BACHOროდესმე შეძლებთ კერპების და ქვეყნის ერთმანეთისაგან გარჩევას???

--
1989 წლის იანვარის თვეში კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება. გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულია იურისტის, პროფესორ თამაზ შავგულიძის სტატია, რომელიც ეხება ენის საკანონმდებლო სტატუსს. “ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საქმის წარმოება, მოქმედი კანონმებლობის თანახმად, უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე. ამავე დროს, ოლქში ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული რუსული და ოსური ენები”.
ორი კვირის შემდეგ იმავე “ლიტერატურულ საქართველოში” იბეჭდება მკითხველის - ინჟინერ ნოდარ ნებიერიძის - წერილი რედაქციისადმი სათაურით: დავიცვათ სახელმწიფო ენის სტატუსი”. “1988 წლის ნოემბერში ქალაქ ცხინვალში რესპუბლიკური გაერთიანების “საქაგრომშენის” მეთხუთმეტე ტრესტის გორის მოძრავ მექანიზებულ კოლონას, რომელიც სხვადასხვა სამონტაჟო სამუშაოებს ატარებდა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ქალაქ ცხინვალის #35 03 შემნახველმა ბანკმა უარი უთხრა ხელფასების გაცემაზე”. უარის მიზეზი იყო ის, რომ დოკუმენტები შედგენილი იყო ქართულ ენაზე, რომელიც ბანკის თანამშრომლებისთვის იყო გაუგებარი. ამ ახსნა-განმარტებას ხელს აწერენ ბანკის თანამშრომლები: ჯიოევი და გიგოლაევი.
შემდეგ უკვე იმავე გაზეთის მაისის ნომერში არის გამოხმაურება აფხაზეთში მომხდარ მარტის მოვლენებზე, როცა სოხუმში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ინიციატივით იმართება არასანქცირებული მიტინგი, რამაც გამოიწვია აფხაზთა და ქართველთა შორის არსებული დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. გუდაუთის გაზეთ “ბზიფში” წერილს აქვეყნებს ვინმე ვოზბა. მისი წერილის გვერდით ქვეყნდება “ადამონ ნიხასის” ერთ-ერთი ლიდერის, ალან ჩოჩიევის, წერილი: “ძვირფასო აფხაზო მეგობრებო”. ვოზბა წერს ქართველების მიტინგის შესახებ, აღნიშნავს, როგორ თანაუგრძნობდა ხელისუფლება ამ არაფორმალ ქართველთა მიტინგს, როგორ პასიურობდა იგი და როგორ დატოვა ხელისუფლებამ ხალხი ქართველი ექსტრემისტების პირისპირ. ვოზბა მოუწოდებდა ხალხს დაიცვას მიწა, თავისი ენა ქართველი ექსტრემისტებისგან. ამ კამპანიას სათავეში ჩაუდგა “ბზიფი”, გუდაუთის რაიონული გაზეთი, რომელშიც დაიბეჭდა ტატიანა ბოკუჩავას წერილი, აგრეთვე ვინმე ვანო დგებუაძის წერილი ქართული ენის შესახებ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა არაადეკვატური “ქოქოლის მიყრის” პოლიტიკა ქართული მასმედიის მხრიდან.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ზვიად გამსახურდია ხდება ფაქტობრივი ლიდერი და “ლიტერატურული საქართველოს” სარედაქციო პოლიტიკის წარმმართველი. მან ამ გაზეთს გადმოაბეჭდინა თითქმის ყველა პუბლიკაცია “ბზიფიდან”, მათ შორის, ჩოჩიევის წერილი, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი იყო. გადმოაბეჭდინა ვოზბას წერილიც. ამის შემდეგ “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა ღია წერილი-მიმართვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის მიმართ. მიმართვა, რომელშიც დაგმობილია ალან ჩოჩიევის პოზიცია, ერთხმად არის მიღებული „სამხრეთ ოსეთის“ მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს სესიაზე 1989 წლის 6 მაისს (“ლიტერატურული საქართველო”, 1989, 12 მაისი). მიმართვის ავტორები გმობენ ალან ჩოჩიევის პოზიციას და აცხადებენ, რომ ეს პოზიცია არ არის ხალხის ნების გამომხატველი. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფება “ადამონ ნიხასისა” და მისი ლიდერის პოზიცია. ამავე გამოშვებაში იბეჭდება ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლების წერილები, რომლებშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ჩოჩიევის პოზიცია.
1989 წლის 2 ივნისს დაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” ქვეყნდება მკითხველი - დიანა მაჩაბლის - წერილი: “გაღმით შეედავე და გამოღმით შეგრჩება”. “ა. ჩოჩიევს უნდა ვკითხოთ, თუ შეწუხებულა ოდესმე ქართველი “ძმების” ჩაგვრის გამო. მაღაზიაში შესულმა ქართულად, რომ იკითხო, პასუხს არავინ გაგცემს. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქართველი არ ინიშნება. ცხინვალისა და ახლომახლო სოფლების ქართველი მოსახლეობა გორში ან გორის რაიონის სოფლებში მიდის სამუშაოდ და ასე თანდათან იცლება ქართული სოფლები ქართველებისაგან”.
1989 წლის 16 ივნისს “ლიტერატურულ საქართველოში” იბეჭდება საქართველოს მწერალთა კავშირის 15 ივნისის საერთო კრების მოთხოვნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიმართ. ითხოვენ, რომ “ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციისა და საქრათველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება დარღვეულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან და, აქედან გამომდინარე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წლის 25 თებერვალს - ანექსირებულად”. მოითხოვენ აგრეთვე, რომ “საქართველოს სსრ ფაქტიური სუვერენიტეტი განხორციელდეს მთელ მის ტერიტორიაზე... სსრკ კანონები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამტკიცებული იქნებიან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიის მიერ... თუ საქართველოს ამჟამინდელ უმაღლეს საბჭოს არ ძალუძს აღნიშნული საკითხების დადებითად გადაჭრა, მოვითხოვთ რეფერენდუმის გზით სსრკ კონსტიტუციის 72-ე მუხლით მინიჭებული უფლების განხორციელებას (სსრკ შემადგენლობიდან თავისუფალ გასვლას).