ვის ჩაუშვებს გენერალი კეკუა? თბილისის პოლიციის ყოფილი შეფები შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=4225&lang=geo გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელიც ქართველმა ძალოვნებმა გასული წლის თებერვალში დიდი აჟიოტაჟით გახსნეს, შესაძლოა დაინგრეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ ის "ეი-ი-ეს თელასის" ყოფილი ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბდა. ამის გამო უკვე დააკავეს შს სამინისტროს ერთ-ერთი დიდმოხელე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე და თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის გენერალი დავით კეკუა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინოსან პოლიციელთა შორის ის არ იქნება ბოლო, ვისაც ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბების საქმე შეიწირავს. ირკვევა ისიც, რომ ნიკა ლომინაძის საქმე არ არის ერთადერთი, სადაც დავით კეკუას მტკიცებულებების გაყალბების ან ყალბი ჩვენების გამოძალვის მიზნით დაკავებულთა წამებაში ადანაშაულებენ.
ცნობილია, რომ ლომინაძის მკვლელობის ადგილის დათვალიერებას დავით კეკუასთან ერთად შს სამინისტროს სხვა დიდმოხელენიც ესწრებოდნენ. თუ მტკიცებულებები მართლაც გაყალბდა, ცხადია, ეს ვიღაცის მითითებით გაკეთდა. ასეთ რეზონანსულ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბებას კეკუა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ვერ გაბედავდა.
ეს ქმედება მინიმუმ თბილისის შს სამმართველოს უფროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თბილისის პოლიციის უფროსის პოსტი იმჟამად "ახალი ტიპის" პოლიციელს, ლევან მაისურაძეს ეკავა, რომელიც ახლა საქართველოში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელობს. ხოლო, როდესაც ძალოვნებმა ლომინაძის მკვლელობის საქმე მეორედ გახსნეს, თბილისის შს სამმართველოს უფროსი მერაბ ბაღათურია იყო. ასე რომ, კეკუას დუმილზე შს სამინისტროს ყოფილ და მოქმედ დიდმოხელეთა ბედია დამოკიდებული.
"ჯორჯიან თაიმსის" ინფორმაციით გენერალურ პროკურატურაში უკვე არსებობს დასაკავებელ მაღალჩინოსანთა სია. თუმცა შეკითხვაზე, მუშაობს თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით და იკვეთება თუ არა პოლიციის სხვა დიდმოხელეთა დანაშუალი, გენერალურ პროკურატურაში დუმილს ამჯობინებენ. რა გზა გაიარა გენერალმა კეკუამ პოლიციიდან ციხის კარებამდე?
პოლიციელი დავით კეკუას კარიერა ისანი-სამგორის სისხლის სამართლის სამძებროს რიგითი გამომძიებლობიდან დაიწყო, შემდეგ შს სამინისტროში გადაინაცვლა. 1998 წელს, როდესაც თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი სოსო ალავიძე გახდა კეკუა, კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა, ამ თანამდებობაზე 7 წელი იმუშავა და სამი მინისტრი და სამი უფროსი გამოიცვალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კეკუამ თანამდებობა რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა. მეტიც, კეკუას გენერლის ჩინი პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დასრულებიდან მალევე, ერთ-ერთი გახმაურებული საქმის გახსნისთვის უბოძა.
მოგვიანებით კეკუა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. ამ უწყების პრეროგატივა კი სამინიტროში მომხდარი სამოხელეო დანაშაულის და გადაცდომების შესწავლა-გამოძიებაა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, დავით კეკუას კრიმინალური პოლიციის უფროსობის პერიოდში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში დამკვიდრებული ტრადიცია, გამოძიებისათვის სასურველი ჩვენების მისაღებად დაკავებულთა წამება ძალაში რჩებოდა.
ამის შესახებ როგორც დაკავებულები, მათი ახლობლები ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებიც ჩიოდნენ. სამოქალაქო სექტორიც და ადვოკატებიც კეკუას საეჭვო საქმიანობის შესახებ ხმამაღლა საუბრობდნენ და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2004 წელს აღნიშნავდა, რომ თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი დავით კეკუა დაკავებულებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ზემოქმედებას ახდენდა. სუბარი კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებდა, თუმცა ეს განცხადებები რეაგირების გარეშე დარჩა.
