მოსკოვის ‘წარმოუდგენელი’ მოთხოვნები
ეს პოზიცია აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მკაცრად გააკრიტიკა და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა შუამავლობასა და კონფლიქტის მხარედ ყოფნას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. დღეს უკვე ცხადია, რომ მოსკოვი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესაჩერებლად აფხაზეთში ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლას შეეცდება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი საშუალება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება და ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან გამოყვანაა.
ამის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გერმანიის ვიცე-კანცლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე განაცხადა.
შტაინმაიერი მოსკოვში პარასკევს ბათუმიდან ჩავიდა, საქართველოს და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრეზიდენტებთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლებსაც მან კონფლიქტის მოგვარების გეგმა გააცნო. გეგმა გერმანიის ინიციატივით მომზადდა, მას მხარი გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა დაუჭირეს. სოხუმმა გეგმის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გერმანიის ინიციატივა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, დევნილთა დაბრუნებას, ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს.
"მედვედევმა შტაინმაიერს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე რუსეთის პოზიცია გააცნო. პრეზიდენტმა დაადასტურა კონფლიქტის მხარეებს შორის ეფექტური, კოორდინირებული მოქმედებებით დაძაბულობის მოხსნისა და ნდობის აღდგენის სურვილი," - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საუბრის დროს მკაფიოდ ითქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ძალის გამოუყენებლობის, უსაფრთხოების გარანტიისა და ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან გაყვანის ვალდებულების შემცველი ერთობლივი დოკუმენტის მიღება.
"მხოლოდ ასეთი ნაბიჯები განაპირობებს სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებზე დაბლოკვის მოხსნას. რაც უფრო სწრაფად მოხდება ამის რეალიზება, მით უფრო მეტი იქნება შანსი, გადაწყდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სხვა უფრო რთული და მგრძნობიარე ასპექტები," - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
ოფიციალური მოსკოვის ამ პოზიციას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა გამოეხმაურა, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების თემაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა.
"ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ვიღაცას სურს, დაასამაროს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ინიციატივა," - განაცხადა ბრაიზამ მოსკოვის პოზიციის კომენტირებისას. მისი თქმით, "წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკების დაწყებამდე იმ პირობის შესრულებას დათანხმდეს, რომელიც საკუთრივ მისაღწევი შეთანხმების ძირეული ელემენტი უნდა იყოს. ასეთი პირობა ნდობის აღდგენას არ წაადგება."
"მე, უბრალოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმე, ვინც მშვიდობას უჭერს მხარს, აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ ამ გაზრდილი დაძაბულობის დროს ამბობდეს, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას რაიმე პირობის შესრულება სჭირდება," - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
ბრაიზა შტაინმაიერის გეგმაზე აფხაზური მხარის რეაქციას შეეხო და აღნიშნა, რომ "როგორც ჩანს, აფხაზურმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება გაიმეორა. ეს საქმეს არ წაადგება."
"მათ უარყვეს მთავარი პრინციპი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უნდა დაედოს საფუძვლად. ლაპარაკია საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის პირობასა და იძულებით ადგილნაცვალი ქართველების აფხაზეთში დაბრუნებას შორის კავშირზე," - განაცხადა დიპლომატმა.
ბრაიზამ კვლავ აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის სტატუსს არ შეეფერება. "მას შემდეგ, რაც კრემლმა 16 აპრილს გამოსცა ინსტრუქციები რუსეთის მთავრობასა და საქართველოს სეპარატისტ რეჟიმებს შორის კავშირის გამყარების თაობაზე, რუსეთის ქცევამ და თუნდაც მარტო ამ ნაბიჯმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის, როგორც გაერო-ს მეგობართა ჯგუფის პროცესის ხელშემწყობის როლი," - განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ როლის ეჭვქვეშ დაყენებას სხვა ნაბიჯებითაც შეუწყო ხელი, კერძოდ, ქართული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებამ და საქართველოსთან შეუთანხმებლად აფხაზეთში მედესანტეებისა და მძიმე არტილერიის შეყვანამ. "მაშინ, როცა საქართველოსგან დეესკალაციას მივაღწიეთ და მან გამოაცხადა, რომ საფრენ აპარატებს აღარ გამოიყენებდა, მეორე დღესვე რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა - კვლავ საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად," - გაიხსენა ბრაიზამ.
თუმცა, ბრაიზამ შემდეგიც აღნიშნა: "ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი პროცესში მონაწილეობდეს". მისივე თქმით, გამოსავალი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველომ აფხაზებს ფიზიკური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უსაფრთხოების პირობები შეუქმნან. მან მხარი დაუჭირა გალის რაიონში ერთობლივი ქართულ-აფხაზური პოლიციის შექმნას, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევენ საერთაშორისო ძალები, ევროკავშირის ან გაერო-ს ეგიდით. მისი თქმით, ანალოგიური სტრუქტურები, შესაძლოა, კოდორის ხეობაში ამოქმედდეს. "ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ, რამდენად რეალურია ამ მოდელების ამუშავება, იქ მყოფი დსთ-ს ძალების დამატების სახით," - განმარტა ბრაიზამ.
