Ghia
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 682
წევრი No.: 17500
რეგისტრ.: 21-February 06
|
#3570961 · 7 Aug 2006, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკა და საზოგადოება ზომიერების დეფიციტი ქართულ პოლიტიკაში
ქართველები უკიდურესობის ხალხი ვართ. ხასიათი რთული და წინააღმდეგობრივი გვაქვს. ჭირიც ზღვარგადასული ვიცით და ლხინიც, სიხარულიც და მწუხარებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, სასწაულებრივად მაღალი ზნეობაც გვახასიათებს და უზნეობაც შემაძრწუნებლად მდაბალი გვჩვევია, უანგარობაშიც სწორუპოვარნი ვართ და შურიანობაშიც წრეგადასულნი...
ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური სპექტრიც ორ უკიდურესობას წარმოადგენს, ლამის შუალედური, ზომიერი შრის გარეშე. ერთი მხრივ, არის ნარცისიზმით შეპყრობილი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან სულ იმას გაიძახის - შემომხედეთ, რა ტანადი, ლამაზი და მშვენიერი ვარ, განა ოდესმე რომელიმე ქვეყანას ჩვენისთანა კარგი ხელისუფლება ჰყოლიაო? წელთა აღრიცხვას “ვარდების რევოლუციიდან” იწყებს და სერიოზულად ამტკიცებს, რომ 2003 წლის ნოემბრამდე იყო “უკუნი”, შემდეგ კი “იქმნა ნათელი”. მეორე მხრივ, არის საკმაოდ ჭრელი, მაგრამ მაინც ერთგვაროვანი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ასევე ერთხმად და ხელაღებით უარყოფს ხელისუფლების ყველა მიღწევას და მის საქმიანობაში მხოლოდ რეგრესს ხედავს. საკმარისია სააკაშვილმა თქვას, რა კარგი, რა მზიანი დილა გათენდაო, რომ წინასწარ ვიცით, რას იტყვის იმავე დილას შალვა ნათელაშვილი - ასეთი უჟმური, ასეთი პირქუში დილა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავსო...
ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს ორი უკიდურესობა. ყოველგვარი უკიდურესობა კი, როგორც ფრანგები ამბობენ, სისულელესთან მეზობლობს.
ატავისტურად მიღებული ატრიბუტებით, ისტორიის მიერ შენახული ეროვნული ხასიათის გამო ქართველს ოპოზიციაში დგომა უფრო ეხერხება. ჩვენში ნაკლებად მოქმედებს სოციალური, კოლექტიური არსებობისა და თვითშენახვის ინსტინქტი. “უჩემოდ ვინ იმღერეთობის” კულტი იმდენად ღრმად გვაქვს გამჯდარი, რომ ობიექტურობას გვაკარგვინებს. ნებისმიერ საქმეს ვიწროპირადული, ულტრაინდივიდუალისტური თვალით ვუყურებთ და სულაც არ გვადარდებს წახდება თუ არა ამით საქვეყნო საქმე.
ზემონათქვამი თანაბრად ეხება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. დემოკრატიის ტალღებზე ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მყისვე თავი კანონზე მაღლა დააყენა და სახელმწიფოს ხარჯზე ქვენა ინსტინქტებით ნაკარნახევი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მიჰყო ხელი. მეორე მხრივ, სააკაშვილთან ძალაუფლებისთვის ბრძოლის წაგებით დაბოღმილმა და დაბრმავებულმა ოპოზიციამაც მიაფურთხა ობიექტურობას და მზად არის, სული ეშმაკს მიჰყიდოს, გადამთიელსაც კი შეეკრას, ოღონდ კი პრეზიდენტის ტახტი შეარყიოს.
პოლიტიკურ ასპარეზზე შუალედური, ზომიერი, ობიექტური ძალა, პრაქტიკულად, არ ჩანს. ანალოგიური მდგომარეობაა მასმედიაშიც. ტელევიზიაც და პრესაც ორ დაპირისპირებულ ბანაკად - ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არის დაყოფილი. თითებზე ჩამოსათვლელია გაზეთები, რომლებიც მეტ-ნაკლები ობიექტურობით აშუქებენ მოვლენებს. პოლიტიკურმა პარტიებმა კი ახლა უკვე ტელეარხების გაყოფაც დაიწყეს - ერთ არხზე მხოლოდ ხელისუფლების მომხრენი გამოდიან, მეორეზე - ოპოზიციის...
