BACHO
Junior Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5472
წევრი No.: 1222
რეგისტრ.: 6-September 02
|
#5498401 · 3 May 2007, 14:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ფორუმზე ერთერთი საკითხი, რომლის გარშემოც უყვართ საუბარი პუტჩისტებსა და ათასი ჯურის ნაძირალა დემაგოგებს, არის ცხინვალთან, 1989 წლის 23 ნოემბერს ჩატარებული მიტინგის შესახებ... ქვემოთ გთავაზობთ ნოდარ ნათაძის მოგონებას იმ აქციის შესახებ. წერილი განკუთვნილია არა ამ ფორუმის დემაგოგებისათვის (მაინც დაავიწყდებათ წერილში მოყვანილი ფაქტები), არამედ პრესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არცთუ ცოტანი შემოდიან ამ ფორუმზე (მასალის გამოსაყენებლად თავიანთ სტატიებში)
ნოდარ ნათაძის მოგონება სპეციალურადაა მოყვნილი, ვინმემ მიკერძოებულ საუბარში რომ არ დაგვდოს ბრალი.
ნოდარ ნათაძის წიგნიდან "რაც ვიცი"
ნოდარ ნათაძე: 23 ნოემბრის მიტინგი ცხინვალში
1989 წლის 23 ნოემბრის მიტინგი ცხინვალში წინასწარ იყო დათქმული და გამოცხადებული ორი თუ სამი კვირით ადრე. ამიტომ, თუმცა ზვიადსაც და ყველა სხვასაც ესმოდა მისი არამიზანშეწონილობა გამწვავებული სიტუაციის გამო (ამას ხაზს ვუსვამ), იგი მისმა ორგანიზატორებმა აღარ გადათქვეს და ვეღარ გადათქვეს. ირაკლი წერეთელმა, რომელიც არც სიფრთხილით გამოირჩეოდა და არც თავშეკავებით, მაინც მკაფიოდ თქვა: “არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ რაკი ნათქვამი გაქვთ, თანახმა ვარ, წამოვალ”. გია ჭანტურიამ (როგორც ვიცი) თქვა: “არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ წამოვალ, ფიზიკურად იქ ვიქნები”. ამ დეტალებს იმიტომ ვყვები აქ აღწერილი მოვლენების საერთო კრიტიკული დახასიათების ფონზე, რომ მათი არხსენებით სამართლიანობა დაირღვევა და ბევრი რამ, რასაც მოქმედ პირთა უნიათობა, მოუფიქრებლობა, სულიერი სიზანტე ან სიმხდალე აქვს მიზეზად, მორალური დანაშაულის სახით გამოჩნდება. ორგანიზატორების გამამართლებელი არგუმენტაცია კი იმ მიზნით როდი მომყავს, რომ ჩემი საკუთარი მონაწილეობა ან სახალხო ფრონტის სხვა წევრების მონაწილეობა ავხსნა. არც მე, არც სახალხო ფრონტს საერთოდ ამ ნაბიჯის არც გადაწყვეტაში, არც ორგანიზებაში არანაირი მონაწილეობა არ გვქონია.
