”გაყინულ კონფლიქტებში ცუდს ვერაფერს ვხედავ”" სერგეი მარკედონოვის თქმით, ”სანაკოევის პროექტი” თბილისის მხრიდან საინტერესო პოლიტიკური სვლაა "
http://www.akhaliversia.com/cgi-bin/n_vers..._statia&id=6942
რუსეთ-საქართველოს შორის არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა მესამე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთში ანტიქართული კამპანია იმდენად დაუფარავად მიმდინარეობს, რომ მას კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი რუსი პოლიტოლოგებიც კი აპროტესტებენ, თუმცა არასდროს ავიწყდებათ იმის ხაზგასმა, რომ ეს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსი არაა. ფაქტია, რომ მოსკოვის კურსი არც ქართველების დევნა-შევიწროებაში ჩართული დამნაშავეების დასჯაა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ”ახალი ვერსია” რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგეს სერგეი მარკედონოვს ესაუბრა.
სერგეი მარკედონოვი: ”საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის სკოლებში ქართველი მოსწავლეები უნდა ვთვალოთ ან ქვეყნიდან ეთნიკური ქართველები გავაძევოთ. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა და ამის თაობაზე პრეზიდენტმა პუტინმაც განაცხადა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რადგან ეს ადამიანები რუსეთში ჩამოვიდნენ, ე.ი. აქ მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობებია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ არავის აქვს უფლება, მათ არჩევანს ანგარიში არ გაუწიოს და რუსეთიდან გაყაროს, თან ყოვლად დაუშვებელი ფორმებით. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გართულებას, ამ საკითხზე მსჯელობისას გაუმართლებელია კავკასიური პოლიტიკის განვითარების ზოგადი ობიექტური ფაქტორების უგულებელყოფა. კერძოდ, საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი, სააკაშვილი იქნება ის, ოქრუაშვილი თუ ვიღაც სხვა, დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში არ განაცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არაა. შესაბამისად, რუსეთის არც ერთი პრეზიდენტი - პუტინი იქნება ის, ივანოვი თუ მედვედევი - უარს არ იტყვის ამ რესპუბლიკების გარკვეულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”.
- იმას, რასაც თქვენ გარკვეულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწოდებთ, თბილისი საერთაშორისო დონეზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიად აფასებს.
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკას ანექსიას ვერ ვუწოდებ. ბევრი ქართველი და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტოლოგისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ აღნიშნული კონფლიქტების მთავარი მიზეზი რუსეთია. დიახ, რუსეთი ამ პროცესში ჩაერთო, თანაც ისე ძლიერად, რომ მეეჭვება, ახლო მომავალში მისი მინიმიზირება შესაძლებელი იყოს. ყოველივე ამის გამო ახლო მომავალში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების რადიკალურ გაუმჯობესებას არ ველი, თუმცა ვითარების გარკვეულწილად გამოსწორების გზას ვხედავ, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთს მკვეთრად აშორებს. ჩემი აზრით, მხარეებმა ყურადღების კონცენტრირება იმ თემებზე უნდა მოახდინონ, რომლებშიც არსებითი წინააღმდეგობები არ აქვთ. კერძოდ, ეს ეხება საზღვრის, მაგალითად, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთის დაცვას, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ. ესაა ის სფეროები, რომლებში თანამშრომლობის დაწყება დღესვე შეიძლება. ასევე საჭიროდ და რეალისტურად მეჩვენება რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. რუსეთმა ქართული ბაზრის მიმართ საკუთარი ინტერესები არ უნდა შეზღუდოს. დაე, ბაზარი ცალკე იყოს და აფხაზეთი ცალკე.
- მაგრამ ეკონომიკური საკითხები, მაგალითად, ბორჯომთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული პრობლემები ხომ პოლიტიკურია?
