[გიდეონ რახმანი, ”ფაინენშენლ თაიმსი”]
როგორც წესი, რითი სრულდება სადილი? ხან ფინჯანი ყავით, ხან ბრენდის ბოკალით ტერასაზე. მე და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი ტრაპეზი საქართველოს შუაგულში მდებარე სამხედრო ბაზისკენ მიმავალ ვერტმფრენში დავასრულეთ.
ჰაერში აფრენისას პრეზიდენტ სააკაშვილში, რომელიც უზომოდ თავაზიანი და ყურადღებიანი იყო თბილისში სუფრასთან, თითქოსდა ენერგიამ იფეთქა. მან მთელ ხმაზე ჩართო კომპაქტდისკი და შარლ აზნავურის სიმღერის - ”მე არაფერი დამვიწყებია” -ს ფონზე ტყავის სავარძლებში ჩავსხედით. ფრანგული ერთ-ერთი იმ მრავალ ენათაგანია, რომელთაც სააკაშვილი ფლობს. სხვათა შორის, ის მე მახსენებს, რომ აზნავური წარმოშობით საქართველოდანაა.
ქვემოთ, ადგილების ჩვენებისას პრეზიდენტს ყვირილი უხდება ვერტმფრენის ძრავებისა და მუსიკის ხმის გადასაფარად. სააკაშვილი ამბობს, რომ თუ მარჯვნივ გავიხედავ, დავინახავ სამხრეთ ოსეთს - საქართველოს ტერიტორიას, რომელსაც რუსეთის დახმარებით სეპარატისტები აკონტროლებენ.
- ძალიან ახლოს არ მივალთ, - იცინის იგი, - ბოლოს, როცა მე ამ ტერიტორიას გადავუფრინე, მათ ვერტმფრენს რაკეტა ესროლეს. სხვათა შორის, გაიხედეთ დაბლა. ჩვენ ახლა მილიარდერ ბორის ივანიშვილის მიწებს გადავუფრენთ. ის, მგონი, ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, - ამატებს სააკაშვილი, ხმაში თბილი ნოტებით, - შემოიყვანა აქ ზებრები და ჟირაფები. ჩვენ შეიძლება კიდეც დავინახოთ, როგორ დარბიან ისინი.
მე ვაცლი ყურძნის მტევანს მარცვალს - ესღა დარჩა ჩვენი სადილიდან - და ვეკითხები: საქართველოში მილიარდერები არიან?
- დაახლოებით ათი, - მპასუხობს პრეზიდენტი.
და ყველა თქვენ გიჭერთ მხარს?
- იყო აქ ერთი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ორიოდე თვის წინ გარდაიცვალა, ლონდონში.
- ამ სიტყვებისას პრეზიდენტი მორცხვად იღიმება. მისთვის გასაგებია, რომ ჩემამდე მოვიდა ჭორები, რომელთა თანახმადაც, ოპონენტის სიკვდილს ხელი მანაც შეუწყო. სად ვარ მე - დასავლეთში თუ ველურ დასავლეთში?
სააკაშვილი თავის მისიად თვლის, დაამტკიცოს, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია და რეალურად გააკეთოს ისე, რომ იგი ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს. საქართველომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისევ მიიღო დამოუკიდებლობა. ეს არის ქვეყანა უძველესი ისტორიითა და 4,7 მილიონი მაცხოვრებლით. ერთი მხრიდან, მას ესაზღვრება შავი ზღვა და თურქეთი, მეორე მხრიდან - სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა ქვეყნის ბედის მთავარი განმსაზღვრელი მაინც რუსეთთან ურთიერთობაა. ქართველები ბრალს სდებენ რუსეთს მათი ქვეყნის ტერიტორიების მცოცავ ანექსიაში.
სააკაშვილი 2000 წლისთვის ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავი იყო. იუსტიციის მინისტრად დაახლოებით, ერთი წლის მუშაობის შემდეგ, იგი თანამდებობიდან გადადგა. მისი სიტყვებით, კორუფციამ იმ დროისთვის ქვეყანაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ კრიმინალების მიერ მთელი ქვეყნის გაკონტროლების საშიშროება გაჩნდა.
ამ ნაბიჯმა მისი ავტორიტეტი გააძლიერა, როგორც დასავლეთში, ისე ქვეყნის შიგნითაც. როცა, 2003 წელს საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” სახელით ცნობილი სახალხო აჯანყება მოხდა, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. ორი თვის შემდეგ იგი მოსახლეობის 97%-იანი მხარდაჭერით პრეზიდენტი გახდა. მე ამ სიტყვებზე წარბებს მაღლა ვწევ. პრეზიდენტი მხრებს იჩეჩავს: - დიახ, მე ვიცი, ასეთი შედეგით მუბარაქს ემსგავსები, მაგრამ მაშინ ქვეყანაში მართლაც არ იყო რეალური ოპოზიცია.
