ბპგ
მონა ღმრთისა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9078
წევრი No.: 1314
რეგისტრ.: 10-October 02
|
#9070915 · 3 Apr 2008, 12:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (licemer @ 3 Apr 2008, 05:24 ) | | ქართული მეტყველებაში ვიოლინო უცხო სიტყვაა და მის მაგივრად უნდა დავამკვიდროდ-ყელფანდურა გურამ პეტრიაშვილი
|
რატი (ტატო) ნინუა: გურამ პეტრიაშვილზე
გურამ პეტრიაშვილის პოეზია
ჩვენი ლიტერატურული საზოგადოება ჯეროვნად არ იცნობს გენიალურ ქართველ პოეტს — გურამ პეტრიაშვილს. ეს ფრაზა მკითხველთა შესაცბუნებლად არ დამიწერია. გ.პეტრიაშვილის პოეზიას აქვს მხოლოდ მისეული, განუმეორებელი ხიბლი (ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, „მადლი“ გვეთქვა); მის ლექსს ძალუძს ბედნიერი წუთები განაცდევინოს მკითხველს, ღრმა სევდით დაჭრას მისი გული, ქროლვასავით მიელამუნოს სულს. ერთი შეხედვით მარტივი, „ბავშვური“ ლექსები გვატყვევებენ გენიალობამდე მისული სისადავით, უბრალოებით, გვაოცებენ ღრმა ადამიანურობით, ადამიანური სიბრძნით.
როდესაც ვამბობთ „გენიალურს“, ამ სიტყვაში სხვა რამეს ვგულისხმობთ, ვიდრე ჩვეულებრივ გულისხმობენ ხოლმე. დიდი პოეტების უმრავლესობას თუ არა, მნიშვნელოვან ნაწილს მაინც მხოლოდ იმიტომ არქმევენ „დიდს“, რომ მათი ნაწარმოებები მკითხველს ატკბობს, მათი ნაწარმოებები ოსტატურადაა დაწერილი, მშვენიერების სულითაა „გაჟღენთილი“. რა შორს დგას ასეთი „ლუციფერული“ გენიისაგან გ.პეტრიაშვილის ჭეშმარიტად სულიწმიდისაგან ჩაგონებული ლექსი! რა შორს დგას ასეთი გენიისაგან კეთილი გენია, რომელიც ჭეშმარიტების სულით ლაპარაკობს და რომელიც ღვთისგანაა... მაგრამ ჩვენ მხოლოდ პირველთ ვუწოდებთ „გენიოსებს“, მეორენი კი როგორღაც ჩრდილში რჩებიან. ერთი ასეთი ჩრდილში დარჩენილი გენიაა გ.პეტრიაშვილი.
ადვილია წერო მაღალფარდოვნად, „პოეტურად“, „ამაღლებულად“ და ძნელია წერო სიმართლე, ძნელია დაინახო სიკეთე ცხოვრებისეულ წვრილმანებში, და ჩვენი პოეტი ამას შესანიშნავად ახერხებს. როდესაც მშვენიერება პოეტისათვის თვითმიზნად იქცევა, პოეტი შესაძლოა იყოს „გენიოსი“, მაგრამ ჭეშმარიტების სულს ასცდება. ხოლო როცა ნაწარმოები მიზნად ისახავს სიმართლის გადმოცემას, იგი განიმსჭვალება მშვენიერებით, რომელიც ყველა სხვა „მშვენიერებაზე“ გაცილებით აღმატებულია — ეთიური მშვენიერებით. გ.პეტრიაშვილის ლექსები იმიტომაა უმნიშვნელოვანესი, რომ მართალია და სიკეთის სულით სავსე.
პოეტს აქვს უიშვიათესი და ძვირფასი უნარი, წვრილმანებში, დეტალებში დაინახოს ჭეშმარიტის და მშვენიერის გამოცხადება. მისი მგრძნობიარე გული და მახვილი, ბრძენი თვალი ჭვრეტს სხვათათვის უხილავს, გარშემო ამჩნევს ისეთ მოვლენებს, რომლებიც ჩვენც არაერთხელ შეგვიმჩნევია, მაგარმ ვერ დაგვინახავს. აიღეთ ნებისმიერი თანამედროვე პოეტის კრებული. უმრავლესობაში თქვენ წააწყდებით ერთსა და იმავე სტილს, პოეტური მეტყველების ფორმას, შედარებებს. უმეტესობაში ძალიან ბევრი რამ ხმაურობს „ამაღლებული“ განცდებით. სანთლითაა საძებარი უბრალოება, სისადავე, უბრალო ადამიანური გრძნობები. დღევანდელ პოეტებს აქვთ პრეტენზია, რომ „მასშტაბურად“ გრძნობენ და აზროვნებენ. სხვაა გურამ პეტრიაშვილი; იგი არ ესწრაფვის ასეთ რამეებს — წერს „მხოლოდ“ იმას, რასაც ფიქრობს და განიცდის, დაწერილი კი რაღაც კანონზომიერებებით მშვენიერიცაა, ამაღლებულიც და მართალიც.
