ომი, რომელიც ქართველებს არ მოგვაგებინეს
შეტევაზე ნებით თუ წავიდოდით, თორემ ზემოდან ასეთი ბრძანება არასოდეს მიგვიღია
ხალხი დააჯერეს, ომი დამთავრდა და ნურაფრის გეშინიათო
წაგებული ომები ჩვენს ისტორიაში კი მოიძებნება, მაგრამ რაც აფხაზეთში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ აფხაზეთში ქართველებს არ წაუგიათ არც ერთი მნიშვნელოვანი პოზიციური ბრძოლა, ვიდრე მთავარსარდლობამ განიარაღების ბრძანება არ გასცა. ამის შემდეგ დაეცა სოხუმი. სულ მალე უბრძოლველად დათმეს ოჩამჩირეც. მაშინ, როცა იქ 30 ათასი(?) ქართველი მებრძოლი იყო თავმოყრილი.
- ზურგი საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ მაინც არ წავაგებდით ომს, შევარდნაძეს ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არ მიეღო. თავად განსაჯეთ: სოხუმის დაკარგვამდე იყო 1992 წლის ოქტომბრის დესანტი, მერე 5 იანვრის, 15-16 იანვრის შემოტევა, მერე 2 ივლისის ბრძოლა. ყველა ეს ბრძოლა აფხაზებმა წააგეს, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ, - იხსენებს აფხაზეთის ვეტერანთა სამმართველოს უფროსი ჯანრი უბირია, რომელიც ომის დროს 244-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო, - ომში სად იყო იმის დრო, მარცხის მიზეზები გაგვეანალიზებინა. მერე და მერე, ის მოვლენები რომ გავიხსენე, უფრო გაადვილდა დასკვნის გაკეთება. ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ერთიანი ხელმძღვანელობა არ ჰყავდა ქართულ არმიას. ცალკეულ დაჯგუფებად იყო დაშლილი და მათი მეთაურები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. გია ყარყარაშვილთან პრეტენზია არ გვაქვს, მეომარი კაცია და ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ მას მხოლოდ თავისი ბიჭები ემორჩილებოდნენ. ცალკე იყვნენ ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობდნენ. ეს ხერხემალს აცლიდა არმიის აგებულებას. ცხადია, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფხაზეთის დაკარგვაში. ზურგში ლახვრის ჩაცემის ტოლფასი იყო ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი განიარაღება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თავ-თავის საცხოვრებელს დაუბრუნეს გახიზნული მოსახლეობა. აღდგა სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. პირდაპირი მითითებაც იყო: ვინც არ გამოცხადდებოდა სასწავლებელში, უნდა გაერიცხათ, ვინც სამსახურში არ მივიდოდა, მოხსნიდნენ. ასე რომ, ხალხი დააჯერეს, ომი დამთავრდა და ნურაფრის გეშინიათო. გამოდის, სამსხვერპლოდ ამზადებდნენ ხალხს. ისიც მახსოვს, სამხედროფორმიანსა და იარაღიანს თუ დაინახავდნენ, შეეძლოთ, დაეჭირათ, - სამშვიდობო ხელშეკრულებას რატომ არღვევ, ომი პრაქტიკულად დამთავრებულიაო. როგორ შეიძლებოდა ამ ანკესზე წამოგება, როცა წინ გაგრის მაგალითი გვქონდა...
- როგორ ფიქრობთ, სოჭის ხელშეკრულების ხელმოწერისას შევარდნაძე მოატყუეს?
- არა მგონია, შევარდნაძის მოტყუება ასე ადვილი ყოფილიყო. ის საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ბრძანდებოდა, კრემლის სამზარეულოში კარგად ჩახედული.
- მაშ თქვენ როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?