დღეს ოპოზიცია არის და როგორი! ნოემბერში სააკაშვილს უსიამოვნო წუთების გადატანა მოუწია. სახალხო აჯანყების ლიდერი ამჯერად, მისი ხელიწუფლების წინააღმდეგ მოწყობილ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციებს ხედავდა. მან მაშინ კერძო ტელეკომპანია დახურა, რითაც თავისი მომხრეები ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც დააბნია.
ამ წლის იანვარში, პრეზიდენტმა ნაწილობრივ მისი რეპუტაციისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოახდინა: მან აღადგინა პრესის თავისუფლება და შემდეგ მოიგო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - თუმცა ამჯერად, 52%-ზე ოდნავ მეტი ხმით. ოპოზიციამ დაიწყო საუბარი არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილი რჩება ძალიან არაერთგვაროვან ფიგურად. ჩვენ ერთმანეთს არა რესტორანში, არამედ ნახევრადაშენებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შევხვდით. შუშის გუმბათის ფორმით შენობა ძალიან ჰგავს ბერლინის რაიხსტაგს. მე ვკითხე პრეზიდენტს, ხომ არ ეჩვენება, რომ მაშინ, როცა საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ამდენი თანხის დახარჯავა რეზიდენციაზე ნამეტანია?
- ეს ნამეტანი იქნებოდა, ამის გარდა არაფერი რომ არ გამეკეთებინა, - მიპასუხა მან - მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ასევე სკოლებსა და საავადმყოფოებს. ხალხი ხედავს, რომ ცხოვრება უკეთესი ხდება. თუ ჩინოვნიკი იმუშავებს ნორმალურ ოფისში, დიდი შანსია, რომ იგი მოიქცევა, როგორც ნორმალური ადამიანი.
ჩვენ დაცვის თანხლებით სასადილოდ სასტუმრო ”კოპალაში” მივდივართ. ქუჩაში თბილა, ამიტომ ვსხდებით ტერასაზე, რომელიც მტკვარსა და უძველეს ეკლესიებს გადაჰყურებს. რესტორანში პრეზიდენტს უკვე ელოდებიან, მაშინვე მივყავართ მაგიდისკენ, რომელიც სავსეა დელიკატესებით - სალათები, ხიზილალას ორი სახეობა - შავი და ცეცხლისფერი წითელი. ოფიციანტებს თანდათან შემოაქვთ ახალ-ახალი კერძები:
თევზი, ქაბაბი, კუპატი, რომელსაც სააკაშვილი მე განსაკუთრებით მიქებს. როგორც ყველა ქართველი მასპინძელი, იგი მაძალებს, რომ აუცილებლად გავსინჯო თეთრი და წითელი ღვინო. ღვინის თემა პოლიტიკურია: 2006 წელს პუტინმა, რომელიც სააკაშვილს საშიშ პროდასავლელ პოლიტიკოსად თვლის, რუსეთში ქართული ღვინის შეტანა აკრძალა.
საქართველო რუსეთის ჩრდილში ცხოვრობს, ასე არის და ასე იქნება. სააკაშვილის მიზანია, გაუხსნას ქვეყანას ახალი ჰორიზონტები, მისცეს მას საშუალება, გაიხედოს შავი ზღვიდან დასავლეთისკენ - აშშ-სა და ევროპის დანარჩენი ქვეყნებისკენ.
- ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ დიდი ევროპული სურათის ნაწილია - ჯვაროსნებით, დიდი სავაჭრო გზებით, კონსტანტინოპოლისთვის ბრძოლით. როცა ისინი ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ - არა შორეული, იზოლირებული ქვეყანა, არამედ მთლიანის ნაწილი - ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ.
მაგრამ თუ ქართველებისთვის მათი ევროპელობა ცხადია, სხვა ევროპელები ამაში ყოველთვის დარწმუნებულნი არ იყვნენ.
სააკაშვილი დღეს ყველაზე ძლიერი დასავლელი ”მეფის” - ჯორჯ ბუშის მეგობარია. თუმცა ამ მეგობრობამაც ვერ უშველა მას მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევაში. ბუქარესტში, აპრილში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ ვერ მიიღო ”მაპ”-ი და იძულებული გახდა, ოდესმე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ბუნდოვან დაპირებას დასჯერებოდა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯორჯ ბუშმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო.
- ბუქარესტში სამიტზე იგი ჩვენთვის მართლაც მაგრად იბრძოდა. როცა მე დარბაზში შევედი, იგი კოვბოური ბრძოლის შემდეგ დაღლილი ადამიანივით გამოიყურებოდა - წითელი, ძალიან დაღლილი, უბრალოდ გამოფიტული.
