Presa.ge
გამოცხადებული გამოძალვის ქრონიკა ანუ ”ქართუ ჯგუფმა” მიაგნო რეალურ მიზეზს, თუ რატომ ესხმის თავს ”ალია” ბიძინა ივანიშვილს. (მეორე ნაწილი)
2. დაუფარავი მინიშნებები - გადაიხადეთ ფული
”ალია-ჰოლდინგის” ხელმძღვანელობა, ჟურნალისტები თავიანთი გაზეთების მეშვეობით, დაუფარავად და სახალხოდ ფულს ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან. სხვანაირად ვერ ავხსნით ჟურნალისტების მინიშნებებს, რომლებიც სცილდება მინიშნებებს და აშკარა დასკვნებისკენ გვიბიძგებს. მოვიტანთ რამდენიმე ამონარიდს ”კვირის ქრონიკის” ერთ-ერთი პუბლიკაციიდან და ერთად გავაანალიზოთ, რას ნიშნავს მათი მოურიდებელი და ურცხვი განცხადებები:
ციტატა: ”ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად მისცემდა რჩევას ბიძინა ივანიშვილს, რომ ასე არ შეიძლება მედიასაშუალებებთან ლაპარაკი და თავის მაგალითსაც გაახსენებდა. როდესაც იგი წლების წინათ, ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში, ქართულ ბაზარზე შემოდიოდა და ყველაფრის ხელაღებით ყიდვა უნდოდა, ”ალია” იყო ერთადერთი გამოცემა, ვინც ”ბედავდა” და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქართველზე კრიტიკულ წერილებს ბეჭდავდა და ამბობდა სულაც იმას, რომ არ შეიძლებოდა ცირკის ყიდვა იქ სააქციო ბირჟის გასახსნელად. მაშინ ბატონ ბადრის მწვავე რეაქციაც კი ჰქონდა და მის წარმომადგენლებს რედაქციაშიც კი დაურეკავთ...”
აქ შევჩერდეთ და დავსვათ რამდენიმე მთავარი შეკითხვა, რაც ამ ამონარიდის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა:
რა მოხდა მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლებმა დარეკეს რედაქციაში? რაზე მოილაპარაკეს მაშინ? რატომ მოხდა, რომ ამის შემდეგ ”ალია-ჰოლდინგი” ასე ”დაუტკბა” ბადრის და ამას მოურიდებლად, შეიძლება ითქვას, დაუფარავად და წინდაუხედავადაც კი გვახსენებენ ახლა? რაზე მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს ასე ხელაღებით, ბადრი პატარკაციშვილისგან ისწავლეთო?
ამ კითხვებმა ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურს უბიძგა, გასცნობოდა ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” არქივს და გაერკვია, რა იყო სინამდვილეში - რას წერდნენ პატარკაციშვილზე და როგორ შეიცვალა დამოკიდებულება მის მიმართ, რაც ბიზნესმენის წარმომადგენლებმა რედაქციაში დარეკეს!..
ვიდრე ”ალია-ჰოლდინგის” გაზეთების არქივს არ გავეცანით, თავს უფლება არ მივეცით, თუნდაც ეჭვები გამოგვეთქვა, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებული მოსაზრებები ”ალია-ჰოლდინგის” მეხარკეობა-რეკეტერობის თაობაზე, ზოგადად, და იმის შესახებაც, რომ ყველაზე დიდ ფულს თურმე სწორედ ბადრი პატარკაციშვილი იხდიდა. თუ საგაზეთო პუბლიკაციებს ქრონოლოგიურად თვალს მივადევნებთ, აშკარაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილზე თითქმის არ დაბეჭდილა აშკარად უარყოფითი წერილები; იყო მცირეოდენი ირონია, მსუბუქი (გარკვეული) კრიტიკაც, მაგრამ ცალსახად ნეგატიურ მასალას ვეღარ ვხვდებით.
ჩვენი შეფასებით, ზოგადად, მსგავს გარიგებებში მხოლოდ ერთ მხარეს ვერ დაადანაშაულებ. უფრო მეტად დამნაშავეა ის ბიზნესმენი თუ სახელმწიფო მოხელე, ვინც თამაშის ბინძურ მეთოდებს თანხმდება და ასეთ შეთანხმებაში მეორე მხარედ მოიაზრება...