არადა საზოგადოებაში საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ არის. ქართველი საზოგადოების საგრძნობი ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელია როგორც ხელისუფლების გაუთავებელი ტრაბახი და თვითკმაყოფილება, ისე ოპოზიციის მიერ ყველაფრის განქიქება. შეიძლება ნამუსზე ხელი აიღო და თქვა, რომ ორწელიწად-ნახევარში ქვეყნის ბიუჯეტის გახუთმაგება, პენსიების გასამმაგება, ასეულობით კილომეტრი გზის მოასფალტება, დედაქალაქისა და რესპუბლიკის სხვა ქალაქების იერის უკეთესობისკენ შეცვლა სათქმელადაც არ ღირს, მაგრამ ასეთი პოზიცია არა მარტო არაობიექტური, უგუნურიც იქნება. ფაქტია, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ახალმა ხელისუფლებამ მტკიცე და ენერგიული მოქმედებით გადაწყვიტა ყბადაღებული აჭარის პრობლემა, უმოკლეს დროში ნამდვილ ჯარს დაამსგავსა ქართული ჯარი, რესპუბლიკის გზებზე აღკვეთა ავტოინსპექტორთა ყაჩაღური თარეში, ქვეყნის მასშტაბით მოაგვარა ენერგეტიკული პრობლემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით მკვეთრად შეამცირა კორუფციის დონე უმაღლეს სასწავლებლებში, მასშტაბური სახე მიიღო სასკოლო მშენებლობამ და ა. შ.
ყოველივე ეს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების უდავო წარმატებაა და მისი უგულებელყოფით ოპოზიცია თავს სირაქლემის მდგომარეობაში იყენებს. კრიტიკულმა პათოსმა ობიექტურობა არ უნდა დაგვაკარგვინოს.
დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაკლი მისი თვითკმაყოფილებაა. ახირებული სიჯიუტე, რომელიც ხელისუფლებას ნებისყოფის სიმტკიცე ჰგონია, საშუალებას არ აძლევს, თვითკრიტიკულად შეაფასოს თავისი საქმიანობა, აღიაროს, გააანალიზოს შეცდომები და შეეცადოს მათ გამოსწორებას. ხელისუფლების ნარცისიზმი, საკუთარი თავის ხოტბა-დიდება ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს მეორე უკიდურესობისკენ უბიძგებს. სწორედ ასეთი უკიდურესობაა ოპოზიციის მხრივ პარლამენტის სხდომების ბოიკოტი და მომავალი არჩევნების ბოიკოტის მუქარა, რაც ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. თავის მხრივ, არც ხელისუფლებას ესმის, რომ მას, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, ყველაზე ნაკლებად აქვს გაგულისების უფლება; რომ ვალდებულია, იყოს უფრო მომთმენი, შემწყნარებელი, დამთმობიც კი ოპოზიციასთან, რადგან სწორედ მას ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა ეროვნულ კონსენსუსზე.
საქართველო დაპირისპირებულთა მთლიანობაა და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის ფარგლებში დაიცვას პოლიტიკურ ოპონენტთა ინტერესებიც. ოპოზიციის ნებისმიერ წინადადებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული, ცინიკური დამოკიდებულება კი მხოლოდ ზრდის კონფრონტაციის ხარისხს და აძლიერებს საზოგადოების პოლარიზაციას.
დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკურ გუნდს შენების ნიჭზე მეტი ნგრევის ნიჭი აღმოაჩნდა. სახელისუფლებო კადრების შერჩევისას სრულიად უგულებელყოფილ იქნა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა დასაწინაურებელი კადრის პროფესიონალიზმი, ორგანიზატორული უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, პატიოსნება და სხვ.
სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოიწია პირადი ერთგულების, უსიტყვო მორჩილების პრინციპებმა. სწორედ ამიტომ ხელისუფლების ვერტიკალში მრავლად აღმოჩნდნენ დაბალი ზნეობისა და ინტელექტის, კარიერიზმის ბაცილით მოწამლული, მერკანტილური ფსიქოლოგიის ადამიანები, რომელთა არაპროფესიონალიზმისა და უვიცობის შედეგია მომზადების გარეშე, უგუნური სითამამით წამოწყებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ექსპერიმენტების ერთი ნაწილის დამუხრუჭება და სრული კრახიც კი.