- ეს იმიტომ, რომ ისინი დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში იქნა პოლიტიზირებული, თუმცა ვფიქრობ, რეალურად ისინი მთავარი პრობლემები არაა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს არ უნდა განსაზღვრავდეს. რუსეთმა მოლდოვასთან იგივე სახის სირთულეები ხომ მოაგვარა, თანაც ისე, რომ არ უთქვამს, დნესტრისპირეთის მიმართ ჩემს გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესზე უარს ვამბობო? პრობლემა, რომელიც რუსეთში ბორჯომსა და ქართულ ღვინოს შეექმნა, იმდენად საქართველოს მიზეზით არაა განპირობებული, რამდენადაც - რუსეთის ბაზარზე შექმნილი ვითარებით, მაგალითად, აქ არსებული კონტრაფაქციის პრობლემით.
- ბრძანეთ, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონცენტრირება ეკონომიკის სფეროში უნდა მოხდეს, მაგრამ ამით კონფლიქტების პრობლემა აქტუალობას არ დაკარგავს. გამოსავლად სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია არ მიგაჩნიათ?
- სიმართლე გითხრათ, არა. ჩვენ ყარაბაღის პრობლემა გვაქვს, სადაც რუსი სამშვიდობოები არ დგანან და სადაც რუსეთს ისეთივე ხმა აქვს, როგორიც აშშ-სა და საფრანგეთს. ასე რომ, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით რუსეთის როლი მინიმალურია, ასევე ინტერნაციონალიზებულია პროცესი დნესტრისპირეთში, მაგრამ ამ ორი პრობლემის მოგვარებაში პროგრესი არ ჩანს. რაც შეეხება გამოსავალს, ალბათ კარგი დასაწყისი იქნება, თუ თბილისიდანაც დადებითი მესიჯები წამოვა. ასე, მაგალითად, თქვენი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ამბობს, თუ რომელიმე ოსს საქართველო არ მოსწონს, შეუძლია ჩრდილოეთში, ალანიაში წაბრძანდესო. რაც არ უნდა გაღიზიანებდეს კოკოითი, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთო, მით უფრო, როცა კოკოითის ხელისუფლების ძალა მნიშვნელოვნადაა განპირობებული მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წლის ზაფხულში სამხრეთ ოსეთში გადადგმული ნაბიჯებით. სამხრეთ ოსეთის რეალობას ვიცნობ და კარგად მახსოვს, რომ 2004 წლამდე კოკოითს იქ ისეთი ავტორიტეტი არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული კონფლიქტი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში - იყო თავისუფალი სატრანსპორტო მიმოსვლა, მოქმედებდა ერგნეთის ბაზრობა და ა.შ. მაგრამ სულსწრაფობამ, პრობლემის სწრაფად მოგვარების სურვილმა ვითარება 10-12 წლით უკან გადასწია.
- თქვენ ქართული მხარის რიტორიკა ახსენეთ. მაშინ ისიც გავიხსენოთ, რომ თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნებიდან კონფლიქტის მხარეებს დიალოგსა და თანაცხოვრების მოდელებზე მსჯელობას გამუდმებით სთავაზობს.
- სამწუხაროდ, ამ დეკლარაციების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებს დიდად არ სჯერა და ალბათ საამისო მიზეზიც აქვთ. ამასთან, როცა უკვე გაქვს დამოუკიდებლობა, დამეთანხმეთ, მძიმეა თანაცხოვრების თუნდაც საუკეთესო პირობებზე დათანხმება. ამას ემატება დროის ფაქტორი, რომელიც საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციულ პროცესებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
- მაგრამ თქვენ მომხრე ხართ, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ”ცენტრმა” კონფლიქტებიდან ეკონომიკაზე გადაინაცვლოს. გამოდის, ინტეგრაციული პროცესების შეჩერებასა და კონფლიქტების კიდევ უფრო ”გაყინვას” თავად ემხრობით.
- სიმართლე გითხრათ, სანამ ორივე მხარისთვის მისაღები ფორმულა არ გამოიძებნება, კონფლიქტების ”გაყინულობაში” ცუდს არაფერს ვხედავ. სანამ თბილისის ამოსავალი პოზიციაა - ”მე ვარ მართალი, ისინი კი არა”, არაფერი გამოვა. კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ კომპრომისს შეუძლია.
