პატივცემულო ხალხო, დიდი ხანია მინდა ამ თემას შევეხო და ჩემი მოსაზრებებიც წარმოგიდგინოთ, თუმცაღა თქვენი აქტიურობის გარეშე თემა განვითარებას ვერ ჰპოვებს.
შენიშვნა: ძალიან ვთხოვ ყველას, კარგად წაიკითხოს წინმდებარე განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოს პოზიციის დაფიქსირება. ეს არ არის საქილიქო და საჭორაო თემა. გმადლობთ.გვჭირდება თუ არა ფედერალიზმი და რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ფედერალიზმის შემოღებამ?!
პირველ რიგში ძალიან მოკლედ განვმარტავ, ფედერალიზმის არსსა და მნიშვნელობას და შემდეგ გავშალოთ პოლემიკა ამ მიმართულებით.
დღევანდელს მსოფლიოში არსებობს ფედერაციის ორი ტიპი. კლასიკური ფედერაცია და ასიმეტრიული რეგიონალიზმი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ასიმეტრიული ფედერაციის რამდენიმე შერეული მოდელი და რაც ყველაზე მთავარია პრაქტიკაში უკვე დაკარგა მნიშვნელობა ასიმეტრიულმა რეგიონალიზმმა და ფედერაციამ განსხვავებულობამ.
ასიმეტრიული რეგიონალიზმის აკვანი და წარმოშობის ადგილი არის ესპანეთის სამეფო. ფრანკოს რეჟიმის შემდეგ, მონარქიის აღდგენისას დაიწყო სერიოზული მუშაობა ესპანეთში რეგიონებთან მიმართებაში და საბოლოო შეთანხმება შედგა. შეიქმნა სრულიად უნიკალური, ესპანეთის ტრადიციებსა და რეალობას მორგებული სახელმწიფო მოდელი, რომელსაც ასიმეტრიული რეგიონალიზმი ეწოდა.
ასიმეტრიული რეგიონალიზმი ნიშნავს, რომ მაგალითად ბასკეთის ავტონომიურ რეგიონს ძალაუფლება ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის მიერ მიენიჭა და გარკვეულ საკითხებში ვერტიკალური ურთიერთობები აეწყო რეგიონსა და ცენტრს შორის. ესპანეთის კონსტიტუციაში ფორმალურად დევს მუხლი, რომლის ძალითაც ესპანეთის ცენტრალურ პარლამენტს უფლება აქვს გააუქმოს ბასკეთის ავტონომია. ზემოთ, როდესაც ვახსენე პრაქტიკული ზღვარის წაშლა ასიმეტრიულ რეგიონალიზმსა და ფედერაციას შორის, სწორედ ამ მომენტსა და ფაქტს ვგულისხმობდი. ფედერაციაში სუბიექტებს შორის ხდება შეთანხმება ანუ ფედერალურ მთავრობასა და რეგიონს შორის ხდება საკონსტიტუციო შეთანხმება რეგიონის ფედერაციული უფლებების გაუქმების ან შეცვლის. ხოლო ესპანეთში ამას პირდაპირ ცენტრი წყვეტს, ეს ფორუმალურად, თორემ ფედერაციაში უფრო ადვილია სუბიექტის გაუქმება, ვინემ ესპანეთში ბასკეთის ავტონომიისა.

კლასიკური ფედერაციის ქვეყანაა გერმანია. სადაც აბსოლუტურად ყველა რეგიონს გააჩნია თანაბარი ფედერალური უფლებები და ფედერალური სუბიექტების ანუ ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობები წყდება ვერტიკალური ხელისუფლების მმართვის პრინცპით. ასეთ დროს, სრულიად დასაშვებია რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული ფედერალური კანონების არსებობა.
რა გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში და როგორი მოდელი მიგვაჩნია სასურველად, რათა ქვეყნამ, მისმა თითოეულმა რეგიონმა განვითარების სწორი გზა განვლოს და სრულად ასახოს ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური, ეთნიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა.
დღეს კონსტიტუციით გვაქვს ორი ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის და აფხაზეთის. გაუქმებული ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი". წარმატების შემთხვევაში აფხაზეთს მიენიჭება ძალიან მაღალი ავტონომიური უფლებები და ამასთანავე აღდგება "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ან უფრო მაღალი სტატუსი. სამწუხაროდ ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლებამ, ძალიან მიუღებელი და არასამართლიანი მაღალი ავტონომია შესთავაზა, თუმცაღა დღეს უკან დახევა უკვე გვიანია. ფაქტია, რომ ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შემდეგ საქართველო მიიღებს მესამე ავტონომიურ რესპუბლიკას.
