ეს ჩემი საქმე არაა

ჩემი საქმეა ჯერ გაფრთხილება და მერე ფორუმის წესების მიხედვით მოქმედება
------------------------
სუბარი ხელისუფლებას ”საპროტესტო აქციებისადმი შეუწყნარებლობის” გამო აკრიტიკებს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-10-29 16:13:35
საპროტესტო აქციების მშვიდობიან მონაწილეებზე თავდასხმებმა წარმოაჩინა ”ხელისუფლების შეუწყნარებლობა” მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, განაცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 29 ოქტომბერს.
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ 28 ოქტომბერს სამეგრელოში ჩაატარა აქციები. ზუგდიდში აქციის ჩატარების დროს ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს.
ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიაყენა რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრს გიორგი ხაინდრავას და დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს კონსერვატორული პარტიიდან. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ესხმის თავს და სცემს მამაკაცთა ჯგუფი დეპუტატ ბეჟან გუნავას.
”შეძრწუნებული დავრჩი იმ კადრების ხილვით, თუ როგორ უსწორდებოდნენ ზუგდიდში მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილე მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსა და პარლამენტის წევრებს კარგად ორგანიზებული ჯგუფები,” - განაცხადა სუბარმა, ”ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სრული შეუწყნარებლობისა, რასაც ხელისუფლება იჩენს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელების მიმართ”.
სუბარის თქმით, ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი ძალიან ჰგავს 2003 წლის ნოემბერში ამავე ქალაქში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ კამპანიას მართავდა.
”კადრებში კარგად ჩანს, რომ ამ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანებს ქამარში იარაღი ჰქონდათ გაჩრილი, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათ შორის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს პოლიციელები, რომლებიც სხვა დროს მშვიდობიანი მანიფესტაციების მონაწილეებს მაშინვე აკავებენ, როგორც კი ისინი ტროტუარიდან ასფალტზე ჩადგამენ ფეხს,” - განაცხადა სუბარმა.
მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას გამოიძიონ ინციდენტი და დამნაშავეები დასაჯონ.
29 ოქტომბერს ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ”კატეგორიულად მოითხოვენ” ხელისუფლებისგან დაუყონებლივ დასაჯონ ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელები.
”თუ ეს ხალხი 2 ნოემბრამდე არ დაისჯება, ჩვენ დავსჯით მათ 2 ნოემბრის შემდეგ,” - განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წინ.
”გუშინ ზუგდიდში 10,000-მდე ადამიანი დაესწრო აქციას და ეს იყო 2 ნოემბრის გენერალური რეპეტიცია, რომელიც შედგა, მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელიც ხელისუფლებამ გაუწიას ამ აქციას,” - განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=16463 * * *
ბურჯანაძე: ზუგდიდში მომხდარი ძალადობის მსგავსი ფაქტი 2 ნოემბერს არ უნდა განმეორდეს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-10-29 16:46:41
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო 28 ოქტომბერს ზუგდიდში ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატების - ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები და განაცხადა, რომ 2 ნოემბრის აქციაზე მსგავსი ინციდენტების გამეორება ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.
”ის რაც გუშინ ხდებოდა ზუგდიდში, არ აწყობს არავის - არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის დიდ ნაწილს,”- განაცხადა ბურჯანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ”მსგავსი ქმედებები წყალს ასხამს ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა წისქვილზე ”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მომხრეებსა და ოპონენტებს 2 ნოემბრის აქციის წინ სიფრთხილისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
”მიტინგი უნდა ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როგორც ეს ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და გენპროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან გამართული საუბრების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ ზუგდიდის ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ”რამდენიმე პიროვნება დაკავებულია”.
”სამწუხაროდ, პოლიციამ ვერ შეძლო [ზუგდიდში] ამ ფაქტების თავიდან აცილება,” - დასძინა ბურჯანაძემ.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=16464