სწორია, ეგრე როგორ შეიძლება. არსებობს ბევრი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც მოწმობს, რომ მანდ ოდითგანვე ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. შორს რომ არ წავიდეთ, სადაც "ზამთრის" ოლიმპიადის ჩატარებას აპირებს პუტინი, იმ ადგილს იმერეთის ველი ჰქვია და ბევრი ქართული სოფელი იყო, ს ჯანაშიას აქვს დიდი მასალა მანდ მოპოვებული.
ეს ნათლად ჩანს ტოპნიმებში, როგორიცაა სონჩხეს ქედი, გალენჯიხა და ბევრი სხვა, იხ.:
ზურაბ რატიანის წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო
http://www.amsi.ge/istoria/div/WyaroTa.htmlქ. სოჭის ჩრდილოდასავლეთით, ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდინარე შახეს აუზში არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია სონჩთხ. ადიღეურად სონე არის სვანი, თხ — ქედი, სონჩთხ ნიშნავს სვანების ქედს, ასე განმარტავს ამ ტოპონიმს ლექსიკონის ავტორი (10). ამ ქედზე არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონჩ, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება — სვანების... მაგრამ რა არის ამ სონჩთხ — სვანების ქედზე, სვანებისა, — ნასახლარი, ნაციხარი, თუ სხვა რამ, ეს უკვე აღარ ახსოვს ადიღეელთა ისტორიულ მეხსიერებას, მაგრამ რაც ახსოვს, ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ სვანების ქედის კიდევ უფრო დასავლვთით ქ. ტუაფსეს მახლობლად არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია გუჯეურიუ (11). დამოწმებული ლექსიკონის ავტორი, ვფიქრობ, ზუსტად ვერ განმარტავს ამ ტოპონიმს. იგი წერს, რომ ტოპონიმი სახელ გუჯედან არის ნაწარმოები, მაგრამ არ, თუ ვერ განმარტავს თვით სახელ გუჯეს. ერთი ცხადია, გუჯე მას საკუთარ სახელად არ მიაჩნია, მაგრამ რას ნიშნავს, რისი სახელია ეს გუჯე, ამაზე იგი დუმს. იმის მახლობლად, სადაც ქედ გუჯეურიუს ასახელებს, ავტორი აღნიშნავს ტოპონიმს (12), რომელსაც ადიღეურად ჰქვია: შოიყუაშე შხომჩიატლ, რაც, ქართულად ასე ითარგმნება: „წაბლის ტევრი, რომელიც მდინარე შოიყვას ზემო წელზეა“. ავტორის განმარტებით გამოდის, რომ ეს წაბლის ტევრი სწორედ იმ ქედზეა, რომელსაც გუჯეურიუ ჰქვია. გვიჯგვიჯრა სვანურად არის წაბლი და, ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გუჯეურიუ, ანუ უფრო სწორად, გვიჯეური არის სვანური სახელწოდება, რაც ქართულად წაბლიანი, ამ შემთხვევაში ცხადია, ქედი იქნება.
ქ. ტუაფსედან კიდევ უფრო დასავლეთით არის ტოპონიმი კოცეხურ, რომლის შესახებ ლექსიკონში სწერია: „კოცეხურ ქედი ქალაქ გელენჯიკის მიდამოებში. ტოპონიმის მნიშვნელობა უცნობია“ (13). ადიღეური ენისათვის ეს უცნობი ტოპონიმი, ვფიქრობ, ასევე სვანური წარმოშობის გახლავთ. სვანურად კაცხ აღნიშნავს თხემს, მწვერვალს, მთის წვერს. ამიტომ, რადგან ჩვენი წყარო ადასტურებს, რომ კოცეხურ არის ქედი, ცხადია, სიტყვასიტყვით ქართულად ეს იქნება მწვერვალიანი ქედი, რაც სვანური კოცეხურ-კაცხურის შესატყვისია.
ახლა ტოპონიმ გელენჯიკის შესახებ. ლექსიკონის ავტორი იძლევა მის რამდენიმე სავარაუდო განმარტებას, არაბული, თურქული და ადიღეური ენების საფუძველზე, მაგრამ არც ერთი მათგანი მას უეჭველად არ მიაჩნია (14).
მე მგონია, რომ გელენჯიკის უეჭველი განმარტება მეგრული ენით შეიძლება. გალენ არის გარე, ხოლო ჯიხა — ციხე და ამდენად გელენჯიკ-გალენჯიხა ქართულად გარეციხეა. (ამ ცნობის მოწოდებისათვის მადლობელი ვარ ბ-ნ აბესალომ ტუღუშისა).