საზოგადოების სოციალური პოლარიზაციის გაღრმავების, მასობრივი უმუშევრობის ზრდის, იმ სამართლებრივი განუკითხაობის ფონზე, რომლის დროსაც რიგითი ადამიანებისთვის კრიმინალებზე უფრო საშიშნი ხდებიან საზოგადოების მიერ “სიკვდილის ბრიგადებად” მონათლული, ხოლო ხელისუფლების მიერ სამართალდამცველის სტატუსით აღჭურვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ჯგუფები, ქვეყანაში მწიფდება ფართო სოციალური უკმაყოფილება. ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ ხალხის მხარდაჭერით კვლავინდებურად სარგებლობს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ნაციონალები საზოგადოებრივი ნდობის აშკარა დეფიციტს განიცდიან. ამის დასტურად გირგვლიანის გახმაურებული საქმე და წამყვანი ჟურნალისტის მიერ პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან წასვლაც იკმარებდა.
ძნელია გონივრული ახსნა მოეძებნოს იმ გულქვა, გაბოროტებულ დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ხალხის მიმართ ამჟღავნებს. ყველაზე თვალნათელად ეს სიძულვილი თავს იჩენს შემოქმედებით და სამეცნიერო-პედაგოგიურ ინტელიგენციასთან დამოკიდებულებაში. ძალაუნებურად გახსენდება ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვები: “ერიდეთ უნიჭო ადამიანებს, მათ საზიზღრობის უდიდესი ნიჭი აქვთ”.
უმაღლეს სკოლაში მიმდინარე რეფორმის შედეგად უმუშევრობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაახლოებით სამ ათასამდე პედაგოგს ემუქრება. ეს მეტად მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესია. ყოველწლიურად საქართველოს სკოლებს დაახლოებით 38 ათასი მოსწავლე ამთავრებს. გასულ წლამდე მათგან უმაღლესში 32 ათასი, ანუ 80-85% ირიცხებოდა. ეს სრული ნონსენსი იყო და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით, უმაღლესი სკოლების აკრედიტაციით, სხვადასხვა აუცილებელი ღონისძიების გატარებით ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ სფეროში არსებული სრულიად არანორმალური მდგომარეობის გამოსასწორებლად. გასული წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში თითქმის ორჯერ ნაკლები - 17 ათასი აბიტურიენტი ირიცხება. უკვე ეს ფაქტიც თავისთავად გულისხმობს უმაღლესი სკოლების პედაგოგიური შემადგენლობის მკვეთრ შემცირებას, მაგრამ პროფესორ-მასწავლებელთა ამ უზარმაზარი არმიის სამსახურიდან დათხოვნა მათი სოციალური დაცვის სათანადო გარანტიების წინასწარი მომზადების გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, არაადამიანურია. ქუჩაში გაყრილი საზოგადოების ეს ნაწილი სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ალტერნატივა მხოლოდ ხელისუფლების მიერ უკვე გახსნილი ან მომავალში გასახსნელი უფასო სასადილოების რიგში ჩადგომაა, რასაც პროფესორ-მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ისევ შიმშილით სიკვდილს არჩევს. უზნეობაა ჯერ ცხოვრების სახსარი წაართვა ხალხს, უფასო სასადილოების გახსნით კი შეეცადო მასში ადამიანური ღირსებაც ჩაკლა.