ვინც იცის, რა არის სულიწმიდა (რამდენადაც ამის ცოდნა ხელეწიფება ადამიანს), სულიწმიდის მადლი, ვისაც უგრძვნია ეს, იოლად ჰპოვებს ამ მადლს პოეტის ლექსებში. მას არ დასჭირდება ვრცელი განმარტებითი ლექსიკონები და „სიტყვარები“, მას არ დასჭირდება ტვინის ჭყლეტა დაწერილის გასაგებად. მას მხოლოდ ისღა დარჩენია, ყური უგდოს პოეტის ბრძენ გულს და აღფრთოვანდეს, დანაღვლიანდეს, დაფიქრდეს...
მცირე შესავლის შემდეგ მინდა კონკრეტულად მოვიყვანო მაგალითები და მკითხველთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედო გ.პეტრიაშვილის ლექსთა ერთ კრებულს — „ქალაქი, წვიმა და ვარსკვლავები“*. ამ წიგნში შესულია ლექსები და ასევე ზღაპრებიც, მაგრამ ჩვენ ამჯერად მხოლოდ ლექსებს შევეხებით.
ყველა ლექსი ვერლიბრის ფორმითაა დაწერილი, და ეს ნიშანდობლივია. აქ არ არის სწრაფვა „ორიგინალობისაკენ“, „მოდერნიზმისაკენ“, რაც დღეს ვერლიბრით მწერალთა დიდ ნაწილს ამოძრავებს. ეს ბუნებრივი ფორმაა ისეთი ლექსებისათვის, როგორებსაც ქვემოთ წარვუდგენთ ჩვენს მკითხველს. იდეის უპირატესობა ფორმაზე, გრძნობის დიადი უბრალოება სწორედაც ვერლიბრის ფორმას საჭიროებდა. ფორმისმიერ მშვენიერებას აქ უპირისპირდება იდეის მშვენიერება, განცდისა და აზრის გამჭვირვალობა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პეტრიაშვილის ლექსი არ ჰგავს დღეს გავრცელებულ უგემოვნო და პროზისმაგვარ ვერლიბრებს. ამ ლექსებში იგრძნობა შინაგანი რიტმი, შინაგანი ჰარმონია და, გალაკტიონის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „რიტმიული ლანდები“, ანუ გარკვეული რიტმების გაელვებანი. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური და მეორეხარისხოვანი მხარეა, მთავარია ის სული, რომლითაც ეს ლექსებია გამსჭვალული.
თავდაპირველად გავეცნოთ პატარ-პატარა ლექსებს, რომელთა უმრავლესობა უსათაუროა. „შემიხტა გული... ჩემი ფანჯრიდან შენს აივანზე როგორ უბრალოდ გადმოფრინდა ფრთათეთრი მტრედი“.