- ვფიქრობ, ის ხელისუფლების შენარჩუნებაზე უფრო ზრუნავდა. ეტყობა, მაშინ მყარად ვერ გრძნობდა თავს, ვერ გაართვა თავი ხელმძღვანელობასა და საჯარისო ფორმირებების მოზღვავებულ ამბიციებს. ერთი რამ ვერ გამიგია: გაგრის დაცემის შემდეგ რატომ მოეწერა ხელი ანალოგიურ ხელშეკრულებას? კაცისთვის, რომელიც კარგად იცნობდა კრემლის ხრიკებს, მოვლენათა მსგავსი განვითარება მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო; უნდა სცოდნოდა, რომ რუსეთი მხოლოდ ამას არ დასჯერდებოდა. შევარდნაძემ ისიც იცოდა, ჩვენგან განსხვავებით, აფხაზებს ტექნიკა რომ არ გაუტანიათ.
- სოხუმის დაცემის ბოლო დღეებში რა ხდებოდა ოჩამჩირეში?
- ბრძოლები განახლდა 1993 წლის 16 სექტემბერს, ღამის ორ საათზე აფხაზებმა აიღეს სოფელი ცაგერა და იქ სცადეს თავიანთი პოზიციის შენარჩუნება. ეს მოულოდნელი იყო, რადგანაც არავინ ელოდა ომის განახლებას. სრული ქაოსი იყო. ამით აფხაზებმა სოხუმი მოსწყვიტეს ოჩამჩირეს. ცაგერის გათავისუფლება სეპარატისტებისაგან ჩვენს ბატალიონს დაავალეს. ეს ამოცანა სწრაფად შევასრულეთ და ცაგერა ავიღეთ. ჩვენ გარდა მაშინ იქ იყვნენ გუჯარ ყურაშვილისა და თენგიზ კიტოვანის შენაერთები. გადაწყდა, გზა გაგვეგრძელებინა სოხუმისკენ და მთელი ფრონტი ერთ ხაზზე გაგვესწორებინა. როცა ჩვენმა ბატალიონმა სოხუმისკენ დაიწყო სვლა, გუჯარ ყურაშვილმა გვითხრა: თქვენ ცაგერა აიღეთ, ახლა დაისვენეთ და გზას ჩვენ გავაგრძელებთო. გეგმა ასეთი იყო: ქობალიას ხალხს უნდა შეეტია მარჯვენა მხრიდან, ხოლო სანაპიროს მხრიდან ყურაშვილი წასულიყო. შეტევაში მონაწილეობა უნდა მიეღო ჩვენი ბატალიონის 500 კაცს. ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად, მხოლოდ ჩვენ გადავედით შეტევაზე, ხოლო კიტოვანისა და ყურაშვილის შენაერთები, ნაცვლად იმისა, სოხუმისკენ წასულიყვნენ, უკან, აჩიგვარაში დაბრუნდნენ და პოზიციები დათმეს. ცხადია, აღარც ქობალია გადასულა შეტევაზე. ჩვენ 32 ბიჭი დაგვრჩა ალყაში ფოქვეშთან, ძლივს დააღწიეს თავი.
- მიზეზი თუ იცით, რის გამოც სოხუმზე შეტევა არ დაიწყო?
- დღემდე არ ვიცი, რატომ ჩაშალეს მაშინ შეტევა. 3 ათას კაცს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ამ მანევრის ჩაშლამ ჯერ პოზიციები ხომ დაგვაკარგვინა, მერე პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში. როცა ხალხმა ნახა, რომ ამხელა შენაერთებმა დემონსტრაციულად დაიხიეს უკან, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ და მასობრივად დაიწყეს ოჩამჩირის დატოვება მაშინ, როცა ამის საშიშროება არ იყო და მისი შენარჩუნება შეიძლებოდა.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა ოჩამჩირის რეზერვით სოხუმის დაბრუნება?