ფაქტიურად გამოდის, რომ საქართველო უკვე არის ფედერალური ქვეყანა სამი ავტონომიური ერთეულით.
თუ მოხდება აფხაზებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება და აფხაზეთი დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ფაქტია, რომ ეს მოხდება აფხაზთა მაღალი ავტონომიის ხარჯზე. ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ავტონომია ვერ ექნება ვერც აჭარას და ვერც ცხინვალის რეგიონს. ლოგიკურად თუ მივუდგებით, აფხაზეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, საუბედუროდ არც "ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯგუფიც" საქართველოს უნიტარულ ქვეყანას და ასიმეტრიულ რეგიონალიზმს, ანუ ხელისუფლების ვერტიკალური პრინციპით განაწილებას. გამოდის, რომ ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაში ეს უნდა იყოს ფედერაცია და თანაც ასიმეტრიული ფედერაცია, ვინაიდან უკვე აღვნიშნე, რომ აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალს ერთ უფლებებში ვერ მოვაქცევთ და კლასიკურ ფედერაციას მოდელად ვერ ავიღებთ.
ასიმეტრიულ ფედერაციაში ძალიან ბევრნაირი მოდელის შემუშავება შეიძლება და რამდენიმე შესაძლო ვარიანტის განხილვაც.
1. იქმნება ქართველთა და აფხაზთა (როგორც ავტოქთონურ ერთა) სახელმწიფო, ასიმეტრიული ფედერალური მოდელით, აჭარისა და ცხინვალის დაბალი ხარისხის ავტონომიებით.
2. იქმნება ქართველთა და აფხაზთა სახელმწიფო, ამასთანავე აჭარის და ცხინვალის ავტონომიებით და დარჩენილი რეგიონები იყოფა ფედერალურ სუბიექტებად. ფედერალურ სუბიექტებს უფლება აქვთ აირჩიონ პარლამენტი, მთავრობა და ა.შ.
3. იქმნება ქართველთა და აფხაზთა სახელმწიფო, აჭარისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომიებით, დანარჩენ რეგიონებს ეძლევათ ფედერალური სტატუსი, ხოლო სამცხე-ჯავახეთი იყოფა და ჯავახეთის ფედერალურ სუბიექტს დამატებით ეძლევა კულტურული ავტონომია, როგორც შიდა ქართლში აზერბაიჯანელებს.
ამით სახელმწიფო დიდი ოდენობით კომპაქტურად მოსახლე სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს დე იურედ დაუმტკიცებს არსებულ უფლებებს, რაც დღეს უკვე დე ფაქტოდ არსებობს და ამასთანავე კონსტიტუციაში არსებულ ცვლილებას, რომელის მიხედვით: "საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო ენაზე საუბარი ევალება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დროს", შეცვლის და საქართველოს ყველა მოქალაქეს მკაცრად მოსთხოვს სახელმწიფო ენის ცოდნას და შესაბამის პირობებსაც შექმნის ინტეგრაციისათვის.
ვიცი ბევრ თქვენგანს, ძალიან გსურთ უნიტარული სახელმწიფო ყოველგვარი ავტონომიებისა და ფედერალური სუბიექტების გარეშე, მაგრამ უმჯობესია რეალობას თვალი გავუსწოროთ და ჩვენი დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე საუკეთესო და ოპტიმალური ვარიანტი ჩამოვაყალიბოთ.
სხვა თუ არაფერი, ეს პოლემიკა ჩვენი პოციზიების კიდევ უფრო კარგად ჩამოყალიბებაში და თუნდაც სიტუაციის ახლებურად დანახვაში დაგვეხმარება. ცხადია ხვალ თუ ზეგ აუცილებლად დადგება საქართველოში ფედერაციის საკითხი და საზოგადოება რაც უფრო ინფორმირებული და მომზადებული იქნება ბევრად უკეთესია ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც.
P.S. დიდი იმედი მაქვს მოდერატორი შესაბამის ყურადღებას გამოიჩენს ამ თემის მიმართ და მაქსიმალურად შეეცდება თავიდან აიცილოს თემის აოხრება და ე.წ. "ოფტოპიკები".
This post has been edited by ივერა on 8 Jan 2007, 06:57