კიდევ ერთი ციტატა ”ქართუ ჯგუფის” საპასუხოდ დაბეჭდილი ”კვირის ქრონიკის” პუბლიკაციიდან, რამაც კიდევ ერთი შეკითხვის დასმის სურვილი და უფლება გაგვიჩინა:
”თუმცა ბატონი ბადრის პრესსამსახურს არასდროს უკადრებია ის, რასაც ახლა პატრონის მაამებელი ”ქართუ ჯგუფი” აკეთებს... ალბათ, ბატონი ბადრი ბატონ ბიძინას იმასაც ურჩევდა, რომ პრესსამსახური შეეცვალა”.
რატომ აღიზიანებს ”ალია-ჰოლდინგის” ხელმძღვანელობას ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის არსებობა? რა არ მოეწონა და რა გააკეთა პრესსამსახურმა ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილს მის შეცვლას ურჩევენ?
მოიქცა ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ასეთ შემთხვევებში პრესსამსახურები. ახალი არაფერი გამოგვიგონია - ეს არის კარგად აპრობირებული და დამკვიდრებული კლასიკური მეთოდი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ: თუკი რამ იწერება ”ქართუ ჯგუფზე” და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, მას პასუხი უნდა გაეცეს პრესსამსახურის მეშვეობით. თუკი საზოგადოებას ინტერესი და შეკითხვები უჩნდება ჩვენ მიმართ, ეს ინტერესი ისევ და ისევ პრესსამსახურმა უნდა დააკმაყოფილოს, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს - ამომწურავად, დასაბუთებულად, ფაქტებით, არგუმენტებით...
ჩვენდა გასაკვირად, ჯერჯერობით, ვერსად მივაკვლიეთ ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკაში” ბადრი პატარკაციშვილზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებზე პატარკაციშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ერთ საპასუხო განცხადებასაც კი.
”ალია-ჰოლდინგი” კი პირდაპირ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რაში გჭირდებათ პრესსამსახური, როცა ისედაც შეიძლება მორიგებაო (!)... სხვისი მაგალითი გაითვალისწინეთო (!)...
ასე აშკარად, გაზეთის ფურცლებიდან ითხოვს გარიგებასა და ფულს ე. წ. ”ალია-ჰოლდინგი”. იგი არ ცნობს ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ კლასიკურ მეთოდებს და სანაცვლოდ საკუთარ წესებს ახვევს თავს საზოგადოებას, ახალ სტანდარტებსა და ”ეტალონებს” ამკვიდრებს და შანტაჟის გზით, უკადრებლის კადრებით, ურცხვად, დაუფარავად ითხოვს ხარკს... ბიძინა ივანიშვილს მედიასთან ურთიერთობის კლასიკურ ურთიერთობას უწუნებს და მაინცდამაინც ბადრი პატარკაციშვილის მაგალითს ახსენებს... რატომ?
”ქართუ ჯგუფი” არ აპირებს რაიმეს მტკიცებას უარგუმენტებოდ... ასეთი რამ ჩვენთვის მიუღებელია. ეს ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ხელწერაა და მას კატეგორიულად ვემიჯნებით.
როგორც ირკვევა, ”ალია-ჰოლდინგი” ფულს იღებს ოფიციალურად, ანუ გადარიცხვით და არაოფიციალურადაც, ანუ ხელზეც. ჩვენ დაგვიკავშირდნენ პიროვნებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილი ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სტაბილურად და რეგულარულად იხდიდა თანხას. გარდა ამისა, თურმე, ერთჯერადადაც ასაჩუქრებდა ხოლმე ”ალია-ჰოლდინგს”... როგორც გვაცნობეს, სოლიდური თანხა - 300 000 დოლარიც გადაუხდია მისთვის. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ოფიციალური თანხების გადახდის დროსაც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი წინასაარჩევნო პერიოდში სარეკლამო მასალების განთავსებისთვის, სხვა, უფრო სოლიდური და დიდტირაჟიანი გამოცემების ფონზე, რატომღაც უპირატესობას ყოველთვის ”ალია-ჰოლდინგის” გაზეთებს ანიჭებდა.
ამ დოკუმენტების გამომზეურებისგან პირადად ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მორალურ-ეთიკური მოსაზრებების გამო - არ გვსურს, მაინცდამაინც გარდაცვლილი ადამიანის მაგალითით ვამტკიცოთ ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” მუშაობის უკეთური და მანკიერი მეთოდები. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ იმ პიროვნებებმა, რომლებისთვისაც ცნობილია ეს ინფორმაცია და ვისაც ასევე ხელთ აქვს დოკუმენტები, თავად მოიწადინონ მათი გამოქვეყნება.