ამავე დროს, მისი განცხადებით, თუ რუსეთი ასეთ ქცევას განაგრძობს და თან "მეგობართა ჯგუფის" პროცესის წევრად დარჩება, "პრაქტიკული თვალსაზრისით, ძალიან ძნელი იქნება ამ პროცესის დაძვრა და მუშაობის დასრულება იმ საჭირო დოკუმენტზე, რომლის ირგვლივ შეთანხმების მიღწევაში 30 ივნისს, ბერლინში მეგობართა ჯგუფის გერმანელი კოორდინატორები დაგვეხმარნენ."
"რუსეთს "მეგობართა ჯგუფის" ხელშემწყობად ან შუამავლად ყოფნა სურს თუ კონფლიქტის მხარედ ყოფნა უნდა? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასაცემია," - განაცხადა ბრაიზამ.
ეს კითხვა, შესაძლოა, რუსეთს დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაუსვან, რომელზეც 8 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რუსული თვითმფრინავების შემოფრენის ფაქტს განიხილავენ. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები – აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რუსეთთან ერთად, იმავდროულად "გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის" წევრებიც არიან. აპრილში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სწორედ ამ ქვეყნებმა, გერმანიასთან ერთად (ანუ "მეგობართა ჯგუფის" სრულმა შემადგენლობამ, რუსეთის გამოკლებით), ცალსახად დაგმეს მოსკოვის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების ეჭვები აფხაზეთში რუსეთის "შუამავლობასა" და "სამშვიდობო როლზე" კიდევ უფრო გამყარდა, რასაც მეთიუ ბრაიზას გულახდილობაც ადასტურებს.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვოიაჟი თბილისში, აფხაზეთსა და მოსკოვში, რომელიც დიდი ხანი მზადდებოდა და რომლის წარუმატებლობაც სწორედ მოსკოვის დამსახურებაა, ფაქტობრივად, ეჭვს არავის უტოვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად "სურს" რუსეთს რაიმე წინსვლა კონფლიქტის მოგვარებაში.
მოსკოვის მოტივაცია გასაგები და საკმაოდ გამჭვირვალეა: "აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი" ის პირობაა, რომელიც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, თბილისს წაუყენა. მერკელის განცხადებით, სწორედ ამ შემთხვევაში მოიპოვებს საქართველო ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასასვლელად გერმანიის თანხობას. რუსეთის მიზანი კი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შეჩერებაა, რაც კრემლმა თავისი პოლიტიკის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კონცეფციაში გაითვალისწინა. შესაბამისად, მერკელის პირობა რუსეთისათვის უმალვე "სამოქმედო გეგმად" იქცა.
თუმცა, გერმანია მხოლოდ პირობის წამოყენებით არ დაკმაყოფილებულა და კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის მიღწევის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. აქ კი მოსკოვი იძულებული გახდა, გერმანული ინიციატივა დაებლოკა, რათა კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა არ დაეშვა. მაგრამ, ამით კრემლმა თავად გამოაცალა საფუძველი გერმანიის არგუმენტს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გადავადებაზე – ახალი სამშვიდობო ინიციატივა ვერასდროს განხორციელდება მანამ, სანამ მისი ჩაშლა თუ გაჭიანურება საქართველოს ნატო-სკენ გზას უკეტავს. და პირიქით – საქართველოს MAP–ზე გადასვლა ხელს ნამდვილად შეუწყობდა მოლაპარაკებების ადგილიდან დაძვრას. ამის შესახებ თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას.
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...2&info_id=40298 * * *
დროის გაჭიანურება მოსკოვის ახალი ტაქტიკა დასავლური გეგმის საპახუხოდ
უამინდობის გამო გერმანიის დელეგაცია იძულებული გახდა, აფხაზეთში არა თვითმფრინავით, არამედ გაეროს მისიის საავტომობილო ტრანსპორტით ჩასულიყო. შეხვედრა გაეროს სადამკვირვებლო მისიის გალის ოფისში გაიმართა.
აფხაზეთში შტაინმაიერის მისიის წარმატება მანამდეც საეჭვოდ გამოიყურებოდა - აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო გეგმაზე უარი ფაქტობრივად წინასწარ განაცხადა. თვითგამოცხდებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ თავისი პოზიცია მინისტრთან შეხვედრისას დაადასტურა.
"აფხაზეთმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გერმანიის მიერ ინიცირებული გეგმა უარყო," - განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა.
"საქართველომ უნდა შეასრულოს ადრე ხელმოწერილი ყველა შეთანხმება და დაიცვას საბაზისო მოსკოვის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის და მხარეთა დაშორიშორების შესახებ. ქართველი დევნილების აფხაზეთის გალის რაიონში დაბრუნება შეიძლება მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, მაგრამ კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა, დევნილების დაბრუნება აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში შეუძლებელია, ამან შეიძლება ახალ ომამდე მიგვიყვანოს," - განაცხადა ბაგაფშმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.