წავიწიოთ კიდევ უფრო დასავლეთით და კავკასიის შავი ზღვის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს მივხედოთ. აქ ქ. ანაპას ჩრდილო-დასავლეთით არის ორი დასახლება ვერხნეე ჯემეტე და ნიჟნეე ჯემეტე. პირველი სულ სამიოდე, ხოლო მეორე შვიდიოდე კილომეტრითაა დაშორებული ქ. ანაპას.
ლექსიკონში წერია: ,,ჯემეტე — დაბა ანაპას რაიონში. შახელწოდება სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება (15).
ორ ქართველურ ენაზე — მეგრულად და სვანურად ჯიმ მარილს ნიშნავს. ამიტომ, ვფიქრობ, ჯემეტე — ჯიმითი ქართულად იქნება მარილეთი. რატომ მაინც და მაინც მარილეთი? საქმე ის არის, რომ ნიჟნეე ჯემეტე ანუ ქვემო მარილეთი მდებარეობს სწორედ მლაშე, გნებავთ, მარილიანი^ტბის, უფრო ზუსტად, ლიმანის ნაპირას და, ეტყობა, ამ დასახლების უძველესი მკვიდრნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ადგილებში. ყოველ შემთხვევაში, ჯემეტე-ჯიმითი-მარილეთი არა მგონია, სადავო იყოს.
ამრიგად, ადიღეურმა ენამ შემოგვინახა საკუთრივ ადიღეური ტოპონიმები, რომლებიც ქართული შინაარსის მატარებელნი არიან. ასეთებია სონჩთხ-სვანების ქედი და სონჩ-სვანების. იმავე ენამ შემოგვინახა ქართული, ე.ი. საკუთრივ სვანური და^მეგრული ტოპონიმები. ასეთებია გუჯეური, კაცხური, გალენჯიხა, ჯიმითი. ყველა ამ ტოპონიმით, ვფიქრობ უეჭველად დასტურდება ქართული, საკუთრივ სვანური და მეგრული მოსახლეობის მკვიდრობა, ადიღეურ მოსახლეობაზე უწინარეს, კავკასიის შავი ზღვის მთელს სანაპიროზე, დაწყებული ქ. სოჭის შემოგარენით, ვიდრე ქ. ანაპას დასავლეთით მდებარე ლომანებამდე.
აღნიშნულის შემდეგ, ვფიქრობ, შეიძლება შევეხო ქ. სოჭის სახელწოდების ეტიმოლოგიის საკითხსაც. როგორც ჩვენში მიღებულია, ქართულად ვამბობთ და ვწერთ სოჭი და არა სოჩი. წინამდებარე თემის დამუშავებისას დავეჭვდი ამ ტოპონიმის ქართულად გამოთქმისა და მისი ამ სახით ქართულობის მართებულობაში. ჩანს, სოჭი ქართულში გავრცელდა ცხომი-ცხუმისა და ბიჭვინთა-ბიჭვინტას მიბაძვით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სოჭის მიდამოებში უძველესი მოსახლეობა სვანურ და მეგრულ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ყოფილან, ცხადია, შეუძლებელია მათ ამ ადგილისა და მდინარისათვის სოჭი ეწოდებინათ, რადგან არც მეგრულად და არც სვანურად სოჭი ისე არ გამოითქმის, როგორც საკუთრივ ქართულად. მეგრულად სოჭი არის გიგიბ, ხოლო სვანურად ნენზ და ასევე ტახრა. ასე რომ მდინარისა და ქალაქის სახელს — სოჭი — ქართულ ხე-მცენარის სახელ სოჭთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. მეორე მხრივ, ასევე იმის გამო, რომ ადიღეური მოდგმის მოსახლეობა საერთოდ შავი ზღვის სანაპიროზე, და, კერძოდ, სოჭის მიდამოებში მხოლოდ ქართული, ე.ი. მეგრულ-სვანური მოსახლეობის შემდგომ, ძალიან გვიან მოვიდა (როდის, ამას ქვემოთ მოგახსენებთ), ასევე ძირშივე მცდარია იმის მტკიცება, თითქოს სოჭის სახელწოდვბა ერთ-ერთი ჯიქური ტომის „შაჩას“ სახელიდან წარმოდგება. დიახ, როცა ამ ადგილებში ადიღეური მოდგმა მოვიდა, აქ უკვე იყო ძირძველი ქართული მოსახლეობა, ცხადია, თავისი ქართული, ანუ სვანურ-მეგრული ტოპონიმ-ორონიმ-ჰიდრონიმებით და როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ადიღეურმა მოსახლეობამ ერთ შემთხვევაში ეს ქართული ტოპონიმვბით შემოგვინახა, ხოლო მეორე შემთხვევაში თვითონვე, თავის ენაზე დაადასტურა ამა თუ იმ ტოპონიმის ქართულობა. და აქ, მდინარე სოჩისა აწინდელი ქ. სოჩის მიმართაც, მე მგონია, საქმე გვაქვს ამ მეორე შემთხვევასთან. კერძოდ, ჩანს ადიღეელებმა მდინარესაც და მის შესართავში მდებარე დასახლებასაც თავიდან სვანებისა უწოდეს, რაც როგორც ზემოთ დავრწმუნდით, მათ ენაზე ასე გამოითქმის — სონჩ. შემდგომში უცხო ენის, (ალბათ თურქულის, რუსულის) გავლენით უნდა მიგვეღო ფორმა — სოჩი. ისტორიული თვალსაზრისით ამგვარი რამ არა მარტო დასაშვები, არამედ სავსებით მისაღებია, ხოლო სოჩის ქართულ სოჭთან ან უბიხურ ანუ ჯიქურ შაჩასთან დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა.