გუმბარიძეს ეს ღონისძიება, ბუნებრივია, ძალიან აფიქრებდა (თუმცა, პარადოქსულად, მისთვის მაინც გაიღო ავტობუსები, რომელთა გარეშეც წასვლა არ შედგებოდა. ამიტომ წინა დღეებში მრავალი მოლაპარაკება ჩაატარა ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან მის შესახებ (ასეთი წინასწარი მოთათბირება იმ დროს ხდებოდა ყველა ან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რადგანაც ორივე მხარე დაინტერესებული იყო, ასე თუ ისე, ექსცესებისგან თავის არიდებაში). 21-ში იმ მოთათბირებაზე მეც ვიყავი, 22-ში არ ვყოფილვარ, რადგანაც იმ დღეს დილიდან ცხინვალში წავედი ლევან თედიაშვილის “მერსედესით” გოგი თამლიანთან ერთად, რათა შეძლებისდაგვარად ნიადაგი მოგვემზადებინა საქმის მშვიდობიანი დასრულებისთვის. ამ ვიზიტზე ქვემოთ ვიტყვი. აქ კი მინდა აღვნიშნო, სრული პასუხისმგელობით, რომ 23 ნოემბერს, როცა მომიტინგეები ავტობუსებით (და ნაწილობრივ - მსუბუქი მანქანებით) ცხინვალში გავემგზავრეთ, გარკვეულმა წრემ ვიცოდით, რომ წინადღით ამ ღონისძიების ლიდერებმა გუმბარიძესთან მოითათბირეს და შეთანხმდნენ: ცხინვალთან მიუსვლელად კოლონას მილიცია გზას გადაუკეტავდა და ცხინვალში აღარ შეუშვებდა. ეს იყო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, რაც კი მოცემულ პირობებში შეიძლებოდა მიღებულიყო, და იგი რეალური ჩანდა, რადგანაც ზედმიწევნით შეესაბამებოდა შევარდნაძის მიერ ღიად დატოვებულ ინსტრუქციას გუმბარიძისადმი, როდესაც ამ უკანასკნელს საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივნად, ანუ ე. წ. “რესპუბლიკის ხელმძღვანელად”, ნიშნავდა, ხელისუფლებამ ეროვნულ მოძრაობასთან ურთიერთშეთანხმებულად იმუშავეთო.
იმ დროიდან დაწყებული, დღემდე სხვადასხვა მემუარისტები, ფელეტონისტები, რეპორტიორები და ყველა ჯურის კალმოსნები ათასგვარად აზვიადებდნენ და აზვიადებენ იმ ავადსახსენებელი მიტინგის მონაწილეთა რიცხვს და იგი ლამის 80 ათასზე ან 40 ათასზე აჰყავთ. ვაცხადებ, ისევ სრული პასუხისმგებლობით: ვინც ჩემთან იყო, ვთხოვე, ავტობუსები დაეთვალათ. სულ იყო ასოცამდე ავტობუსი - დაახლოებით ნახევარი იკარუსები იყო, ნახევარი - ლაზები და პაზები თანასწორად. მსუბუქი მანქანები უფრო ნაკლები იყო. თითოეულ ავტობუსზე რომ საშუალოდ 60 მგზავრი ვაიანგარიშოთ (რაც არარეალურად ბევრია), ეს გამოდის 7200 სული, რაც, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მასაა, მაგრამ ის არაა მაინც, რასაც მემუარისტთა და ფელეტონისტთა ფოლკლორი მოგვითხრობს (რუსული პრესის ანგარიშით, რომელიც ოსების გაზეთმა “იუჟნაია ოსეტიამ” გადმობეჭდა, იყო ორასი ავტობუსი).