ბაგაფშის კომენტარების ტონი გერმანელი დიპლომატების მისამართით საკმაოდ ფამილიარული და ირონიული იყო.
"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზეთ, ბევრი არ წეროს, რადგან თავდაპირველად აუცილებელია გეგმაში ორი პუნქტის შეტანა - ჯარის გაყვანა კოდორის ხეობიდან და საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების პროცესის დაწყება," - თქვა ბაგაფშმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ "დოკუმენტზე მუშაობა დაიწყება. რაც მთავარია, გეგმაში უნდა აისახოს აფხაზური მხარის წინადადებებიც".
"ჯერ დასკვნების გაკეთება ადრეა, შეხვედრა რთული იყო. მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია," - აღნიშნა, თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნები ამ პროცესის დასაჩქარებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა გაამართლებს და საბოლოოდ კონფლიქტის მხარეების დაახლოებას შევძლებთ. კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. თუ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსვამთ, შემდგომი ესკალაციის რისკი გაიზრდება", - აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანელმა მინისტრზე გალის რაიონში ნანახმა მდგომარეობამ მასზე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა. "ვალდებული ვართ, ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ, თანაც ეს ეხება არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკურ საკითხებსაც," - აღნიშნა მინისტრმა.
გალში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტთან ხანმოკლე შეხვედრა გამართა და მიხეილ სააკაშვილს აფხაზურ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე ესაუბრა.
ბათუმიდან გერმანელი მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სამშვიდობო გეგმის თაობაზე მოლაპარაკება რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართა; ასევე პრეზიდენტ მედვედევთან არაოფიციალურ ვახშამს დაესწრო.
რუსეთის საგარეო უწყების მეთაური, რომელმაც შტაინმაიერის გეგმა, გერმანელი დიპლომატის საქართველოში ყოფნისას, საჯაროდ გააკრიტიკა, მასთან პირისპირ შეხვედრისას, ბერლინის წინადადების მიმართ უფრო ლოიალური იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი მაღალ შეფასებას აძლევს გერმანიის, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის კოორდინატორის, ძალისხმევას აფხაზეთში კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებაში.
მისი თქმით, მოლაპარაკებისას შტაინმაიერის მიერ წარმოდგენილი სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
"კონცეპტუალური მიდგომა აბსოლუტურად სწორია. გეგმა ეხება პრობლემის ყველა ასპექტს, მათ შორის დევნილთა დაბრუნებას, ეკონომიკურ რეაბილიტაციას, ასევე ითვალისწინებს, პირველ რიგში, ყველაზე პრიორიტეტული ამოცანის მოგვარებას - შეთანხმების დადებას ძალის არგამოყენების შესახებ და ვითარების დეესკალაციას," - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით: "შევთანხმდით, გავაგრძელოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ ურთიერთქმედება, რომ შევქმნათ ისეთი სამეტაპიანი გეგმა, რომელიც მხარეებს დაარწმუნებს, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოლაპარაკება. მთავარია მხარეებმა მიაღწიონ ურთიერთგაგებას და ნდობის განმტკიცების გზები იპოვონ. "მეგობართა ჯგუფს" შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ამის ხელშეწყობაში".
თავის მხრივ, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანულ მხარეს მოლაპარაკებების წინ "ილუზიები არ ჰქონდა", თუმცა ამ მისიის შესრულებას "კარგად მომზადებული" შეუდგა. "ვიცით, რომ აქ იოლი გადაწყვეტილებები არ არსებობს. ჩვენი წინადადებაა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპოვოთ გამოსავალი," - განაცხადა მინისტრმა.
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის 17 ივლისის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ლავროვმა შტაინმაიერის გეგმის ის პუნქტი გააკრიტიკა, რომელიც დევნილთა დაბრუნებას ეხება.
ოფიციალური თბილისი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს, ეუთოსა და დსთ-ის ფარგლებში მიღებული ყველა დოკუმენტის გადახედვის მცდელობაა.
"ბატონი ლავროვის წინადადება ასევე სრულ წინააღმდეგობაშია დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოქმედ მანდატთან, რომელიც მშვიდობისმყოფელებს ავალდებულებს როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების დაცვისათვის თვალყურის დევნებას, ისე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის უზრუნველყოფას," - აღნიშნულია საგარეო უწყების კომენტარებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება "კიდევ ერთხელ ააშკარავებს მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს: დააკანონოს მის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მოქალაქეთა ხელით განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგები, რათა გაიადვილოს საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილის ანექსია, რასაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო ინტერვენციის გზით აწარმოებს აფხაზეთში. სწორედ ამ ამორალურ მიზანს ემსახურება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნაც ძალის არგამოყენების შესახებ მორიგი შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე".
საგარეო უწყების კომენტარებში აღნიშნულია, რომ "საქართველო, როგორც ყოველთვის, პრობლემების გადაწყვეტისას დარჩება ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ურთიერთობების ფარგლებში. ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებების გარანტირებული დაცვით, ჩვენ მშვიდობიანი გზით აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაუბრუნდება მშობლიურ სახლებს".
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...2&info_id=40280
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....