კეკუას პრობლემები პირველად შს მინსიტრად ირაკლი ოქრუაშვილის დროს შეექმნა. პოლიციის გენერალი თბილისის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსობიდან ჩამოაქვეითეს და გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დროებით... გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში კეკუას ყოფნისას ამ განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, ერთ-ერთი გახმაურებული საქმის გამო დაკავებულთათვის ჩვენების გამოძალვის მიზნით წამების ბრალდებით დააპატიმრეს.
შს სამინიტროში ვანო მერაბიშვილის მოსვლის შემდეგ კეკუა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში სკანდალურად ფიგრიურებდა, კვლავ დააწინაურეს. ბოლოს ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. ჯერჯერობით, სწორედ აქ დასრულდა გენერალ კეკუას პოლიციური კარიერა. მანამდე მაინც სანამ საკუთარი "უდანაშაულობის" დამტკიცებას ის სასამართლოს ძალით შესძლებს.
რომელ გახამაურებულ სააქმეებში ფიგურირებს კეკუას სახელი?
1. ბიზნესმენ თამაზ მაღლაკელიძის გატაცების საქმე, რომელიც რევოლუციის შემდეგ მოხდა (სწორედ ამ საქმის გახსნისათვის უბოძეს კეკუას გენერლობა) მაღლაკელიძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ საეჭვო კითხვებს პასუხი დღემდე არ გასცემია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გატაცებაში ბრალდებულებმა წამებაში და ამ გზით მტკიცებულებების შექმნაში სხვებთან ერთად სწორედ დავით კეკუა დაადანაშაულეს. ბრალდებულები ამბობდნენ, რომ შს სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, ჩვენების გამოძალვის მიზნით ისინი საბურთალოს სასაფლაოზე აიყვანეს, გააშიშვლეს და სასტიკად აწამეს.
2. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც კეკუას გვარი ფიგურირებს ლევან კალაძის გატაცების საქმეა. ამ საქმის ყოფილმა გამომძიებელმა ბათუ საღინაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ გატაცების საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას პოლიციის დიდმოხელენი, მათ შორის გენერლები დავით კეკუა და ლევან გვაზავა უშლიდნენ ხელს.
3. დავით კეკუას სახელი თავის დროზე სქართველოში სიგარეტის შემომტანი ორი უმსხვილესი კონკურენტი ფირმის: "ომეგასა" და "ელიზის" სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების საქმესაც დაუკავშირდა. როგორც ამბობენ, ეს საქმე საბოლოოდ სწორედ კეკუამ ჩაფარცხა.
4. დავით კეკუას სახელი 2006 წლის 2 მაისისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურურებდა.
5. დაკავებულის წამებაში კეკუა ღიად ყოფილი დეპუტატის, კახა გიუაშვილის გატაცების და მკვლელობის მცედლობის საქმის გამოძიებისასაც დაადანაშაულეს. ბრალდებულის, კახა მინდაძის ახლობლები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კეკუა მინდაძეზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
6. ბოლო საქმე, რომელმაც პოლიციის გენერლის კარიერა შეიწირა, "ეი-ი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის განზრახ მკვლელობის საქმეა. თავის დროზე ამ საქმის გახსნა სწორედ დავით კეკუას მიაწერეს.
რას ედავება გამოძიება პოლიციის გენერალს?
პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსან სისხლის სამართლის სასპოცესო კოდექსისის ოთხი მუხლით ედავება: სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის წაქეზებას. ჩამოთვლილი დანაშაულები სასჯელთა ერთობლიობის პრინციპით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა ლომინაძე 2002 წლის 14 აგვისტოს მოკლეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2002 წლის 27 სექტემბერს კი ლომინაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დავით მჭედლიძე დააკავეს. თუმცა მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა.