ერგნეთის ოდნავ ზემოთ კოლონას გზა გადაკეტილი დახვდა გარდი-გარდმო დაყენებული ორი “ბეტეერისა” (ჯავშანტრანსპორტიორი) და მილიციის კარგა დიდი რაზმის მიერ. ოდნავ ჟინჟლავდა. უმეტესობა გადმოვედით ავტობუსებიდან, ზოგნი ავტობუსებში დარჩნენ. ველოდით მოვლენათა შემდგომ განვითარებას. მოსულთა უდიდესმა უმრავლესობამ (სულ მცირე გამონაკლისის გარდა) არაფერი იცოდა იმ შეთანხმებისა, რომელიც წინა დღის იყო მომხდარი. ასე გაგრძელდა საათი-საათ-ნახევარი. უცებ - სრულებით მოულოდნელად და უმიზეზოდ - მილიციის კორდონი გაიხსნა. ერთი “ბეტეერი”, რომელსაც კარბურატორი დანაგვიანებოდა, ცხინვალისკენ გაემართა, მეორე, მგონი, თბილისისკენ წამოვიდა. მილიცია დიდწილად სადღაც აორთქლდა. ხალხი, რომელიც იმ დროს უკვე თითქმის მთლიანად იყო გადმოსული ავტობუსებიდან, ავტობუსებში აღარ ავიდა და ფეხით გამოუყვა ტრასის ორ-სამკილმეტრიან მონაკვეთს, რაც ცხინვალამდე იყო დარჩენილი. წვიმა ხან შეწყდებოდა, ხან ისევ ჟინჟვლას დაიწყებდა. ციოდა. როცა ნელი წვიმით უკვე კარგა დამბალმა მასამ ცხინვალის შესასვლელს - ტეკსა და ზღუდრის დაღმართს - მიაღწია, უკვე ოთხი საათი - ხუთის ნახევარი იქნებოდა და ჰაერს ბინდი ეპარებოდა. უკეთეს პირობებს ადამიანთა მორალური დათრგუნვისთვის, გაუმხნეობისთვის, ყველაფერზე ხელის ჩაქნევინებისთვის ვერ ინატრებდით.
ზღუდრის დაღმართის სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრია. ქვემოთ მოკლე ხიდია ლიახვზე და ხიდის იქით - ცხინვალი. დაღმართის ქვედა მესამედი საბჭოთა შინაგანი ჯარის (მერვე პოლკის) ერთი გარდიგარდმო დაყენებული “ბეტეერით” (იგი გზის სიგანის დაახლოებით ნახევარს ხერგავდა) და, მაქსიმუმ, ორი ათეული ჯარისკაცით იყო გადაკეტილი. “ბეტეერის” ცოტა ზემოთ ბეტონის ფილებით დატვირთული ორი თვითმცლელი იდგა (მგონი, “მაზები” იყო) და ზედ რამდენიმე კაცი ოსი იჯდა. ამათ ზემოთ გზის ჩასაკეტად ცხინვალელი ოსები იდგნენ (დაახლოებით 200-300 კაცი) ძალიან მჭიდროდ და, ამგვარად, გზის გრძივ ათიოდე მეტრს ავსებდნენ. მერვე პოლკის ქვემოთ, მცირე ცარიელი ადგილის გამოტოვებით, ხიდის თავში, ხიდზე და ხიდის იქითა თავში მილიცია იდგა, გაღმა კი, ზედ ხიდთან, ცხინვალის მოსახლეობის მიტინგი იყო მომდგარი - ოსები ერთ მხარეს, ქართველები - მეორე მხარეს, დაახლოებით მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად (ოსები ორჯერ-სამჯერ უფრო მეტნი, ვიდრე ქართველები). ოსების იმ ზემოთ ნახსენები ჯგუფის ცოტა აქეთ, რომელიც გზას კეტავდა დაღმართის შუაში, გუმბარიძე იდგა უქუდოდ და მასთან ერთად - მის მხლებელთა ათ-თხუთმეტკაციანი ჯგუფი. ეტყობა, იგი შვეულმფრენით იყო მოსული, რადგან გზაში კოლონისთვის არ გადაუსწრია.