კიდევ ერთი ჩემი ვარაუდის შესახებ მოგახსენებთ. ამჯერად ქ. ანაპას სახელწოდების შესახებ.
ადიდეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონში ათიოდე ეტიმოლოგიაა დამოწმებული ამ ტოპონიმისა, მაგრამ ავტორს არც ერთი უეჭველად არ მიაჩნია, იგი წერს: „ჩვენი აზრით სიტყვა ანაპა ორი ფუძისაგან შედგება ანაპა, სადაც ანა, (ანაპკა) წარმოადგენს პატარა მდინარის სახელწოდებას, რომლის შესართავთანაც მდებარეობს ქალაქი. სიტყვა „ანა“. სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება (16). მეორე შემადგენელი — პა-პე გაიაზრება, როგორც შესართავი. მაგრამ აქვე იგი წერს, რომ პე-პა აღნიშნავს მხარესაც. მე მგონია ანაპა-ანაპე თავდაპირველად გამოითქმოდა სანაპა-სანაპე, რაც ადიღეურად სვანების მხარეს აღნიშნავდა. და თუ ეს მოსაზრება მისაღებია, მაშინ ესეც ისტორიულად კარგად საბუთდება, რომ სწორედ იმ ადგილს უწოდეს ადიღეელებმა ანაპა-სვანების მხარე, რადგან მათთვის სვანების მხარე, ქვეყანა, მდინარე ყუბანის გაღმა, (ე.ი. ჩვენთვის გამოღმა) იყო და სწორედ აქედან იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე, რაშიც ქვემოთ დავრწმუნდებით.
ახლა გადავიდეთ კავკასიის ქედს გადაღმა და ვნახოთ, რა სურათი გვაქვს ამ მხრივ მდინარე ყუბანის აუზში. კავკასიონი გადავლახოთ იმ ადგილიდან, სადაც სონჩთხ — სვანების ქედია აღმართული. აქედან მდინარე შახეს ხეობით ძველი გზა მიემართება და წყალგამყოფი ქედის მწვერვალებამდე რამდენიმე ათეული კილომეტრია. მწვერვალ ოშტენის დასავლეთი ფერდობებიდან სათავეს იღებს მდინარე ქურჯიფს, რომლის შესახებ ჩვენს წყაროში სწერია: „ქურჯიფს — მდინარე ბელაიას მარცხენა შენაკადი, ერთვის მას მაიკოპის ახლოს“. ქურჯიფსის ეტიმოლოგიას ბევრი უკავშირებს „ქურჯ“ — ქართველს, აქედან „ქართველის წყალი“. არსებობს ვარიანტი ფორმით ქურჯიჟ „დიდი ქართველი“ (17).
