გაზეთი "კვირის პალიტრა" N 12 (629), 19 - 25 მარტი
ვინ და რატომ გაწირა Ми-24-ის ეკიპაჟი?ღამით და თანაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაფრენის ბრძანება დანაშაულის ტოლფასი იყო...
ავიაკატასტროფის ვერსია
ალექსეევკიდან აფრენისას კაპიტან ლონდარიძის Ми-24 უკან მიჰყვებოდა წამყვანს, რომელიც უფრო გამოცდილ პილოტად ითვლებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ წამყვანმა ეკიპაჟმა გადაწყვიტა, ღრუბლიანობის გამო აღარ გაერისკათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ბრძანება, მობრუნების შესახებ, რადიოთი გადაიცა, თუმცა ეტყობა, სწორედ ამ მომენტში დაკარგა კაპიტან ლონდარიძის ეკიპაჟმა ვიზუალური კონტაქტი წამყვან Ми-24-თან. ეს არც იყო გასაკვირი ღამით და თანაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. ფრენის კურსის შეცვლის შემდეგ მათ დაიწყეს წამყვანი შვეულმფრენის შუქურის ძებნა. გარკვეული ხნის შემდეგ კაპიტან ლონდარიძის ეკიპაჟმა შეამჩნია შუქურის ნათება და კურსი მისკენ აიღო. რამდენიმე წუთში კი ეს Ми-24 დუშეთის რაიონში შეეჯახა იმ მთის ძირს, რომელზეც რადიოგადამცემი ანძა დგას. ასეთი ანძების თავზე ღამით ყოველთვის ციმციმებს შუქურა, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრენი აპარატები არ დაეჯახონ ანძას. ჩვენი აზრით, ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, გამოდის, რომ შვეულმფრენის ეკიპაჟს ანძის შუქურა წამყვანი Ми-24-ის შუქურა ეგონა...
12 მარტს, გამთენიისას, მოხდა ის, რაც, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო - მორიგი საჰაერო შემთხვევა კატასტროფით დამთავრდა, დაიღუპა სამი ახალგაზრდა სამხედრო პილოტი... ქართველი პილოტები საავიაციო ავარიებისას სამჯერ იხსნა ღმერთმა, მეოთხედ - ბედი ავად დატრიალდა... მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავით ღვთის იმედად? სამხედრო ავიაციაში შესამჩნევად მოიმატა საავიაციო შემთხვევების რაოდენობამ, რომლებსაც მალავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მათი გამომწვევი მიზეზები ეძებნათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, შარშან, ნოემბერში სენაკში მომხდარი საავიაციო შემთხვევის დამალვამ დათვური სამსახური გაუწია თავად თავდაცვის სამინისტროს, რადგან ამას ჯერ Ми-8 ტიპის შვეულმფრენის ავარია მოჰყვა ქუთაისში, ბოლოს კი Ми-24-ის კატასტროფა...
თავდაცვის სამინისტრო და გაერთიანებული შტაბი, ეტყობა, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, თორემ უცხოელმა სამხედრო სპეციალისტებმა დიდი ხანია კარგად იციან, რომ ქართველი სამხედრო პილოტების მომზადების დონე, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მაღალი. მხოლოდ საქართველოში შეიძლება უხაროდეთ და ამაყობდნენ (განსაკუთრებით სახელისუფლებო წრეებში) - ნახეთ, რა ლამაზად გადაუფრინეს ქართულმა შვეულმფრენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსთაველის პროსპექტს აღლუმის დროსო! სინამდვილეში კი პილოტების ოსტატობა განისაზღვრება უფრო სხვა ნიუანსებით, მათ შორის, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე ღამით ფრენისას. ამას კი მუდმივი ვარჯიში სჭირდება მიწაზე, სასწავლო კლასებში თეორიული ცოდნის გაღრმავება და ჰაერში ხშირი სავარჯიშო ფრენა, განსაკუთრებით პოლიგონზე. ვერ ვიტყვით, ახალგაზრდა ქართველ პილოტებს ან მონდომება აკლიათ, ან პატრიოტიზმიო, თუმცა გამოცდილება ნამდვილად არ ჰყოფნით, რაც, უპირველესად, მომზადების არასრულფასოვანი კურსის ბრალია.
12 მარტს ავიაკატასტროფის მიზეზი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იყო - ჩვენს სამხედრო პილოტებს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მანქანის მძღოლად მიიჩნევს და ჰგონია, რომ მათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ამოცანა უნდა შეასრულონ.