ვისაც გამოუცდია სიყვარული, მიხვდება, რომ აქ მეტია ნაგრძნობი და ნათქვამი, ვიდრე მაღალფარდოვან სამიჯნურო თხზულებებში და გამუდმებულ „სიყვარული, სიყვარულის“ ძახილში. ამ რამდენიმე სიტყვაში მოჩანს ხასიათი თავად ლირიკული გმირისა, რომელსაც უყვარს წრფელი და გაუმხელელი სიყვარულით, მოჩანს სატრფო, ავტორის მეზობლად მცხოვრები და იგრძნობა უბრალოდ გადმოცემული, მაგრამ ღრმა ადამიანური სიყვარული. ავტორმა, შეიძლება გაუცნობიერებლად, აირჩია მტრედი — სულიწმიდის სიმბოლო და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აქ გრძნობა სულიწმიდისეულია. თამამი, როგორც ერთადერთი ქალაქში ვარდი, იდგა ლამაზი ქალიშვილი ავტობუსის გაჩერებაზე და უცებ ყველას დასწყვიტა გული, ისე საბრალოდ ამოიოხრა“. ჭეშმარიტად, ეს ლექსი შედევრია. დღეს ბევრი პოეტი გაურბის ისეთი პროზაული საგნების მოხსენებას ლექსში, როგორიცაა, მაგალითად, „ავტობუსის გაჩერება“, ვითომდაც „არაპოეტურია“ (მათი აზრით) ეს. მაგრამ შეხედეთ, როგორ მშვენიერებად აქცევს ყველაფერს პოეტის კალამი! რა ჰქონდა საბრალო ლამაზ ქალიშვილს სადარდებელი? რა გაახსენდა უცებ მას, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომს? — დაე, იფიქროს ამაზე მკითხველმა. შეწუხდეს გაუმხელელი წუხილის მიზეზით. რა მშვენიერი, მოულოდნელი კონტრასტია ქალიშვილის „სითამამე“ და „უცებ საბრალოდ ამოიოხრა!“ ანდა მისი სილამაზე მის „საბრალოობასთან...“ მკითხველს ეღვიძება თანაგრძნობა მისდამი, თითქოს სურვილი, მივიდეს ამ ქალიშვილთან და უხერხული გულუბრყვილობით ანუგეშოს. ასეთ პატარა ლექსში „ვარდისა“ და „ავტობუსის“ ერთად ხსენება სხვა შემთხვევაში ყურს ეხამუშებოდა, მაგრამ აქ ყველაფერი გენიალურადაა დაწერილი. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არასაჭირო მოძრაობა... ჩვენი მცდელობა ამ სულიერი მოძრაობების განმარტებისა მეტისმეტად ტლანქია თავად ლექსების ფონზე. „მთელი დღე ვიდგე საქანელასთან, ვაქანავებდე პატარა ბავშვებს. საღამოს იქვე ჩამეძინოს დიდი ხის ძირში... და მთვარის შუქმა დაღლილ მკლავებზე ნელა და მშვიდად გადამიაროს“. რამდენი რამე ჩანს აქ — თავმდაბლობა, უბრალოება სულისა, რომელიც თვითონაა ბავშვური, თვით მსხვერპლისუნარიანობაც კი! სიკეთითაა სავსე ავტორის ოცნება და მშვენიერია ხის ძირას დაღლილი და ბედნიერი ღიმილით ჩაძინებული კაცი, რომელიც მთელი დღე ბავშვებს აქანავებდა. მკითხველი გრძნობს, რომ ამ კეთილშობილი კაცის ცხოვრება მაინც სევდისმომგვრელია. რაც უფრო მგრძნობიარეა მკითხველის გული, მით უფრო მეტის წარმოდგენა ძალუძს ამ კაცის შესახებ. იქნებ მარტოხელაა? იქნებ რაღაცაზე მეტისმეტად ატკინეს გული ბავშვობაში, იქნებ... გ.