ეგ რომ მასე იყო. მაგის შესახებ კონფლიქტურ ზონებშიც [url=http://forum.ge/?showtopic=33668748&view=findpost&p=4210204]
დავპოსტე[/url] ადრე. აქაც დავდებ იგივე ტექსტს:
-------------------------------------------------------------
აფხაზეთი 1993 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიhttp://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...1&new_year=2006ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოხუმის ფილიალის სრული პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეწერილი II8 ივლისს სოხუმში ჩამოვიდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, რომელთაც თავდაცვის საბჭოში შეხვედრა ჰქონდათ. მათ შეხვდა, აგრეთვე, სოხუმში მყოფი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ
ყოველივე ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო. სეპარატისტთა ფორმირებები, რუსეთის სამხედრო სტრუქტურების აქტიური მხარდაჭერით, აგრძელებდნენ შეტევას სოფ. შრომის მიმართულებით და თანდათანობით სულ უფრო უახლოვდებოდნენ სოხუმს. ქართულმა მხარემ ამჯერადაც ვერ შეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და იძულებული გახდა, კვლავ გაეაქტიურებინა სამშვიდობო დიალოგი. ასეთ ვითარებაში, აფხაზეთში საჭირო შეიქმნა ახალი ლიდერი, რომელთანაც როგორც აფხაზები, ისე რუსებიც მეტი ენთუზიაზმით მიუსხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ამიტომ თბილისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პოსტებიდან თამაზ ნადარეიშვილის განთავისუფლებისა და ამ თანამდებობებზე საქართველოს პარლამენტის წევრის ჟიული შარტავას დანიშვნის შესახებ.
შარტავა საკმაოდ აქტიურად შეუდგა თავის მოღვაწეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ სამხედრო ვითარების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, ივლისის ბოლოსათვის მდგომარეობა გუმისთის მიმართულებით ქართული მხარისათვის კიდევ უფრო დამძიმდა. გაჩნდა სოხუმის დაკარგვის რეალური საფრთხე. ასეთ ვითარებაში, ჟ. შარტავას ხელმძღვანელობით სოხუმში შედგა თავდაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე, ეროვნული ერთიანობის საბჭოს წევრები (მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორიც). ა. ცქიტიშვილმა, II საარმიო კორპუსის მეთაურმა, გენერალმა ზაურ უჩაძემ, აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, გენ. იური კეშელავამ, სხვა კომპეტენტურმა პირებმა ფრონტებზე (განსაკუთრებით, გუმისთის მიმართულებით) შექმნილი მდგომარეობა შეაფასეს, როგორც უკიდურესად მძიმე და ერთადერთ გამოსავლად "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმების ხელის მოწერა მიიჩნიეს. ამ მოსაზრების წინააღმდეგ სხდომის არც ერთი მონაწილე (მათ შორის, ეროვნული ერთიანობის საბჭოს ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბორის კაკუბავაც) არ გამოსულა. ასე, სამხედროების, პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა თანხმობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 1993 წლის 27 ივლისის ყბადაღებული სოჭის შეთანხმების "აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვისადმი კოტროლის მექნიზმის შესახებ" ხელმოწერის თაობაზე.
ამ შეთანხმებით, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უნდა შეეჩერებინათ საომარი მოქმედებები 1993 წლის 28 ივლისის 12 საათიდან; კონფლიქტის ზონაში იკრძალებოდა დამატებითი ჯარებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა, ჯარებისა და სხვა ფორმირებების მობილიზაცია და შეუთანხმებელი გადაადგილება, იარაღისა და საბრძოლო მასალების შეტანა და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა. 29 ივლისიდან უნდა დაეწყო ფუნქციონირება ქართულ-აფხაზურ-რუსულ დროებით მაკონტროლებელ ჯგუფებს (3-9 კაცის მონაწილეობით), რომელთაც მეთვალყურეობა უნდა გაეწიათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე. ისინი განთავსებული იქნებოდნენ სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ახალ ათონში, ტყვარჩელში, გაგრასა და გალში. 5 აგვისტომდე უნდა შეექმნათ აფხაზეთში ვითარების მოწესრიგების გაერთიანებული კომისია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წარმომადგენელთა და მეთვალყურეთა მონაწილეობით (რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ასსრ /1989-2001/. პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული. კრებულის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თ. დიასამიძე. თბ., 2002, გვ. 294).
