ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
* * *
ლადო ასათიანი
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ჩვენ გაგვიმარჯოს ქართველებო!...