პეტრიაშვილის, როგორც პოეტის, ერთი ღირსება ისიცაა, რომ იგი საფიქრალს უტოვებს მკითხველს, ყველაფერს არ ეუბნება. ამგვარად მკითხველიც ავტორის თანამონაწილე ხდება განცდაში, აზროვნებისა და ინტუიციის მეშვეობით ცდილობს დაფარულის ამოკითხვას და ვერგამხელილის შეგრძნობას. „ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს, რა ნაღვლიანი საღამო იყო... მე ყვავილები მიმქონდა სხვისთვის“. ეს არის მწერლის ოსტატობა, რომელიც გულიდან იღებს სათავეს და რომელსაც ვერანაირი პოეტური ვარჯიშით ვერ განივითარებ. რა საჭიროა აქ რითმა, ალიტერაცია და სხვა სამკაულები, როცა გრძნობა ასე უშუალოა და მთავარია მხოლოდ ამ ცხოვრებისეული ეპიზოდის თვალნათლივ წარმოდგენა და განცდა. მგრძნობიარე მკითხველი რაღაცნაირად ხვდება — მაღალზნეობრივ ლირიკულ გმირს თითქოს სინდისი ჰქენჯნის, იგი თითქოს ადანაშაულებს საკუთარ თავს, რომ სხვა შეიყვარა. ამ მოულოდნელი შეხვედრის წარმოდგენა შეიძლება წვრილმანებში, მაგრამ თითოეული „წვრილმანი“ ფაქიზი სევდით აგვავსებს. „და ეს იყო სწორედ სიბერე. იდგა მუხა უკუნ ღამეში და ვეღარ გრძნობდა, ისხდნენ ჩიტები მის ტოტებზე თუ აღარ ისხდნენ“. ამ რამდენიმესიტყვიანი ლექსის ყოველმა წაკითხვამ შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი გრძნობებით აგვავსოს. აქ იკითხება სიბერის სევდაც, გრძნობის დაჩლუნგების დრამაც... და თუ კარგად დავუკვირდებით, განა არ ჩანს აქ მუხის სიყვარული ჩიტებისადმი, რომლებიც მის ტოტებში აფარებდნენ ხოლმე თავს? გ.პეტრიაშვილის ლექსებში კეთილი აზრი მუდამ დაწყვილებულია კეთილშობილურ გრძნობასთან, ამიტომ მარტო აზრისმიერი წაკითხვა მშრალი იქნება, მკითხველმა უნდა განიცადოს ის განსაკუთრებული მშვენიერი ქროლვა, რომელიც თან ახლავს ამ სტრიქონებს. გულწრფელობა, ალალმართლობა, ღრმა ადამიანური სიყვარული, კეთილი აღმაფრენა — აი, რა განმსჭვალავს ძირითადად პოეტის ლექსებს, როგორც მაგალითად, ლექსს „გზა“: „ლექსიკონებით ამ სიტყვის აზრი მე ვერ გავიგე, თმაჭაღარა პროფესორებიც ამაოდ დაშვრნენ და ვერ ამიხსნეს. ახლა კი ვხედავ, მთლად უბრალო რამე ყოფილა: გზა თურმე მიწის ვიწრო ზოლია, რომელსაც მუდამ მოვყავარ შენსკენ“. ასეთი ლექსის შექმნა მხოლოდ უანგარო სულს ძალუძს. რა გულისმომწყვლელი სიალალითაა განსაზღვრული გზა, როგორც „მიწის ვიწრო ზოლი“, როგორ ვგრძნობთ, რომ ლირიკული გმირისათვის ამქვეყნად მხოლოდ სატრფო არსებობს! ან რას აუხსნიდა მას მკვდარი ცოდნით შეიარაღებული ბევრი პროფესორი? გურამ პეტრიაშვილის პოეზია მთლიანად ქრისტიანულია. მრავალი ქრისტიანული დებულება გვხვდება მის ლექსებში პოეტურად გადამუშავებული სახით. მაგრამ თვით ლექსებს ეტყობა, რომ ავტორი შეგნებულად კი არ ხელმძღვანელობდა რელიგიური პრინციპებით მათი დაწერისას, არამედ, უბრალოდ, გულიდან წერდა და „დამთხვევა“ მისდა შეუგნებლად მოხდა. ალბათ ესაა ის გაუცნობიერებელი ქრისტიანობა, რომელიც ბევრ შემთხვევაში გაცნობიერებულზე მაღლა დგას. ინტელექტის იმპულსებს ჰგმობს ქრისტიანული მოძღვრება (იგულისხმება უსულგულო, ანგარებიანი ინტელექტუალიზმი), იგი მას უწოდებს „ხორციელ სიბრძნეს“, მკვდარ, არაფრისმომცემ ცოდნას, ხოლო უარეს შემთხვევაში, ბოროტისათვის ხშირად დამახასიათებელ უნარს. „წიგნი ჰკლავს, ხოლო სული აცოცხლებს“, — ნათქვამია წმინდა წერილში. რ.