2008-05-05 10:15
ტელეკომპანია "იმედმა" მაუწყებლობა განაახლა
ტელეკომპანია "იმედმა" დღეს დილით მაუწყებლობა განაახლა.
ეთერში ამჯერად მხოლოდ ტელესერიალები და მხატვრული ფილმები გავა, საინფორმაციო გამოშვებებისა და დილის პროგრამის აღდგენა კი, ივნისისთვის იგეგმება. სექტემბრიდან ეთერში თოქშოუები, ახალი გასართობი გადაცემები და შემეცნებითი პროექტებიც გავა.
"იმედის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საინფორმაციო და დილის გადაცემის ეთერში გაუსვლელობა დაზიანებულ ტექნიკასა და დაგროვილ ვალებს დაუკავშირა.
მისივე თქმით, ნოემბერში სულად განადგურდა ტელეკომპანიის საინფორმაციო საეთერო სტუდია, რომლის აღდგენაც კუსტარულად დეკემბერში იმ იმედით მოხდა, რომ დამზღვევი კომპნია - "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" ზარალს აანაზღაურდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულია.
"დამზღვევ კომპანიასთან სერიოზული დავა გვაქვს, რომელიც, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს", - განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა.
ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა 2007 წლის 7 ნოემბერს მას შემდეგ შეწყდა, რაც ტელეკომპანიის შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა. 12 დეკემბერს მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ, ტელეკომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, არხმა მუშაობა 25 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეწყვიტა.
მაუწყებლობის აღდგენა არხის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის – ჯოზეფ ქეის დანიშვნის შემდეგ გადაწყდა, მაგრამ რამდენიმეჯერ გადაიდო.
"ინტერპრესნიუსი"
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)