შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით კეკუას ცხედარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან წუხელ გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სამკურნალო დაწესებულებაში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად არ გახმაურებულა.
როგორც ჟურნალისტებს კეკუას ადვოკატმა განუცხადა, ცხედარს კისრის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა. სხვა კომენტარი ექსპერტიზასთან დაკავშირებით არც ადვოკატებს და არც კეკუას ოჯახის წევრებს არ გაუკეთებიათ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კეკუა მორწმუნე იყო და თავს არ მოიკლავდა. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ კეკუას გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, კეკუამ გუშინ თავი ჩამოიხრჩო და ამას დაწესებულებაში დამონტაჟებული ვიდეკამერით გადაღებული მასალაც ადასტურებს.
სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუა 2007 წლის 2 მაისს დააკავეს. მას სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის წაქეზებაში ედებოდა ბრალი.
პროკურატურის ინფორმაციით, დავით კეკუამ "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის განზრახ მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები გააყალბა.
http://www.interpressnews.ge