რა შეიძლება ეწოდოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უღირს ცდებს - შტრაიკბრეხერებად აქციოს ჩვენი სახელოვანი მეცნიერები? ადამიანებს, რომლებითაც უნდა ვამაყობდეთ (ხალხი ამაყობს კიდეც), საპროტესტო მოძრაობისგან ჩამოცილების სანაცვლოდ რექტორატმა კერძო შეღავათები შესთავაზა - პროფესორის ხელფასებს შეგინარჩუნებთ, ოღონდ განზე გადექითო. არც ბატონებმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ და გრივერ ფარულავამ, არც ქალბატონებმა მზექალა შანიძემ და მარიკა ლორთქიფანიძემ ეს არ იკადრეს. ბატონ გიორგი ხუბუას კი უკვირს: ამ ხალხთან ურთიერთობის ფორმას ვეღარ ვპოულობ, ფანტაზია აღარ მყოფნის, აღარ ვიცი, კიდევ რა შევთავაზოო. ღირსეულ ადამიანებს მხოლოდ ღირსეული რამ უნდა შესთავაზოთ, ბატონო გიორგი. ისინი მხოლოდ თავიანთი უფლებების დასაცავად არ იბრძვიან და კოლეგა-თანამებრძოლების ხარჯზე თქვენთან მერკანტილურ გარიგებაზე არ წავლენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმას კი არავინ ედავება - რატომ ატარებს რეფორმას, არც იმას, რატომ არის ასე მტკივნეული (ის ყველა შემთხვევაში მტკივნეული იქნებოდა). სასაყვედურო სხვა რამეა: არავის აქვს უფლება უმაღლესი სკოლის რეფორმის სახელით ქუჩაში გაყაროს ათასობით დამსახურებული ადამიანი და პილატესავით ხელები დაიბანოს. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ისინი სოციალური გარანტიებით. ხელისუფლებას შეუძლია თქვას, სამსახურიდან დათხოვნილ პედაგოგებს აკადემიურ სტიპენდიებს ვთავაზობო, მაგრამ უზნეობაა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თინეიჯერს 800-1.000 ლარს უხდიდე, პროფესორს კი 90 ლარს სთავაზობდე და იმასაც ამადლიდე. კიდევ ერთი უზნეობა სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტისკენ ხელის გაშვერაა - რა ვქნათ, მეტის საშუალება არ გვაქვსო.
ერთჯერადი აქტით პედაგოგთა შემადგენლობის 75-80%-ით შემცირება აწყობილ-დალხინებული საზოგადოებისთვისაც ძალზე მტკივნეული იქნება. არაფერი დაშავდებოდა, თუ ამ პროცესს სამ წელიწადზე გავთვლიდით და ყოველწლიურად 25-25%-ს შევამცირებდით, რაც მნიშვნელოვნად გაანელებდა პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფოს დღევანდელ პირობებშიც აქვს შანსი, გაცილებით ღირსეულად გაუშვას ეს ადამიანები სამსახურებიდან.
გავიხსენოთ, რა დაუჯდა ბიუჯეტს საციგურაო მოედნის დამონტაჟება რიყეზე, მერე მისი აყრა და სპორტის სასახლის წინ მისი თავიდან დამონტაჟება; რა დაჯდა რიყეზე დამონტაჟებული უაზრო ატრაქციონი, რომელმაც სულ რამდენიმე დღე იმუშავა... ლიფტ-ატრაქციონების, საციგურაოების, რუსლანების გარეშე საქართველომ 3 ათას წელს გაძლო და როგორმე სამ-ოთხ წელს კიდევ გაძლებდა. ან ის რასა ჰგავს - ხელისუფლება გამუდმებით რომ ყოყოჩობს - “მსოფლიოში საუკეთესო” სამხედრო ყაზარმები თუ საპოლიციო უბნის შენობები ავაშენეო. მერედა, რატომ ვაშენებთ გერმანელებზე, ფრანგებზე, შვედებზე უკეთეს შენობებს? ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან შედარებით ასჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. ხომ შეიძლება ამ ეტაპზე გერმანელებზე უკეთესი კი არა, გერმანელებისნაირი შენობები ვიკმაროთ, დაზოგილი თანხით კი სხვა პრობლემებს მივხედოთ? განა ეს უფრო ლოგიკური, გონივრული და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანური არ იქნებოდა? ხელისუფლებას უნდა შეეძლოს პრიორიტეტების გამორჩევა.
სანახაობა, იცოცხლეთ, კარგი საქმეა, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას ისე არ ულხინს, რომ ხელისუფლებამ სულ იმაზე იფიქროს, გართობის რა ახალი სახეობა მოვიფიქრო, კიდევ რით ვასიამოვნო ახალგაზრდებსო. “ძველგაზრდებიც” ამ ქვეყნის მოქალაქენი არიან და მათზე ხელისუფლების ზრუნვა მხოლოდ უფასო სასადილოების გახსნით არ უნდა შემოიფარგლოს.