- და რა შეიძლება გახდეს ეს კომპრომისი?
- ეს რომ ვიცოდე, ალბათ ნობელის პრემიას მომანიჭებდნენ! სამწუხაროდ, ამ პრობლემების გასაღები არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, მთავარი მხარეებს შორის ნდობის აღდგენაა. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა გალის რაიონის პრობლემების მოგვარების პარალელურად, რაზეც აფხაზური მხარე თანახმა იყო. აღნიშნული პროექტი რომ ამუშავებულიყო და მხარეები ურთიერთბრალდებებს არ გადაჰყოლოდნენ, ეს უდავოდ, ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ერთობლივი ეკონომიკური პროექტები მხარეებს გარკვეული კომპრომისებისთვის მომწიფებაში დაეხმარებოდა.
- კოდორის მოვლენების შემდეგ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები შეწყვეტილია. ჩიხი წარმოიქმნა, თუ ხედავთ ორმხრივი დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას?
- კოდორის მოვლენებმა აფხაზური მხარე შეაშფოთა იმდენად, რამდენადაც ამ ოპერაციაში სამხედრო მოქმედებათა განახლების საფრთხე დაინახა. ამიტომ თბილისმა მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს და კოდორის ხეობიდან გამოიყვანოს საკუთარი ძალები. თუ ზოგადად ვისაუბრებთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი საქართველოსგან მათთვის მისაღებ წინადადებებს ვერ ისმენს. თუმცა ეს ორი პრობლემა არაა იდენტური, ასე, მაგალითად, თუ სამხრეთ ოსეთში არიან თბილისისადმი სიმპათიურად განწყობილი ადამიანები, აფხაზეთში, სადაც ხშირად ჩავდივარ ხოლმე, ასეთი არავინ მეგულება. ამიტომ პირველი, რაც თბილისმა უნდა გააკეთოს, ალბათ საომარ რიტორიკასა და ძალის გამოყენებაზე უარის თქმაა, რაც რუსეთის შუამდგომლობით შესაბამისი დოკუმენტით უნდა დაფიქსირდეს.
- ხელისუფლებიდან ოქრუაშვილის წასვლას ბევრი აქაური და რუსი ექსპერტიც თბილისის მიერ საომარ რიტორიკაზე უარის თქმად და, შესაბამისად, კომპრომისად აფასებს...
- ოქრუაშვილის გადადგომა მნიშვნელოვანწილად შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული. თქვენს სინამდვილეში ამ ადამიანს ქართველ ელცინად ქცევის შანსი ჰქონდა - ის იყო პოპულისტი, ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე მოთამაშე და შედეგად საკმაოდ რეიტინგული პოლიტიკოსი, ამიტომაც წარმოადგენდა სააკაშვილისთვის საფრთხეს. თუ ამ საკადრო ცვლილებას მოჰყვება თქვენი ხელისუფლების კურსის ცვლილება, მაშინ შესაძლებელი იქნება, ოქრუაშვილის გადადგომა არა მხოლოდ პიროვნულ, არამედ გაცილებით ფართო მასშტაბებში განვიხილოთ.
- ”სამხრეთ ოსეთში” არსებული პროქართული ძალები ახსენეთ. ”სანაკოევის პროექტზე” რა აზრის ხართ?
- თბილისმა იცის, რომ ღია სამხედრო დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს, რადგან დასავლეთი ამაში მხარს არ დაუჭერს. ამიტომ მან შეიმუშავა ”ჩვენი” და ”არა ჩვენი” სამხრეთ ოსეთის გეგმა, რაც მისი მხრიდან საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური სვლაა. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე სიტუაცია შექმნა მან აფხაზეთშიც. ამ ნაბიჯებს შევაფასებდი, როგორც სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლას.
This post has been edited by Geronti on 7 Dec 2006, 19:13