თბილისის მიერ ძალის გამოყენება არაგონივრული იყო - აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელისივილ ჯორჯია, თბილისი / 10 სექ.'08 / 11:01
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ ”წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის” დაწყებაში, მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ”არაგონივრული” იყო.
”საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენების თაობაზე არაგონივრული იყო,” - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა 9 სექტემბერს, ”მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ისევ გაურკვეველი რჩება, როგორც ჩანს ქართველებმა განახორციელეს, რაც მათ მიაჩნდათ შეზღუდულ სამხედრო ოპერაცია, რომლის პოლიტიკური მიზანიც სამხრეთ ოსეთზე საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა იყო, რათა ოსი სეპარატისტების მიერ ქართველი მოსახლეობის დევნის აღკვეთა მომხდარიყო”.
აშშ-ს სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია ”ნაჩქარევად დაიგეგმა და განხორციელდა”.
”საარტილერიო ცეცხლის და რაკეტების გამოყენება დასახლებულ ადგილებში და რუსი სამშვიდობოების სიახლოვეს სამწუხარო ფაქტია და ჩვენ ამ ფაქტის იგნორირებას არ ვახდენთ,” - დასძინა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა იმავე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-მა გააფრთხილა საქართველო არ გამოეყენებინა ძალა.
”7 აგვისტოს ჩვენ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] განუწყვეტლივ ვაფრთხილებდით არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი,” - განაცხადა ფრიდმა, ”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება, პროვოკაციების შემთხვევაშიც კი, კატასტროფას გამოიწვევდა. ჩვენ ამ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას პირდაპირ, ყოველგვარი შერბილების გარეშე, გადავცემდით [საქართველოს ხელისუფლებას]”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედებამ ცხინვალში უბიძგა რუსეთს პასუხი გაეცა და ამ პასუხმა სწრაფად გადააჭარბა პროპორციულობით საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
”მოვა დრო იმის შესაფასებლად, თუ რა მოხდა კონფლიქტის დაწყების საწყის ეტაპზე, თუმცა ერთი ფაქტი ნათელია - რუსეთის საქართველოში შეჭრას არანაირი გამართლება არ აქვს. გაუმართლებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა, მათ შორის იმ ტერიტორიის, რომელიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სცილდება,” - განაცხადა ფრიდმა.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სახმელეთო ოპერაცია მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის.
”ნათელია, რომ რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია განახორციელა, რათა ძალისმიერად და სწრაფად შეეცვალა საქართველოში არსებული სტატუს ქვო,” - განაცხადა მან.
ედელმანმა ასევე განაცხადა მოსმენაზე, რომ დაძაბულობის ესკალაცია სამხრეთ ოსეთში ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, როდესაც ქართულ და სამხრეთ ოსურ ძალებს შორის ურთიერთშეტაკებები მოხდა.
სროლები, მისი თქმით, 5-6 აგვისტოს გაძლიერდა, როდესაც სამხრეთ ოსურმა სეპარატისტულმა ძალებმა ცხინვალის სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს საქართველომ ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, სამხრეთ ოსური მხარე კვლავ განაგრძობდა ქართული სოფლების დაცხრილვას.
”იმ ღამეს ქართველებმა განაცხადეს, რომ იძულებული გახდნენ დაეცვათ თავიანთი მოქალაქეები და დაიწყეს სამხრეთ ოსურ საცეცხლე პოზიციებზე იერიში სახმელეთო ოპერაციებით,” - განაცხადა ედელმანმა.
”საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში რამდენიმე საათიანი შესვლის პროცესში, ათასობით რუსული სამხედროს და ასობით ტანკის და საბრძოლო ტექნიკის, ათობით თვითმფრინავის კონცენტრირება მოხდა სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საჰაერო შეტევებს ახორციელებდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ქართულ ტერიტორიებზე,” - დასძინა მან.
ედელმანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის დეპარტამენტიდან, ხშირი კონტაქტები ჰქონდათ რუსეთის სამხედრო პირებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მოქმედებები შეზღუდული იყო და მიზნად ისახავდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების და სამშვიდობოების დაცვას, ასევე ქართული ძალების დაბრუნებას 6 აგვისტოს არსებულ პოზიციებზე.
თუმცა, ედელმანმა აღნიშნა: ”სავსებით ნათელი გახდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთის საოპერაციო, ან სტრატეგიულ მიზნებს საზღვარი არ აქვს”.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ”7 აგვისტომდე არ ჰქონია ინფორმაცია მოახლოებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესახებ”.
ედელმანის თქმით, პირველი ნიშანი საქართველოში საყოველთაო მობილიზაციის კუთხით მაშინ გაჩნდა, როდესაც ”ქართული ჯარები, რომლებიც ერაყში განთავსებისთვის იწვრთნებოდნენ, წვრთნაზე არ მოვიდნენ”.
იმ დროს აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს მე-4 ბრიგადას წვრთნიდნენ ერაყში განთავსებისთვის, რაც 2008 წლის ზამთარში იგეგმებოდა.
http://civil.ge/geo/article.php?id=19460