ზემოჩამოთვლილ უაზრო ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხა სავსებით იკმარებდა პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური სტიპენდიების 200 ლარამდე გაზრდისთვის, მაგრამ ასე რომ მოიქცე - უნდა იცოდე; თუ არ იცი - უნდა სწავლობდე.
ჩვეულებრივ, რეფორმის შემუშავება საჯარო დისკუსიის პირობებში მიმდინარეობს. ქვეყნდება ცალკეულ მეცნიერთა, მეცნიერთა ჯგუფების სადისკუსიო წერილები, ეწყობა წარმოდგენილი პროექტების საჯარო განხილვები...
დღევანდელმა ხელისუფლებამ თითქმის ყველა რეფორმის პროექტი არქისაიდუმლო ვითარებაში მოამზადა, რის შემდეგაც საზოგადოებას მომავალი კანონის უალტერნატივო მოდელის სახით წარუდგინა. ჩვენმა კონსერვატიულმა საზოგადოებამ რეფორმების პროექტებით შემოთავაზებული სუპერრადიკალური ცვლილებები კი მეტად მტკივნეულად აღიქვა.
არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი. უმაღლეს სასწავლებლებში ეს საგანი აღარ წარმოადგენს სავალდებულო დისციპლინას, ხოლო იქ, სადაც სტუდენტები მაინც ირჩევენ, მას გაცილებით ნაკლები საათები აქვს დათმობილი.
ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდა წინაპართა გმირული საქმეების გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია. პატრიოტული სული ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ პატრიოტთა ბანაკებში. ამისთვის საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნაა საჭირო. ხელისუფლება ხშირად იშველიებს ილიას სახელს, საქმით კი უგულებელყოფს ჩვენი დიდი წინაპრის ერთ-ერთ უმთავრეს შეგონებას: “ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან იწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს...”
ნაციონალები დღეს პირწმინდად იმეორებენ ბოლშევიკთა შეცდომას. ისინი “კორუმპირებულებად”, “დრომოჭმული აზროვნების მატარებლებად” აცხადებენ უფროს თაობას და მასობრივად ერეკებიან მას სამსახურებიდან. ხელისუფლება მხოლოდ შავ ფერში აღიქვამს მთელ საბჭოთა პერიოდს, რაც ცალმხრივს, ზედაპირულს, სწორხაზოვანს ხდის ისტორიულ წარსულზე მის წარმოდგენებს.
მისთვის არაფერს ნიშნავს წინაპართა ისეთი შეგონებები, როგორიცაა: “წინა კაცი უკანა კაცის ხიდია”; “წარსულს კენჭს ნუ ესვრი, თორემ მომავალი ლოდებს დაგიშენს” და სხვა. რა საჭიროა, ვთქვათ, განათლების რადიკალური რეფორმის გასატარებლად განათლების საბჭოური სისტემის ერთიან კოშმარად წარმოსახვა? განა უფრო ობიექტური და სამართლიანი არ იქნება ვთქვათ, რომ ამ სისტემამ, რომელიც, სხვათა შორის, მეფის რუსეთის, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განათლების პრუსიულ სისტემას ეფუძნებოდა, თავის დროზე მეტად დადებითი როლი შეასრულა ქვეყანაში მასობრივი განათლების გავრცელების საქმეში, ბოლო ხანებში კი ძალზე მოძველდა და კარდინალურ გარდაქმნას მოითხოვს? თორემ თავს სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ, როცა ვაცხადებთ, რომ განათლების საბჭოთა სისტემა ყველას და ყველაფერს რყვნიდა და ამახინჯებდა. აი, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მესვეურებს ვერ მოუხერხა ვერაფერი, ისინი მაინც ალვასავით ტანადნი და ლამაზნი აღიზარდნენ...
არადა, თუ ბოლშევიკთა ნამოქმედარს შეიძლება შეცდომა უწოდო, იმავეს ვეღარ იტყვი დღევანდელი ხელისუფლების საქციელზე... შეცდომის გამმეორებლის ქმედება უკვე უგუნურებაში გადადის...
უჩა ბლუაშვილი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტოლოგი
|