* * *
თბილისი ადასტურებს კოდორში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-25 11:21:02
ზემო კოდორის ხეობაში განთავსებულმა ქართულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავს და ჩამოაგდეს ის. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 23 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით გავრცელდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგანაც ის საკმაოდ მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა. ასევე უცნობია, თვითმფრინავი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა, თუ აფხაზურს. იმ პერიოდში კოდორის ხეობის მახლობლად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ სულ ცოტა ორი სამხედრო ვერტმფრენის და ორი თვითმფრინავის მონაწილეობით.
ინციდენტის გარშემო ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც კოდორის ხეობიდან ტელეფონით ესაუბრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, განაცხადა, რომ თვითმფრინავი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ლათას მახლობლად ჩამოვარდა. ”ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახლაც მოსჩანს შავი კვამლი კატასტროფის ადგილიდან,” - განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს.
სხვა ინფორმაციით, თვითმფრინავი ზემო კოდორის ხეობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა შეუძლებელი გახდა ინციდენტის ადგილამდე მისვლა მისი მთიანი ადგილმდებარეობის გამო.
რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მას ”კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15949-------------------
სავარაუდოდ ჩამოგდებული თვითმფრინავის ძებნა გრძელდება სივილ ჯორჯია / 2007-08-25 15:41:49
ქართული მხარე განაგრძობს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას, რომელიც ქართულმა ძალებმა ზემო კოდორის ხეობის მაღალმთიან ზონაში ჩამოაგდეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 25 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა ამოუცნობი საფრენი აპარატის ჩამოგდების გარშემო არსებული გარემოებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
”22 აგვისტოს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დროს, ჩვენი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით გახსნილი იქნა გამაფრთხილებელი ცეცხლი; ამის შემდეგ ფრენა შეწყდა,” - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა.
”მივმართავთ რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ერთობლივად იქნას გამოძიებული საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი,” - დასძინა მან.
ინფორმაცია პირველად 24 აგვისტოს საღამოს გავრცელდა, როდესაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ქართულმა ძალებმა 23 აგვისტოს ზემო კოდორის ხეობის თავზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს (თუმცა, ხიზანიშვილის თქმით, საჰაერო სივრცე 22 აგვისტოს დაირღვა).
თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, რადგანაც, გავცელებული ინფორმაციით, ის ხეობის საკმაოდ მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა. თუმცა, თვითმხილველებმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადეს ტელეფონით, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე კვლავ შეინიშნება შავი კვამლი.
უცნობია, თვითმფრინავი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა, თუ აფხაზურს. იმ პერიოდში კოდორის ხეობის მახლობლად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ სულ ცოტა ორი სამხედრო ვერტმფრენის და ორი თვითმფრინავის მონაწილეობით.
რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მას ”კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15953------------------------
კოდორში თვითმფრინავი ჩამოვარდა - აცხადებენ სოხუმში / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-25 21:42:16
21 სექტემბერს ამოუცნობი საფრენი აპარატი აფხაზეთის საჰაერო სივრცეში შავი ზღვიდან შეფრინდა და კოდორის ხეობაში ჩამოვარდა, განაცხადა აფხაზეთის გენშტაბის მეთაურმა, ანატოლი ზაიცევმა 25 აგვისტოს, ინტყობინება სააგენტო ”ინტერფაქსი.”
ზაიცევმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ მოფრინავდა თვითმფრინავი.
”ის აშკარად კარგავდა სიმაღლეს; მას უკან მკვეთრი კვამლი მოსდევდა,” - განაცხადა ზაიცევმა - ”ეს თვითმფრინავი [ქვემო] კოდორის ხეობაში ჩვენმა სამეთვალყურეო პოსტმაც შეამჩნია. შემდეგ მათ შეამჩნიეს ელვარე კვამლიც.”
მისი თქმით აპარატი ბომბდამშენი ან მზვერავი თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო. ”ეს არც რუსული და არც ქართული თვითმფრინავი არ ყოფილა, ალბათ უფრო ამერიკული იყო,” დასძინა მან. ზაიცევმა ასევე განაცხადა, რომ თვითმფრინავისთვის არავის უსვრია.
თუმცა მოგვიანებით ზაიცევმა განაცხადა, რომ მას არ უთქვამს თითქოეს ეს ამერიკული თვითმფრინავი იყო.
ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ასევე დაადასტურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. მისი მტკიცებით ეს ქართული თვითმფრინავი იყო.
აფხაზეთის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა, ინტერფაქს განუცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ მის კონტროლირებად ქვემო კოდორის ხეობაში სამძებრო ღონისძიებები გაატარა, თუმცა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იქ ვერ აღმოაჩინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს როდესაც ადგილი ქონდა რუსეთის მხრიდან კოდორის თავზე საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევას, ქართულმა მხარემ ”გამაფრთხილებელი ცეცხლი” გახსნა. ამჟამად ხეობაში სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რათა გადაამოწმონ სავარაუდო მონაცემების იმის თაობაზე რომ თითქოს თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15954