სალომე ზურაბიშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის 14 ნოემბერი 2008, 13:26
გაერთიანებული ოპოზიციისგან გამიჯნული “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. “პირველი” ევროპიდან დაბრუნებულ ზურაბიშვილს იქ მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე, საერთაშორისო მოლაპარაკებების პერსპექტივებზე, ქართულ ოპოზიციაზე და მის პირად გეგმებზე ესაუბრა.
- თქვენ ბრძანდებოდით ევროპაში, სადაც ევროპელ დიპლომატებთან მოლაპარაკებებს მართავდით და სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობდით. რას ფიქრობენ ევროპაში საქართველოზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?
- ახლა ევროპის ყურადღება ძირითადად მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ამჟამად საქართველოს საკითხი მათთვის პროირიტეტული აღარ არის. ამასთან, საქართველოს თემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმაც გადაფარა. აქედან გამომდინარე, ახლა ევროპაში საქართველოზე ძალიან ნაკლებად თუ ფიქრობენ.
- რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ მეორე რაუნდისგან და შესაძლებელია თუ არა, დებატები კვლავ ჩაიშალოს?
- ვფიქრობ, ჩვენ ის დრო გავუშვით, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებები ჩვენს სასარგებლოდ შეიძლებოდა, გამოგვეყენებინა. მაშინ ჩვენი პოზიცია უნდა ჩამოგვეყალიბებინა და მოგვეთხოვა, რომ ეს მოლაპარაკებები მაღალ დონეზე წარმართულიყო. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ: მხოლოდ განცხადებების დონეზე ვიმოქმედეთ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები უნდა წამოგვეყენებინა, ეხლა კი ევროპაში რამდენჯერმე მოვისმინე, “თუ კი ქართულ მხარეს არაფერი სურს, ჩვენ რა შუაში ვართო?!”.
ჩვენ მთელი აქცენტი სეპარატისტების მონაწილეობაზე გადავიტანეთ, რაც უპირველესად რუსეთს აწყობდა. ის – საკუთარი “პროტეჟეების”, ჩვენ კი სანაკოევის მონაწილეობას მოვითხოვდით, რომელიც ვერ ვხვდები, ვინ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რა დავკარგეთ ამ სანაკოევით, რომლის გამოც ე.წ. სამხრეთ ოსეთის არარსებული საზღვრები აღვადგინეთ. ამმხრივ სააკაშვილი და სტალინი ერთ ჭრილში დგანან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები ერთმა შექმნა, ხოლო მეორემ დაამკვიდრა, რაც საქართველოსთვის სრული ტრაგედიაა.
- როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და გამოცდილი დიპლომატი, რას ურჩევდით ხელისუფლებას ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებამდე?
- მე იმ მოლაპარაკებების მომხრე ვიქნებოდი, სადაც ჩვენ ახალ დევნილებზე და ახალ დაკარგულ ტერიტორიებზე მაქსიმალურად გავამახვილებდით აქცენტს, რათა იქ გარკვეული პროცესი დაწყებულიყო. არა იმის გამო, რომ ახალგორი და კოდორი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ. მე ადრეც ვამბობდი, რომ როდესაც ლავროვი ევროპაში დარბოდა და რუსული მხარის პოზიციას აშუქებდა, საქართველოდან არავინ დადიოდა, შესაბამისად, ჩვენს პოზიებსაც არავის ვაცნობდით.
- თუმცა როგორც ნიცის სამიტის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპაში იმყოფებოდა და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავდა...
- ახლა - კი, მაგრამ უკვე გვიანია. ჯერ ერთი, ის გუშინ საფრანგეთში ერთ-ერთი ფრანგი ფილისოფოსის შვილის წიგნის პრეზენტაციისთვის იყო ჩასული, რომელშიც ასახულია მისი საუბრები სააკაშვილთან. წიგნის პრეზენტაცია ერთ-ერთ საეჭვოდ დაფინასებულ ქართულ რესტორანში იმართებოდა.
- ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებების აღდგენის მომხრეა. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა?
