითხვაც დასვა: ”ნეტავ რომელია სიმართლე”? ეს სწორედ მანამდე მოხდა, ვიდრე მისი ”დიდი და საინტერესო უმრავლესობა” პარლამენტში მთავრობის უცვლელ შემადგენლობას ხაინდრავას გამოკლებით ერთი ხელის მოსმით დაამტკიცებდა. ამის მიუხედავად, კვლავაც არსებობს კულუარული მოლოდინი, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე მინისტრები მაინც შეიცვლებიან.
როგორია რეალობა, რომელიც ხშირად სარეკლამო რგოლების უკან იმალება? რა ინფორმაციას ფლობენ საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, პარლამენტარები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა თუ სამინისტროებში არსებული სიტუაციების შესახებ? სინამდვილეში რომელ მინისტრს რა დახასიათება აქვს და რამდენად აკმაყოფილებს თითოეული მათგანი საზოგადოების მოთხოვნებს?
რატომ არავის მოსწონს პრემიერ-მინისტრი ზოგადად, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, დღევანდელი მთავრობის შემადგენლობა ორად შეიძლება დავყოთ. ერთი ნაწილის მიმართ არსებობს მკვეთრად უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულება. არის მეორე ნაწილი, რომელიც უბრალოდ არ სძულთ, თუმცა მათი შექებითაც არავინ არის დაკავებული. აქ იგულისხმება როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებები. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი თუ ოპოზიციისათვის შავ სიაში შესული მინისტრია, ხელისუფლება მას ცალსახად იწონებს და მუდმივად მის ქებაშია.
ნოღაიდელის მიმართ დიდი აზრი არავის აქვს.

მას ოპოზიცია არაპოლიტიკური იმიჯის გამო სრულად უმაქნისად მიიჩნევს, პრემიერ-მინისტრის საუკეთესო თვისებებზე საუბრით მაინცდამაინც არც ხელისუფლების წარმომადგენლები იწუხებენ თავს. ერთ-ერთი მისი გამოკვეთილი თვისება, რომელიც ყურადღებას იქცევს, სიხისტე და სიჯიუტეა. ”პრემიერ-მინისტრი არც შეიძლება, იყოს ხელგაშლილი”, - აცხადებს ჯამბულ ბაკურაძე, რომელიც პრემიერის მარჯვენა ხელია. საერთოდაც, ეს უკანასკნელი ერთგულებით გამოირჩევა. ყველა მისი მსგავსი როდია. ნოღაიდელის შესახებ საუბარს უმრავლესობის წარმომადგენლები ერიდებიან, შესაძლოა, მისი სკამი მორყეულია და ეს ამითაც არის განპირობებული. მიხეილ მაჭავარიანიც მოერიდა პრემიერ-მინისტრის მიღწევებზე საუბარს და საერთოდ, მისი სახელის ხსენებსაც კი. შესაძლოა, იგი მიხვდა, რომ კარგის თქმა ამ უკანასკნელს უფრო ცუდ შედეგს მოუტანდა. ამიტომ დუმილი ამჯობინა და შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა.
- ვერც ერთ მინისტრს ვერ გამოვყოფ. ამის თქმა ჩემი მხრიდან არ შეიძლება.
- რატომ, თქვენ ხომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ბრძანდებით. არ შეგიძლიათ თქვათ, რომელ მინისტრს რის გამო მიიჩნევთ წარმატებულად?
- არა, არ შემიძლია. ცალკე რომელიმე მათგანის გამოყოფას არ დავიწყებ. მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ ყველა მინისტრი წარმატებულია. ნეტავ ოპოზიციამ იმის ნახევარი საქმის გაკეთება შეძლოს, რასაც ეს მინისტრები აკეთებენ.
- ოპოზიცია ხომ მთავრობაში არ არის, საქმეს როგორ გააკეთებს?
- ჰოდა, მოვიდნენ ხელისუფლებაში უმრავლესობით და მერე დაგვანახონ, საქმეს როგორ გააკეთებენ.
გოგა ხაინდრავა ერთ-ერთი მინისტრი იყო, რომელიც უფრო დამოუკიდებელ ფიგურად გამოიყურებოდა და ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებდა. ამიტომაც იგი სახელისუფლო ვერტიკალში მიუღებელი აღმოჩნდა და თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. ამას ოპოზიციის მხრიდან აგრესიის გაზრდა მოჰყვა იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც აპოლიტიკური იმიჯით გამოირჩევიან.
ლევან ბერძენიშვილი: ”საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პრაქტიკულად პოლიტიკა არ ეკითხება. შესაძლოა, მხოლოდ ფიზიკა ესმოდეს ცოტათი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს მისი ქვეყნის ისტორიასა ან ტრადიციებზე.

