მოდით ვნახოთ მედია რას ამბობს ამ საკითხზე:
”ნიკა ტაბატაძეს თუ გაუშვებენ, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება”"რა ხდება ”რუსთავი 2”-ში და რატომ გაწირეს ტაბატაძის გაშვებით ვანო მერაბიშვილი"მედია-საშუალებების წარმომადგენლების განცხადებები ხშირად უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკოსების. ტელევიზიებში საკადრო ცვლილებების ბუმია და მღელვარებაც პიკს აღწევს.
”რუსთავი 2”-დან ეკა ხოფერიას სკანდალური წასვლის შემდეგ ჯერი ნიკა ტაბატაძეზეც მიდგა. იგი შესაძლოა სარეკლამო სააგენტო ”სარკის” ხელმძღვანელმა შეცვალოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ამან თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია და დროებით ”კურიერის” გაშვებაც შეფერხდა. სიტუაცია დაიძაბა, როცა საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად ეთერში მუსიკა გავიდა. იმ დღეს მხოლოდ 6 საათზე მოხერხდა ”კურიერის” გაშვება.
სამაუწყებლო ტელეკომპანიის მფლობელი კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტებიც სდუმან. მათ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ორიოდე დღეში ყველაფერი თავის რიგზე დადგება.
რა ხდება სატელევიზიო სივრცეში და რატომ ტოვებენ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას ცნობილი სახეები, ამის შესახებ ”ახალ ვერსიას” ექსპერტი ია ანთაძე ესაუბრება.
ია ანთაძე: ”ამასთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამაჩნია. ფაქტობრივად, ტელესივრცეში მიმდინარე ცვლილებები იმ საერთო სქემაში ჯდება, რომელიც თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის გათავისუფლება ძალიან სერიოზული პოლიტიკური სიმპტომია ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი მოვლენა. რაღაც ამის მსგავსს ნამდვილად ველოდი.
ჩვენ თუ მივყვებით იმ თეორიას, რომ სახელისუფლო გუნდში არის პრობლემები და ეს გუნდი გახლეჩილია ორ ბანაკად, ერთი ბანაკის ლიდერი არის ირაკლი ოქრუაშვილი, მეორისა - ვანო მერაბიშვილი, მაშინ ყველაფერი მარტივად აიხსნება. ეს თეორია ახლა შეიძლება ძალიან სქემატურად მოგვეჩვენოს, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება სიმართლე იყოს.
თავის დროზე ნიკა ტაბატაძე მოიყვანეს სწორედ იმისთვის, რომ მას დაემყარებინა ბალანსი სახელისუფლო გუნდის შიგნით. ეს პირადად ჩემი აზრია. ვთვლი, ნიკა ტაბატაძემ თავისი წილი საქმე გააკეთა ძალიან კარგად, მან მთელი 2 წლის მანძილზე მოახერხა, რომ პრაქტიკულად გადიოდა გაწონასწორებული ინფორმაცია, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე ვანო მერაბიშვილის საქმიანობის შესახებ. ორივეზე სიუჟეტები ძირითადად იყო დადებითი, მაგრამ ერთმანეთის საპირწონე.
ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, ნიკა ტაბატაძე ვიღაცამ გაათავისუფლა - ეს ბალანსი ”რუსთავი 2”-ში საჭირო აღარ არის.
- ანუ სასწორი ცალსახად ოქრუაშვილის სასარგებლოდ გადაიხარა?- რასაკვირველია... თუ გავითვალისწინებთ, რომ კანდიდატურა, რომელიც დასახელდა ნიკა ტაბატაძის შემცვლელად, პირდაპირ არის დაკავშირებული ოქრუაშვილის ბანაკთან, ცხადია, ბალანსი დაირღვა და ერთ-ერთმა მხარემ გავლენის უფრო მეტი სფერო აიღო. ეს ადამიანი, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილი.
- ე. ი. ნიკა ტაბატაძის წასვლა უკვე გადაწყვეტილია? ის ამ სამაუწყებლო ტელეკომპანიის აქციათა მფლობელიც იყო.- ეს არაფერს ნიშნავს. გენერალური დირექტორის შეცვლა არხის მფლობელს შეუძლია - ამ შემთხვევაში ქიბერ ხალვაშს, რომელიც ოქრუაშვილის მეგობარია. არ ვიცი, რა მოხდება ამ ორ დღეში. აშკარაა, ნიკა თუ წავა, მას მიჰყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოჰქონდათ ყოველთვის ექსკლუზიური მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მათ მიანიშნებენ, ან თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ან ეტყვიან, რომ მათი ადგილი იქ აღარ არის. საერთოდ, ვფიქრობ, რაც ახლა ”რუსთავი 2”-ში ხდება, ქიბერ ხალვაშს არ უნდა მოსწონდეს. ის ბიზნესმენია და მისთვის ხელსაყრელი არ არის რომელიმე სახელისუფლო გუნდთან დაპირისპირება.
ამიტომ ვვარაუდობ, ტელევიზიის თანამშრომელთა ერთგვარი პროტესტი, პირველ რიგში, ქიბერ ხალვაშს აძლევდა ხელს.
- ტაბატაძის შემცვლელად დასახელდა დავარაშვილი. ის იყო სარეკლამო საგენტო ”სარკის” ხელმძღვანელი და როგორც ამბობენ, უშუალოდ გიორგი არველაძისაგან ხელდასმული პირი. დარწმუნებული ხართ, რომ არსებულ დაპირისპირებაში არველაძე და ოქრუაშვილი ერთად იქნებიან?- არველაძე ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. ის ყოველთვის ირაკლი ოქრუაშვილის მხარეს თამაშობდა.
