100%
ამის პატრონები შადრევნებში არ უნდა ხარჯავდნენ ფულს
“ოღონდ შვილი გადამირჩეს”
ამბობენ, ბავშვის ცრემლი დედამიწას გადასწონისო, სიცოცხლე - მით უმეტეს. თქვენ არ იცით, სამი თვის ანა ხუციშვილი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვის... ცხვირში - ზონდით, ხორხში - ზონდით, თვალებში - ტანჯვით. ექიმებმა, - ალბათ, გეჩვენებათო, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თვალებით შველა ანამ მეც მთხოვა.
რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
ჩვენ რომ ეს აპარატურა გვქონოდა, ანა გაგიღიმებდათ, თითზე ჩაგებღაუჭებოდათ და “თავის ენაზე” დაგელაპარაკებოდათ. ახლა კი მხოლოდ მის თვალებს შეუძლია საუბარი. გოგონა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებით შეიძლება გადარჩეს. ჩვენგან განსხვავებით იქ საჭირო აპარატურა აქვთ, მაგრამ ოპერაცია გვიანდება და ბავშვის გადარჩენის შანსი იკლებს.
ის, რასაც ანა დაბადებიდან უძლებს, არ იზომება. გაზომვა მხოლოდ იმ ჟანგბადის რაოდენობით შეიძლება, რომელსაც პატარას ცხვირსა და ხორხში ჩადგმული ზონდით აწვდიან. პატარა ისე ახველებს, რომ მნახველს შესაძლოა, გული გაუსკდეს. თუმცაღა ეს ხველა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვს დაბადებიდანვე ხორხში ჩადგმულმა მილმა დამართა. უცხო სხეულმა გოგონას საყლაპავი მილი დაუზიანა. სუნთქვის უკმარისობამ კი ცენტრალური ნერვული სისტემა მოუშალა და სისხლჩაქცევები განუვითარა... მილის მოსაშორებლად ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთი ოპერაცია ჩაეტარებინათ და ყელსქვემოთა ხორხის მიმდებარე ნაწილი გაეკვეთათ. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ანას დედამ აიღო...
- როცა ექიმებმა მითხრეს, ბავშვს დაკარგავ, ამდენ ხანს პირში ჩადგმულ აპარატურას ვერ გაუძლებსო, დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ჩემს შვილს ამისთვის ვეღარ გაეძლო, მაგრამ ვეღარც მილს უძლებდა... ახლა თორმეტი დღეა, სასუნთქი ზონდი გარედან ჩადის ჭრილობაში და თუ ამას სუნთქვა ჰქვია, თავისით სუნთქავს. რაიმე რომ დაემართოს, რა მეშველება. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩეს...
თბილისში დიაგნოსტირების საშუალება კი არის, მაგრამ ოპერაციები არ კეთდება... სხვა საშველი არ მაქვს, უცხოეთში უნდა წავიყვანო. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, მაგრამ ამას ფული უნდა. ერთმა გერმანულმა კლინიკამ 150.000 ევრო მოგვთხოვა(!). გამწარებულმა ყველა შევაწუხე, - უცნობი და ნაცნობი, ტელევიზია,
პრეზიდენტმაც კი იცის, რაც მჭირს. მის ადმინისტრაციაში მითხრეს, - 15.000 ევროს გადმოგირიცხავთო... ჩვენს ქვეყანაში ეს რომ პატარა ფული არ არის, ვიცი, მაგრამ ჩემს შვილს რომ არ ჰყოფნის? არადა, როდემდე გაუძლებს? ზოგჯერ ვფიქრობ, ან გავგიჟდები, ან მოვკვდები-მეთქი. ხომ თან ჰყვებიან ექიმები, მაგრამ აუტანელ სიცხეებში ნასიცხარი ლაქები გაუჩნდა. თანაც თავზე რომ ვადგავარ, სულ ასე მგონია, თვალებით შველას მთხოვს... და ვერ ვშველი.
დავით ფულარია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: - ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემგზავროს უცხოეთში. უცხო სხეულით ამდენ ხანს სუნთქვამ შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განუვითაროს. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. დღემდე პატარას სიცოცხლეს ექიმები და დედამისი ბრძოლით ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე, ალბათ, ამას ვეღარ შევძლებთ... კლინიკასაც ვეძებთ, რომელიც შედარებით იაფად დათანხმდება ოპერაციაზე... სხვა ჩვენ, სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია...
P.S. არაერთხელ გვითხოვია დახმარება ისედაც გაწამებული და გაუსაძლისი ყოფით დამძიმებული ჩვენი მკითხველისთვის... მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი არსებობა გავამართლოთ და თან დატანჯული ჩვილის თვალები არ დაგვყვებოდნენ, კიდევ ერთხელ (და მეათასედაც!) სხვისი ტკივილი უნდა გავინაწილოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის 442 334 ჯეოსელის - 700 439); ზოგმა - მეტითაც. პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...
ეთერ ერაძე
http://kvirispalitra.ge/palitra/htm/dedatbilisi.htm
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/