კერძების მორიგი შეცვლისას მე ვეკითხები პრეზიდენტს, ხომ არ არის იგი ძალიან დამოკიდებული ბუშთან მეგობრობაზე? რა მოხდება, როცა ბუში წავა? მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს ეს სულაც არ აღელვებს. იგი ჯონ მაკკეინის პირადი მეგობარია.
- 2003 წელს მან მე პირადად ჩამომიტანა ჯავშანჟილეტი. უბრალოდ, კი არ ჩამომიტანა, თვითონ ჩამოვიდა ამ ჟილეტში ჩაცმული და მე გადმომცა.
დემოკრატები?
- ბარაკ ობამა იმ ორი სენატორიდან ერთ-ერთია, რომელმაც ამას წინათ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდასაჭერი რეზოლუცია სენატში შეიტანა. რიჩარდ ჰოლბრუკი - რომელიც დიდი ალბათობით სახელმწიფო მდივანი იქნება, თუ ჰილარი კლინტონს პრეზიდენტად აირჩევენ - ნამდვილი გენიოსია. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ.
თუმცა, ევროპელებთან ყველაფერი ასე მარტივად არაა. სააკაშვილი აშკარად თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ.
- ჩვენ ვსადილობდით ბუქარესტში და მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი არაჩვეულებრივია. არ არის ისეთი, როგორიც სხვები. მას ძალიან აინტერესებს დეტალები, რომლებსაც სხვა პოლიტიკოსები ყურადღებას არ აქცევენ. ტემპერამენტით ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, სხვათა შორის, ეს მისთვის პრობლემაა იმიტომ, რომ ასეთი ტემპერამენტი არც მთლად ევროპულია.
სააკაშვილს აშკარად კარგად ეხერხება ადამიანების მეგობრებად მოქცევა - მე თვითონაც ვგრძნობ, რომ ამ ”ღიმილების შეტევის” შემდეგ ნელ-ნელა მისი გავლენის ქვეშ ვექცევი.
სააკაშვილის თქმით, ვიღაც-ვიღაცეები მას ოპოზიციაში ჩაუდგნენ იმის გამო, რომ მათ გადასახადების გადახდა აიძულა.
- ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს გადამეტებულია - ისინი უბრალოდ ამას ვერ მიეჩვივნენ.
სადილი ნელ-ნელა გადადის ფილოსოფიაში. თითქოსდა, დროა, შეხვედრა დასრულდეს, მაგრამ მოულოდნელად პრეზიდენტი მასთან ერთად ებრაელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი სპეცრაზმის ჯარისკაცების საწვრთნელ ბაზაზე წასვლას მთავაზობს.
- ხომ არ გინდათ, შემოგვიერთდეთ? მოდით, თან წავიღოთ ხილი და მინერალური წყალი.
ჩვენ ისევ მანქანაში ვსხდებით. აეროპორტში მივდივართ და 45-წუთიანი ფრენის შემდეგ მთებში სამხედრო ბაზაზე ვხვდებით. პრეზიდენტი მიჰყავთ მიწისქვეშა ბუნკერში. იქ მე ვხედავ ისრაელის არმიის რამდენიმე ოფიცერს. ისინი აჩვენებენ სააკაშვილს ვიდეოფილმს სამხედრო მომზადების შესახებ, რომელშიც ჯარისკაცები დარბიან, თოვლში კოტრიალობენ, ყვირიან, ესვრიან ერთმანეთს და ა.შ. ფილმის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი მადლობას უხდის ინსტრუქტორებს ივრითზე და ახალი კომანდოსების აღლუმის მისაღებად მიდის. საზეიმო მარში, ჰიმნი, გამოსვლები და ჩვენ ისევ ვერტმფრენში ვართ.
საერთო ჯამში საქართველოს პრეზიდენტი დიდი შთაბეჭდილებას ახდენს - იგი ენერგიულია, ჭკვიანი, ძლიერი ლიბერალური შეხედულებებით. მაგრამ მე მრჩება კითხვა: როდემდე შეიძლება ასე იცხოვრო და არ შეგიპყროს განდიდების მანიამ? ჩამოშორდება კი ოდესმე ხელისუფლებას, იგი ხომ მხოლოდ 40 წლისაა? უკან დაბრუნებისას მე ვეკითხები მას: კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოთ პრეზიდენტი?
- ხუთი წელი და ორი თვე, - მპასუხობს იგი.
რას გააკეთებთ გადადგომის შემდეგ? - აქ სააკაშვილის ბუნებრივი ენერგიულობა იკლებს. - არ ვიცი, ალბათ, მასწავლებლად წავალ. შეიძლება კოლუმბიის უნივერსტიტეტში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=2168დელიკატესებით დანაყრებული და განდიდების მანიით შეპყრობილი
ნაციონალი
სტი სააკაშვილი თბილისში რაიხსტაგს იშენებს...ვინ იფიქრებდა რომ მესამე რაიხის მეორედ დაბადება საქართველოში მოხდებოდა....