- ჩვენ ილუზიებით აღარ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენს შეცდომებს სხვებს არ უნდა ვაბრალებდეთ. მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, გარდა ამისა, არსებობს ტერორიზმი და სხვა საფრთხეები. აქედან გამომდინარე, ევროპა და აშშ თვლიან, რომ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ეს მათი კარგად გააზრებული ინტერესების დაცვაა და არა ის, რომ ისინი რუსეთთან მიმართებაში დათმობაზე მიდიან. ასეთი იყო მათი პოზიცია ადრეც და ახლაც.
- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას იტყვით? თქვენი საქართველოში არყოფნის დროს ერთი ალიანსი უკვე შეიქმნა, კიდევ ერთი კი სავარაუდოდ, დეკემბერში ჩამოყალიბდება. თქვენ რას აპირებთ მომავალში, გაერთიანდებით რომელიმე ალიანსში, თუ კვლავ ცალკე გააგრძელებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას?
-
დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციას დაშვებული შეცდომებიდან რაიმე დასკვნები გამოჰქონდეს. ჩვენ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, თორემ ხელისუფლების შეცდომები რაც არის, ეს ნათელია და ამაზე გაუთავებლად საუბარი არ შეიძლება. ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ომი და ამ ქვეყნის ნახევრად დანგრევაა, მაგრამ ახლა არა მოთხოვნების დაყენების, არამედ დაშვებული შეცდომების გამოსწორების დროა. ადრინდელი დრო არ არის, შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნები გაზრდილია. ოპოზიციის მიერ სააკაშვილის მიმართ წამოყენებული მოთხოვნები მე არ მყოფნის.
ახლა გასული წლის 7 ნოემბერი აღარ არის. მაშინდელი მოთხოვნების წამოყენების დრო არ არის - ჩვენ ამით მოსახლეობის მოლოდინს ვერ ვუპასუხებთ. ჩვენ გვევალება, ქვეყანას სხვანაირად შევხედოთ და პოლიტიკურად ჩამოვაყალიბოთ სერიოზული ალტერნატიული ძალა. მე დღეს სამწუხაროდ, ამის წინაპირობას ვერ ვხედავ, თუმცა ამისთვის მაინც ვემზადები.
მე იმას გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი.
დღეს ცალკე ვარ, არცერთ გაერთიანებაში არ მიხმობენ და ეს მიხარია. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ სურვილი, რომელიმე გაერთიანებაში შესვლა შემომთავაზონ, თუმცა მე ეს არ მწყინს. ალბათ, ისინი ფიქრობენ, რომ მე რაღაცით განსხვავებული ვარ და ალბათ, ამ ქვეყნისთვის საჭიროა კიდეც, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არსებობდნენ.
ამასთან, ახლა ალიანსებში გაწევრიანების დრო არ არის, თუმცა მე ახალი ალიანსების შექმნას არ ვეწინააღმდგები, უბრალოდ
უნდა ვიცოდეთ, ვინ რა იდეოლოგიის და რა აზრების მატარებელია. გარდა ამისა, საინტერესოა, რა პროგრამა გააჩნიათ და რას მოითხოვენ ისინი. მე ამას ველოდები. ხელისუფლების იარაღი ოპოზიცია უნდა იყოს, თუმცა დღემდე ოპოზიციამ ვერ მოახერხა, სერიოზულ ალტერნატივად დამკვიდრებულიყო. ჩვენ ამაზე უნდა ვმუშაობდეთ და არა ლიდერის ძებნაზე.
გარდა ამისა,
უნდა შეიქნას ალტერნატიული მთავრობა, შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული კრება, რათა მთავრობას ლეგიტიმურობა მიენიჭოს. სტრატეგია უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ცნობილი უნდა იყოს, თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში და რისთვის. - ანუ ახალი ალტერნატიული მთავრობის შექმნის წინადადებით გამოდიხართ და მომხრე ხართ, რომ ორი მთავრობა გვყავდეს?
- ვფიქრობ, ძალიან დემოკრატიული ქვეყანაა ბრიტანეთი, სადაც ჩრდილოვანი კაბინეტი არსებობს. ყველამ იცის, რომ არჩევნების ან კრიზისის დროს ამ კაბინეტში შემავალი ადამიანები ხელისუფლებაში მოვლენ. ამასთან, ისიც კი ცნობილია, თუ რას გააკეთებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მათ ჩამოყალიბებული პოზიციები აქვთ.
http://news.info.ge/Category.aspx?Id=11793&&Tema=6