სააკაშვილი: მზად ვართ დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2008-01-09 11:45:35
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საარჩევნო ბატალიები ჩაივლის საქართველოში და თუ ის იქნება პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული, მზადაა განაახლოს საუბარი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე.
”მე მზად ვარ ხელახლა გავუწოდო მათ ხელი. ჩვენ აუცილებლად ინაუგურაციაზე მოვიწვევთ რუსეთის პრეზიდენტსაც [ვლადიმერ პუტინს] და აუცილებლად ჩვენ შევეცდებით, რომ რუსეთთან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობები,”- განაცხადა სააკაშვილმა 8 იანვარს ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუში, ”ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობები ავაწყოთ და ვალდებულები ვართ, რომ მინიმუმ ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც ამ ურთიერთობების სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ყველამ ერთად მოვხსნათ”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რუსეთის მიმართ უამრავი პრეტენზიისა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეგნებულად არ გაათამაშა რუსეთის ”კარტი”, მითუმეტეს, რომ ეს თემა მისთვის ელექტორატის მოზიდვის წყარო იქნებოდა. ”რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით მივუდეგი ამ საკითხს,”- განმარტა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს რუსეთის ბაზარი, სადაც ქართული პროდუქციის მიმართ ემბარგო 2006 წლის გაზაფხულიდან დაწესდა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=17216----------------------------------
გურგენიძე მზადაა ემბარგოს მოხსნაზე ესაუბროს რუსეთს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2008-01-09 13:34:54
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განაახლოს დიალოგი რუსეთთან ქართულ ალკოჰოლურ სასმელებსა და მინერალურ წყლებზე დაწესებული ემბარგოს მოსახსნელად.
”გადავწყვიტოთ რა ფორმით, რა რეჟიმში და რა ფორმატით განვაახლოთ ეს დიალოგი,”- განუცხადა გურგენიძემ დღეს მთავრობის წევრებს, ”და ბუნებრივია შევხედოთ ამ დიალოგის საფუძველზე, თუ რამდენად რეალურია მართლაც ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება რეალისტურ ვადებში”.
ამ განცხადებით გურგენიძემ რეაგირება მოახდინა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს გზავნილზე.
ონიშენკომ, რომლის უწყების ბრძანებითაც ”უხარისხობის” მოტივით აიკრძალა 2006 წლის გაზაფხულზე ქართული პროდუქციის იმპორტი რუსეთში, 7 იანვარს გამოთქვა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლების სურვილი.
”ჩვენ მზად ვართ გამოვთქვათ ჩვენი წინადადებები იმავე რეჟიმში, როგორც ეს მოლდავეთის მხარის მიმართ მოხდა,”- აღნიშნა ონიშენკომ.
მოლდავურ ღვინოებზე ემბარგო, რომელიც ქართულ პროდუქციასთან ერთად დაწესდა, რუსეთმა 2006 წლის მიწურულს მოხსნა პრეზიდენტების დონეზე მიღწეული შეთანხმების შედეგად.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=17220----
საინტერესოა უბრალო პოპულიზმია თუ აპირებენ მართლა რეალური ნაბიჯების გადადგმას ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ.
This post has been edited by WolfSpell on 9 Jan 2008, 13:52