"კვირის პალიტრა" N11 (628),12 - 18 მარტი
ვინ “კრიშავს” აეროპორტს?!როდემდე “იტირებს” თბილისის აეროპორტი
“ეს იქნება ყველაზე თანამედროვე აეროპორტი, არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაში!” - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები არ გამართლდა, ორი კვირის წინ თბილისის ახალაშენებულ აეროპორტში წყალი ჩამოვიდა. მეტიც, აეროპორტში წყლის გუბეები დადგა.
თითქოს ეს არ კმარაო და ორიოდე დღეში ქარმა აეროპორტის ახალთახალი თუნუქის სახურავი სულ აქეთ-იქით აფრიალა. არადა, სახურავის ახდამდე აეროპორტს თავად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. 15 წუთით ადრე იგი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრაზე გაემგზავრა.
გასულ პარასკევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა წყალი. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ იქაურობა საგულდაგულოდ დაგვეთვალიერებინა, რა დროსაც ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ და გავიგეთ.
პირველი, რაც ყველა მგზავრს მოხვდება თვალში, ის არის, რომ მოსაცდელ დარბაზში სკამები არ არის, განსხვავებით მსოფლიოს ნებისმიერი თანამედროვე აეროპორტისგან!
სალაროსთან ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიურმა გოგონამ შემოგვღიმა და - რა მიმართულების ბილეთი გნებავთო, - შემოგვთავაზა.
როცა ჩვენი მისვლის მიზეზი ავუხსენით, ჯერ დაიბნა, მერე კი როცა საერთო მეგობრები აღმოვაჩინეთ, გაგვიშინაურდა კიდეც. როგორც ნინომ მითხრა, სალაროები არ იკეტება(?!), რადგან კარი ძალზე უხარისხოდაა დამზადებული.
მალე ისიც მოვიდა, ვისაც აეროპორტი უნდა ეჩვენებინა ჩვენთვის.
ბატონმა მერაბმა (რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა) გვითხრა, რომ აეროპორტში არსებული სამი გეითიდან (თვითმფრინავზე მისაბჯენი გვირაბი, საიდანაც მგზავრები სალონში გადაჰყავთ. - ავტ.) ერთ-ერთი არ მუშაობს(?!).
რამდენიმე დღის წინ ერთი უცხოური ავიაკომპანიის თვითმფრინავი მიადგა გეითს, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოხერხდა. დიდხანს ვიწვალეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. მართალია, მაშინ გეითი შეაკეთეს, თუმცა სამ დღეში ისევ გაფუჭდა. არადა ამ გეითებით სარგებლობა ავიაკომპანიებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ...
ამ საუბარში ვიყავით, ჩოჩქოლი რომ ატყდა. ცხადია, დავინტერესდი რა მოხდა. თურმე ბარგის გადამზიდი ესკალატორი გაჩერებულა, უკმაყოფილო მგზავრებს თავადვე მოუხდათ ბარგის ხელით გადმოზიდვა. იქვე, ერთ-ერთ მუშას ვეკითხები:
- ხშირად ფუჭდება ესკალატორი?
- არც ისე. დღეს მეორეჯერ გაიჭედა. მგონი ბარგის სიმძიმის ბრალია.
ბატონმა მერაბმა ისიც მითხრა, რომ რამდენჯერმე სამგზავრო ესკალატორიც გაიჭედა და მგზავრებს ფეხით მოუწიათ ასვლა-ჩამოსვლამ.
აეროპორტში ისიც გავიგეთ, რომ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც გეითის მომსახურებით მისი სიძვირის გამო არ სარგებლობენ, მგზავრები ტრაპამდე ავტობუსებით მიჰყავთ, მაგრამ სანამ მგზავრებს ავტობუსებამდე მიიყვანენ, მანამ მათ გვირაბი უნდა გაიარონ, სადაც შუქი არ არის(?!).
დღეს კომენტარს არც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი აკეთებს და არც ახალი. ერთადერთი, ვისთანაც საუბარი შევძელით, “ტავი-ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიკა ჯავახიშვილია.
- აეროპორტის სახურავის შეკეთება მიმდინარეობს, რის გამოც სახურავის ნაწილი ახდილია და უამინდობის დროს შეიძლება წვიმა ჩამოვიდეს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ კი, ბუნებრივია, გამორიცხულია წყლის ჩამოსვლა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გეითი მწყობრიდან გამოვიდა, მთლად არ შეეფერება სინამდვილეს.
წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოებს რამდენიმე კვირა დასჭირდება.
სამჯერ ჩატარებული ტენდერი
მიუხედავად იმისა, რომ შენობაში წყალი “ღაპაღუპით” ჩამოდის, ქარმა სახურავი ახადა, ერთი გეითი არ მუშაობს და სხვა უამრავი ტექნიკური პრობლემაა, ჩვენს აეროპორტს მაინც თანამედროვეს ვუწოდებთ.
“ტავი-ურბანის” შემოსვლა საქართველოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ჩოგოვაძის დროს მოხდა. კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ იმაზეც, თურქულ კომპანიას სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე “კრიშავსო”.
ცხადი ერთია, ყოველი გაწვიმებისას აეროპორტი წყლით ივსება, (ვერ ჰყოლია კარგი “კრიშა”).
...აჩქარება გვიყვარს ქართველებს. ყველაფერი გვინდა რაც შეიძლება მალე მოვასწროთ და ამიტომაც არ გამოგვდის ხარისხიანი. არადა, აეროპორტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და თურქეთის პრემიერის ერდოღანის თანდასწრებით საზეიმოდ გავხსენით.
P.S. პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის ამჟამინდელ მინისტრს გიორგი არველაძეს პრეზიდენტი პრემიერმინისტრობას უპირებდაო. თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამო თავად პრეზიდენტი არაერთხელ ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში (არადა, აღნიშნულზე პასუხისმგებელი გიორგი არველაძე უნდა ყოფილიყო, რადგან მან ჩაიბარა აეროპორტი!). ამის გამო არველაძე, სავარაუდოდ, პრემიერის სავარძელს დაემშვიდობა. რამდენად მართალია ეს, ძნელი სათქმელია, თუმცა ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის.
ირაკლი მანაგაძე
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
მიმაგრებული სურათი