გზაზე გაჭიმულმა მომიტინგეებმა ნელ-ნელა ოსების კორდონს (ზემოხსენებულ 200-300 კაციან ჯგუფს) მოაღწიეს და მის წინ შეგროვება დაიწყეს. ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ორი კედელი აღმოჩნდა - ერთი ოსებისა, მთლიანი, რადგან მას მთელი გზის სიგანე ეკავა, მეორე კი, მოსულებისა - არასრული, რადგან იმ ნახევარში, სადაც გუმბარიძე იდგა, მისთვის და მისი მხლებლებისთვის კარგა ხალვათი ადგილი დატოვეს. ამის შემდეგ კიდევ მომსვლელი მასა ან უნდა გაჩერებულიყო, როგორც იდგა, ან მოძრაობა უნდა განეგრძო და დამხვდური მასა გაეტანა, უფრო კონკრეტულად - იგი რუსების “ბეტეერზე” მიეგდო, თვითონ კი “ბეტეერისა” და თვითმცლელებისგან თავისუფალი ნაწილით ხიდისკენ დაშვებულიყო. თუ არადა, იგი გზის მაღალი ნაწილის მხრიდან (იმ მხრიდან, სადაც გუმბარიძე იდგა) სოლად უნდა შესულიყო გზის ბეტონის ჯებირსა და ოსების კორდონს შორის, ეს კორდონი გზის მარცხენა, დაბალი ნაპირისკენ მიეჭეჭყა და კარგა დაქანებულ ფერდობში გადაეყარა. რა მოჰყვებოდა ამას, გაურკვეველი იყო. ყველაზე დამაფიქრებელი იყო გზაზე გაჩერებული დატვირთული თვითმცლელები, რომლებიც, თუკი არეულობაში დაქანდებოდა, ხიდამდე ჩაივლიდა და ლიახვში გადაჩეხვამდე აუარებელ მსხვერპლს გამოიწვევდა ქვემოთ გასულ მასაში.
კორდონად მდგარი ოსები დაუღალავად იმეორებდნენ ყველასთან, ვინც მიადგებოდა (რადგან მოსულთა მასაში უწესრიგო ტრიალი იყო, ხან ერთნი გავიდოდნენ წინ, ხან - მეორენი): “არ გინდათ ქალაქში შესვლა, სახიფათოა, ვინ იცის, რა მოხდება”. იმ კორდონში ის ჩემი ნაცნობი აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილეც ვნახე. მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა: ქალაქში შაშხანებითა და ავტომატებით არიან ჩაწოლილნი. გიჟები არიან, იმათზე პასუხს ვერ ვაგებთო. პირველი მეჩხრად მომდგარი მომიტინგეები თავიდანვე გაჩერდნენ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ შერეულიყვნენ მეკორდონეებში და ემოძრავათ წინ - თუნდაც ძალიან ნელა (რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, ვიმეორებ, ღმერთმა უწყის). ამიტომ კოლონა თავიდანვე შეტბორდა და ამ პირველი გაჩერების შედეგი ის იყო, რომ ახლა მოძრაობა მხოლოდ გადაწყვეტილებითღა (და არა ინერციით) და, მაშასადამე, მხოლოდ ყველა “ჰოს” და “არას” აწონ-დაწონითღა შეიძლებოდა. ჩემთან მოვიდა თემურ ჯორჯაძე, აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომპეტენტური მცოდნე საქართველოში და ერთ-ერთი იმათგანი, რომლებმაც 9 აპრილის ღამეს შიშველი ხელებით მოიგერიეს და დაბლოკეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ქვემოთ ჩამომავალი ფარებიანი რუსთა