http://news.info.ge/Category.aspx?Id=8309&&Tema=1"
საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა
7 აგვისტო 2008, 17:30
”2008 წლის 6 აგვისტოს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენა, რომ ცხინვალის სეპარატისტული კრიმინალური რეჟიმი, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი თავშეკავებისა, კვლავ აგრძელებს შეიარაღებულ თავდასხმებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ პროვოცირება გაუკეთოს ფართომასშტაბიან შეტაკებებს და ჩაშალოს პირდაპირი დიალოგი. ამ პროვოკაციების შედეგად ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა.
სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმი თავისი უპასუხისმგებლო საქციელით და მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაშლის პირას იმყოფება.
მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო, ადამიანური და ტექნიკური რესურსის დახმარებით ახერხებენ სეპარატისტები ძალაუფლების შენარჩუნებას.
რუსეთის ფედერაციის მიერ ყველა ხელშეკრულების დარღვევით აღმოჩენილი სამხედრო დახმარება სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმის მიმართ სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის მორიგ აქტს.
საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და აღკვეთოს მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების სისტემატური დაბომბვა. ამასთან, საქართველო დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ნაცვლად სეპარატისტების წაქეზებისა სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, უზრუნველყოს მათი ჩართვა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების და არსებული განსხვავებების ცივილური ფორმებით მოგვარების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას ეკისრება: სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან როკის გვირაბის გავლით შემოსულ დაქირავებულ მებრძოლებს, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას მიაქვს იერიში მშვიდობიან სოფლებზე ცხინვალის რეგიონში; სწორედ რუსეთის ფედერაციიდან მივლინებული ძალოვანებით არის დაკომპლექტებული სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმი; სწორედ რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოზიციის დამსახურებაა, რომ უკანასკნელ დღეებში ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ვითარება რეგიონში დღითიდღე უარესდება.
ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, რომ არსებობს სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა: სასწრაფოდ უნდა დაწესდეს ერთობლივი მონიტორინგი როკის გვირაბზე, უნდა გაიზარდოს ეუთოს სამხედრო მონიტორების რიცხვი ცხინვალის რეგიონში, უნდა მოხდეს მოლაპარაკების ფორმატის მყისიერი ცვლილება და კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყება და უპირობოდ უნდა დაიწყოს რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება საკუთარ სახლებში. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პოზიციაზეა დამოკიდებული, თუ რა განვითარება მოჰყვება პროცესებს ცხინვალის რეგიონში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციას ეყოფა სიბრძნე, არ ჩაშალოს დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები და მშვიდობიან კალაპოტში გადაიყვანონ რეგიონში მიმდინარე ფეთქებადი პროცესები''-ნათქვამია განცხადებაში.
"