შტაინერი ასეთ „ინტელექტუალურ“ იმპულსებს ცალსახად მიაწერს გარკვეულ ნეგატიურ ძალებს, რომელთა მიზანია ადამიანებში სულის მოკვლა და მათი ქცევა გრძნობადამშრალ ფილისტერებად. პოეტის სულმა იცის ეს ყველაფერი და მრავალ ლექსში ჩვენ ვხედავთ ამას. „თმაჭაღარა პროფესორებიც“ და „ლექსიკონებიც“ ამ შემთხვევაში სწორედ ზემოთქმულს განასახიერებენ. გვსურს მოვიყვანოთ კიდევ ერთი მშვენიერი ლექსი: „ღამით სკოლაში საეშმაკოდ შეპარულები სამასწავლებლოს ღია კართან შევჩერდით უცებ. „რა ვქნა, მიყვარსო“ — ეუბნებოდა ვიღაცას ჩუმად და საბრალოდ ტიროდა ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი“. კართან გატრუნული, გაოცებისაგან თვალებგაფართოებული ცელქი ბავშვები, რომლებიც მოულოდნელად შეესწრნენ მათემატიკის მასწავლებლის აღსარებას... რომ თვით მათემატიკის მკაცრი მასწავლებელიც უცებ გარდაიქმნა უმწეო შეყვარებულად, რომელიც უთუოდ სათუთი და კეთილშობილი ბუნებისაა. მართლაც სევდიანი და მშვენიერი ლექსია. „ტყუილად ბრაზობ... თავისთვის ფრინავს ციცინათელა და არასოდეს არც უფიქრია, რომ ერთხელ აქაც გამოიფრენდა უკუნ ღამეში და უცებ ასე ერთი წამით გაგანათებდა კართან განაბულს, ნაქურდალით უბეგატენილს...“ რა საცოდავია ეს ქურდი, რა უბადრუკად მოჩანს იგი კართან ატუზული, გაბრაზებული... და რაოდენ უმანკო და უდანაშაულოა ციცინათელა, რომელზეც „სამართლიანად“ ბრაზობენ... „შენ მიმატოვე... მგონია, თითქოს მგლოვიარე კარუსელზე სულ მარტო დავრჩი და ვგავარ ახლა ძველ რეკლამას, ბნელი ქუჩის კუთხეში აკრულს, გულუბრყვილოდ რომ გვაუწყებს შარშანდელ კონცერტს“. ვერანაირი აზრისმიერი წაკითხვით ვერც ერთი ინტელექტუალი ვერ იგრძნობს, რა არის ამ ლექსში. ალბათ, თავად უნდა გქონდეს ადამიანს განცდილი ოდესმე ამდაგვარი რამ. ჩვენ ზემოთ სიმართლის სული ვახსენეთ. იგი არ არსებობს ბოროტეულთა მხილების გარეშე. როცა ვისიმე პოეზია სიმართლის სულითაა გამსჭვალული, ეს თავისთავად გულისხმობს ლექსებში კრიტიციზმის არსებობას. გ.პეტრიაშვილი ამხელს ობივატელურ ყოფას, მეშჩანობას, ამხელს ადამიანებს, რომელნიც დაცლილნი არიან ყოველივე ამაღლებულისგან, ცხოვრობენ მხოლოდ მდაბალი სიამოვნებებით. პოეტი ამხელს ადამიანთა ფილისტერობას და ანგარიშიანობას, კეთილის განცდის უუნარობას, სიყრუეს სიკეთისა და სიყვარულის მიმართ. ამგვარი ლექსებიდან ზოგი შეიძლება არ გამოირჩეოდეს დიდი ესთეტიკური მომხიბლაობით, მაგრამ ეს არც ევალებათ მათ. ისინი დაწერილია სიმართლის სულით და ღირებულებაც მათი სწორედ ამაში მდგომარეობს. რაც მთავარია, პოეტი შესანიშნავად არჩევს ყალბსა და წრფელს სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებებში, გვიჩვენებს უანგარობის სილამაზეს და ფარისევლობის სიბილწეს. მის მიერ დახატულ სახეებში შეიძლება ვიცნოთ ჩვენი მეზობელი, თანამშრომელი, გუშინდელი მეგობარი და ზოგჯერ იქნებ... საკუთარი თავიც. ასეთი ლექსებია, მაგალითად: „სიზმარიანი კაცი“, რომელიც გვიხატავს ჩვეულებრივ ობივატელს, კარიერისტს, „მაძღარ კაცს“; „მოკრივე და იასამანი“, რომელიც დასცინის ბრიყვულ ძალადობას, უხეშ ფიზიკურ ძალას; „ზოომაღაზიაში“, „და როდესაც მიმოვიხედეთ“, რომელიც ჰგმობს მშრალ ინტელექტუალიზმს და სხვანი. გვინდა მოვიყვანოთ ერთი ნიმუში — პატარა ლექსი „ფისო-ყულაბა“: „ბოლოსდაბოლოს სიცოცხლის ერთი ნამდვილი წამიც არგუნა ბედმა: სანაგვეზე გადაისროლეს, დარჩა მარტოდ ვეება ცის ქვეშ და ჭუჭყიანი გროშების ნაცვლად დიდი წვიმებით აევსო თავი“. აი, ასე ხედავს გ.