საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ციხეებში მდგომარეობით შეშფოთებულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-5 და მე-7 საპყრობილეებს, ასევე, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას ეწვია და პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
კათალიკოს-პატრიარქმა პატიმრები დალოცა, გაესაუბრა მათ და ხატწერის შესასწავლად მასწავლებლის გაგზავნა შესთავაზა.
"მოხარული ვარ, რომ ციხეში მოვედი და ვინახულე ჩვენი პატიმრები, სულიერი შვილები და მივულოცე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ის პირობები, რომლებშიც ისინი იმყოფებიან, დამაკმაყოფილებელი არ არის. ადამიანი ასეთ პირობებში არ შეიძლება იყოს", - განაცხადა კათალიკოს-პატრიარქმა.
მისი თქმით, ციხეებში ძალიან ბევრი პატიმარია და არ შეიძლება ქვეყანას ამდენი პატიმარი ჰყავდეს. პატრიარქის აზრით, ხელისუფლებამ და სასულიერო პირებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანაში ნაკლები პატიმარი იყოს.
"ეს პატიმრები ოჯახს უნდა ქმნიდნენ, შვილებს ზრდიდნენ და აქ აუტანელ პირობებში არიან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მათ უკეთეს პირობებს შეუქმნის. მინდა, რომ საქმე მათაც აკეთონ", - ასეთია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სურვილი."ვთხოვე პატიმრებს, დაწერონ თავიანთი ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით - თუ როგორ ხედავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. ისინი თავის მოსაზრებას ერთ თვეში მომაწვდიან", - აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქმა.
"ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, საქართველო ციხეების გარეშე ყოფილიყო. სულიერად დამძიმებული ვარ იმით, რაც დღევანდელ ციხეებში ვნახე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატიმრებისთვის უფრო საჭიროა, იმედი გაუჩნდეთ. მათ იმედი არ უნდა დაკარგონ", - ამბობს უწმინდესი და უნეტარესი.
იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ უწმინდესსა და უნეტარესს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მან დიდი სიხარული მიანიჭა პატიმრებს.
"ეს არ არის კათალიკოს-პატრიარქის პირველი ვიზიტი პატიმრებთან. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებზეც უწმიდესმა ყურადღება გაამახვილა, ამ თემებზე ჩვენც ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სასჯელაღსრულების სფეროში მძიმე მემკვიდრეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შენდება ახალი ციხეები, ყველაფერი კეთდება მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, - განაცხადა გია ქავთარაძემ და დასძინა, - პატიმრებთან გასაუბრებისას შევიტყეთ, რომ ჩვენი პერსონალის დამოკიდებულება პატიმრების მიმართ უკეთესობისაკენ არის შეცვლილი. თუმცა, რამდენიმე წელი კიდევ იქნება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში საკადრისი საპატიმრო დაწესებულებები გვქონდეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
პატრიარქმა მე-7 საპყრობილეში ის არაქრისტიანი პატიმრებიც მოინახულა, რომლებმაც მართლმადიდებლური წესით მონათლვის სურვილი გამოთქვეს.
განსასჯელებმა საპატრიარქოსგან საჩუქრად რელიგიური ლიტერატურა, სააღდგომო პასკა და კვერცხი მიიღეს.
N7 საპყრობილიდან გამოსულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას ციხის ეზოში პატიმრების ახლობლები დახვდნენ. ტერაქტის მოწყობაში მსჯავრდებული ვოვა არუთინიანის დედამ ბაჩო ახალაიას სთხოვა, რომ მისი შვილი საკანში მარტოა და სურს, რომ მას რადიოს დადგმის საშუალება მისცენ. ბაჩო ახალაია არუთინიანის დედას დაჰპირდა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ამ პრობლემას, შეძლებისდაგვარად, გადაჭრის. პატიმრების ახლობლებმა ბაჩო ახალაიას სთხოვეს, პატიმრებთან პაემნები უფრო გახშირდეს და მოიხსნას შეზღუდვები ამანათების შეგზავნაზე.
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...8&info_id=19350