ნაწილი, რომელსაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და მომიტინგეთა მომწყვდევა ჰქონდა გეგმით დავალებული (ამით რამდენიმე ათასი სული გადარჩა). მან მითხრა, ეგებ მივიტანოთ იერიში და ეგენი გადავყაროთ ამ ფერდობშიო. რამდენიმე წამს დავფიქრდი და, “არა-მეთქი”, “მე მგონი, არ ღირს-მეთქი”. ჩაწოლილი მეავტომატეებისა და შაშხანიანების ვერსიისა მაინცდამაინც არ მჯეროდა და საერთო მდგომარეობის მიხედვით არც იმას ვფიქრობდი, რომ რუსები ცეცხლს გახსნიდნენ ავტომატებით და “ბეტეერებიდან” (სხვა თუ არაფერი, გუმბარიძე აქ იყო). მაგრამ როგორღაც ტყავით ვგრძნობდი, რომ იმ თვიმცლელების დაქანება გარდუვალი იყო, ხოლო, თუკი ზედ მსხდარ ოსებს გადმოსმას მოუნდომებდნენ ძალით ან შოფრებს მოუნდომებდნენ ძალით შეცვლას, მაშინ ხომ “ბეტეერის” მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს ადვილად მოიყვანდნენ მოქმედებაში. სასტიკი გაურკვევლობისა და გადაუწყვეტლობის გრძნობა მქონდა. წამოსვლის ორგანიზატორთა და ინიციატორთაგან იმ უბანში არავინ იყო, მოვლენები კი, თუ სადმე ვითარდებოდა, აქ ვითარდებოდა. ამ ადგილის გარეთ მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ბიჭები გაგზავნეს ზღუდრის ფერდობის შესამოწმებლად (იგი გზასაც და ქალაქსაც ჩვენგან მარჯვენა მხრიდან გადმოჰყურებდა), რადგან, როგორც ვთქვი, ცნობა იყო, რომ იქ მსროლელები იყვნენ ჩაწოლილები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მეტისმეტად დიდი იყო და სიბნელეში (უკვე ბნელდებოდა) მისი შემოწმება დაგეგმვისა და სექტორებად დაყოფის გარეშე შეუძლებელი იყო. არსებითია, რომ ზღუდრის ფერდობზე ასულებმა ცხინვალში - მაგრამ არა დაბლა, ხიდთან, არამედ მაღლა, ქალაქის ვაკე ცენტრში - ძალიან დიდი შეკრებილი მასა დაინახეს, რამდენიმე ათასი კაცი. ქალაქი, პრაქტიკულად, მთლიანად ქუჩაში იყო გამოსული და მოვლენათა განვითარებას ელოდა.
გუმბარიძე იდგა პასიურად იქვე, სადაც დაგვხვდა, და დროდადრო თუ ჩაერეოდა ყველა სხვასავით, ვინც ახლომახლო იყო, აქა-იქ გაჩენილი ადგილობრივი შელაპარაკებების დარეგულირებაში. მე გავაკეთე ერთადერთი, რაც შემეძლო: მე და ჰენრი კუპრაშვილმა ვიღაცას გამოვართვით მეგაფონი, გავიარეთ ოსების კორდონში და ხიდთან ჩავედით, რათა ჩაგვეტარებინა, ასე იქნებოდა თუ ისე, ის მიტინგი, რომლის გამოც ვიყავით აქ მოსულნი, და ჩვენი მისია შესრულებულად ჩაგვეთვალა. ვიმეორებ, აქციის მომწყობთაგან იქ არავინ იყო. ამ უაზრო ვითარებაში ბუნებრივად ისახებოდა მარტოობისა და ულმობელი პასუხისმგებლობის განცდა, რომელსაც ბუნების ყველაზე სახიფათო მოვლენის - უმართავი (არაკოორდინირებული) მასის - აქვე, თვალწინ ჩამოყალიბება და ფორმირება ბადებდა. ერთი რამის იმედიც მქონდა, რომ ჩავდიოდით: მთელ იმ სივრცეში