ასე იყო ალბათ 12 მარტის გამთენიისას. ზემო აფხაზეთში დაწყებულ საჰაერო თავდასხმაზე რამენაირად რეაგირების მიზნით სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ეკიპაჟს უბრძანეს, ორი საბრძოლო Ми-24-ით დაუყოვნებლივ სენაკში გაფრენილიყვნენ.
ამ ბრძანების გაცემისას ნეტავ ვინმე თუ დაფიქრდა, რომ შვეულმფრენებს ღამით, ავდარში ლიხის ქედი და რიკოთის უღელტეხილი უნდა გადაელახათ? თუკი ბრძანების გაცემისას არ იცოდნენ, რომ უღელტეხილის თავზე ღრუბელი იქნებოდა ჩამოწოლილი, ეს კიდევ სხვა დანაშაულია - როგორ გზავნი ეკიპაჟს ისე, რომ არ აძლევ ფრენის მარშრუტის მეტეოროლოგიურ რუკას, ხოლო თუ ავდრის შესახებ იცოდნენ და მაინც გაიცა გაფრენის ბრძანება, ეს ორმაგი დანაშაულია.მესამე დანაშაული კი ის არის, რომ ეს Ми-24-ები, რამდენიმე სხვა ანალოგიური ტიპის შვეულმფრენისგან განსხვავებით, არ იყვნენ აღჭურვილი ღამის ხედვის მოწყობილობებით და მათი გაშვება ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, თითქმის დასაღუპავად გამეტებას უდრიდა.საკითხავია, რატომ იყო აუცილებელი შუაღამით ორი Ми-24-ის სასწრაფო გაშვება სენაკში? ეს “კროკოდილები” გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები თვითმფრინავები ხომ არ იყვნენ, შეფრენილიყვნენ ზემო აფხაზეთში და საჰაერო ბრძოლა გაემართათ თავდამსხმელი მხარის შვეულმფრენებისთვის? მით უმეტეს, სანამ თბილისის აეროპორტის ალექსეევკის ბაზიდან ეს ორი შვეულმფრენი აფრინდა, ზემო აფხაზეთში დაბომბვა
დიდი ხნის დამთავრებული იყო და თავდამსხმელი შვეულმფრენების კვალიც აღარ ჩანდა. 3-4 საათი რომ მოეთმინათ და ცისკრისას გაეშვათ Ми-24-ები, დღეს ეკიპაჟი ცოცხალი იქნებოდა და არც ქართული ავიაცია დაკარგავდა უკრაინაში ორი წლის წინ მილიონ დოლარად ნაყიდ საბრძოლო შვეულმფრენს.
ახლა რასაც გიამბობთ, საერთოდ შეცვლის არსებულ სურათს და მკითხველს დაანახვებს, რომ ამ ორი შვეულმფრენის თბილისიდან სენაკში არათუ სასწრაფო, არამედ საერთოდ გადაფრენა არანაირად არ იყო საჭირო!
ზემო აფხაზეთზე საჰაერო იერიშის მომენტში სენაკის სამხედრო ბაზაში უკვე იდგა შვიდი(!) Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი! ეს საკმარისზე მეტიც გახლდათ და აჯობებდა, ისინი გაეშვათ ზემო აფხაზეთში საჰაერო აგრესორების გასანადგურებლად, მით უმეტეს, რომ უმრავლესობა ღამის ხედვის მოწყობილობებითაა აღჭურვილი და მთებშიც არ გაუჭირდებოდათ ფრენა.
ერთ-ერთი ვერსიით, 12 მარტს, გამთენიისას, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობასთან ერთად, Ми-24-ების სენაკში სასწრაფოდ გადაფრენა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მათ იქ ჩაეყვანათ ორი, შედარებით გამოცდილი ეკიპაჟი. მათგან ერთ-ერთ სამხედრო პილოტს შესაძლო საჰაერო ოპერაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა. მოკლედ, ხელმძღვანელობას მაინცდამაინც არ ჰქონდა იმხანად სენაკში მყოფი ახალგაზრდა პილოტების ოსტატობის იმედი.
თუ რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება, ერთხელ უკვე გიამბეთ - საბრძოლო Ми-24-ების გამოცდილი პილოტების ნაწილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, თავად ავიაციის უფროსი კი თითქმის ერთი თვეა, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება!
“კვირის პალიტრა” თანაუგრძნობს ავიაკატასტროფაში დაღუპული ეკიპაჟის სამივე წევრის - კაპიტან გიორგი ლონდარიძის, უფროსი ლეიტენანტების, გაგა ტყემალაძის და სერგო ღვალაძის ოჯახებს.