პრემიერ-მინისტრს ცოტა პოლიტიკურ შეკითხვას თუ დაუსვამენ, მისი პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: აბა, ამას რას მეკითხებით, მე ხომ პოლიტიკოსი არა ვარო. ასე და ამგვარად, მან თავად დაიმკვიდრა მეურნის იმიჯი. მსოფლიოში ვერ ნახავთ ისეთ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ზურაბ ჟვანიას ჩანაცვლება სწორედ მისით მოხდა. სწორედ ასეთ პრემიერ-მინისტრზე გააკეთეს არჩევანი, რომელიც გინდ ყოფილა და გინდ არა”.
ნოღაიდელის შესახებ იგივე აზრი აქვს სოსო ცინცაძესაც. ”უკმაყოფილო ვარ პრემიერ-მინისტრით, რომლის ”საუკეთესო” თვისებად, სამწუხაროდ, მხოლოდ სიძუნწე ითვლება”, - აცხადებს იგი.
”ახალი ვერსია” ბესო ჯუღელსაც დაუკავშირდა. პრემიერ-მინისტრი წარმატებულად არც მას დაუსახელებია.
კვალიფიციური და არაკვალიფიციური მინისტრები სოსო ცინცაძეს არ მოსწონს სოფლის მეურნეობის მინისტრი და კიდევ ბევრი სხვა მთავრობის წარმომადგენელიც, რომლებიც, უბრალოდ, მერაბიშვილის ჩრდილქვეშ მოექცნენ და საზოგადოების ყურადღება მათკენ არ არის მიპყრობილი. ”არ მომწონს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც ვერ გათვალა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე ქართული ღვინის იმპორტს აკრძალავდა. ამას არათუ მოუმზადებელი დახვდა, არამედ სრულიად არაფერი გააკეთა პრობლემის მოსაგვარებლად”, - განაცხადა სოსო ცინცაძემ. სხვათა შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფალსიფიცირებული ქართული ღვინის აღმოჩენა მიხეილ სააკაშვილმა თავად შეძლო, ჩამოიტანა და სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაალევინა.
ერთხელ მიხო სვიმონიშვილს დეპუტატებმა აგრარული კომიტეტის სხდომაზე უთხრეს: შენ სოფლის მეურნეობაში არაფერი გაგეგებაო. სვიმონიშვილმა ჩაიბურტყუნა: სოფლის მეურნეობა თუ არა, ნაბეღლავი მაინც ხომ ვიცი, რა არისო და იქვე მდგარი მინერალური წყალი მოყლუპა. :biggrin:
”ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ინდუსტრიულ ქვეყნად ვერ გადაგვაქცევს. ამ დროს გვყავს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის სიხარული ონიშჩენკოს წერილია და ბრიყვულად გაიძახის, რომ შესაძლოა, რუსეთმა ჩვენი ღვინო ისევ მიიღოს. მეტი მიღწევა არაფერი აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს და რითი დაიკვეხნოს? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ონიშჩენკომ ბრიფინგი მოაწყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობაში მისი წერილის შინაარსი უბრალოდ ვერ გაიგეს. ბატონ მინისტრს ამის გამო არც კი შერცხვა”, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
საერთოდ, მინისტრების მიმართ მეტად ორიგინალური მოსაზრებები აქვს ბესო ჯუღელს. იგი მხოლოდ სამ მინისტრს მიიჩნევს წარმატებულად. ესენი არიან მიხო სვიმონიშვილი, ლადო ჭიპაშვილი და ნიკა გილაური. ”მიხო სვიმონიშვილმა გამართა სოფლის მეურნეობა”, - მოკლედ აცხადებს ჯუღელი, უფრო კონკრეტული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. რაც შეეხება გილაურს, იმიტომ მოსწონს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემები არ არის, შუქიც მუდმივად მიეწოდება მოსახლეობას.
ჯუღელს შევახსენეთ, რომ ელექტროენერგიის პრობლემა თბილისის გარეუბნებს ამ ზაფხულშიც აქვთ. ”მე არ ვიცი, თქვენთან რა პრობლემებია, მაგრამ მე შუქი მუდმივად მაქვს”, - განაცხადა ჯუღელმა. მას ასევე მოსწონს ჯანდაცვის მინისტრი, თვლის, რომ იგი საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს დგას და მის იმედებს ამართლებს. ”ჭიპაშვილმა ჯანდაცვა ფეხზე დააყენა. ამას წინათ, ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა განცხადება ჭიპაშვილის მიმართ, სადაც მას მადლობას უხდიდნენ ჩატარებული რეფორმებისათვის. ამან ჩემზეც იქონია ზეგავლენა”, - თქვა ჯუღელმა. სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრი ყოველთვის ცდილობს, რომ პარლამენტარებთან ურთიერთობა მოგვარებული ჰქონდეს და ეს არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებს ეხებათ. ამის გამო, პოლიტიკოსების კრიტიკა მის მიმართ თითქმის არ არის, რაც ხანდახან მინისტრის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს.