შეთანხმების მე-6 პუნქტის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო კონფლიქტის ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია. ამავე დროს, კონფლიქტის ზონაში დაუყოვნებლივ უნდა შემოსულიყვნენ "საერთაშორისო დამკვირვებლები და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 10-15 დღის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიიდან" უნდა გასულიყვნენ "საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები. ამავე ვადებში" უნდა დაეშალათ და აფხაზეთის ტერიტორია უნდა დაეტოვებინა კონფლიქტის ზონაში მყოფ შეიარაღებულ ფორმირებებს, ჯგუფებსა და პირებს. აფხაზეთის მხარის შეიარაღებული ფორმირებები უნდა შესულიყვნენ შინაგანი ჯარების პოლკში (აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში.., გვ. 231).
"მაგისტრალური გზების, მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შემაჯამებელი დოკუმენტის შესაბამისად, კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მოსახლეობისაგან" უნდა შექმნილიყო ქართული მხარის "შინაგანი ჯარის ნაწილი", რომელიც ყაზარმაში დაბინავდებოდა. შემდეგ ეს ქვედანაყოფი შინაგანი ჯარების" აფხაზურ პოლკთან ერთად უნდა შესულიყო "აფხაზეთის მრავალეროვანი შინაგანი ჯარების შემადგენლობაში" (აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში.., გვ. 231). შეთანხმებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით განთავსებულ რუსეთის ჯარებს უნდა დაეცვათ მკაცრი ნეიტრალიტეტი. "მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტის შესაბამისად" მხარეებს უნდა შეექმნათ პირობები "აფხაზეთში ხელისუფლების კანონიერი ორგანოების ნორმალური" საქმიანობის განსაახლებლად. გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდითა და რუსეთის ხელშეწყობით დაუყოვნებლივ" უნდა განეგრძოთ მოლაპარაკება "აფხაზეთში კონფლიქტის სრული მასშტაბით მოწესრიგების შესახებ შეთანხმების მოსამზადებლად" (აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში.., გვ. 232).
სოჭის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ქართული მხარის სახელით, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ, აფხაზური მხარის სახელით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სოკრატ ჯინჯოლიამ, რუსეთის ფედერაციის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა. დაწყებული 1993 წლის ზაფხულიდან, დღემდე არ წყდება კამათი პოლიტიკოსებსა და ექსპერტ-სპეციალისტებს შორის ამ შეთანხმების დადების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნულ შეთანხმებას მიიჩნევს კაპიტულანტურად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ე. შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ თითქოს წინასწარგანზრახვით მოაწერა ხელი შეთანხმებას და ამით მოამზადა ნიადაგი აფხაზეთის ჩაბარებისათვის. ჩვენ, რასაკვირველია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო წასვლა ამგვარ ღალატზე. ყოველი შემთხვევისათვის, ასეთ შორსმიმავალ დასკვნას ძალზე სერიოზული, სათანადო დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული, არგუმენტაცია სჭირდება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვუხსნით პასუხისმგებლობას ე. შევარდნაძესა და მის გუნდს იმ კატასტროფული შედეგებისათვის, რაც მოყვა სოჭის შეთანხმებას. მაგრამ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულად ვუთვლით არა იმას, რომ მან მოაწერა ხელი წამგებიან დოკუმენტს (როგორც უკვე აღინიშნა, იმჟამად სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა), არამედ იმას, რომ მან ქვეყანა ამ იძულებითი ნაბიჯის გადადგმამდე მიიყვანა. რასაკვირველია, სოჭის შეთანხმება არ იყო იდეალური ქართული მხარისათვის, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის აბსოლუტურად წამგებიანი (თანაც, ისეთ უმძიმეს ვითარებაში, როგორიც შეიქმნა ივლისის მიწურულისათვის), მით უფრო მოღალატეობრივი დოკუმენტი იყო. მართალია, შეთანხმების მიხედვით ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს უნდა დაეტოვებინათ აფხაზეთის ტერიტორია და მომხდარიყო რეგიონის საერთო დემილიტარიზაცია, მაგრამ ქართულ მხარეს ეძლეოდა შინაგანი ჯარის შენაერთის ყოლის უფლება, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, უნდა გაერთიანებულიყო შინაგანი ჯარის აფხაზურ პოლკთან და მათ ერთად უნდა დაეცვათ მართლწესრიგი ავტონომიურ რესპუბლიკაში. ერთი შეხედვით, ამ თითქმის უტოპიური იდეის რეალიზაცია იმ პერიოდში ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ მხარეების კეთილი ნების შემთხვევაში მისი მთლიანად გამორიცხვაც არ შეიძლებოდა.