ქართულ სამხედრო ავიაციაში პილოტების მომზადება უფრო ინტენსიური და პროფესიონალური უნდა გახდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი დანაშაულებრივი ბრძანებით აშკარად სასიკვდილოდ გაუშვას ადამიანები.
“წერტილოვანი” დარტყმა “შტურმით” საქართველოს დროშაზე ეს იყო უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამხედრო თავდასხმა
ზემო აფხაზეთში ოფიციალური თბილისის აქტიურობის საპასუხოდ
11 მარტის ღამეს ზემო აფხაზეთის ქართულ სოფლებზე - აჟარაზე, გენწვიშსა და ჩხალთაზე მოულოდნელი და ვერაგული თავდასხმის მთავარი მიზანი იყო, დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს პრეზიდენტის იმ პროგრამისთვის, რომელიც ბოლო დროს ზემო აფხაზეთში ხორციელდება.
ამ დასკვნამდე მივყავართ თავად თავდასხმის ხელწერას - ერთდროულად საჰაერო შეტევისა და საარტილერიო დაბომბვის მიუხედავად, ზემო აფხაზეთის ქართულ სოფლებზე იერიში მიწიდან არავის მიუტანია. გამოდის, რომ თავდასხმის დამგეგმავებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ კოდორის ხეობას ისინი აკონტროლებენ და თავისუფლად შეუძლიათ ერთი დარტყმით გაანადგურონ აფხაზეთის ქართული ხელისუფლების ის შენობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დიდი ზარ-ზეიმით გახსნა.
უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, თავდამსხმელებმა ჩანაფიქრი განახორციელეს - მიზანსაც მიაღწიეს და თანაც უდანაკარგოდ “გაქრნენ”, ქართულ მხარეს მხოლოდ რაკეტების ნარჩენები და დანგრეული შენობა დაუტოვეს.
გარდა ამისა, თავდამსხმელებმა კიდევ ერთ შედეგს მიაღწიეს - მათ 11 მარტის ტერორისტული აქტით თითქმის გააქარწყლეს საქართველოს პრეზიდენტის არაერთი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ შევარდნაძის დროისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ცა საიმედოდაა დაცული.
არსებობს რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაისაჯნენ საჰაერო თავდამსხმელები. ობიექტური მიზეზი ასეთია - გაეროს რეზოლუციის თანახმად, ზემო აფხაზეთში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები არ არიან, ხოლო იქ განთავსებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ქვედანაყოფებს, ისევე როგორც ათასნაირ კუდ-სა და სოდ-ს, ვერ მოსთხოვ საჰაერო სივრცის დაცვას. თუმცა, მეორე მხრივ, არავინ უშლიდათ, ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით გადამღობი ცეცხლი გაეხსნათ მათთვის. შვეულმფრენის ეკიპაჟი, როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს, მისკენ გაშვებული ასობით ტრასირებადი ტყვიის დანახვას ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს და გაქცევას იფიქრებს.
იმ ღამეს კი თავდამსხმელი შვეულმფრენებისთვის ცეცხლი, თუ არ ვცდებით, არავის გაუხსნია. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ასე ამართლებენ - ხეობაში მყოფთ სროლის ბრძანება არ ჰქონდათ და ცდილობდნენ, რადიოკავშირი დაემყარებინათ შვეულმფრენების ეკიპაჟებთანო. საინტერესოა, როგორ უნდა დაჰკავშირებოდნენ ამ შვეულმფრენების პილოტებს, როდესაც არ იცოდნენ, რა სიხშირეებზე მუშაობდა მათი რადიოსადგურები?!
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, - შვეულმფრენებიდან უმართავი ყუმბარები დააყარეს ქართულ სოფლებსო. შეიძლება ერთი საუკუნის წინ ფანერის აეროპლანებიდან მართლაც ყრიდნენ ყუმბარებს, მაგრამ 11 მარტის ღამეს ქართული ადმინისტრაციის შენობას ბევრად უფრო თანამედროვე იარაღით მიაყენეს დარტყმა - ეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი Штурм-В იყო.
Штурм-В ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსს ძირითადად Ми-24В და Ми-24П ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები იყენებენ. ასე რომ, ეჭვის მიტანა შეიძლება როგორც აფხაზებზე (მათ ერთი Ми-24 ნამდვილად ჰყავთ), ისე რუს “ცისფერჩაფხუტიანებზე” (მათი კუთვნილი ორი Ми-24 ხან ჭუბურხინჯში დგას, ხანაც გუდაუთაში) და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალებზე.