- სოხუმი არც უნდა გაგვეხადა დასაბრუნებელ ქალაქად. შევარდნაძემ ერთხელ გვითხრა, იმიტომ მოვაწერე ხელი სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომ ავტოკალმის მეტი არაფერი მქონდაო, ანუ შეიარაღება არ გვაქვსო. თავს იმართლებდა, რადგან ბევრი სთხოვდა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე არ მოეწერა ხელი. ცხონებულმა გენო ადამიამ პირდაპირ უთხრა: არ მოაწერო ხელი, ეს ღალატი იქნებაო, მაგრამ ბოლოს შევარდნაძემ ყველა აიძულა ისე მოქცეულიყვნენ, როგორც თვითონ სურდა. იმ დროს, როცა პრეზიდენტი და მისი გარემოცვა სხვა აზრზე იყვნენ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვერავინ გაბედა. შემდეგ კი შევარდნაძემ აქეთ შეგვახოცა ხელი.
- რას გულისხმობთ?
- 2001 წლის 16 მარტს სპორტის სასახლეში შეკრებისას ვთქვი, რომ აფხაზეთში ჩვენი დამარცხება არასწორმა პოლიტიკამ და იმ ხელშეკრულებამ განაპირობა. მაშინ შევარდნაძე იქ იყო და ჩემი სიტყვები ძალიან არ მოეწონა. არადა, ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რადგან პრეზიდენტი ცდილობდა, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩვენთვის დაებრალებინა. ყოველთვის ამბობდა, სოხუმი ბრძანების გარეშე მიატოვესო. ის კი აღარ ახსოვს, რომ როცა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ოფიციალურად არც ერთი სამხედრო შენაერთი აღარ არსებობდა. ასე რომ, ვის გულისხმობს, როცა ამბობს, სოხუმი მიატოვესო, გაუგებარია. მას მეომრებისთვის კი არ უნდა შეეწმინდა ხელი, უნდა ეღიარებინა, რომ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ წააგო ომი და არა - ჯარისკაცმა. 1993 წლის 15-16 მარტი გავიხსენოთ. ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა რუსეთის დუმაში განაცხადა, დღეს თუ ხვალ სოხუმი აფხაზების ქალაქი იქნებაო და ამას დიდი შემოტევა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, რუსები მაშინ არათუ მოვიგერიეთ, არამედ იქით შეიძლებოდა შეტევაზე გადასვლა, მაგრამ საამისო ბრძანება არავინ გასცა. ამ ბიჭებს აბრალებს შევარდნაძე, სოხუმი მიატოვესო? საინტერესო იცით, რა არის? ყოველთვის ვიღაცის შემოტევის მოგერიება გვიწევდა. ჩვენ შეტევაზე ნებით თუ წავიდოდით, თორემ ზემოდან ასეთი ბრძანება არასოდეს მიგვიღია. პირადად მე ერთი და იგივე პოზიცია სამ-ოთხჯერაც კი მაქვს აღებული. მაგალითად, სოფელი ლაბრა რამდენჯერმე ავიღეთ. ტამიში, ლაბრა, ცაგერა სტრატეგიული ობიექტები იყო. ვინც ამ დასახლებულ პუნქტებს ფლობდა, სოხუმის მისადგომებს აკონტროლებდა. ლაბრა რომ ავიღეთ, შტაბიდან გვიბრძანეს, სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობა და გამოდით, ჩვენმა ავიაციამ უნდა დაბომბოსო(?!). ვეუბნებოდი, რად უნდა დაბომბვა, ისედაც აღებული გვაქვს-მეთქი. ვინ გიჯერებდა, ბრძანება ასეთიაო.
ასეთი კურიოზებიც ხდებოდა. 1992 წლის ნოემბერში არ გაგვაფრთხილეს და ბომბები დაგვაყარეს თავზე. კიდევ კარგი, წყალში ჩაცვივდა და მსხვერპლი არ მოჰყვა. ასეთ პირობებში როგორ შეიძლებოდა ომის მოგება? არ არსებობდა ერთი ხელმძღვანელი, ვინც საომარ მოქმედებებს დაგეგმავდა. იქ ყველა თავისკენ ექაჩებოდა. კიტოვანი და ყურაშვილი ერთმანეთთან შეიძლება კარგად იყვნენ, მაგრამ ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ.
- ლოთი ქობალია რას აკეთებდა?
- როცა მოლაპარაკება შედგა და ლოთის ბიჭები გადმოვიდნენ ოჩამჩირეში, ერთმანეთს ზარ-ზეიმით შევხვდით. მაშინ ითქვა, რომ დაპირისპირება გვერდზე უნდა გადაგვედო და საერთო მტრის წინააღმდეგ გვებრძოლა.
ეს უბრალო აღტყინება არ იყო, ბევრი ფიქრობდა ასე. ქობალიას ბიჭებიდან ბევრი იბრძოდა ბოლომდე. ქობალიას ზუგდიდში დაბრუნებაც პოლიტიკას უკავშირდება, ანუ გაერთიანება, ფაქტობრივად, არ მოხდა. მიუხედავად ამისა, არავინ ელოდა ოჩამჩირის დაკარგვას. თუმცა ხელმძღვანელობამ, ეტყობა, იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ, როცა ომი განახლდა, მაშინ ხომ მაინც შეიძლებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა. ამას მაინც არ სჭირდებოდა დიდი პოლიტიკოსობა, მაგრამ მეომრებიც მიგვატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობაც.
- თქვენი აზრით, აფხაზეთის დაკარგვა თავიდანვე დაგეგმილი იყო?
- აფხაზების წართმევა რუსებს ჯერ კიდევ 1989 წელს უნდოდათ, მაგრამ მაშინ ქვეყანა ერთიანი იყო. მახსოვს, პირველი პროვოკაცია რომ მოხდა, ოჩამჩირის შემოსასვლელთან, ღალიძგაზე, იდგა მთელი საქართველო. ტრასის 14 კილომეტრი ხალხით იყო სავსე. მაშინ რუსებმა ნახეს, რომ ასეთ სიტუაციაში შეუძლებელი იყო რაიმე სახეიროს ნახვა და სხვა გზას დაადგნენ. ქვეყანა შევარდნაძისტებად და ზვიადისტებად გაყვეს. ამისათვის ძალიან მცირე დრო დასჭირდათ, - სულ რაღაც სამი წელიწადი. მანამდე კი მათთვის გაუთვალისწინებელი რომ არაფერი მომხდარიყო, მოსახლეობიდან იარაღი ამოიღეს. ამაში მაშინდელმა შსს-მ შეიტანა დიდი წვლილი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მარტო ქართველებს ჩამოართვეს იარაღი, აფხაზებს კი ვერც გაუბედეს. სატირალი ის არის, რომ მერე მთელი ის იარაღი აფხაზების ხელში აღმოჩნდა: ერთ მშვენიერ დღეს გატეხეს ბანკი, სადაც იარაღი ინახებოდა და სწორედ ეს იარაღი გამოიყენეს ქართველების წინააღმდეგ. მოკლედ, ეს ომი როგორი “სტრატეგიითაც” დავიწყეთ, ისეთივეთი დავამთავრეთ. ამიტომ უკეთესი შედეგი, ალბათ, არც იყო მოსალოდნელი.
P. S. როგორც ირკვევა, აფხაზეთის დაკარგვაში რუსებზე არანაკლები წვლილი ჩვენვე მიგვიძღვის. რატომ არ ჩამოყალიბდა არმია ერთიან სტრუქტურად ან რატომ აკეთებდა მთავარსარდლობა აქცენტს ფიქციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე? - ამ კითხვებზე სამომავლოდაც შევეცდებით პასუხის გაცემას, რათა მარცხის მიზეზები, ბოლოს და ბოლოს, შესწავლილ იქნეს და შეცდომები (თუ ღალატი) კვლავ აღარ განმეორდეს.
დავით დევიძე
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
მიმაგრებული სურათი