მართალია, ავტორი წერს ,,ბევრი უკავშირებს „ქურჯს“ — ქართველსო და ამით იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს კიდევ სხვა ეტიმოლოგიაც ამ ტოპონიმისა, მაგრამ იგი არავითარ სხვას არ იმოწმებს. რომ იყოს განსხვავებული ეტიმოლოგია, იგი უთუოდ დაიმოწმებდა. ამას აღვნიშნავ იმის გამო, რომ კ. მერეტუკოვის ლექსიკონი საფუძვლიანი მეცნიერული ნაშრომია და, როგორც წესი, აქ ყველა სავარაუდო ეტიმოლოგიაა დადასტურებული ამა თუ იმ ტოპონიმისა. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქრო, თუკი ქურჯიფსის განსხვავებული ეტიმოლოგია ხელთ ექნებოდა, ლექსიკოგრაფი მასაც უთუოდ დაიმოწმებდა. აღსანიშნავია, რომ ყველა რუკაზე, სადაც ეს მდინარეა მითითებული, მას ეწოდება ქურჯიფს. ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ შარშანწინ, როცა ბ-ნ ზურაბ ცინცაძესთან ერთად მაიკოპში ვიყავი და იქაურ მეცნიერებს (მათ შორის დამოწმებულ^ლექსიკონის ავტორს) ვკითხეთ, რატომ ეძახით ამას ქურჯიფს — ქართველების მდინარესო, მათ სრულიად სერიოზულად გვიპასუხეს, იმიტომ რომ საქართველოდან მოედინებაო. ამრიგად, ადიღეელთა მეხსიერებას დღესაც შემორჩენილი აქვს, რომ კავკასიის მთები და შავი ზღვის სანაპირო ისტორიული საქართველოა, მაგრამ იგივე ადიღეური ტოპონიმები კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან. ასე, ქ. კრასნოდარის მახლობლად, შეიძლება ითქვას, მის გარეუბანში, არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები უწოდებენ ქურჯ ნიბ და ქურჯ ჩეი. ამ შემთხვევაში ჩვენი ლექსიკონი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, დაბეჯითებით განმარტავს: „ქურჯ ნიბ —,,ქართველის დაბლობი“ — სახელწოდება მდინარე მარდას ველისა. მას მეორე სახელწოდებაც აქვს ქურჯ ჩე —,,ქართველის ველი“ (18).
ამრიგად, ერთი ქართული შინაარსის ადიღეური ტოპონიმი, უფრო ზუსტად ჰიდრონიმი, კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ქ. მაიკოპის მიდამოებშია დამოწმებული, უფრო სწორედ, ეს არის ორმაგი ჰიდრონიმი. ქურჯიფს-ქურჯიჟ, მეორე, ასევე ორმაგი ტოპონიმი ქურჯ ნიბ-ქურჯ ჩეი ქ. კრასნოდართან არის დადასტურებული. ახლა გავემართოთ ქ. კრასნოდარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, გავიაროთ ასიოდ კილომეტრი და იქ მდინარე ლაბას ქვემო წელზე ვნახავთ ადგილს, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონე იმეზ, რასაც ასე განმარტავს ჩვენი ლექსიკონი.: „სონე იმეზ“ — ბუჩქნარი აულ ულაპის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, „სვანების ტყე“ (19).
^ დიახ, ადიღეური ტოპონიმიკური ლექსიკონით დასტურდება, რომ ქ. კრასნოდარიდან, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით ასი კილომეტრის დაშორებით არის ქართული შინაარსის ადიღეური ტოპონიმი — სონე იმეზ — სვანების ტყე.
აქ ისიც აღსანიშნავია, ბუჩქნარს უწოდვბენ ტყეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბუჩქნარი ტყის ნაშთია უწინდელი, ძველი ტყისა.
ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავს მდინარე ლაბას სახელწოდებას ჩვენი წყარო: „ლაბა — მდ. ყუბანის ყველაზე დიდი შენაკადი... ჰიდრონიმის ეტიმოლოგიის საკითხი სადაოდ რჩება. მდინარე ლაბას ერთ-ერთი შენაკადი სათავეს იღებს მთიდან ლოუბა (აბაზური სიტყვაა), ხოლო სვანურ ენაში სიტყვა „ლაბნა“ აღნიშნავს „წყაროს“. ეს მაგალითები შესაძლოა, რამდენადმე ჰფენენ შუქს ჰიდრონიმის შინაარსს“ (20).
იმის გათვალისწინებით, რომ სონე იმეზ — სვანების ტყვ, სწორედ მდინარე ლაბას ნაპირებზეა, და საერთოდ, მდ. ყუბანის აუზში ქართული შინაარსის მატარებელი ადიღეური ტოპონიმების არსებობა, ვფიქრობ, ამტკიცებს იმას, რომ სათუო აღარ უნდა იყოს მდ. ლაბას სახელწოდების სვანური წარმოშობა. ამის შემდეგ მოულოდნელი აღარ არის მდინარე დიდი ლაბას ზემო დინებაზვ დაბა ქურჯინოვოს არსებობა, რომელმაც, მართალია, რუსიფიცირებული ბოლოსართით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ თვით ფუძე „ქურჯ“ — ადიდეურ-ჩერქეზულად — ქართველი — აშკარად სახეზეა.