პეტრიაშვილი ადამიანურ გრძნობებს უსულო საგნებში... „მაძღარი კაცი“ ხშირად გვხვდება გ.პეტრიაშვილის ლექსებში: გვგონია, თითქოს პოეტი დგას და მწარე და სევდიანი ირონიით უყურებსო ასეთ არხეინ ადამიანებს. და ამ მზერაში იკითხება გაკვირვებაც, სიმკაცრეც და ამავე დროს, სიბრალულიც... კრებულში ვერ ნახავთ ვერც ერთ ყალბ სტრიქონს, ვერც ერთ ზედმეტ ფრაზას. ხვდებით, რომ პოეზია ავტორისათვის მხოლოდ საშუალებაა სიმართლის თქმისა და ცხოვრებისეულ მშვენიერებათა გამოხატვისა. აქ არ არის თვითმიზნური სწრაფვა „ლამაზი“ მეტაფორების დახვავებისა და „ამაღლებული“ მეტყველებისაკენ, რაც ბევრ თანამედროვე პოეტს სჩვევია. „დრო მიდის,ძმაო, აგერ ის ქალი მსუნაგი თვალით ვიტრინებს რომ ათვალიერებს, ჭორავს ნაცნობებს და ზუსტად იცის, სად, ვის, რამდენი, როგორ უნდა ჩაუდოს ფული, პურს დავარდნილს რომ არ აიღებს და არ აკოცებს, „შენობით“ რომ მიმართავს ყველას, ვინც ღარიბად არის ჩაცმული — სწორედ ეს ქალი ერთხელ პაწია და სიფრიფანა, გულუბრყვილო გოგონა იყო და დიდ წვიმაში პატარა ნერგებს, არ გაცივდნენო, იფარავდა ცისფერი ქოლგით“. განა არ არის აქ დრამა ადამიანის თანდათანობით შეცვლისა, დაცემისა? რამხელა განსხვავებაა იმ პატარა სიფრიფანა გოგონასა და ზრდადასრულებულ მეშჩან ქალს შორის... ერთ-ერთ ლექსში გვხვდება მსგავსი პოეტური სახე, მეტად მშვენიერი: „გუბესთან დგას გოგონა ნაზი, გაუხელია თვალები ფართოდ, გაჰყურებს სივრცეს და წუთი წუთზე ელოდება ყვავილად ქცევას...“ ახლა გვინდა განვიხილოთ ცოტა მოზრდილი ლექსები, რომელთაგან რამდენიმე უახლესი ქართული პოეზიის შედევრად მიგვაჩნია. ესენია: „ნერგი“, „კურდღელი“, „ყვავილები“, „შემთხვევა ღამის ქალაქში“, „მოსვლა“... ამ საოცარი ლექსების წაკითხვა შეიძლება ბევრჯერ, მოუწყინებლად და, რაც მთავარია, ისინი აღძრავენ ფიქრს... როცა მკითხველი წიგნს დახურავს დაფიქრებული, სევდამორეული ან ბედნიერი, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი „მოქმედება“ ამ ლექსებისა მკითხველის სულზე. თუკი იგი მგრძნობიარეა, შეიძლება დიდხანს ვერ გამოვიდეს შთაბეჭდილებიდან, საათების განმავლობაში თვალწინ ედგას ეს სახეები და წუხდეს, ფიქრობდეს... ხსენებული ლექსები, ალბათ, არ ეკუთვნიან არც ერთ ლიტერატურულ მიმდინარეობას, სადაც პოზა უფრო მეტია, ვიდრე სიმართლე. ისინი შეიქმნა მხოლოდ იმის წყალობით, რომ პოეტს ბრძენი გული აქვს და ბევრ რამეს ხედავს ირგვლივ. ხოლო მთავარი „ლიტერატურული მიმდინარეობა“ აქ ისევ და ისევ სიყვარულია... სიყვარული ყოველი არსის მიმართ, რაც ცოცხლობს, იტანჯება, წუხს, უხარია; ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ, სამაგიეროს გადახდა კი ფიქრადაც არ მოსდის. ლირიკულ გმირს, სხვისი ჭრილობების მაცქერალს, თავად სდის გულის სისხლი, თავად ეხსნება ჭრილობები და მისი პრაქსისი, მსხვერპლისუნარიანობა, ღრმა თანაგრძნობის უნარი ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. ადამიანი მზად არის, დათმოს ყველაფერი, დათმოს ცხოვრება და მიწად იქცეს, ოღონდაც გადარჩეს და იზარდოს ერთი პატარა ნერგი. გ.