აი სასაცილო სატირალი რო არ იყოს....
მინისტრს დეპუტატი კახა სურგულაძეც შემოელახა
ახალციხის ორფოლოს პოლიგონზე განთავსებულ N17 ბატალიონში მყოფი რეზერვისტები, უკანდაბრუნების წინა დღით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაროზგა. ირაკლი ოქრუაშვილმა ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, მათი გინებითაც იჯერა გული და ბოლოს ბატალიონი დაშლილად გამოაცხადა.
"გაურკვევლობაში" მოხვდა რეზერვისტთა ბრიგადის მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი _ კახა სურგულაძეც. თვითმხილველების თქმით, დეპუტატს სიტყვიერის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მინისტრმა მიაყენა. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ხელი ოქრუაშვილსაც შემოჰკრეს.
ამ ყველაფერზე "ბათუმელებთან" ინკოგნიტოდ საუბრობს ერთ-ერთი რეზერვისტი: "წამოსვლის წინა დღით, სოფელში რეზერვისტებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჩხუბი მოსვლიათ. ინციდენტის ადგილზე ოქრუაშვილი ოცამდე სპეცრაზმელთან ერთად ვერტმფრენით ჩაფრენილა. იქ რამდენიმე მთვრალი ჯარისკაცი შეუნიშნავთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ აჭარის რეზერვისტთა ბანაკიდან იყვნენ. ამავე დროს აჭარის რეზერვისტთა ბანაკში ერთ-ერთი რეზერვისტი მოვიდა და განაცხადა, "ჩვენი ბიჭები მოკლეს, მდინარესთან ყრიან". ამის გაგონებაზე 200-მდე რეზერვისტი მდინარისაკენ გაეშურა. მეთაურებმა მათი შეჩერება და უკან მობრუნება შეძლეს. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი მინისტრამდე მაინც მივიდა.
ამის შემდეგ მინისტრის ვერტმფრენი მდინარეზე დაეშვა. მართალია, მან იქ სოფლის დასარბევად წასული რეზერვისტები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ ერთ-ერთ მთვრალ რეზერვისტს, გვარად კომახიძეს გადაეყარა. თვითმხილველთა თქმით, კომახიძემ შესაძლოა მინისტრი ვერ იცნო და მისი შენიშნვა ამიტომაც არ მიიღო. კომახიძემ მინისტრს გაარტყა (პასუხად რეზერვისტი ისე სცემეს, ამჟამად მძიმე მდგომარეობაში, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება).
მდინარიდან მინისტრი რეზერვისთა ბანაკში მივიდა. ამ დროს რეზერვისტთა მეთაური, კახა სურგულაძე და აჭარის კომისარი კახიძე აბანოში იყვნენ.
მინისტრმა რეზერვისტები ხაზზე მოაწყო. რამდენიმე წუთში თავისიანებს დაგვიანებით რეზერვისტი დათო თებიძე შეუერთდა. მან მწყობრში ჩადგომისათვის ნებართვა მინისტრს სთხოვა. ოქრუაშვილმა თებიძეს დაგვიანებისათვის უსაყვედურა და რატომღაც საყელოშიც მოჰკიდა ხელი. თებიძემ ხელი აუკრა და თავის განთავისუფლების მიზნით წიხლიც მოიშველია. თებიძე გაიქცა და მწყობრს შეერია. შეურაცხყოფილი მინისტრი გინებით დაედევნა. შეხლა-შემოხლა სპეცრაზმელების გამაფრთხილებელი სროლით განიმუხტა.
მალე მწყობრს სურგულაძე და კახიძე შეუერთდნენ. სურგულაძე პატაკისათვის მინისტრს წარუდგა. ოქრუაშვილმა საყვედურს უცენზურო სიტყვებიც დაურთო. ეს პროფესორმა სურგულაძემ არ იკადრა და "მაგისთვის პასუხი მოგეთხოვებაო", უთხრა. მინისტრმა სურგულაძეს გაარტყა. მას სპეცრაზმელები მიეშველენ და რეზერვისტთა მეთაური კონდახებითა და წიხლებით სცემეს. უაირაღო რეზერვისტებს კი, მიშველების მცდელობის გამო, სროლით დაემუქრნენ. მინისტრი ოქრუაშვილი უკანასკნელი სიტყვებით გვაგინებდა.
ამის შემდეგ მინისტრმა ბრძანა, ნახევარ საათში რეზერვისტთა ბატალიონი დაშლილიყო".
"არ მინდა თავი საფრთხეში ჩავიგდო ან საკუთარი თავი დავკარგო... განაცხადა სხვა რეზერვისტმა. თავდაცვის მინისტრი პირადად შეეხო რამდენიმე ჩვენგანს, დანარჩენებს მისი წარმომადგენლები გაგვისწორდნენ. არაფრის თქმა არ გვაცალეს, ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა, ფეხებში იარაღის ჯერი გაგვიხსნეს. მინისტრის თანმხლებმა მკლავში რომ ჩამავლო... ეს სილურჯე ალბათ კიდევ დიდხანს დამრჩება. კონდახი მომიქნია, თავი ავაცილე და გულ-მკერდის არეში მომხვდა, კონდახი დღესაც მამჩნევია".