გამოითქვა მოსაზრება, ღამით თავდასხმას მხოლოდ ღამის ხედვის აპარატურით აღჭურვილი შვეულმფრენები შეძლებდნენო. ასეთი რთული და ძვირად ღირებული აპარატურა აფხაზებისა და რუსი სამშვიდობოების Ми-24-ებზე წესით არ უნდა იყოს.
რჩება რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული Ми-24-ები. იქ 2004 წლის შემდეგ შეიარაღებაში მართლაც მიიღეს რამდენიმე მოდერნიზებული Ми-24ПН (П-Пушечный, Н-Ночной), რომლებზეც დაყენებულია ღამის სითბოვიზიური დასამიზნებელი სისტემა Зарево იგი უზრუნველყოფს შვეულმფრენის საბრძოლო გამოყენებას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საშტატო იარაღის (მათ შორის Штурм-В-ს რაკეტების) ზუსტად სროლას, ხოლო საბორტე კომპიუტერში შეტანილი ციფრული რუკები ეკიპაჟს მაღალი სიზუსტით ფრენის საშუალებას აძლევს, მათ შორის მთებშიც.
სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ჯერ კიდევ 2004 წლის დასაწყისში განაცხადა, როგორც კი მოდერნიზებული Ми-24ПМ სერიულად გამოვა, მათ პირველ რიგში ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის აეროდრომებზე განვათავსებთო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, რაც სრულიად საკმარისია, რომ “ღამის კროკოდილებს” კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარის აეროდრომებზე (სულაც კარგად ნაცნობ ბუდიონოვსკში) დაედოთ ბინა. იქიდან კოდორის ხეობაში შემოფრენა კი ძნელი არ გახლავთ...
როგორ შეიძლება დავიცვათ ცა კოდორის ხეობაში?
საქართველოს ხელისუფლების დიდმოხელეებს არაერთგზის უთქვამთ, შესყიდულია საჭირო შეიარაღება და ქართული ცა ამიერიდან საიმედოდაა დაცულიო, მაგრამ რეალობამ საწინააღმდეგო გვაჩვენა. ეს მოსალოდნელიც იყო რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რაც გვაქვს, იმ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, გაეროს რეზოლუციიდან გამომდინარე, ზემო აფხაზეთში ვერ შევიტანთ, რადგან ისინი მოზრდილი საბრძოლო მანქანებია და მაშინვე დაიწყებენ “ყვირილს”. აუცილებელია ხეობაში, მთის მწვერვალზე დაიდგას მცირე ზომის მობილური რადიოლოკატორი საჰაერო ობიექტების დროულად აღმოსაჩენად და განგაშის ასატეხად. ბევრად უფრო რეალურია ხეობაში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - Стрела-სა და Игла-ს განთავსება. ამ მეტრნახევრიანი საზენიტო რაკეტებით კოდორის ხეობის თავზე 1992 წლის შემდეგ არანაკლებ ექვსი სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენია ჩამოგდებული. ღამით რთულია “სტრელას” ეფექტიანი გამოყენება, რადგან მსროლელს უჭირს ღამის ცაში მფრენი ობიექტის აღმოჩენა. თუმცა ღამის ხედვის მოწყობილობით ეს პრობლემაც გადაიჭრება.
ხეობის შემაღლებულ ადგილებზე დამონტაჟებული ДШК-ის ტიპის საზენიტო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიც არ იქნებოდა ურიგო “აბეზარი” შვეულმფრენების მოსაგერიებლად. აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს გამანადგურებელი თვითმფრინავები. ორი წლის წინ გვქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე პოსტსაბჭოურ რესპუბლიკაში შეგვეძინა МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, თუმცა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ეს პროექტი დაიწუნა. ჩვენ რომ დღეს МиГ-29-ები გვყოლოდა, მათ მარნეულიდან ზემო აფხაზეთამდე გასაფრენად ათიოდე წუთი დასჭირდებოდათ და საბორტე რადიოლოკატორებით ადვილად აღმოაჩენდნენ თავდამსხმელებს.
P.S. შსს ფარული გადაღებებისთვის ვიდეოკამერების სიმცირეს არ განიცდის, განა რა გახდა ერთი-ორი მაღალხარისხიანი ვიდეოკამერის ატანა ზემო აფხაზეთში მოვლენების დასაფიქსირებლად?!
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm