2008-05-04 18:54
ვითარების განსამუხტად სოხუმი თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
სოხუმი უკიდურესად გამწვავებული ვითარების განსამუხტად თბილისისგან კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მედიასთან ურთიერთობაში კრისტიან ბჟანიამ განუცხადა.
"ჩვენ თბილისისგან კონკრეტულ და მნიშვნელოვან წინადადებას და ნაბიჯს ველით. შესაძლოა, გარკვეულ ძალებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ხელს არ აძლევთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ ასეთი ძალების მიერ წაქეზებულ მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მოგვიტანს", - განაცხადა კრისტიან ბჟანიამ.
მისი თქმით, თბილისმა სოხუმს რეალური ქმედებებით უნდა აგრძნობინოს, რომ სამხედრო აგრესიისთვის არ ემზადება. ბჟანია აღნიშნავს, რომ სოხუმის ნდობის მოსაპოვებლად ქართულმა მხარემ თუნდაც, კონფლიქტის ზონის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა და ენგურის სანაპიროზე სამხედრო ძალების კონცენტრირება უნდა შეწყვიტოს.
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლისგან დღემდე ვერ მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, საზრიანი წინადადება, რომელიც ვითარების განმუხტვას ხელს შეუწყობს. ახლა ვითარება უკვე იმ დონეზეა დაძაბული, რომ ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა, უმართავ პროცესებამდე და კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა კრისტიან ბჟანიამ.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ოჩამჩირის რაიონის თავზე ორი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ქართული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id...&info_id=220228