სააკაშვილის ბიძა და პუტინი აფხაზეთში ავანტიურას ერთად გეგმავენ[ნინო მიქიაშვილი. “რეზონანსი”]
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ამავდროულად “თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთი ლიდერია, სამშობლოში დარჩენას და 5 იანვრის არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებში, აქტიურად აპირებს ჩაბმას. იგი ამერიკის მოქალაქე გახდა და ამბობს, რომ ქართველობის დასადასტურებლად პასპორტი არ სჭირდება: “ამერიკაშიც, ავსტრალიაშიც და ახალ ზელანდიაშიც, სულითა და გუილთ ქართველი ვარ. ვაჟა-ფშაველას, გალაქტიონს და ილიას ვერავინ წამართმევს”.
ამჯერად ირაკლი კაკაბაძე იმაზე საუბრობს, თუ რის თქმას აპირებდა აშშ-ში საქართველოს კონსულისათვის; ვის ანგარიშზე და რატომ რიცხავს საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად 300’000 აშშ დოლარს და რატომ უჭერს მხარს დავით გამყრელიძის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში.
როდის გახდით აშშ-ს მოქალაქე?
- ამერიკის მოქალაქეობა 2007 წლის ოქტომბერში მივიღე და საქართველოს საკონსულოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით მივმართე. იქ განმიმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე განცხადება უნდა დამეწერა. კონსულმა ისიც დაამატა, რომ ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო ორმაგი მოქალაქეობის მიღების ძალიან მცირე შანსი მაქვს.
რა მოხდა ამერიკაში საქართველოს საელჩოსთან, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ?
7 ნოემბრის დარბევის გამო ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა და მინდოდა ეს გამომეხატა. საბუთები საელჩოში მივიტანე, ამავე დროს მინდოდა, ჩვენი კონსულისათვის, ასე ვთქვათ ჩვენება მიმეცა, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების (რომლებიც იარაღით ვაჭრობენ) და მისი ახლო გარემოცვის შესახებ. ბატონი სოსოს საშუალებით, მათზე ახალი ინფორმაცია მივიღე.
ვინ არის ბატონი სოსო?
- გვარს ვერ დავასახელებ, ჩვენი მეგობარია. მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ დეკემბერში, აფხაზეთში ახალ ავანტიურას გეგმავენ. ეს იმისათვის, რომ სააკაშვილის ოჯახმა, პუტინის რეჟიმთან ერთად, იარაღით ვაჭრობის დაახლოებით 500 მილიონიანი ოპერაცია განახორციელოს. ესაა გენერალოვის ცნობილი გზა, რომელსაც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია იყენებს. კონსულისათვის ეს უნდა მეთქვა.
თქვენს შესახებ გადმოცემულ სატელევიზიო სიუჟეტში ამის შესახებ არაფერი თქმულა.
- რასაკვირველია, არაფერს იტყვიან. “იმედი” - ც იმიტომ დაარბიეს, რომ ერთი-ორჯერ გაირბინა ინფორმაციამ სააკაშვილის კორუმპირებული ოჯახის, იარაღით ვაჭრობის ბიზნესის შესახებ. გზა რომელშიც სხვებთან ერთად სერგეი გენერალოვი მონაწილეობს, საქართველოზე გადის.
სერგეი გენერალოვის ვინაობაზე რას გვეტყვით?
- რუსი ოლიგარქი, რუსეთის “დუმის” წევრი, რომელიც მადნეულის ბიზნესშიცაა ჩართული. სააკაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, იარაღით ვაჭრობის ბიზნესში, ბატონი გუდისი გახლავთ, რომელიც აგრეთვე, პუტინის რეჟიმთან შემაერთებელი რგოლის ფუნქციასაც ასრულებს.
ე.ი. აფხაზეთში არეულობის დაგეგმვა, იარაღის ბიზნესს უკავშირდება?
- დიახ ყველაფერს იმიტომ გეგმავენ, რომ უფრო მეტი იარაღი გაყიდონ - გეგმავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, დიდი რაოდენობის რუსული იარაღი გაიყიდოს და ამ საქმეში საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას ისე გამოიყენებენ.
რჩებით “თანასწორობის ინსტიტუტში”?
- რა თქმა უნდა. ახლა სერიოზულ კამპანიას ვიწყებთ. მოვუწოდებზთ ხალხს, არ შეეგუონ უსამართლობას, ძალადობას, “სიკვდილის ბრიგადებს” და არ აირჩიონ მიხეილ სააკაშვილი.