მთავრობაში პოპულარული უფრო ის ფიგურაა, რომელსაც ოპოზიცია ხშირად აძაგებს. ეს შესამჩნევია. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის შეცვლა სწორედ ოპოზიციასთან ჯიბრის გამო არ მოხდა. ”შესაძლოა, ტაქტიკა შევცვალოთ და ვინც არ მოგვწონს, სწორედ იმას დავუწყოთ ქება.

სააკაშვილს ის მოსწონს, ვინც მისი კონკურენტი ვერასოდეს გახდება. ასეთია მერაბიშვილი. მას პროვინციული გამომეტყველებაც და მჭერმეტყველების უნარის არქონაც ”უწყობს ხელს”. იგი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მინისტრია. მთელი მისი ძალაუფლება დგას ე. წ. სიკვდილის ბრიგადებზე. როცა საქმე არის გასაკეთებელი და ძიება ჩასატარებელი, მერაბიშვილი ისევ ძველ კადრებს ეყრდნობა, აი, თუ ვინმეს ლიკვიდაციაა აუცილებელი, აქ უკვე მისი ბიჭები არიან მაგრები. მე დარწმუნებული ვარ, ბოლოს და ბოლოს მერაბიშვილს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. უბრალოდ, ეს ახლა არ მოხდა, რადგან ოპოზიციის მიღწევად არ ჩაითვლებოდა”, - ამბობს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის სურვილისამებრ აკეთებს სამხედრო-პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს. ”მას ასეთი როლი სააკაშვილმა მიაკუთვნა. ოსებისთვის საშიშები ვართო, ამას თითონ მიშა ხომ ვერ იტყვის? პრეზიდენტობა ამის უფლებას არ აძლევს. ამიტომ ოქრუაშვილი შექმნა ბუად და ომის მინისტრის იმიჯი დაუმკვიდრა. სიმართლე გითხრათ, ადამიანურად მეცოდება ოქრუაშვილი, ვერ უარვყოფ, რომ თავდაცვის სისტემაში აშკარად გაუმჯობესდა მდგომარეობა და გატარებული რეფორმები მისი დამსახურებაა”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მან ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი შავ სიაში შეიყვანა. ”ალექსიშვილმა პირველად რომ თქვა, მშიაო, ეს იყო ალბათ. მისი პირველი და უკანასკნელი სიმართლე.

მას შემდეგ კი მუდმივად იტყუება. პრეზიდენტს 10 ათასიანი ფონდი რომ გააჩნდა, მან კი ერთი ბრძანებულებით ამ ფონდიდან 14 ათასის დახარჯვა მოინდომა. ალექსიშვილმა ამგვარი საქციელი გაამართლა და გვითხრა, თქვენ ფინანსების რა გესმითო. უნდა გამოვყოთ მინისტრების კვალიფიკაციის დონეც. ამ თვალსაზრისით ალექსიშვილი მართლაც შეიძლება იყოს ოროსანი ან ოთხოსანი, მაგრამ რად გინდა? მას არა აქვს ყველაზე მთავარი, სინდისი! ასევე მაღალკვალიფიციური მინისტრი გვყავს კახა ბენდუქიძის სახით, რომელიც რეალურად სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება. მას როცა ვეკითხებით, თუ რას გააკეთებს არჩევანის შემთხვევაში, დაიცავს თუ არა საქართველოს ინტერესებს საკუთარი ქონების დაკარგვის სანაცვლოდ, იგი ცინიკურად გვპასუხობს - ჩემი სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თუ რამე არ გაკმაყოფილებთ, მას მიმართეთო. სააკაშვილი ბენდუქიძეს იმ კოზირად ინახავს, რომელიც შესაძლოა, რუსეთთან უკანდასახევი გზისთვის დასჭირდეს. ეს შესაძლოა, საკმაოდ სავალალო გამოდგეს ჩვენთვის”.
მინისტრების მუშაობის შედეგებს ყველაზე უკეთ ხალხი ხედავს და მან ყველაზე უკეთ იცის, მის ცხოვრებაში რა შეიცვალა და რა არა, რეალურად რა გაუმჯობესდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები კი მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებებს ახმოვანებენ.
"ახალი ვერსია", 18.08.06