რადიო ”იმედის” რეგიონული კორესპონდენტი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის გიორგი თარგამაძესთან დაპირისპირების გამო ”იმედიდან” დაითხოვეს
18 მარ. '08
რადიო ”იმედის” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ფაჟავა ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან მომხდარ ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამ ინციდენტის გამო ის რადიო „იმედიდან“ დაითხოვეს.
„რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობას ვესაუბრე და გულწრფელად მოვუყევი რაც მოხდა ზუგდიდში, მე, ჩვეულებრივ, ვაგრძელებ მუშაობას“, თქვა ნანა ფაჟავამ.
ინციდენტი, 14 მარტს, მაშინ მოხდა, როცა გიორგი თარგამაძე და მისი პარტიის აქტივისტები ზუგდიდის მოსახლეობასა და თავის მხარდამჭერებთან კინოთეატრ “ატრიუმის” დარბაზში შეხვედრას მართავდნენ.
სხვადასხვა მედია საშუალებები იუწყებოდნენ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერთა აგრესია ფაჟავას მიმართ და მისი გაძევება დარბაზიდან მოჰყვა ჟურნალისტის მიერ თარგამაძისათვის დასმულ შეკითხვას იმ ხმების თაობაზე, რომ მის პარტიას რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ეკოფუდი” აფინანსებს, რომელშიც, მოარული ხმებით, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს გარკვეული ინტერესი გააჩნია.
ნინო ფაჟავას განცხადებით კი, მას თარგამაძის მიმართ პირადული წყენა აქვს და პრეტენზიაც ამის გამო გამოთქვა, რასაც დარბაზიდან ხმაური მოჰყვა.
„მე მაინტერესებდა თუ რა მიზეზით დამითხოვა გიორგი თარგამაძემ ,„ტელეიმედიდან 4 წლის წინ, თარგამაძეს რეპლიკის სახით ისიც ვუთხარი, რომ შენ მაშინ სამეგრელოს რეგიონის მაღალი თანამდებობის პირებმა გაიძულეს, რომ „ტელეიმედიდან“ გაგეშვი“, თქვა ნანა ფაჟავამ.
ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან აგრესიის გამოვლენის შემდეგ ის დარბაზიდან გავიდა, თუმცა პარტიის აქტივისტების მხრიდან იყო მისი ძალით გაძევების მცდელობა.
გიორგი თარგამაძემ, რომელმაც „ტელეიმედის“ პროგრამების დირექტორის თანამდებობა, დაახლოებით, ორი თვის წინ დატოვა და ახალი პარტია ჩამოაყალიბა, ყოფილი კოლეგის დარბაზიდან გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ „მოძრაობას როცა ვაფუძნებდით, ვიცოდით, რომ ბარიერებს შეგვიქმნიდნენ და ამგვარ პროვოკაციებს მოგვიწყობდნენ“.
http://www.humanrights.ge/index.php?a=news&id=4539&lang=ge