სპორტიროცა ტფილისი გახდა თბილისი: გავიხსენოთ - ზუსტად 70 წლის წინათ, 1936 წელს ტფილისს სახელი შეუცვალესადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს ისტორიაზე საუბარი, მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლით, თბილისელთათვის და არა მხოლოდ მათთვის, თბილისის ისტორიის ერთი, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტის შეხსენებას. ზუსტად 70 წლის წინათ, 1936 წლის 20 სექტემბერს, ქართულ გამოცემებში გამოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების განკარგულება საქართველოსა და სომხეთის რამდენიმე ქალაქის სახელწოდების ცვლილების შესახებ. ამ განკარგულების მიხედვით ტფილისი ქართულად თბილისად გადაკეთდა, უცხოურად და მათ შორის, რუსულად "ტიფლისჯ" - "ტბილისი" გახდა.
როგორც ირკვევა, ამ ფაქტს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოუწვევია. თბილისელთა დიდ ნაწილს არ სურდა ოდითგანვე ტიფლისად სახელრქმეული ქალაქის ახალ სახელთან შეგუება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდს - 1936-37 წლებს, ადვილი გასაგებია, რომ ამ პროტესტს სერიოზული სახე ვერ ექნებოდა. ამ თემაზე წერა პირადად ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე ნათელ წარმოდგენას საქართველოს დედაქალაქის ეტიმოლოგიისა და ტფილისის გათბილისების თაობაზე აკაკი შანიძის ერთი სტატია შეგიქმნით. ეს სტატია 1958 წელს გამოქვეყნებულ თბილისის დედაქალაქობის 1500 წლის საიუბილეო გამოცემაში დაიბეჭდა. ამ სტატიას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:
აკაკი შანიძე - საქართველოს დედაქალაქის სახელწოდებისათვის
"თბილისის დღევანდელი სახელია ქალაქისა, ძველად მისი სახელი იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა იგი დამოწმებული, მაგ. ევსტათი მცხეთელისა და აბო ტფილელის წამების წიგნებში. "ქართლის მოქცევის" წიგნში, რომლის უძველესი ტექსტი ცნობილ შატბერდის კრებულშია დაცული (გადაწერილია მე-10 საუკუნეში), ტფილისი უპირისპირდება ძველ სატახტო ქალაქს - მცხეთას. თბილისი ანუ ტფილისი რომ ძველი წყაროების (გოგირდის წყაროების) გამო არის დარქმეული, ეს აზრი ადვილი მისახვედრია და უთუოდ ძალიან ძველიცაა, მაგრამ წერილობითი დადასტურება ამისი შედარებით გვიანი ხანისა მოიპოვება. 135 წლის წინათ (1823 წელს) ჟ. კლაპროთი აღნიშნავდა, რომ ამ ქალაქს სახელი თბილი წყლებიდან დაერქვაო. ამავე აზრს იმეორებს პლატონ იოსელიანიც. ცოტაა საქართველოში გეოგრაფიული სახელები, რომელთაც ისეთივე ცხადი ეტიმოლოგია ჰქონდეთ, როგორიცაა თბილისის, რომელსაც ძველად, როგორც აღვნიშნეთ, ტფილისი ერქვა. ტფილი, რომელიც საფუძვლად უძევს ჩვენი დედაქალაქის სახელს, ძირეული სიტყვაა, რომელსაც შესატყვისები მოეპოვება ჭანურ-მეგრულსა და სვანურში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელ ენებზე და აქედან გავრცელდა მთელ დედამიწაზე. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ სომხური ძველი გამოთქმით "ტგფლის" მერმინდელი გამოთქმით (მე-12-ე საუკუნიდან მაინც) "ტგფღის", რომელიც ზოგჯერ ასიმილაციის გზით "ტფხის" იძლევა. ბერძნული (ბიზანტიური ხანიდან) - "ტიფლის". ასევე ჟღერს თბილისის სახელი არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებზე. რუსული "ტიფლის". არაბულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული "ეშადშთ".
რუსული ფორმა "ტიფლის" დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდგენისა, დამტკიცებულ იქნა ახალი ფორმები საქართველოს რამდენიმე ქალაქის სახელისა (მათ შორის თბილისისაც) და სომხეთის დედაქალაქის სახელისა. ეს ახალი ფორმები უფრო ახლოს დგას ქართულ და სომხუთრ გამოთქმებთან, ვიდრე წინანდელები. ეს დადგენილება გამოქვეყნდა "ივესტიჭ"-ში 1936 წლის 22 აგვისტოს ნომერში და გადმობეჭდილ იქნა ქართულად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებულში, ნომერ 46, 1936 წ. სექტემბრის 20-ს. რუსული ფორმა "ტიფლისი", რომელიც გადმოგვცემს ქართული სიტყვის ახალი ფორმის სახელობით ფორმას, თანდათანობით განმტკიცდა და საყოველთაოდ იქცა რუსულ წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებსა და ყოველგვარ ოფიციალურ დოკუმენტებში.
რაც შეეხება ქართულ სახელწოდებას, ძველებური ფორმის ხმარებას (ტფილისისას) კიდევ განაგრძობდნენ ერთხანს, მაგრამ იყო კამათი: ზოგი მოითხოვდა, დარჩენილიყო ტფილისი, ზოგი კი თბილისს უჭერდა მხარს. კერძოდ, მეც მომიხდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე სპეციალურად შევხებოდი ამ საკითხს, მოვითხოვდი, რომ, რაკი ამჟამად ითქმის და იწერება თბილი (და არა ტფილი), ამიტომ ქალაქის სახელიც თბილისი უნდა იყოს და არა ტფილისი-მეთქი.
ახალმა ფორმამ (თანით: თბილისი) საბოლოოდ 1937 წლიდან მოიკიდა ფეხი".
დასასრულ, აღვნიშნავ, რომ დღეისათვის თბილისის ქუჩებში შეხვდებით დღემდე შემორჩენილ ერთადერთ დასტურს თბილისის ტფილისობისას - რკინის ხუფებს წარწერით "ტფილისის წყალსადენი". სამწუხაროდ, ჯართზე მონადირეთა წყალობით ამ ხუფების რაოდენობა ქალაქში სულ უფრო მცირდება. იმასაც გეტყვით, რომ ტფილისის გათბილისებასთან დაკავშირებით კავშირი "ტფილისის ჰამქარი" 20 სექტემბერს, შუადღისით პარლამენტის შენობის წინ საინფორმაციო შეკრებას გამართავს. მსურველებს შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ.
გვახსოვდეს და პატივი ვცეთ საქართველოს დედაქალაქის წარსულს.
პატივისცემით - რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი კავშირ "ტფილისის ჰამქრის" უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი This post has been edited by Geronti on 28 Sep 2006, 14:52