3.რეკეტის მსხვერპლთა აღიარებები
ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტთა ანგარებიანი და გამიზნული კრიტიკა, არაკეთილგანწყობა და დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, საკმაოდ ბევრნი არიან. მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებსაც შეხვდებით და უცნობებსაც, რომლებსაც აერთიანებთ ერთი რამ - ყველანი ”ალია-ჰოლდინგის” რეკეტის მსხვერპლი არიან. ამ ადამიანებს ”ქართუ ჯგუფმა” შესთავაზა დახმარება, მათგან თანხმობაც მიიღო და უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ რამდენიმე წერილს, რომლებიც საკმარისი იქნება იმის საილუსტრაციოდ, როგორ ოსტატურად ახერხებს ”ალია” და ”კვირის ქრონიკა” ხალხის დაშანტაჟებას და როგორი გაწაფული და დახვეწილია ხარკის აკრეფაში. მკითხველმა ეს უნდა იცოდეს და მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას ჩვენ უზრუნველვყოფთ, დასკვნებსა და მორალურ განაჩენს თავად საზოგადოება გამოიტანს.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ”ბინძური თამაშების” დამნერგავ-დამფუძნებელი, მთავარი იდეოლოგი და ”შემოქმედი” ”ალია-ჰოლდინგის” დამფუძნებელი, მეპატრონე და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ბრეგვაძეა. გიორგი ბრეგვაძე წვრთნის ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკაში” სამუშაოდ მისულ ჟურნალისტებს მისივე დანერგილი ”ბინძური თამაშების” წესებით... როგორც ირკვევა, ბრეგვაძე სთავაზობს თავის თანამშრომლებს პირად მაგალითს, რომ იყვნენ დაუნდობლები, ცინიკოსები, უხეშები... სწორედ გიორგი ბრეგვაძე აძლევს პირდაპირ მითითებებს ჟურნალისტებს, მოიძიონ რაც შეიძლება ბევრი ”შავი ინფორმაცია”... გიორგი ბრეგვაძე დამფუძნებელი და გამომცემელია ისეთი გაზეთებისა, სადაც ძნელად ნახავთ დადებით მასალას... მისივე ჟურნალისტების ინფორმაციით, გიორგი ბრეგვაძისთვის არ არსებობს პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება...
”ალია-ჰოლდინგის” ხელმძღვანელმა ძალიან გარისკა, როცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და თავის ჟურნალისტებს ისეთი ადამიანის სახელის შებღალვა დაავალა, რომელიც მისი სრული ანტიპოდია.
ვინც იცნობს ბატონ ბიძინას, კარგად იცის, რომ ვერავინ აიძულებს მას საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ გააკეთებინოს რამე. გიორგი ბრეგვაძე კი ისე დააბრმავა და წაახალისა დაუსჯელობის შეგრძნებამ, რომ სწორედ ასეთი ადამიანის დაშანტაჟება მოიწადინა...
რეკეტი და შანტაჟი მართალია, ქართველების მოგონილი არ არის, თუმცა კარგად მოერგო ჩვენს სინამდვილეს, ”ალია-ჰოლდინგმა” კი მისი გამოყენება, შეიძლება ითქვას, პიკზე აიყვანა. იმედია, ქართველი საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და საკუთარ აზრს გამოხატავს ამ მანკიერი მოვლენის შესახებ.
* * *
21 მაისის გაზეთ ”რეზონანსში” დაბეჭდილ ჩვენს განცხადებაში მკითხველს შევპირდით იმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რომელიც ”ქართუ ჯგუფმა” ჩაატარა ”ალია-ჰოლდინგის” საქმიანობის წარმოსაჩენად. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს. ახლანდელი ჩვენი განცხადება, რომლითაც ეს ჰოლდინგი რეკეტირებაში ვამხილეთ, საწყისია იმ გეგმისა, რომელიც ”ქართუ ჯგუფმა” შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც ისევ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვაპირებთ. [”ქართუ ჯგუფის” პრეს სამსახური] დასასრული იქნება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=2922 12:27 07.07.2008
F.R.E. FUCK RUSSIA EVERYWHERE
სრული დეოკუპაცია!!!!!!
ქართველებო
ოდნავ აზრზე მოდით.. სულ ოდნავ
თორემ ერთად ვიხილავთ "ახლად გაღვიძებულ თბილისსაც"... (C) uzul