პეტრიაშვილი ჭეშმარიტი მემკვიდრეა დიდი ჰუმანისტებისა, ამასთან მისი ლირიკული გმირი ჭეშმარიტი ქრისტიანია, თუმცა ლექსებში არსადაა ლაპარაკი რელიგიაზე, ეკლესიაზე. ლექსი „ნერგი“ გვინდა მთლიანად გადმოვიწეროთ: „ჩამეძინა მინდორში ერთხელ... რომ გავიღვიძე, ვნახე, — დაბნეულ ვიღაც მებაღეს ზედ ჩემს მკერდზე პაწაწინა ნერგი დაერგო... მე გამიკვირდა, წამოვიწიე, მაგრამ ნერგმა საცოდავად ამოიკვნესა და კვლავ დავწექი. შევყურებდი... შემდეგ ხელი შევახე ფრთხილად ნერგის სათუთ ტანს, მის ერთადერთ პაწია ფოთოლს. და გამეღიმა... ვწევარ მას შემდეგ, დამავიწყდა: ვინა ვარ, რა ვარ, რასა ვფიქრობდი, სად მივდიოდი, რას ვაპირებდი. იზრდება ნერგი და მას შევხარი. მოდიან სხვები და ისინიც ნერგს შეჰხარიან მე ვერ მხედავენ, ალბათ უკვე ვიქეცი მიწად. შევყურებ ნერგს და შორს, შორს, მაღლა დიდ ლურჯ თაღს ვხედავ, კრიალას, ლამაზს. მე აღარ მახსოვს სახელი მისი... მაგრამ რატომღაც მიხარია, რომ ნერგის წვერო იმ სილურჯისკენ გამუდმებით ილტვის ჯიუტად“. თვალსაჩინოდ შეიძლება წარმოდგენა მთელი ამ ამბისა, ყველა წვრილმანამდე განცდა და შეგრძნობა. დაუკვირდით, როგორ იცვლება ინტონაცია — „ვწევარ მას შემდეგ...“. სევდიანი ბედნიერებით ნათქვამი „დამავიწყდა, ვინა ვარ, რა ვარ, სად მივდიოდი“ გულს გვიწყლავს. განსაკუთრებით ძლიერია „ალბათ უკვე ვიქეცი მიწად“. თითქოს ვხედავთ, როგორ ნელ-ნელა ებინდება გმირს ცნობიერება, ენისლება თვალები, ბედნიერს ამ მსხვერპლის გაღებით. ისევ გავიმეორებთ, რომ განმარტების ჩვენეული მცდელობა მეტად ტლანქია თავად ლექსის ფონზე. მეორე ლექსში, რომელსაც ჰქვია „შემთხვევა ღამის ქალაქში“, უცნაური რამ ხდება: ქუჩაში მოგორავს უზარმაზარი ცრემლი. გაჩერდებიან მანქანები, გაშეშდებიან გამვლელები და ყველა გაოცებული უყურებს ამ სანახაობას. მოულოდნელად ქუჩას გადაჭრის ვიღაც ლამაზი ქალიშვილი, ცრემლთან წამით შეჩერდება, შიგ ჩაიხედავს და თმას გაისწორებს. ისევ წავა კეკლუცად. ვხვდებით, რომ ამ მეშჩან ქალიშვილს „არასოდეს არ ენახა ცრემლი“. ხალხი ირგვლივ შემოეხვევა ცრემლს ცნობისმოყვარეობით. უცებ ვიღაცა კაცი მოვარდება და ამბობს — მაპატიეთ, ეს ჩემი ცრემლია, ძილის დროს გამომეპარა, ბოდიშს გიხდით. ხალხიდან ერთი სთხოვს უცნობს, მომყიდეო ეგ ცრემლი, საყვარელი თუთიყუში მომიკვდა და კიდევ მინდა დავიტიროო. მეორე თეატრის დირექტორი აღმოჩნდება და იხვეწება, მისცენ ცრემლი მისი მსახიობებისათვის. მესამე მტირალა თოჯინების ოსტატია და სურს მისი თოჯინები ნამდვილი ცრემლით ტიროდნენ... უცნობმა არაფერი უპასუხა მათ, ცრემლს მიაწვა და გააგორა. ის იყო, ქუჩის სიბნელეს უნდა შერეოდნენ, რომ კაცი გაჩერდა, თავი ასწია და ხალხს გადმოსძახა ღიმილით: „რაღაც გეშლებათ, მეგობრებო! თქვენ რომ გგონიათ აქ მთლად ისე არაა საქმე. დიდი ცრემლი — ეს უბრალოდ დიდი ცრემლია და არა დიდი გროვა ცრემლების. ვიდრე არსებობს, მხოლოდ დიდ ცრემლად არსებობს იგი და პატარა მსუბუქ ცრემლებად