და პარალელურად ხალხს მოუწოდებთ, რომ ხმა დავით გამყრელიძეს მისცენ?
- “თანასწორობის ინსტიტუტს” პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნია და გამომდინარე აქედან ვერცერთ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერს. ჩვენ სააკაშვილის როგორც პიროვნების წინააღმდეგი კი არ ვართ, ჩვენ იმ მოვლენებს ვეწინააღმდეგებით, რომელსაც სააკაშვილი წარმოადგენს. ესაა მოქალაქეთა მკვლელობები, დაპატიმრებები, პოლიტპატიმრები, საქართველოს რუსეთისათვის მიყიდვა, იარაღით ვაჭრობა და ა.შ. მოკლედ ამის წინააღმდეგნი ვართ და ვფიქრობთ, რომ 5 იანვრის შემდგომ ეს მთავრობა აღარ უნდა დარჩეს.
პიროვნულად, მხარს დავით გამყრელიძეს ვუჭერ. მას დავყვები და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად ვეხმარები. ესაა ჩემი პიროვნული პოზიცია. ჩემი შეხედულებები ყველაზე მეტად იმ პროგრამას ემთხვევა რომელიც დავით გამყრელიძემ, კონსტიტუციურ მონარქიასთან მიმართებაში წარმოადგინა.
საქართველომ ის გზა უნდა აირჩიოს რომელზეც ერთერთ თავის ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა განაცხადა. დემოკრატიული წყობა, კონსტიტუციური მონარქიით - ესაა ერთადერთი სწორი გზა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. აგრეთვე ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის.
აშშ სააკაშვილს “იმედში” შეჭრის გამო უფრო აკრიტიკებდნენ, თუ მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში?
- ეს იყო კრიტიკა მისი არადემოკრატიული კურსის გამო. რასაკვირველია, “იმედზე” ლაპარაკი იყო, რადგან თავისუფალ ტელეკომპანიაში შეჭრა, დემოკრატიული პრინციპების ძალიან უხეში დარღვევაა, მაგრამ ძირითადი ლაიტმოტივი ის იყო, რომ სააკაშვილი საკუთარ მოსახლეობას ძალადობით დაუპირისპირდა და აკრძალა თავისუფალი სიტყვა.
მომხდარის შემდეგ, ამერიკის ხელისუფლებაში, სააკაშვილს თუ ჰყავს მომხრეები?
- ჰყავს. რენდი შულმანის ოფიციალური ლობისტური ჯგუფი და საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად, წელიწადში 300’000 დოლარს იღებს. იგი მაკკეინთან ძალიან ახლოს იყო. ეს მოქრთამვა არ გეგონოთ. ოფიციალურია. მაგალითად 5’000-10’000 დოლარს რიცხავ კონგრესმენის არჩევის კომპანიის ანგარიშზე, პოლიტიკური აქციის კომიტეტში. შემდეგ ისინი ყურადღებას უთმობენ შენს საკითხებს და ცდილობენ ყველაფერი შენ სასარგებლოდ გადაწყვიტონ. შულმანის ჯგუფი საკმაოდ გავლენიანია, მაგრამ სიმართლეს ვერავინ დაახშობს. სამწუხაროდ რაც ახლა ხდება საქართველოსათვის ძალიან ცუდი რეალობაა.
საჯაროდ თუ დაგმეს ის რაც 7 ნოემბერს მოხდა?
- საჯაროდ სააკაშვილი ჰაიდენმა დაგმო, რომელიც დემოკრატია. ბევრი ამერიკელისაგან მომისმენია, რომ სააკაშვილი გაუკონტროლებადი პიროვნებაა, არავის ექვემდებარება, რაც მასთან პარტნიორობას ართულებს. ამას ხშირად მეთიუ ბრაიზაც ჩივის. ვფიქრობ, მიშა მხოლოდ ბიძამისს ექვემდებარება.
ვინმე დაგიკავშირდათ ოფიციალური სტრუქტურებიდან მას შემდეგ, რაც “იმედის” ეთერში, სააკაშვილის ოჯახის არალეგარულ ბიზნესზე ისაუბრეთ?
- არავინ დამკავშირებია. მე სიმართლეს ვლაპარაკობ და ამის მოწმეებიც არსებობენ. ახლა ამერიკის მოქალაქე ვარ და შეუძლიათ ამერიკის სასამართლოში მიჩივლონ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=515