ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საკუთრების უფლებას უზრუნველყოფსსივილ ჯორჯია / 2007-02-07 18:09:03
პრეზიდენტი სააკაშვილი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტში საანგარიშო გამოსვლაში ახალი კანონპროექტის შემუშავების ინიციატივით გამოვა, რომელიც საკუთრების უფლების გარანტირებულ დაცვას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ დაწერილიც კი არ არის, მისი ძირითადი პრინციპი იქნება აქამდე პრივატიზებული საკუთრების ”ხელშეუხებლობა”, აცხადებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.
ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.
ეს საკითხი ყურადღების ცენტრში დეკემბერში მოექცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ”იმედმა” გააშუქა თბილისის ცენტრში მდებარე რესტორნების ათობით მეპატრონის მიერ სახელმწიფოსთვის კუთვნილი შენობების ”ნებაყოფლობით”, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გადაცემის ფაქტები. გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისინი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებულნი ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ.
ტენდენციამ თავი იანვარშიც იჩინა, როდესაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ზოგ შემთხვევაში, ბულდოზერებიც გამოიყენა იმ კომერციული ფართების დასანგრევად, სადაც მაღაზიები იყო განთავსებული. ძირითადი მოტივი იყო, რომ ეს შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მთავარ ფიგურად მიიჩნევა მერიის ”უკანონო მშენებლობასთან” ბრძოლის კამპანიაში, 31 იანვარს განაცხადა, რომ დაინგრევა ყველა ის შენობა, რომელიც ”უკანონო და კორუფციული გარიგებების” გზით აშენდა.
საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ეს ”ნეგატიური ტენდენცია” ახალი არ არის, რადგანაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები 2004 წელს დაიწყო. ბევრი ასეთი შემთხვევა არა მხოლოდ თბილისში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც დაფიქსირდა.
სუბარის განცხადებით, როგორც წესი, თბილისის მერია სწრაფად ასრულებს ბრძანებულებებს ”უკანონო შენობების” დანგრევის თაობაზე, ისე რომ მესაკუთრეს დროც აღარ რჩება ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წინა საქმეებზე, რომლებშიც მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათი ქონება უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და დანგრეული ხელისუფლების მიერ.
ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი თავის ინიციატივას გაახმოვანებს და კანონპროექტი მალევე შევა პარლამენტში განსახილველად.
როგორც ჩანს, კანონპროექტის იდეის უკან ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მარტ ლაარი დგას.
რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში მარტ ლაარმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლად გასული წლის მაისში დაინიშნა, განაცხადა, რომ მან ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.
მისი თქმით, საჭიროა საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ხალხს განემარტება პრივატიზაციის რომელი შემთხვევა შეიძლება გამოიძიოს ხელისუფლებამ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ სასურველია, რომ ასეთი შემთხვევა ცოტა იყოს.
ლაარის თქმით, ეს არის წარსულის ”ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობა”, როცა პრივატიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ის კანონის დარღვევასა და უსამართლობას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობს დიდი ცდუნება, რომ სხვადასხვა გზით მოინდომო სამართლიანობის აღდგენა. ”როცა ამას კანონიერი გზით ვერ ახერხებენ, სხვაგვარ მეთოდებსაც იყენებენ. სწორედ ეს მაღელვებს”, - განაცხადა ლაარმა.
”ახალი მემარჯვენეების” ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ 6 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორი- სამი კვირის მანძილზე კანონპროექტს წარადგენს პარლამენტში საკუთრების უფლების დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით.
”პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის იზიარებს შეხედულებას, რომ საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სააკაშვილი ნამდვილად შეწუხებულია საზოგადოების რეაქციით ამ საკითხზე, და მიმაჩნია, რომ მან გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ამ უკანონო ქმედებებს”, - განაცხადა გამყრელიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც დეკემბერში სტუმრობდა საქართველოს, მოუწოდა ხელისუფლებას ”დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც საკუთრების უფრო ძლიერ უფლებებს უკავშირდება”.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=14751 * * *
საკუთრების საკითხებზე მარტ ლაარის მოსაზრება მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა/ სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-02-07 15:27:48
ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მარტ ლაარის კომენტარები საქართველოში კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ ”შემაშფოთებელ” ტენდენციებზე ”არის საკმაოდ ხმამაღალი სიგნალი, რომ წარმოებული პოლიტიკა ძალიან რისკიანია და ქვეყანა მცდარი გზით მიჰყავს, რომლის ბოლოც ინვესტიციების შეფერხება და ქონების დაუსრულებელი გადანაწილებაა”, წერს გაზეთი ”24 საათი” 7 თებერვალს.
ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.
რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში მარტ ლაარმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლად გასული წლის მაისში დაინიშნა, განაცხადა, რომ მან ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.
მისი თქმით, ეს არის წარსულის ”ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობა”, როცა პრივატიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ის კანონის დარღვევასა და უსამართლობას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობს დიდი ცდუნება, რომ სხვადასხვა გზით მოინდომო სამართლიანობის აღდგენა. ”როცა ამას კანონიერი გზით ვერ ახერხებენ, სხვაგვარ მეთოდებსაც იყენებენ. სწორედ ეს მაღელვებს”, - განაცხადა ლაარმა.
მარტ ლაარის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მან ეს საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე მინისტრთან უკვე განიხილა. მისი თქმით, შესაძლოა საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ხალხს განემარტება პრივატიზაცის რომელი შემთხვევა შეიძლება გამოიძიოს ხელისუფლებამ. მისი თქმით, ეს საკითხი პარლამენტის დონეზე უნდა მოგვარდეს.
მარტ ლაარმა ასევე განაცხადა, რომ საკუთრების გარშემო არსებული დავის თითოეული შემთხვევა გამჭვირვალედ უნდა მოგვარდეს, სასამართლოს მეშვეობით.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების გარშემო არსებული პრობლემები მისი ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრების მთავარი თემა იყო.
ლაარის განცხადებით, მკვეთრად გამოხატულ საკუთრების უფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს უცხოური ინვესტიციების გარანტირების თვალსაზრისით. ”ეს უნდა იყოს მკაფიო და როდესაც ეს ასე არ არის, ეს დიდი პრობლემაა”, - დასძინა მან.
ოპოზიციონერ დეპუტატებსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 6 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორი- სამი კვირის მანძილზე კანონპროექტს წარადგენს პარლამენტში საკუთრების უფლების დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ.
”24 სააათი” წერს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ დაუყონებლივ უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მრჩევლის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც ”ძალიან წყნარად, თუმცა კრიტიკულად” გაკეთდა, რადგანაც უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად ლაარის შეფასებებს დაუგდებენ ყურს, ვიდრე საქართველოს ხელმძღვანელობისას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც დეკემბერში სტუმრობდა საქართველოს, მოუწოდა ხელისუფლებას ”დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც საკუთრების უფრო ძლიერ უფლებებს უკავშირდება”.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=14750
მიმაგრებული სურათი