ნიკა რურუას წინააღმდეგ "კამპანიას" შიდა კლანურ დაპირისპირებას და ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ
18:47 31-08-2010
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წინააღმდეგ დაწყებულ "კამპანიას" პოლიტიკურ კულუარებში, შიდა კლანურ დაპირისპირებებს უკავშირებენ .
როგორც პარლამენტის ოპოზიციურ წრეებში საუბრობენ, ნიკა რურუას ე.წ. ჩაძირვა, რომელსაც საკმაო გავლენა ჰქონდა პრეზიდენტზე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს სურს, რითაც იგი ერთგვარ "დარტყმას", დედაქლაქის მერს გიგი უგულავასაც აყენებს.
რაც შეეხება რურუას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, იმავე წყაროების ინფორმაციით, ამ პროცესის ნაწილი იყო როგორც შს მინისტრის მიერ "სოდის" ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ჩამოცილება, რომელიც რურუასთან დაახლოებული პირი იყო, ასევე რურუასთვის ბიზნეს წილებში "შეცილებაც".
კერძოდ, კულუარული ინფორმაციით, ნიკა რურუა, მისი ძმა გიორგი რურუა, ყოფილი ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩუას შვილი ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე, "ვაკის სოსისების" ქარხანასთან ასოცირდებიან, თუმცა გასულ წელს მათ ქარხნის იჯარით გადაცემა დეპუტატ არჩილ გეგენავასთვის მოუწიათ.
დაახლოებით ერთი თვის წინ კი, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ზაზა ჩაჩუა ე.წ. "მოდულის შენობაშიც" მიიყვანეს და სოსისების ქარხანაში ბიზნეს ინტერესების დათმობა "აიძულეს".
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ "ვაკის სოსისებია" გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 5 წლით და ეს კომპანია ამარაგებს ჯარს სოსისებით.
გავრცელებული ინფორმაციით, "ვაკის სოსისების" გარდა, ნიკა რურუა, გიორგი რურუა, ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე დედაქალაქში არაერთ რესტორანს ფლობენ, მათ შორის იაპონურ რესტორანს, იტალიურ რესტორანს და ა.შ და არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ერთი კლანი რურუას ჯგუფს, ამ ბიზნესებსაც შეეცილა.
იმავე კულუარული წყაროების ცნობით, უკანასკნელ პერიოდში რურუას წინააღმდეგ "ქართული ფილმიც" გამოიყენეს. როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, სამართალდამცველებისთვის ე.წ. "წიგნების სკანდალის" შესახებ, კერძოდ კი, არქივიდან წიგნების გაყიდვის თაობაზე წელიწადზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია და მასალები აქვთ, თუმცა მერაბიშვილის უწყება, "ხელსაყრელ დროს" ელოდებოდა. სწორედ რურუას მეგობარი იყო დაკავებული არჩილ გელოვანი, რომელიც მოსკოვიდან სპეციალურად "ქართული ფილმისთვის" ჩამოიყვანა და მას საკმაოდ სერიოზული ინვესტიციაც აქვს განხორციელებული ამ სფეროში.
კულუარული ინფორმაციით, "ქართული ფილმიდან" რურუას ჩამოცილებით კი, მას ბიზნესს უკვე კინო-თეატრებშიც "შეეცილნენ", კერძოდ, კონო-თეატრი "ამირანი" მთლიანად რურუას ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება და ნაწილობრივ "რუსთაველიც", რადგან არსებული ინფორმაციით, კინო-თეატრებისთვის ფილმების მიწოდება სწორედ რურუას ბიზნესია.
ამ ფაქტორების გამო, პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ თუ ნიკა რურუას საკუთარი ბიზნესების შენარჩუნება გაუჭირდა, "შესაფერის დროს" თანამდებობას და ქვეყანას ერთდროულად დატოვებს ან დაატოვებინებენ, რადგან პოლიტიკოსებს რურუა ოპოზიციაში, წარმოუდეგნლად მიაჩნიათ.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...avshireben.html