მდინარე ქურჯიფსის დასავლეთით, მის პარალელურად, მიედინება ქურჯიფსივით პატარა მდინარე ფხეშა, რომელიც ასევე მდ. ბელაიას ერთვის. ამ მდინარეს ზემო წელზე ერთვის კიდევ უფრო პატარა მდინარე მერეთუყვა. აქვეა სოფელი მერეთუყვა, სადაც ოთხი დოლმენია, რომელთაც მერეთუყვას დოლმენებს ეძახიან. „მდინარისა და სოფლის სახელწოდებას საფუძვლად უდევს გვარ მერეთუყვას სახელწოდება“ (21), წერს ლექსიკონის ავტორი კ. მერეტუკოვი (სხვათა შორის, ეს მერეტუკოვი თვითონ არის მერეთუყვა), მაგრამ იმას კი არ განმარტავს, რას ნიშნავს ეს მერეთუყვა? სამაგიეროდ სხვაგან იგი მაინც განმარტავს ამ ტოპონიმს, თუმცა არა უშუალოდ აქ დამოწმებული ფორმით. ავტორი წერს, რომ მდინარე ქურჯიფსის სათავეებთან არის ადგილი, რომელსაც ეწოდება ,,მერეთენე კუშხახუ — ასე ჰქვია საძოვრების ერთ ნაწილს ლაგონაკის ზეგანზე. „მერეთინების (იმერლების) საძოვარი“ (22).
ამრიგად მერეთინ ყოფილა იმერელი, ხოლო მერეთუყვა ნიშნავს იმერლიშვილს და როგორც ზემოთ ვნახეთ, ადიღეში ყოფილა მდინარე, სოფელი, ოთხი დოლმენი მერეთუყვა-იმერლიშვილების. საიდან სადაო? უნებურად გაგიკვირდება, აქ იმერლებს რა უნდაო?! სვანი, მეგრელი, აფხაზი (და არა აფსუა!), კიდევ ჰო, მაგრამ იმერელი? ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურია, მაგრამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შრომების IV ტომში, რომელიც მთლიანად მისი ადიღესა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში ექსპედიციის დღიურს წარმოადგენს, დადასტურებულია, რომ ადიღეელები იმერელში ქართველს გულისხმობენ და არა საკუთრივ იმერეთის კუთხის ქართველს — იმერელს (23). ს. ჯანაშიას აქვს ასეთი ჩანაწერი: „ქართველი — უფრო: მერეთინ, კიდევ: გრუზინ“ (24). ჩანს, რომ მერეთინ უფრო ძველია და უფრო გავრცელებული, მაგრამ მას უკვე ენაცვლება გრუზინ, რაც, ცხადია, ადიღეში რუსების დამკვიდრების შედეგია. ს.ჯანაშიას სხვაგანაც აქვს იმავე დღიურებში მერეთინ დამოწმებული. ასევე დამოწმებული აქვს მას გვარი მერეთუყვაც.
იმერელი რომ ზოგადად ქართველის მნიშვნელობით ესმოდათ ადიღეელებს, სხვა მასალითაც დასტურდება.
1937 წელს კავკასიის ნაკრძალში, რომლის ძირითადი ნაწილი ადიღეში შედის, იმოგზაურა ა. ოლენიჩ-გნენენკომ. 1940 წელს ქ. დონის როსტოვში მან გამოსცა წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ, სადაც ძირითადად ფლორასა და ფაუნას აღწერს, თუმცა, შიგა და შიგ ფოლკლორიც, უმეტესად, რუსული-კაზაკური ფოლკლორი შეუკრებია. აი, ამ ავტორთან ვკითხულობთ. „გავეშურე ახლომდებარე იმერელთა სადგომისაკენ (имеретинский кош).
დიდი თავაზიანობით შემომეგება მაღალი მოხუცი. მას ჰქვია დავით ილარიონის ძე. სადგომი წარმოადგენს ფაცხას. კედლების გასწვრივ საწოლებია. შენობის შუაში ქვებისაგან მარტივი კერიაა მოწყობილი. ფაცხას გარს არტყავს დიდი ბაკი, დიდი არყის ხის მორებით შემოზღუდული. აქ ღამით საქონელს შემორეკავენ ხოლმე. ექვსიოდე უშველებელი, ღია თიხისფერი ნაგაზი დღე და ღამე დარაჯობს ქოხსა და საქონელს. ნაგაზები ძალიან ავები არიან და როცა ისინი თავს ესხმიან აქ შემთხვევით მოხვედრილ კაცს, თუ იქ პატრონები არ არიან, მაშინ მას ერთი გამოსავალი აქვს: ჩაცუცქდეს და არ გაინძრეს, ვიდრე მაშველი არ მოვა