თბილისელი მომიტინგეებიდან ლიახვის ხიდამდე სულ მიდი-მოდიოდნენ ან გაჩერებულები იდგნენ საქართველოსა და თბილისის მილიციის მაღალი და საშუალო ჩინოსნები (თანამდებობის პირები) და, რაკი ვგულისხმობდი, რომ განტვირთვა და განმუხტვა მათი ინტერესიც იყო, მეგონა, რომ მიტინგის იქვე ორგანიზებაში მოგვეხმარებოდნენ. იქ იყო მილიციის უხუცესი გენერალი ვარლამ შადურიც, რომელსაც ყველა სხვა მაღალჩინოსანი, - ასე ვიცოდი, - თავის აღმზრდელად და მასწავლებლად (თუ გნებავთ - თავის დამგეშავად) თვლიდნენ. ჩემი შთაბეჭდილებითაც და აზრითაც (ეს შთაბეჭდილება და აზრი პირველად ბოლნისში შემიმუშავდა, მშვიდად მოსაუზმე რომ ვნახე ერთი ძალიან დრამატული ვითარების დროს) ეს ერთი ყველაზე უწყალოთაგანი და საქართველოს საქმის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამმეტებელთაგანი იყო თავის კოლეგათა შორის. ვხოვე, იქნებ დინამიკებიანი მანქანა ვიშოვოთ-მეთქი. ავუხსენი, რომ ამით ყველაფერი მთავრდებოდა და მშვიდად მრგვალდებოდა (ბოლოს და ბოლოს, ეს ორი კაციც, რომლებიც აქეთ გამოსული ვიყავით, გავიჭირვებდით და, ასე თუ ისე, ჩავატარებდით იმ ნაკისრებ მიტინგს, მით უფრო, თუ ოპონენტობისა და წონასწორობისთვის ერთ-ორ ცხინვალელსაც, ქართველსა და ოსსაც სიტყვას მივცემდით). ჰო, ჰოო, წაილაპარაკა, მაგრამ არაფერი გააკეთა. დავჯერდით იმ მეგაფონს, რომელიც გვქონდა. ავედი გზის მარჯვენა მხარეს, მეტრ-ნახევარი ან ცოტა ნაკლები სიმაღლის ბეტონი ჯებირზე, რომელიც გზას ფერდობის ჩამოწოლისგან იცავდა, და იმპროვიზებული მიტინგი ჩავატარე ცხინვალელ ოპონენტ ჯიკაევთან ერთად, რომელიც იქვე იყო და აქტიურობდა მოკორდონეთა შემადგენლობაში. მანამდე ის კაცი არ მენახა. ეს იყო ორმოციოდე წლის კაცი, მუსიკათმცოდნე, ამჟამად შვედეთში ცხოვრობს და მთლიანად ოსური საქმის პროპაგანდითაა დაკავებული. ინგლისური იცის. საერთოდ, წესიერი და პატიოსანი კაცი ჩანს. მას იმ კოპენჰაგენის კონფერენციაზე შევხვდი შემდეგ, რომელიც წეღან ვახსენე. რამდენჯერმე მე ავიღე სიტყვა, რამდენჯერმე - მან. ჩვენს მსჯელობას კამათის ფორმა ჰქონდა. ჩემს სიტყვებს ხიდს გაღმა მდგომი ქართველები ხვდებოდნენ სკანდირებით “სა-ქართ-ვე-ლო”, იმისას - იქვე მდგარი ოსები სკანდირებით - “ი-რი-სტონ” (“ოსეთი”). სამწუხაროდ, მეგაფონის ხმა უკმარისი იყო, თორემ ჩვენს განკარგულებაში რომ დინამიკებიანი მანქანა ყოფილიყო, ამ შეხვედრაზე მთელი ცხინვალის ყურადღება იქნებოდა კონცენტრირებული და ეს საღამო, ერთი მხრივ, ჩვენი მტკიცე ნების დემონსტრაციად ჩაითვლებოდა, რომ ეს მიწა ჩვენია და ვინც მასზე ცხოვრობს, ჩვენს მიწაზე ცხოვრობს და იცხოვრებს მარადჟამ (ეს იყო ჩემი თეზისი, რომელსაც ყოველი მხრიდან მოვუარე და ყოველმხრივ ვატრიალე), მეორე მხრივ, იმის ილუსტრაციად, რომ შესაძლებელია კარგი და კოლეგიალური, თუმცა დაძაბული დიალოგი ქართველებსა და ოსებს შორის. ასე იყო თუ ისე, ეს საათნახევრიანი მიტინგი მაინც მიტინგი იყო და შეიძლებოდა მისი მიტინგად ჩათვლა, თუკი აქ წამოსვლის ორგანიზატორები ამას მოისურვებდნენ და მოისაზრებდნენ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