არ ნაწილდება“. განა აქ ამომწურავად არაა გადმოცემული იმ ხალხის რაობა, თავად უცნობი კაცის დიდი სული? ან ჩვენ ცოტას ვიცნობთ (დღეს განსაკუთრებით) ისეთ ქალიშვილებს, ცრემლში თმას რომ გაისწორებდნენ გულგრილად, კეკლუცი მანერით? უცნობში ვხედავთ თავად პოეტს, რომელიც „დიდი ცრემლით“ დასტირის ადამიანთა გაგულქვავებას. დიდი გულია საჭირო, რომ ასეთი ლექსი დაიწეროს, ჭეშმარიტად. „კურდღელი“ არის ნაწარმოები, რომელსაც ვერც ერთი კეთილი ადამიანი გულგრილად ვერ წაიკითხავს. პოეტი ამბობს, რომ სახლში კურდღელი ჰყავს დამალული. იგი წინათ ტირში ეკიდა და ჭრილობებისაგან იტანჯებოდა. წევს საწოლზე და ჩუმად კვნესის... დროდადრო წუთით უყუჩდება ნატყვიარები. მაშინ კი ცელქობს, ის ხომ პატარა კურდღელია ჭრილობების მიუხედავად, დახტის, თამაშობს, მემალება პალტოს ჯიბეში, ან ფანჯრის ფარდებს ეპოტინება“. სისხლი კი სდის, სდის შეუჩერებლად, ძილში კვნესის. „ალბათ სიზმრად კვლავ ხედავს თოფებს, ხედავს მსროლელთა კმაყოფილ ღიმილს და იცის, რომ არ ასცდება არც ერთი ტყვია“. „შუაღამისას ტკივილი მძლავრი დაუვლის უცებ პაწია სხეულს... გაეღვიძება, ცდილობს გაექცეს ტანჯვას საშინელს, მაგიდის ფეხებს ეჯახება, ფხოჭნის იატაკს, დაეძებს კარებს, კედლებს აწყდება და ჰოი, ღმერთო!.. ჭერზე დარბის უკუნ ღამეში და მისი სისხლი მაწვიმს მაღლიდან...“ დიახ, პოეტს არ სცალია „ლამაზი“ მეტაფორებისათვის და „ამაღლებული“ დრამატიზებისათვის, მისი საბრალო კურდღელი საშინლად იტანჯება და სისხლისაგან იცლება. ამ სურათს მოსდევს უმშვენიერესი სტრიქონები მათ შორის, რაც კი დაწერილა ქართულ ენაზე: „ალბათ ძალიან გამოვიცვალე, მეგობრები ჩემთან უკვე აღარ დადიან, ნაცნობებიც მერიდებიან. უკვე სალამსაც აღარ მაძლევენ... მე კი ვიცინი და ამაყად ვიცქირები ჩემი ფანჯრიდან, რადგან გამართლდა იმედი ჩემი და ამ დილით ჩემს მრთელ სხეულზეც ჭრილობებმა დააღეს პირი და სისხლი დამდის... ჰეი, ტკივილი გაშინებთ ვისაც, იყავით ფრთხილად, გადამდებია ჭრილობები პატარა კურდღლის“. ეს „მეგობრები“ და „ნაცნობები“ ალბათ გასართობად დადიოდნენ გმირთან, ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც სევდას და ტკივილს ერიდება, „ტკივილები აშინებს ვისაც“. პოეტი (ლირიკული გმირი) კი დაავადდა კურდღლის სატანჯველით, რომელსაც ვერ შველის და... ერთ დილით მის სხეულზეც მსგავსი ჭრილობები დააღებენ პირს. გავიხსენოთ ერთი ბერი, რომელსაც ისე ძლიერად უყვარდა ქრისტე, იმდენად ღრმა იყო მასში ეს სიყვარული, რომ ლოცვაში ევედრებოდა ღმერთს, მეც გამიჩინეო მაცხოვრისდარი წყლულები და მართლაც, ბერს ხელებზე აღებეჭდა ნამსჭვალები. ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს მსხვერპლის გარეშე. სიყვარულია ის საიდუმლო, რომელმაც მრავალ ქრისტიან მოწამეს შეაძლებინა უდრტვინველად დათმენა უდიდესი ფიზიკური ტანჯვისა. სიყვარულის ჭეშმარიტება ერთია და გ.პეტრიაშვილი გულმა მიიყვანა ამ ჭეშმარიტებამდე, ამ შესანიშნავი ლექსის დაწერამდე.
This post has been edited by ბპგ on 3 Apr 2008, 12:53
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|