- ნიკა ტაბატაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს უშუალოდ პრეზიდენტსაც. ნუთუ ეს ფაქტორი გავლენას არ იქონიებს ამ მოვლენაზე და ტაბატაძეს მაინც გაუშვებენ?- ნიკა ტაბატაძეს თუ გაუშვებენ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრეზიდენტის თანხმობით მოხდა.
- ე. ი. მერაბიშვილის გაწირვასაც უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში სააკაშვილის მხრიდან?- არა, ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მერაბიშვილს არავინ გაწირავს. არავის აძლევს ხელს, პრეზიდენტის ქვეშ მყოფი რომელიმე ფიგურა გაძლიერდეს უსაზღვროდ. მოდით, მთლიან სატელევიზიო სივრცესაც შევხედოთ.
აქ არის 4 სერიოზულად მოთამაშე ტელევიზია. ეს არის საზოგადოებრივი არხი, ”რუსთავი 2”, ”მზე” და ”იმედი”. ნიკა ტაბატაძე თუ წავა პოსტიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს არხი შეეცდება, ირაკლი ოქრუაშვილის სასარგებლოდ ითამაშოს. იგივეს გააკეთებს ”იმედიც”, რომელიც სერიოზულად არის დაკავებული ვანო მერაბიშვილის კრიტიკით. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია ”მზე” იქნება ის ორი ტელევიზია, რომელიც შეეცდება, ვანო მერაბიშვილის გუნდის ინტერესები უფრო ფარულად და დაბალანსებულად დაიცვას. ე. ი. ფაქტობრივად სატელევიზიო სივრცე ორადაა გაყოფილი. ეს არ არის თანაბარი ომი ჯერჯერობით.
- ახალი პროექტების განხორციელება ”მზეზე” იგეგმებოდა, მაგრამ ვერ განხორციელდა. გენერალური დირექტორი აქაც შეიცვალა, თუმცა ამას ხმაური არ მოჰყოლია.- ”მზეზე” მივიდა ადამიანი, რომელიც წამოიყვანეს ”ალანიადან”. ”ალანია” ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებაშია, მგონი, ეს საეჭვო და საკითხავი ამბავი არ არის. ფაქტობრივად, ვანო მერაბიშვილმა მოახერხა ის, რომ ქიბერ ხალვაშის ტელევიზიაში მიიყვანა თავისი კადრი ალეკო ფარულავას სახით. ეს უკანასკნელი ”ალანიაში” მუშაობდა და იქ გენერალური დირექტორიც იყო, თუ არ ვცდები. იგი ახლა ”მზეშია”. პრაქტიკულად, ქიბერ ხალვაშს უთხრეს, ”მოდი, ჩემო კარგო და შენი ჯიბიდან არჩინე, როგორც ”რუსთავი 2”, ასევე ”მზე”. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამის შემდეგ.
- საინტერესოა ნიუს-კორპის შემოსვლაც ქართულ ტელე-სივრცეში. ეს გამოიწვევს თუ არა ”იმედის” დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას? რამდენად შესაძლოა, ამან კონკურენტ არხებზეც მოახდინოს გავლენა და თამაშის ახალი წესები დაამკვიდროს?- ნიუს კორპის საქმიანობას დაწვრილებით უნდა ვიცნობდე, რომ ახლა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი გაგცეთ. მინახავს დოკუმენტური ფილმი ფოქს-ნიუსის შესახებ. მასში იყო ნაჩვენები, როგორი დაუბალანსებელი ინფორმაცია გადიოდა ფოქს ნიუსში. ეს არის ტელევიზია, რომელიც თავს აძლევს უფლებას, დაარღვიოს ყველანაირი სტანდარტი, რაც კი არსებობს ჟურნალისტიკაში. ამიტომ კორპის შემოსვლა ”იმედში” არ არის იმის გარანტი, რომ იგი გახდება უფრო მეტად სტანდარტების დამცველი, ვიდრე იყო აქამდე ან რაიმე განსაკუთრებული შეიცვლება ამ ტელევიზიაში.
მერდოკი როდესაც დათანხმდა, შემოსულიყო საქართველოში, ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, იყო შემდეგი შინაარსის: ეს მოხერხდა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდებაო. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ფაქტობრივად, ყველამ რევერანსი პრეზიდენტის მიმართ გააკეთა.
რას მოიტანს ეს მომავალში, მეტ დამოუკიდებლობას თუ მეტ სიახლოვეს ხელისუფლებასთან, ჩემთვის ახლა ძნელი სათქმელია. მე როდესაც ვამბობდი ფოქს-ნიუსის დაუბალანსებელ საინფორმაციო პოლიტიკაზე, ეს სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ მერდოკი არის ადამიანი, რომელსაც გარკვეულ პოლიტიკურ ბანაკში თამაში შეუძლია. იგი ”რესპუბლიკელებს” მხარს უჭერდა იმ პერიოდში, როდესაც ეს ფილმი გადაიღეს. დღეს ამბობენ, რომ ჰილარი კლინტონს შეიძლება დაუჭიროს მხარი, ასევე ”დემოკრატებს”. ანუ ძალიან ძნელია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ რა იქნება ”იმედში”. არც ის გამოვრიცხოთ, რომ იგი ხელისუფლებას უფრო დაუახლოვდეს.
- როგორ ფიქრობთ, ტელევიზიების ასე დაყოფა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რა პერსპექტივას უქადის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას?- ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ორ გუნდს, ახლა მოემსახურებიან ერთ გუნდს. რა არის ამაში კარგი ან ცუდი? ჩემი აზრით, რაც ხდება დღეს სატელევიზიო სივრცეში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, უბრალოდ, ქართული ჟურნალისტიკა ღრმა კრიზისშია.
http://www.akhaliversia.com/cgi-bin/n_vers..._statia&id=5780