ინკოგნიტო რესპონდენტი მინისტრისგან სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც ყვება: "რა ფორმაში ხართ, ეს როგორ გააკეთეთო, გვეუბნებოდა. ოჯახის თოთოეულ წევრზე გვაგინა, არავინ დაგვიტოვა. ზედმეტი მოძრაობა და გადაგვივლიდნენ. შტაბის უფროსი პარლამენტარი კახა სურგულაძე იყო, უვნებელი არც ის დარჩენილა. შემდეგ შტაბი დაგვატოვებინეს, ფორმები აგვართვეს, ვისაც რა სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, იმით წამოვიდა, ზოგმა ერთმანეთისგან ინათხოვრა. ბევრი ჩუსტებითა და შორტებით იყო. შტაბიდან 15 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, უკან მინისტრის წარმომადგენლები მოგვრეკავდნენ. კატეგორიულად აგვიკრძალეს ცენტრალურ გზასთან ახლოს გაჩერება. პირუტყვებივით შეგვრეკეს გზიდან მოშორებულ ადგილას. შეგვცივდა. იქ ახლოს ნახევრად გამხმარი თივის ზვინები იყო, შიგ შევძვერით და ისე გავათენეთ".
ყოფილ "რეზერვისტს" სიმართლის გარკვევის იმედი დიდად არ აქვს: "წამოსვლის წინა დღით იარაღი ჩავაბარეთ _ გამოსასვლელი დღე გვქონდა. ამით ისარგებლა რამდენიმემ და დალია კიდეც. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები შევიდნენ ბატალიონის ახლოს მდებარე სოფელში და ატეხეს ბუნტი. ამას მთელი სოფლის უკმაყოფილება მოჰყვა. პრინციპში იქ დანაც გამოუყენებიათ, მაგრამ ის ვინც ეს გააკეთა, რეზერვისტი კი არა "კონტრაქტნიკი" ყოფილა და თავი რეზერვისტად გამოუცხადებია. გული იმაზე მწყდება, რომ ერთი დღე გვქონდა დარჩენილი უკან დაბრუნებამდე და ასეთი ფორმით დაგვაბრუნეს. ხალხში, მეზობლებში არ ვკადრულობ. დანაშაულია, რომ დალიეს და სოფელი ააფორიაქეს, მაგრამ მტყუან-მართალი ხომ უნდა გაირჩეს. ყველა ერთი ჯოხით გაიროზგება? კაცს აღარ ვგავარ, ისეთ დღეში ჩავვარდი".
კახა სურგულაძესთან სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, შეხვედრა არ შედგა. რაც შეხება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ნანა ინწკირველს, სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობდა.
"ბათუმელები" კომენტარისთვის ქედის რაიონის სამობილიზაციო შტაბს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. შტაბის უფროსის ზებურ ანანიძის თქმით: "იქ არაფერი მომხდარა. არც ერთი რეზერვისტისთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ჩვენ წინა დღით ჩავედით და შემდეგ ერთად წამოვედით. ეგ არასწორი ინფორმაციაა".
საწინააღმდეგოს აცხადებს რაიონის გამგებელი დავით გათენაძე: "მივიღეთ ინფორმაცია, რომ იყო რაღაც გაუგებრობა და შუაღამით წავედით. როცა ჩავედით, სიტუაცია განმუხტული დაგვხვდა, შეიარაღებული ძალებისა და თავად მინისტრის ჩარევით. როგორც გვითხრეს, 8 კაცი წავიდა სოფელში, რომელიც სომეხი ეროვნების ადამიანებით არის დასახლებული. რვიდან ხუთი ნაწილში დაბრუნდა, დანარჩენები კი დარჩნენ. ისინი მისულან ერთ-ერთ ოჯახში, უქეიფიათ და ბოლოს ისეთ თემაზე ჩამოუგდიათ საუბარი, რომ გალახვაც დაუმსახურებიათ. ბატალიონში ჩვენი ბიჭების დაჭრის შესახებ ხმა მიუტანიათ. ამას მოჰყვა ათეულობით ფორმიანის სოფელში შესვლა და ჩხუბი. იქ მისულ პატრულს იარაღი ჩამოართვეს. ამ ინციდენტში ქედელი რეზერვისტები არ ერივნენ, თუმცა დისციპლინარული სასჯელი ყველამ დაიმსახურა".
უშუალოდ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით კი, რაიონის გამგებელი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "მინისტრიც ადამიანია და როცა ნახა ფორმიანი ხალხი რა დღეში იყო, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა".
"რაიონის ხელმძღვანელები ვაპირებთ ჩასვლას იმ სოფელში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას, მომხდარის გამო, ბოდიში მოვუხადოთ", _ აცხადებს დავით გათენაძე.
ყოფილი რეზერვისტების თქმით, მათ 100 ლარი და ელექტროენერგიაზე შეღავათები უნდა მიეღოთ. 23-ე ბატალიონში ეს თანხა ყველას დაურიგდა. რაც შეეხება მე-17 ბატალიონს, რომელიც ამ ინციდენტის გამო დაიშალა, თანხა არავის მიუღია და ვიდრე მტყუან-მართალი საბოლოოდ არ გაირკვევა, ვერც მიიღებენ.
ციური ზაქაზრაძე
ემზარ დიასამიძე
19.07.2006
ეს ბიჭი რაცხას გაიჩალიჩებს აშკარად...
რითია კვიცზე ნაკლები,ააა???
This post has been edited by anatoreli on 24 Jul 2006, 21:13