1993 წლის 28 ივლისიდან, მას მერე, რაც ამოქმედდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ერთი პერიოდი, კონფლიქტის ზონაში მართლაც დაისადგურა მშვიდობამ, თუმცა, დროდადრო, სეპარატისტები მაინც არღვევდნენ დაზავებას. დაიწყო მოლაპარაკებითი პროცესი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების ფორმატით. ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მართლაც შენარჩუნდებოდა, რაც ნამდვილად არ ეხატებოდათ გულზე ოპოზიციურ ძალებს საქართველოში. ჯერ კიდევ 27 ივლისს თბილისში დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მოაწყვეს მიტინგები, რომელზეც ღიად დაადანაშაულეს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში და საომარი მოქმედებების გაგრძელება მოითხოვეს.
შეიქმნა რამდენადმე კურიოზული სიტუაცია: ომის გაგრძელებას ითხოვდნენ ის ძალები, რომლებიც მანამდე (ტამიშის ოპერაციამდე მაინც, რომელშიც როგორც უკვე აღინიშნა, მონაწილეობა მიიღეს ზ. გამსახურდიას ერთგულმა ეროვნული გვარდიის ნაწილებმა) ერთნიშნად გამოდიოდნენ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგ და კატეგორიულად მოითხოვდნენ ქართული შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გამოყვანას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან. ზ. გამსახურდიას მომხრეები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. 28 ივლისს დამხობილი პრეზიდენტის მომხრე ეროვნული გვარდიის რაზმმა, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას მეთაურობით, სენაკი დაიკავა. პარალელურად, 28-29 ივლისს სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და შეუტიეს ქართულ პოზიციებს სოფ. ტამიშთან და გუმისთის მიმართულებით სოფ. ცუგუროვკასთან და შრომა-ახალშენთან.
ამასობაში, ქართული მხარე კეთილსინდისიერად ასრულებდა სოჭის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. დაიწყო ბატალიონების ეტაპობრივი დაშლა, ქუთაისში გადასასვლელად ემზადებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსის სარდლობა, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის (ტანკების, საბრძოლო მანქანების, საარტილერიო დანადგარების) გამოტანა. მაგრამ ქართული საზოგადოებრიობა, როგორც უკვე აღინიშნა, ვერაფრით ვერ ეგუებოდა ვ. არძინბას ხელისუფლების აღდგენას. სოხუმში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგიც კი გაიმართა, რომელმაც თავის რეზოლუციაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაეშვა ვ. არძინბასა და მისი გარემოცვის სოხუმში დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოებრიობის ეს აქცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს გუდაუთაში. სეპარატისტები კატეგორიულად მოითხოვდნენ სოჭის შეთანხმებით გათვალისწინებული "ხელისუფლების კანონიერი ორგანოების საქმიანობის" განახლებას.
1993 წლის 9 აგვისტოს ვ. არძინბამ, აშკარად მოსკოვის წაქეზებით, წერილი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბუტროს-ბუტროს გალის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს, რომელშიც დაადანაშაულა ქართული მხარე ნაკისრი ვალდებულებების ობსტრუქციაში და მოუწოდა მათ, უზრუნველეყოთ სოჭის შეთანხმების შესრულება. ამით სეპარატისტები და მათი მოსკოველი მფარველები ფაქტობრივად ამზადებდნენ იდეოლოგიურ ფონს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმების დასარღვევად. 24 აგვისტოს სეპარატისტების ლიდერი ვ. არძინბა მოსკოვს გაემგზავრა, სადაც შეხვდა ბ. ელცინს. სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ სეპარატისტები უკვე სოხუმზე ახალი შტურმის განხორციელებისათვის ემზადებოდნენ.
This post has been edited by Geronti on 15 Dec 2006, 19:14