სასამართლომ იგორ გიორგაძის მომხრეებს განაჩენი გამოუტანაhttp://www.newsgeorgia.ge/geo1/20070824/42039213.htmlთბილისი, 24 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია ”სამართლიანობის” ლიდერის იგორ გიორგაძის მომხრეებს განაჩენი გამოუტანა.
14 ადამიანს საკონსტიტუციო წყობის ძალისმიერი ჩამოგდების მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი.
პარტია ”სამართლიანობის” თანათავმჯდომარეს მაია თოფურიას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კახა ქანთარიას - 8 წლით, თემურ ჟორჟოლიანსა და რამაზ სამნიძეს - 7-7 წლით, რევაზ ბულიას, გურამ პაპუკაშვილს, იაკობ კვინიკაძეს, გიორგი ახობაძეს, ზაზა დავითაიას, ვახტანგ ტალახაძეს - 4,5 წლით, გენადი არჩვაძეს - 7 წლით, მაია ნიკოლეიშვილს - 2 წლით პირობითი სასჯელი, გიორგი მეტრეველს - 4 წლით, ვალერი გალდავას - 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
”განაჩენი ნახევრად ცარიელ დარბაზში გააჟღერეს, მხოლოდ პროკურორებისა და ადვოკატების თანდასწრებით. მოსამართლემ ფაქტიურად გაიმეორა საბრალდებო დასკვნა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წამოდგენილი არც ერთი მტკიცებულება”, - განაცხადა ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.
”შეიძლება ითქვას, ისინი ისე გაასამართლეს, როგორც 100 წლის წინ ამერიკაში ზანგებს ასამართლებდნენ. ეს, ალბათ, საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი სასირცხვილო გვერდია”, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
2006 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სპეცოპერაციის ფარგლებში, 29 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა შემდგომში გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი ბრალდება წაუყენეს.