FBI-ს დასკვნის და გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ მტკიცებულებები გაყალბდა და ლომინაძის მკვლელობა მჭედლიძის მიერ არ იყო ჩადენილი. მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე საქმე სწორედ ამ პერიოდიდან აღიძრა და 5 წელი დასჭირდა იმის გარკვევას, რომ დავით კეკუამ, რომელიც ნიკა ლომინაძის მკვლელობის დროს თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსად, მკვლელობის გახსნისა და დამნაშავის დასადგენად მტკიცებულებები და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა. რაც სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა ზაზა ალთუნაშვილმა მიხეილ ივანიკაშვილმა უკვე აღიარეს. ლომინაძის საქმეში სწორედ მათ მიერ ხელმოწერილი დასკვნა იდო.
"დავით კეკუამ შემთხვევის ადგილის განმეორებითი დათვალიერებისას იატაკზე ფარულად დააგდო მის მიერვე მოტანილი ტყვია, რაც ოქმში დაფიქსირდა, როგორც ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ტყვია. აღნიშნული ნივთმტკიცების ბალისტიკური ექსპერტიზისას კეკუამ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ტყვია სხვა, ოდნავ დეფორმირებული, სისხლისმაგვარი ლაქებით დასვრილი ტყვიით შეცვალა", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
არსებობს ვარაუდი, რომ ნიკა ლომინაძე "ნაგანის" ტიპის იარაღით მოკლეს და არა "მაკაროვით", როგორც ამას დავით კეკუას მიერ ჩატარებული გამოძიება ამტკიცებდა, რასაც ორივე ინსტანციის სასამართლოც დაეყრდნო და ლომინაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
დავით კეკუა ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. პოლიციის გენერალი დუმილს ასე სხნის: "დუმილის უფლება იმიტომ გამოვიყენე, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ ვიცნობ, გამოძიებას ჩვენებას მივცემ მასალების გაცნობის შემდეგ, როცა პოზიცია მექნება ჩამოყალიბებული. თუმცა, ახლაც ვიტყვი, რომ არც ერთ ნაწილში არ ვეთანხმები ბრალდებას. 2002 წლის შემდგომ - ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებების ფალსიფიცირება მომიხდენია, ნებისმიერ პირს შეეძლო აღნიშნული საკითხი წამოეყენებინა და დაესაბუთებინა.
საექსპერტო თანამშრომლები არ მექვემდებარებოდნენ და, ამიტომაც, ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენდი მათზე. ასეთი რამ მე არ ჩამიდენია და არც ჩავიდენ არასდროს", - აცხადებს დავით კეკუა, რომლის თქმითაც, მისი ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
როგორც გვიჩიანის ინტერესების დამცველები აცხადებენ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, დავით კეკუასა და გამომძიებლების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ და თუ გაყალბებას მართლაც ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგაც უნდა აღიძრას. "კეკუას დაკავებამ დაადასტურა, რომ ლომინაძის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია. კეკუას დაკავებით პროკურატურამ აღიარა, რომ მტკიცებულებების გაყალბებით ვიღაც იყო დაინტერესებული.… არ გამოვრიცხავ, რომ კეკუამ საერთოდ არაფერი თქვას, ასევე, არ გამოვრიცხავ, აღიაროს - მტკიცებულებები გავაყალბეო, - და დაინტერესებულ პირად ვინმე დაასახელოს", - აცხადებს გვიჩიანის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
თუმცა, ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, კეკუას გათავისუფლება იმის სანაცვლოდ შესთავაზონ, თუ გაყალბების დამკვეთად გვიჩიანს დაასახელებს. გია გვიჩიანის მეორე ადვოკატი, მალხაზ ჯანგირაშვილი კი აცხადებს, რომ დავით კეკუამ შესაძლოა ლომინაძის მკვლელობის ნამდვილი დამკვეთის ვინაობა იცის, მტკიცებულებებიც მისი დაკვეთით გააყალბა და თავისუფლებაც სწორედ მისი ვინაობის დასახლებეით მოიპოვოს.
დალი ბჟალავა
2007.05.10 15:46სათაურის "
ვის ჩაუშვებს გენერალი კეკუა? პასუხი ხომ ცხადია - გენერალი კეკუა უკვე ვერავის ჩაუშვებს ...
This post has been edited by August on 26 Oct 2007, 14:13
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/