ეს არ მოხდა და, საერთოდ, აღარც რამე მოხდა. მოსული მასა დაიშალა და გაიჭიმა, დათვრა, იჩხუბა, იდებოშა და სანახევროდ უკანვე გაბრუნდა. დაღმართის ზემო თავში ბიჭები რესტორანში შევიდნენ და მზარეულმა, რომელსაც რაღაცა მოსთხოვეს, სახეში ქვაბი შეასხა. იმ უკაცრიელ ადგილას იმ რესტორნის მეტი სხვა არაფერი იყო, მაგრამ იმდენი დისციპლინა და შეგნება მაინც ჰქონდა იმ მასას, რომ მზარეულს ხმა არავინ გასცა. გუმბარიძე როდის წავიდა, ვერ შევამჩნიე. მაგრამ იმ იმპროვიზებული მიტინგის დროს რომ იქ იყო, ვიცი, რადგან მერე მითხრა, რა გინდათ, რაც სათქმელი იყო, ყველაფერი უთხარითო. დაიშალა მომიტინგეთა მასაც, დაიშალა კორდონიც. ვინ დაბორიალობდა, ვინ - სვამდა, ვის - ავტობუსში ეძინა. ზოგნი - ვისაც ან გული, ან აქტივობის ძარღვი უფრო ერჩოდათ, - ქალაქში ჩავიდნენ და მიზვერ-მოზვერეს ვითარება. ის, რომ სადღაც “შაშხანიანები” იყვნენ ჩაწოლილნი, მაინცდამაინც არავის დაუდასტურებია, არც ის, რომ, როგორც “მხედრიონისგან” ვიცოდი, ან ამ ორგანზიაციას ან სასტუმრო “ალანში” განლაგებულ თბილისის მილიციას ქალაქის კონტროლი ჰქონდა აღებული. ჩემთან ლევან ასლანიკაშვილი მოვიდა და პალტოს გახსნილ უბეში ავტომატი მაჩვენა, ოსს წავართვიო. ქალაქში ჩასულიყო, ქუჩაში სიბნელეში ვიღაცის პალტოს უბე არ მოსწონებოდა და პისტოლეტი დაედო, “აბა, მაჩვენე, მანდ რა გაქვსო. მოკლე ავტომატი იყო და გამოართვა. ლევან ასლანიკაშვილი ავღანეთში იყო ნაომარი. იგი გაგრასთან დაიღუპა 1992 წლის 3 ოქტომბრის დილას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილშობილი სული!
გვიან ღამით ძლივს ვიპოვე აქციის “ხელმძღვანელები”. უფრო ზუსტად, ეს ღამით კი არ მოხდა, არამედ უკვე თითქმის ალიონზე. “ლაზის” ავტობუსში იყვნენ (ალბათ, უძილარები ჩემსავით). მე და ჰენრის ჩემს “ფიატში” ჯავრმა თვალი არ მოგვახუჭინა. ზვიადი იყო, ირაკლი წერეთელი, ჯაბა იოსელიანი (იგი ფრიად აქტიურობდა იმ დროს და ითვლებოდა, რომ მის “მხედრიონს” ქალაქი ცხინვალი, ფაქტობრივად, კონტროლში ჰყავს), ირაკლი ბათიაშვილი. თათბირობდნენ: ოსებს შემოეთვალათ, მოდით სამასი კაცი, რამდენიც დარბაზში დაეტევით, და შეხვედრა დარბაზში ჩავატაროთო (მგონი, თეატრის დარბაზზე იყო ლაპარაკი). ამ წინადადების არმიღება, რა თქმა უნდა, უდიდესი უგნურება იქნებოდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ იგი მიიღეს. მე, რაკი ორგანიზატორთაგანი ვიყავი და, ცხადია, პასუხისმგებლობასთა სათოფე მანძილზე მიკარება არ მინდოდა, კამათში არ ვერეოდი სხვაგვარად თუ არ რაღაცა ნეიტრალური შენიშვნით, რომელიც მხოლოდ ფაქტებს ან პროგნოზებს შეეხებოდა. ერთი ეს ვთქვი, როცა თანხმობა გადაწყდა: “იმ მასაში ერთი მე ვარ. 299 კიდევ აარჩიეთ-მეთქი.” გამოვედი გარეთ და ლოდინი დავუწყე. აღარ წვიმდა. სველი ღრუბლები ირეოდა და ნელ-ნელა ცივად და უსიამოდ თენდებოდა. რომ არ გადავამეტო, საათი ან საათ-ნახევარი ვიცადე. სხვებიც იყვნენ ამბით დაინტერესებულნი (რადგან წინადადების ხმა უკვე გავრცელებულიყო და ღამენათევი მომიტინგეებიც თანდათან იღვიძებდნენ). ბოლოს გამოვიდა ვიღაცა “ლაზიდან” და გამოაცხადა, “გადაწყდა, წინადადებაზე უარის თქმაო”. ერთი საათ-ნახევარი კიდევ ვიტრიალე იქ. პირველად გაისმა აქა-იქ საზარელი, მაგრამ მართალი ფრაზა “კუდამოძუებულები მივდივართ”. ჰენრიმ მითხრა, “გამოფიტული” ვარ, საჭესთან ვეღარ დავჯდები” (იქითობას საჭესთან ჰენრი იჯდა). დავჯექი საჭესთან და წამოვედით თბილისში.
მე სპეციალობით ფილოლოგი ვარ, ჩემი დარგით ძველ ქართულ ენასთან პროფესიულად დაკავშირებული კაცი. ოდესღაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტებში რომ აღმოვაჩინე (ჩემთვის), რომ უსაზიზღრესი სიტყვის - “ბეზღობის” - თავდაპირველი მნიშვნელობა “ენის მიტანა, დაბეზღება” კი არ ყოფილა, არამედ “გამოტყუება, გამობეზღვა” ანუ ციხე-სიმაგრიდან კაცის ან რაზმის გამოყვანა მაშინ, როცა იმისთვის, ვინც გამოგყავთ, ამა თუ იმ მიზეზის გამო ბრძოლის გადახდა ხელსაყრელი არ არის. ამ აღმოჩენამ თუ არ შემძრა, დამაღონა მაინც, იმიტომ, რომ ამ ცნებაში ნაგულისხმევი ვითარება მთელი ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საპასმუხისმგებლო და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ტიპური არჩევანის ამსახველია, რომელიც მომავალშიც მუდამ გვექნება. სამწუხარდ, ამ სიტყვის გახსენება ბევრჯერ მომიხდა და კიდევ რამდენჯერ მომიხდება, არ ვიცი.
მე მგონი, ყველა გამიგებს, თუ ვიტყვი, რომ ამ ეპიზოდის პერსონაჟთა მიმართ იმ დღის შთაბეჭდილებებიდან დიდი პატივისცემა არ გამომყოლია.
დავსძენ. თუ ოდესმე ჩატარდება 23 ნოემბრის (1989) მიტინგის ისტორიის პროცესუალური გამოძიება (მისი ჩატარება კი, ჩემი აზრით, აუცილებელია), უნდა უსათუოდ დაიკითხოს სხვებთან ერთად შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი შოთა გორგოძე ერგნეთის ზემოთ კოლონის ჯერ გაჩერების, ხოლო შემდეგ გატარების ფაქტზე.
This post has been edited by BACHO on 3 May 2007, 15:33
--------------------
შაქროII შენი გადასარჩენი რომ გავხდები, თავს მოვიკლავ @SHAKO M
|