http://www.interpressnews.ge/საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ანთელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ საბაჟო სამსახურში ვითარება მოსაწესრიგებელი იყო და ამ უწყებაში აუცილებელია, უკეთესი მართვა განხორციელდეს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ქრთამის აღების აღმოფხვრა არ ნიშნავს, რომ სამსახური ეფექტურად მუშაობს.
გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, საბაჟო სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება და მოქალაქეების მომსახურება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს.
ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ადგილზე მოქმედმა ჩინოვნიკმა შეძლოს ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც მოხელეების პროფესიონალიზმია საჭირო.
საპარლამენტო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრი ირაკლი იაშვილი ტრანსპორტის მარეგულირელბელი კომისიის ფუნქციების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი პროცესით საქართველო საბჭოთა სამინისტროების პერიოდს უბრუნდება.
ასევე იაშვილმა აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომისიების რევიზია საეჭვოდ ემთხვევა ზურაბ ცქიტიშვილის პარლამენტიდან წასვლის ფაქტს, რომელიც მარეგულირებელი კომისიების ლობისტი იყო და კანონებიც მისი ძალისხმევით შეიქმნა.
ამასთან, დეპუტატი მიუღებლად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება პარლამენტში შესაბამისი კანონის შეცვლამდე მიიღო. "გამოდის, ფაქტს უნდა დავაწიოთ კანონი", - აღნიშნა იაშვილმა.
რაც შეეხება საბაჟო ტერმინალის ხელმძღვანელის ზურაბ ანთელიძის გათავისუფლებას, იაშვილი მას დადებითად აფასებს.
"საბაჟოზე ყველა პირობა იყო შექმნილი მეწარმეების საწინააღმდეგოდ",- მიიჩნევს იაშვილი.
საპარლამენტო ფრაქცია "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მარეგულირებელი კომისიის ფუნქციების სამთავრობო სტრუქტურაში გადატანას ეწინააღმდეგება.
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საბურაში განაცხადა, მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მასზე კონტროლს პარლამენტი უნდა ახორციელებდეს, როგორც მის მიერ მიღებული კანონის აღმასრულებელზე.
მისივე თქმით, მარეგულირებლის სამთავრობო სტრუქტურაში გადატანა საერთოდ მარეგულირებლების შესახებ ზოგად პრინციპს არღვევს.
რაც შეეხება ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაუქმებისა და მისი ფუნქციის ეკონომიკის სამინისტროსსთვის შესაძლო გადაცემას, ზურაბ ტყმალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობას, ალბათ, ასეთი გადაწყვეტილებისთვის რაიმე მიზეზი ჰქონდა.
"არ შეიძლება, მარეგულირებლებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბონ", - განაცხადა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, შესაძლოა, ასეთი ვითარება იყოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშიც.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადავიდეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადავიდეს. ამის მიზეზად იგი მთავრობის მიერ გაკეთებულ ანალიზს ასახელებს.
როგორც მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები და მარეგულირებლების შესახებ კანონის ანალიზმა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა აჩვენა.
რაც შეეხება დანარჩენ მარეგულირებლებს, მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მათგანი სხვა გზით მიდის, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მათთან მიმართებაშიც იყოს მიღებული.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის შესახებ " პარლამენტში თავიდან ბოლომდე კორუმპირებული კანონპროექტი "გაძვრა" და ამის შედეგად შეიქმნა წურბელა, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული მარეგულირებელი კომისია და რომლის ფუნქციაა თითოეული მგზავრისგან დამატებით ზედმეტი გადასახადები ამოიღოს".
მან ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ პარლამენტი ამ დროს "სხვა რეფორმატულ კანონებს იღებდა".
დამატებითი მარეგულირებელი რგოლების არსებობა საქართველოში დაუშვებელია. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ საბაჟო ტერმინალ "ოპიზაში" განაცხადა.
"როცა თურქულ "პეგასუსს" სურს ქართულ ბაზარზე შემოსვლა და იაფი ფრენის შეთავაზება მგზავრებისთვის, მარეგულირებელ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ამას ხელი შეუშალოს, რასაც ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია ცდილობდა", - აღნიშნა მინისტრმა.
არველაძის თქმით, ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის ფუნქცია, ძირითადად, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე ზრუნვა იყო. თუმცა, ამის მაგივრად კომისია დამატებით ტარიფებს აწესებდა და "ფულის შეწერას" ახორციელებდა.
"მთავრობა, თავის დროზე, ასეთი სტრუქტურის შექმნის წინააღმდეგი იყო. ჩვენი მიზანია, მოვხსნათ ზედმეტი ტვირთი მგზავრებს და მეწარმეებს და არა წნეხის ქვეშ მოვაქციოთ ისინი", - განაცხადა გიორგი არველაძემ.
არველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვში ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ეხებოდა.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მთავრობათშორის დონეზე ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა მიმდინარეობდეს.
არველაძის განცხადებით, კიდევ ერთი მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია, ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოა.
* * *
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციების შეცვლაზე ან მის რეორგანიზაციაზე ამ ორგანოში არაფერი იციან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, მთავრობის გადასაწყვეტია, რომელი ორგანო უნდა ფუნქციონირებდეს და - რომელი არა.
"ეს არც არის მარეგულირებელი კომისია, არის მხოლოდ სახელმწიფო სააგენტო", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო სააგენტოში ამჟამად 25 ადამიანი მუშაობს. სააგენტო 1999 წელს "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა.
სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციების შეცვლაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განაცხადეს. გიორგი არველაძის თქმით, სახელმწიფო სააგენტო იმ ორგანოებს მიეკუთვნება, რომელთაც ფუნქცია არ გააჩნია.